" ავღანელებს თავისი სიმართლე აქვთ - ჩვენ მათთვის ოკუპანტები ვართ!"
20-05-2013
" ავღანელებს თავისი სიმართლე აქვთ - ჩვენ მათთვის ოკუპანტები ვართ!"
ქართველი ოფიცრის ნაამბობი

"გრძელი ღამეების მოლოდინში უფლის თანადგომა ყველაზე მეტად გვჭირდება..."

"აღდგომის დღესასწაულზე 1600 კვერცხი მოვითხოვეთ. ამერიკელები გაოცდნენ - ამდენი კვერცხი რად გინდათო. ავუხსენით. ბოლოს 900 მოგვცეს..."



"ჩვენს ქვეყანაში უცხოელები ფლობენ საათებს, მაგრამ დროს ვფლობთ ჩვენ."
ავღანური გამოთქმა

"რთული დავალებები სრულდება დაუყოვნებლივ, შეუძლებელი - ოდნავ მოგვიანებით".
აშშ-ის სამხედრო საჰაერო ძალების დევიზი

2013 წლის 13 მაისს ავღანეთში, ქართულ სამხედრო ბაზაში ტერორისტთა იერიშს სამი ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა, დაიჭრა 27 სამხედრო მოსამსახურე.
ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულებისას საქართველომ 25 ჯარისკაცი დაკარგა. საზოგადოებისათვის დღემდე უცნობია ქართველი სამხედროების ცხოვრების დეტალები ჰილმენდის პროვინციაში. მკითხველს ვთავაზობთ სამხედრო ოფიცრის ნაამბობს, რომელიც 2011 წლის შემოდგომიდან 2012 წლის ზაფხულამდე მსახურობდა ავღანეთში.

გიორგი: "2011 წლის ოქტომბერში ავღანეთში ჩავფრინდით, ჰილმენდის პროვინციაში. როდესაც ჩემ თვალწინ ლეზერნიკის ბაზა გადაიშალა,
თავი ამერიკულ სამხედრო ბლოკბასტერში წარმოვიდგინე. ამერიკელი საზღვაო ქვეითები ორი კვირის განმავლობაში გვასწავლიდნენ თვითნაკეთი ასაფეთქQებელი მოწყობილობების აღმოჩენა-გაუვნებლებას, საბრძოლო კონვეირებას, ხოლო ამერიკის ნარკოტიკებთან ბრძოლის სამსახურის (დეა. - ავტ.) წარმომადგენლები გვასწავლიდნენ, როგორ გვეპოვა ნარკოლაბორატორიები, ამოგვეცნო ნარკოტიკების დასამზადებელი ქიმიური ნივთიერებები და ა.შ. ლეზერნიკში დრო სწრაფად გადის, აქ საფრთხის შეგრძნება საერთოდ არ გაქვს, თავისუფალი დროც მეტია. ბაზა კომფორტულია, რაც მთავარია, უკაბელო ინტერნეტით არის აღჭურვილი, ნებისმიერი ჯარისკაცისთვის კი იქ ყველაზე მთავარი ოჯახთან კავშირია, ამიტომ წასვლის წინ ლეპტოპები ყველას ნაყიდი აქვს, 6-7 თვის სამყოფი ქართული სიმღერები და ფილმები - ჩაწერილი. ორი კვირის შემდეგ ქვედანაყოფი, რომელიც ჩვენ უნდა შევცვალოთ, ნელ-ნელა იწყებს ბაზაში შემოსვლას. როდესაც შენ ახალი, კრიალა ფორმა გაცვია, ხოლო ბაზაში დაბრუნებულ ჯარისკაცებს გახუნებული სამოსი აქა-იქ ამოგლეჯილი აქვთ, ხვდები, რომ ავღანური მტვრის გემო ჯერ კიდევ არ გაგისინჯავს. სულის მოთქმას არ ვაცლიდით ბიჭებს, ვეკითხებოდით, როგორ ცხოვრობდნენ, რას ჭამდნენ, როგორ ეძინათ. გვინდოდა, იქ გატარებულ ყოველ წუთზე მოეყოლათ, მათ კი მხოლოდ რამდენიმესაათიანი მშვიდი ძილი უნდოდათ...

ჩვენი დანაყოფი 100-კაციან ჯგუფებად შვეულმფრენებით გადაგვიყვანეს საბრძოლო ოპერაციების რაიონში. "შუკვანი" ასეულის ბაზაა. მის გარშემო, ყოველი 5-6 კილომეტრის რადიუსში, უდაბნოში  განლაგებულია ფორტები - მუყაოსგან ნაშენები პატარა ბაზები, რომელთაც გარს ქვიშიანი ტომრების მაღალი კედელი არტყია (მუყაოსგან არის აშენებული თვითონ "შუკვანიც"). "ასეთ ფორტებში 20-25 ჯარისკაცი იმყოფება. მათი ფუნქცია გზების კონტროლირება და თალიბი დამნაღმველებისგან დაცვაა. ბაზებს რამდენიმე საგუშაგო იცავს. გარდა ამისა, კედლებთან სპეციალური ვიდეოკამერებია დაყენებული, რომლებიც რამდენიმე კილომეტრის რადიუსში 24 საათის განმავლობაში უმნიშვნელო მოძრაობასაც კი აფიქსირებენ. შუკვანში, ისევე, როგორც პატარა ფორტებში, რამდენიმე ამერიკელს ყოველთვის შეხვდებით, რომლებიც ჰაერიდან ცეცხლის გახსნაზე და დაშავებულთა დროულად გადაყვანაზე ზრუნავენ. მათ "ანგლიკოჯგუფი" ჰქვიათ. მათი ფუნქციების შესრულებას ქართველები ჯერჯერობით ვერ ვახერხებთ, სამედიცინო დახმარების გამოძახება ჰაერით, 9-ხაზიანი სტანდარტული კოდირებული მოხსენებით ხდება. კოორდინატის დასახელება, დაჭრილთა რაოდენობა, ჭრილობების სახეობა, შემთხვევის ადგილზე მოწინააღმდეგის ყოფნა-არყოფნა - ამ მონაცემების კოდირებული გადაცემა რამდენიმე წამში უნდა მოხდეს, რაც ძალიან რთულია, რომ აღარაფერი ვთქვათ საცეცხლე ავიაციის გამოძახებაზე.

გარდა ამისა, ეს ჯგუფი კურირებს უპილოტო თვითმფრინავების მუშაობას, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ცაში არიან და იქიდან აკონტროლებენ ტერიტორიას. ღამით ბაზაში შედარებით სიმშვიდეა, რადგან თალიბები ღამით ბაზასთან მოახლოებას ვერ ბედავენ, გუშაგები ღამის ხედვის მოწყობილობით არიან აღჭურვილნი. სხვა საქმეა დღე - პატარა ბაზები უმეტესწილად განლაგებული არიან საკვანძო გზებთან, სადაც დღის განმავლობაში უამრავი ადამიანი და სატრანსპორტო საშუალება მიმოდის, მათში ტერორისტების ამოცნობა კი თითQქმის შეუძლებელია - ყველას ერთნაირად აცვია. მახსოვს, ერთხელ, გზაზე დიდი სატვირთო მანქანა გაჩერდა. რამდენიმე წამში მას უპილოტო თვითმფრინავი "დააჯდა თავზე",”რომელსაც მანქანის ნომრის წაკითხვაც კი შეუძლია, თუმცა ვერ ხედავს, მანქანის ქვეშ რა ხდება; ამასობაში მძღოლის გვერდით მჯდომმა მოახერხა მანქანის ქვეშ შეძრომა და გზის დანაღმვა, როდესაც სამუშაოს მორჩა, მანქანამ გზა ისე განაგრძო, ვითომც არაფერიაო... იმ საღამოს გზაზე ქვეითი პატრული გავიდა. მაშინ უბედურებას ღვთის წყალობით გადავურჩით...

ქვეითი პატრულირება ნამდვილი გამოცდაა ჯარისკაცისთვის. როდესაც გვითხრეს, რომ ქვეით პატრულში უნდა გავსულიყავით, საოცარი შეგრძნება დამეუფლა. თავდაპირველად ფიქრობ, რომ შეიძლება გზაზე ნაღმის ან ტყვიის მსხვერპლი გახდე და შენი ცხედარი, თუ, რა თქმა უნდა, ნაწილ-ნაწილ არ დაიფლითა, შვეულმფრენით ლეზერნიკის ბაზაში გადაიტანონ და იქიდან სამშობლოში გადაასვენონ, სადაც ღამე ჩუმად დაგმარხავენ, ან შეიძლება გადარჩე კიდეც, მაგრამ დასახიჩრდე - დარჩე უფეხოდ, შეიძლება უხელოდაც, რასაც ალბათ ისევ სიკვდილი სჯობს. Mმაგრამ მერე აცნობიერებ, რომ შენ ხარ ჯარისკაცი, გაქვს ბრძანება, რომელიც უნდა შეასრულო და შენ გვერდით შენნაირი კიდევ თხუთმეტი მოაბიჯებს. ეს მანამდე, თორემ მერე ყველაფერს ეჩვევი... ქვეითი პატრულირების მარშრუტი სხვადასხვა სიგრძისაა - 2-დან 5 კილომეტრამდე. ჯგუფს თან ერთი ამერიკელი და ერთიც ავღანელი თარჯიმანი დაჰყვებიან, ამერიკელი იმიტომ, რომ საჭიროების შემთხვევაში "ჰაერი" გამოიძახოს. 2010 წლამდე ამერიკელების სტრატეგიამ - გაენადგურებინათ ყველა, ვისაც მტრად იგულებდნენ, არ გაამართლა, ამიტომ 2010 წელს სტრატეგია შეცვალეს და ახლა ამერიკელები მოსახლეობასთან საერთო ენის გამონახვას ცდილობენ.

ავღანელი თარჯიმანიც ამიტომ დაგვყვება, რომ სოფელში შესვლისას მოსახლეობას გავესაუბროთ, გამოვიკითხოთ მათი პრობლემები და დავეხმაროთ. გარდა ამისა, ჩვენს ავღანელ თარჯიმანს პატრულირებისას აუცილებლად თან დააქვს სკანერი, რისი მეშვეობითაც ხდება რადიოტალღების "გადაჭერა", რაც საშუალებას გვაძლევს, მოვუსმინოთ ტერორისტებს... ამის შესახებ "თალიბანმაც" იცის და ხშირად შეგნებულად ცრუინფორმაციას გადასცემენ ერთმანეთს. გარდა ამისა, ავღანელი თარჯიმნების ნდობა ერთგვარად სარისკოცაა, არავინ იცის, სინამდვილეში ვის მხარეზეა. თავად თალიბები კოალიციასთან მომუშავე თანამემამულეებს სასტიკად სჯიან, ამიტომ ქვეითი პატრულირების დროს თარჯიმანი ნიღბით დადის. ისინი ძირითადად ქაბულიდან არიან, სადაც ინგლისური ბევრმა იცის. ჯგუფის წინ, პირველი ე.წ. ნაღმების აღმომჩენი მიდის სპეციალური მოწყობილობით, რომელიც მეტალზე რეაგირებს, თუმცა ხშირად ეს ვერაფერს გვშველის, რადგან თალიბები ხელნაკეთ ნაღმებს გვარჯილით ამზადებენ. სოფლებში მოსახლეობა მშვიდად გხვდება, ზოგიერთი ხმამაღლა ამბობს, - თქვენ რომ არა, თალიბები დაგვხოცავდნენო, ზოგიც გვიღიმის კეთილგანწყობის ნიშნად, თუმცა ყველა ჩვენგანმა იცის, რომ სწორედ ეს მოღიმარნი დანაღმავენ საღამოს გზას. იცით, რა საშინელებაა, როდესაც შენ ყოველთვის ეფერები, აძლევ შენს წილ საჭმელს და წყალს, მკურნალობ მათ ავადმყოფებს, ზრუნავ მათ ბავშვებზე, ისინი კი, რამდენიმე საათის წინ მადლობას რომ გეუბნებოდნენ, ჩუმ-ჩუმად გზებზე ნაღმებს გიწყობენ, რომელსაც შენ ან შენი მეგობრები უნდა შეეწიროთ. ყალბი ღიმილის დანახვაზე არაერთხელ მიფიქრია იარაღის გადატენა, მაგრამ ავღანელებს თავისი სიმართლე აქვთ - ჩვენ მათთვის ოკუპანტები ვართ!

ადრე, როდესაც ნაღმებს აწყობდნენ, უპილოტო თვითმფრინავი ყოველთვის აფიქსირებდა და იმ ადგილას რაკეტას უშვებდა. შემთხვევის ადგილზე გასულებს არასოდეს დაგვხვედრია მათი ცხედრები ან სხეულის ნაწილები - მანქანებით მოცვივდებიან და მიაქვთ, არაფერს ტოვებენ, მხოლოდ სისხლის გუბე გვხვდება ხოლმე, ამ ბოლო დროს ბავშვებთან ერთად დაიწყეს ნაღმების დადება, რადგან იციან, რომ კოალიციის ჯარებს ბავშვებისთვის სროლა ეკრძალებათ. მიუხედავად იმისა, რომ პატრულირებაზე გასვლა, ფაქტობრივად, სიკვდილს ნიშნავს, არც ერთ ქართველ ჯარისკაცს არ უთქვამს უარი ბრძანების შესრულებაზე. იყო შემთხვევები, როდესაც ფრანგულმა და ბრიტანელმა დანაყოფებმა ბაზები ჩაკეტეს და საპატრულოდ გასვლაზე უარს ამბობდნენ. ამერიკელი საზღვაო ქვეითები, რომლებიც ყველაზე მაგრები და მისაბაძები არიან ავღანეთში, აღფრთოვანებას ვერ მალავენ ქართველი ჯარისკაცებით, ხოლო ევროპელებს სულ ლანძღავენ.

პატრულირება არც ჯავშნიანი მანქანებით არის უსაფრთხო. როდესაც მანქანა ნაღმით ფეთქდება, მისი დატოვება აკრძალულია, აუცილებლად ბაზაში უნდა გადმოიყვანო, რასაც სპეციალური ევაკუატორი სჭირდება. ამის გამო ხანდახან ბაზის გარეთ ღამის გათენებაც გვიხდება, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან სახიფათოა. ასეთი ღამეები კი უსაშველოდ გრძელია ხოლმე... გარეთ დარჩენილებს გვეკრძალება მუდმივად მანქანაში ჯდომა. იყო შემთხვევა, როდესაც ევაკუატორის მოლოდინში მანქანაში ჩაეძინათ, ამასობაში ტერორისტებმა ღიად დარჩენილ ლიუკში ხელყუმბარა ჩააგდეს, რამაც სამი ჯარისკაცი იმსხვერპლა...

ხშირად ქვეითი პატრული ჩასაფრების სამიზნე ხდება. როგორც კი ამის თაობაზე შეტყობინება მოდის, ბაზიდან დამხმარე ჯგუფი გადის რამდენიმე დაჯავშნული მანქანით. გარდა ამისა, ხდება ჰაერიდან ცეცხლის გამოძახებაც, რათა შვეულმფრენმა უსაფრთხოდ შეძლოს დაჭრილთა და დაშავებულთა გადაყვანა ჰოსპიტალში. ჰილმენდი თალიბების განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს, რადგან ამ პროვინციაში ოპიუმის მოსავლის 87% მოდის, ეს კი უზარმაზარი ფულია. ადგილობრივი მოსახლეობის ერთაAდერთი საარსებო წყარო სწორედ ოპიუმია. ჩვენ, სამხედრო ოპერაციების გარდა, ნარკოტიკების ამოღებაც გვევალება. ერთ დღეს, პატრულირებისას, სოფელში შევედით. თითქმის ცარიელი დაგვხვდა, ყველა სამუშაოდ იყო გასული. ერთ-ერთ სახლში მოხუცი თვლემდა. ბიჭებმა სახლის დათვალიერებისას კედელში საეჭვო ხვრელი აღმოაჩინეს და იქიდან 50 კგ ოპიუმი (შავი, პლასტილინივით მასა) ამოიღეს. იქაური კანონის მიხედვით ყველა ოჯახს აქვს უფლება, ლეგალურად ჰქონდეს 10 კგ ოპიუმი. მოხუცმა გვითხრა, - მთელი სოფლის მარაგია და ჩემთან ინახება. ჩემს ბიჭს ცოლი მოჰყავს და ოპიუმი ქორწილის გადასახდელად გვჭირდებაო. თავიდან ვერ გავიგეთ, მერე აგვიხსნეს, რომ ამ ოპიუმის ფულით აპირებდნენ ქორწილს... ამერიკელებთან კონსულტაციის შემდეგ, სოფელი რომ არ გაგვეღიზიანებინა, 10 კგ დავტოვეთ, დანარჩენი ბაზაში წამოვიღეთ და დავწვით. ნარკოტიკების განადგურებას ყოველთვის ამერიკელები და სამხედრო პოლიციის წარმომადგენლები ესწრებიან.

ფორტებში, დიდი ბაზებისგან განსხვავებით, საყოფაცხოვრებო პირობები არ არის. ჯარისკაცებს ბანაობა ბოთლის წყლით უხდებათ. ბაზაში მუხლებამდე ცემენტივით მტვერია, სამი წყვილი ფორმა გვაქვს, მაგრამ მეორე დღესვე გასარეცხია. საიდანღაც პლასტმასის ტაშტები ვიშოვეთ და ვრეცხავდით, როგორც შეგვეძლო. საშხაპეებისთვის საჭიროა წყლის ავზების დაყენება და შემდეგ ყოველდღიურად მისი ავსება. წყლის ტრანსპორტის გზაზე მოძრაობა კი ძალზე სარისკოა, რადგან ნაღმების გამო გზებზე გავლა თითქმის შეუძლებელია. იყო შემთხვევა, როდესაც სასმელი წყალი და სანოვაგე თვითმფრინავიდან ჩამოგვიყარეს. ერთხელაც ზამთAარში გათბობა გაგვიფუჭდა. ასეთ დროს კი ოსტატები ქაბულიდან უნდა ჩამოვიდნენ. ამას დრო სჭირდება. ვინაიდან ცეცხლის დანთება გვეკრძალება, რამდენიმე დღე გათოშილები ვიყავით. ზოგიერთს კიდურებიც კი მოეყინა. ქართულ ბაზებში ალკოჰოლი არ არის (ჰოლანდიელებს და ფრანგებს სპეციალური ბარიც აქვთ), ამიტომ სტრესის, სიცივის, შიმშილისა და შიშის გადატანა ფხიზლად გვიხდება. ძირითადად დაკონსერვებული პროდუქტით ვიკვებებით. მშრალი საკვები ჯარისკაცებს კუჭის და პროქტოლოგიურ პრობლემებს უქმნის. ბავშვებივით გვიხარია, როცა ბაზაში თვეში ერთხელ ნაყინი ჩამოაქვთ. ამერიკულ ბაზებში ყოველდღიურად რამდენიმე ქვეყნის სამზარეულოს მენიუ აქვთ, რომ აღარაფერი ვთქვათ ნაყინის რამდენიმე სახეობასა და ეგზოტიკურ ხილზე. აღდგომის დღესასწაულზე 1600 კვერცხი მოვითხოვეთ. ამერიკელები გაოცდნენ - ამდენი კვერცხი რად გინდათო. ავუხსენით. ბოლოს, 900 მოგვცეს. ორი დღე მაინც გაკვირვებულები დადიოდნენ. მათ აღდგომას შოკოლადის კვერცხები და კურდღლები დაურიგეს.

საფრთხე ქვიშის კედლებს შიგნითაც გვემუქრება. ყველა ბაზაში არიან ავღანური არმიის ჯარისკაცები, რომლებიც წვრთნას გადიან, თუმცა ვერასოდეს გაიგებ, გულში რა უდევთ. ადრე დატენილი იარაღით ბაზაში არავინ დადიოდა, მას შემდეგ, რაც ფრანგებთან ერთ ავღანელ ჯარისკაცს არ მოეწონა ფრანგის ბრძანება - ადექი, დაწექი, ავტომატის ჯერი მიუშვა მასპინძლებს და 7 კაცი მოკლა, გამოიცა ბრძანება, რაც ყველას დატენილი იარაღით სიარულს ავალდებულებს...

შუკვანის ბაზაში მუყაოსგან ნაშენი გუმბათიანი ეკლესიაც გვაქვს - ჯარისკაცებმა ააშენეს. მოძღვრის დალოცვა იმედით გვავსებს, რადგან გრძელი ღამეების მოლოდინში უფლის თანადგომა ყველაზე მეტად გვჭირდება...
dato devdariani
27 სექტემბერი 2015 19:38
რა გინდათ, თქვენ თვითონ ოკუპირებული ქვეყნიდან სხვის ქვეყანაში,სხვის მიწაზე რატომ მიდიხართ ოკუპანტებათ,დამყრობლებათ,იმ ხალხთან რომლებიც თავის ქვეყანას იცავენ. ავღანდლები ჯერ ომში არ დამარცხებულან, ბრძოლზში კი ისიც ავტომატიანი ტანკთან.
ına
24 სექტემბერი 2015 17:05
იკნებ ამიხსნატ რა მომავალზე აისახება,ან რას ეცირებიან ეს ბიჯები,ხომ არ ჯობია საკარტველომ გააზლიეროს ტავდაცვა და აკ მსახურობდეს ქატველი ჯარისკაცი რატა ევროპას არ ვტხოვოტ აგსფოტება მცოცავი ოკუპაციის გამო,,,რა გვინდა ავგანეტსი,,,რა გვაკვს მატტან გასაყოფი,,,
qartveli
24 სექტემბერი 2015 13:37
ქართველობო, დაიცავით საქართველო საქართველოში, ირინე სხირტლაძეც საქართველოს რატომღაც პოლონეთში იცავდა, რა ვიცი კიდევ სად არის საქართველო დასაცავი, პლანეტის რომელ კუთხეში? ამასობაში კი ჩვენს მიწებს უცხოტომელები ეპატრონებიან! არ გინდათ, საქართველოს დაცვა აქ სჭირდება, მაგრამ აქ სამსახურისთვის იმდენს ვერ გადაგიხდიან, რამდენსაც ავღანეთში, ჰოდა თქვენც იქ იცავთ საქართველოს სადაც მეტს გიხდიან. ესაა სიმართლე!

რედაქტორის რჩევით