საქართველოს "ნომერ პირველი ტერორისტი" თავისუფალია!.. - კვირის პალიტრა

საქართველოს "ნომერ პირველი ტერორისტი" თავისუფალია!..

"გვითხრეს, ცისკარიშვილს წამოღებული აქვს "რაღაც," მერე ფული არ გადაიხადა და ამის გულისთვის გაიტაცეს, შეიძლება გაასაღონ კიდეცო..."

"მევლუდ ჭიჭიაშვილი იმდენად საშიშია, რომ მისი ექსტრადიცია, ბადრაგირება და შემდგომ საპყრობილეში ყოფნა განსაკუთრებულ კონტროლს მოითხოვს, რათა გამოირიცხოს მისი გაქცევის ან ლიკვიდაციის ფაქტი. საჭიროა მისი გაძლიერებული დაცვა".

კობა ნარჩემაშვილი,

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, 2003 წ.

"ჭიჭიაშვილი საქართველოს ნომერი პირველი ტერორისტია".

ვალერი ხაბურძანია, საქართველოს უშიშროების მინისტრი, 2003 წ.

2013 წლის 3 ივნისს, ამნისტიის საფუძველზე, ციხე კიდევ რამდენიმე ათეულმა კაცმა დატოვა. მათ შორის იყო კრიმინალური ავტორიტეტი შოთა (მევლუდ) ჭიჭიაშვილი, რომელსაც ადამიანის გატაცებებისა და სხვა მძიმე დანაშაულების გამო 22 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. თავის დროზე საქართველოს ნომერ პირველ ტერორისტად წოდებული ჭიჭიაშვილი 2003-2004 წლებში რუსეთ-საქართველოს შორის საჯილდაო ქვადაც იქცა. მოსკოვში დაკავებული კრიმინალური ავტორიტეტის საქართველოში ექსტრადიციის სანაცვლოდ რუსეთი  ქართულ მხარეს სთხოვდა ჩეჩენი საველე მეთაურის, რუსლან გელაევის გადაცემას, რომელიც იმ პერიოდში, მათივე ინფორმაციით, პანკისის ხეობას აფარებდა თავს.

ჭიჭიაშვილის ციხიდან გამოსვლამ შეაშფოთა ყოფილი სამართალდამცავები (ისინი ფიქრობენ, რომ მისი გათავისუფლება დაუფიქრებელი ნაბიჯი იყო), ხოლო საზოგადოებას ერთხელ გაახსენა 21-ე საუკუნის დასაწყისის პანკისის კრიმინალური ანკლავი და მასთან დაკავშირებული ადამიანთა ყველაზე გახმაურებული გატაცებები.

1994 წლის ნოემბერში, იჩქერიაში რუსეთის სამხედრო ნაწილების შესვლის შემდეგ მოძმე ჩეჩნების დასახმარებლად გროზნოში პანკისიდან უამრავი ახალგაზრდა წავიდა, საომარი მოქმედებების დამთავრების შემდეგ კი ხეობაში უამრავი იარაღი გამოჩნდა. ადგილობრივი პოლიცია უკვე ვეღარ ართმევდა თავს მომძლავრებულ კრიმინალს, ვინაიდან შევარდნაძის ხელისუფლება პანკისის ხეობაში მიმდინარე პროცესებს გულგრილად ადევნებდა თვალს. ორიოდ წელიწადში იქაურობა საერთოდ იზოლირებული აღმოჩნდა დანარჩენი საქართველოსგან, რაც მოგვიანებით კარგად გამოიყენეს ძალოვანმა კრიმინალებმა.

90-იანი წლების ბოლოს ქვეყანაში გახშირდა ადამიანების გატაცებები, განსაკუთრებით სამეგრელოსა და კახეთში, თუმცა იმ დროისთვის კახეთში ჯერ კიდევ არ მოქმედებდნენ ქართულ-ქისტური დანაშაულებრივი დაჯგუფებები და ამ "ბიზნესს" უმთავრესად ადგილობრივი კრიმინალები ეტანებოდნენ. 1999 წლის 19 იანვარს საგარეჯოში ჩასული დამნაშავეთა ჯგუფი, რომელიც ერთ-ერთი საქმოსნის გატაცებას გეგმავდა, პოლიციელებს გადაეყარა. შეტაკების დროს მსხვერპლი ორივე მხარეს იყო, თუმცა ჯგუფის ლიდერი ჭიჭიაშვილი, თანამზრახველთან ერთად, სამართალდამცავებს ხელიდან მაინც დაუსხლტდა. როგორც მაშინ ამბობდნენ, პოლიციელებს საქმე სწორედ შოთა ჭიჭიაშვილთან ჰქონიათ.

როგორ იქცა ერთ დროს გულუას სახელობის სპეცდანიშნულების რაზმის წევრი ადგილობრივი კრიმინალური სამყაროს ლიდერად, არავინ იცის, ასევე უცნობია, თუ რატომ გაჟღერდა ჭიჭიაშვილის გვარი 2001 წლის მუხროვანის სამხედრო ამბოხში.

1999 წელს პანკისში ჩეჩენი ლტოლვილების, ხოლო მოგვიანებით სამხედრო დაჯგუფებების გამოჩენამ ხეობაში კრიმინოგენული სიტუაცია უფრო დაძაბა. მძიმე სოციალური პირობების გამო ადგილობრივი და დევნილი მოსახლეობის ძირითადი საქმიანობა ნარკოვაჭრობა და ადამიანის გატაცება გახდა. პანკისის ხეობაში რამდენიმე ცნობილი დანაშაულებრივი ჯგუფი მოქმედებდა, მათ შორის შოთა ჭიჭიაშვილისა (ის ერთადერთი ქართველი იყო, რომელსაც პანკისში "საქმიანობის" ნებას აძლევდნენ, ჭიჭიაშვილი დედით ქისტია, სოფელ დუისიდან). ამ დროისთვის გატაცებების "ბიზნესში" ქართულ-ჩეჩნურ-ქისტური 100-კაციანი ბანდა ლიდერობდა. ამ ბანდის ერთი ჯგუფი - დედაქალაქში მყოფი კრიმინალები (როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ხანდახან თავად შსს-ს თანამშრომლებიც) აგროვებდნენ ინფორმაციას გასატაცებელი კანდიდატურების შესახებ და შესაბამის სქემასაც ამუშავებდნენ, მეორე ჯგუფი კი, უმეტესად ქისტები (ხშირად ასევე პოლიციის დახმარებით), იტაცებდნენ მძევალს და გადაჰყავდათ პანკისის ხეობაში, სადაც სამართალდამცავები ცხვირსაც ვერ ჰყოფდნენ; მესამე ჯგუფი ჩეჩნებისა იყო და მათ ევალებოდათ მძევლის მოვლა-პატრონობა - ისინი აჭმევდნენ, ასმევდნენ და დარაჯობდნენ მათ გამოსასყიდის მიღებამდე. როგორც ყოფილი სამართალდამცავები პირად საუბრებში აცხადებენ, ამ ბანდის უკან უშიშროების სამინისტროს ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელობა იდგა.

2000 წლის 20 აგვისტოს სოფელ დუისიდან უცნობმა პირებმა წითელი ჯვრის კომიტეტის ორი თანამშრომელი ქალი გაიტაცეს და ცოტა ხანში 2 მლნ ლარი მოითხოვეს...

როდესაც სამართალდამცავებისთვის ცნობილი გახდა, რომ გატაცებაში პანკისელი ქისტები მონაწილეობდნენ, კახეთის სამხარეო პოლიციის სამმართველოს უფროსი თამაზ თამაზაშვილი ხეობაში ჩავიდა და სოფელ ომალოში შეხვდა ადგილობრივ ავტორიტეტს, ვეფხია მარგოშვილს, რომელიც იმ დროს შოთა ჭიჭიაშვილის თანამოაზრედ ითვლებოდა.

თამაზაშვილმა მარგოშვილს მძევლების გათავისუფლებაში დახმარება სთხოვა. მალე პოლიციისთვის ცნობილი გახდა, რომ შოთა ჭიჭიაშვილი (სწორედ ის ითვლებოდა გატაცების ორგანიზატორად) გამოსასყიდის გარეშე გაათავისუფლებდა მძევლებს, ოღონდ ერთი პირობით: მისთვის და ვეფხია მარგოშვილისთვის ძებნა უნდა მოეხსნათ (ჭიჭიაშვილი 1997 წლიდან იძებნებოდა). ვეფხია მარგოშვილს სამართალდამცავები დაჰპირდნენ, ჭიჭიაშვილის მოთხოვნას შევასრულებთო. მძევლები მართლაც გაათავისუფლეს - მარგოშვილს და ჭიჭიაშვილს კი პრეზიდენტ შევარდნაძის ხელმოწერილი შეწყალების დოკუმენტი გადასცეს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, დოკუმენტი ყალბი იყო. მოტყუებულმა ჭიჭიაშვილმა ვეფხია მარგოშვილს მუქარა შეუთვალა და გამოსასყიდის გადახდა მას მოსთხოვა.

არავინ იცის, კონფლიქტი როგორ დამთავრდებოდა, ერთ დღესაც მარგოშვილი ქართველ სპეცსამსახურებს საკუთარ ეზოში, საპირფარეშოში რომ არ აეფეთქებინათ.

იმავე წლის დეკემბერში, კახეთის გზატკეცილზე, უცნობმა ნიღბოსნებმა ესპანელი ბიზნესმენები ანტონიო ტრემილიო და ფრანცისკო როდრიგესი პირდაპირ დაცვის პოლიციის თანამშრომელს გამოაცალეს ხელიდან და პანკისის ხეობაში გადაიყვანეს. მათი გათავისუფლება მხოლოდ მაშინ მოხერხდა, რაც ესპანეთის მთავრობამ 2 მლნ დოლარი გადაიხადა.

ესპანელი ბიზნესმენების გატაცებაში ბრალი მოგვიანებით კვლავ შოთა ჭიჭიაშვილს წაუყენეს...

2001 წლის მაისში კუს ტბიდან უცნობმა პირებმა დეპუტატი პეტრე ცისკარიშვილი და მისი საცოლე გაიტაცეს... დეპუტატის გატაცებამ საზოგადოებაში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. იუსტიციის მაშინდელი მინისტრი, მიხეილ სააკაშვილი სამართალდამცავებს არწმუნებდა, რომ პანკისის ხეობაში საჭირო იყო "სპეცრაზმის შეყვანა და იქაურობის მიწასთან გასწორება..." ხეობაში ამბობდნენ, რომ დეპუტატის გატაცება მის პოლიტიკურ საქმიანობას კი არა, ვალს უკავშირდებოდა, რომლის გადაუხდელობას შოთა ჭიჭიაშვილი არ აპატიებსო...

"ჩვენი აგენტურით მივიღეთ ინფორმაცია, რომ ეს პიროვნება (პეტრე ცისკარიშვილი. - ავტ.) დაკავშირებული იყო ნარკოტიკების გასაღებასთან. გვითხრეს, რომ მას წამოღებული აქვს "რაღაც", მერე ფული არ გადაიხადა და ამის გულისთვის გაიტაცეს, შეიძლება გაასაღონ კიდეცო... ვიპოვე კაცი, შევაგზავნე ვეფხია მარგოშვილთან. თავიდან კონტაქტი არ შედგა, ვერ მოვრიგდით, დავემუქრე, - გამოუშვი ცისკარიშვილი და ის გოგო, თორემ შემოვალ და დედას გიტირებთ-მეთქი. მაშინ მითხრა, - ფული აქვს გადასახდელი, საქონელი წაიღოო. სანამ ფულს არ მოიტანს, არ დავაბრუნებთო. ძალიან დიდი თანხა დაასახელა. წავიდა ვაჭრობა... ბოლოს, როგორც ვიცი, უშიშროებამ გაათავისუფლა ორივე მძევალი".

თამაზ თამაზაშვილი, კახეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი უფროსი, გაზეთი "ვერსია" 2012 წ.

შოთა ჭიჭიაშვილის სახელი კიდევ ერთ ყველაზე რეზონანსულ გატაცებას უკავშირდება - 2002 წლის 18 ივნისს თბილისში, იოსებიძის ქუჩიდან, პოლიციის ფორმაში გამოწყობილმა შვიდმა უცნობმა "აგრობიზნესბანკის"” თანათავმჯდომარე პიტერ შოუ გაიტაცა. გატაცების ფაქტს ტრანსპორტის პოლიციის თანამშრომლები შეესწრნენ, თუმცა მათ გამტაცებლები პოლიციის თანამშრომლებად მიიჩნიეს და წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. პიტერ შოუს გატაცებამ ევროკავშირი აღაშფოთა, საქართველოში შეჩერდა ყველა ის პროგრამა, რომელიც ევროკავშირის დახმარებით ხორციელდებოდა, ასევე საქართველოს უარი ეთქვა 45 მლნ ევროს ღირებულების დახმარებაზე. გატაცებულ ბანკირს ქართველი სამართალდამცავები მთელ ქვეყანაში დაეძებდნენ, ბოლოს, მის კვალს პანკისში მიაგნეს. მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროები მძევლის გასათავისუფლებელ ოპერაციას დიდი ხნის განმავლობაში გეგმავდნენ, მძევალი მოულოდნელად თავად განთავისუფლდა...

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებდა, რომ გამტაცებელთა ჯგუფში ორი აგენტი ჰყავდა ჩანერგილი. ერთი მათგანი ყოფილი პოლიციელი, მერაბ მექუდიშვილი -”ტაშკენტა იყო. გეგმის მიხედვით ტაშკენტას უნდა დაერწმუნებინა გამტაცებლები, რომ მძევლისთვის ადგილი შეეცვალათ, რა დროსაც ბანკირი ხელბორკილების გარეშე უნდა დარჩენილიყო. ასეც მოხდა: როდესაც პიტერ შოუ სხვა ადგილას გადაჰყავდათ, შსს-ს აგენტმა მოულოდნელად ტაშკენტას ბრალი დასდო - პოლიციასთან არის შეკრულიო. ამაზე ატყდა აყალმაყალი, რასაც სროლა მოჰყვა. ტაშკენტა მოკლეს, დანარჩენები კი გაიქცნენ... ბანკირი მარტო დარჩა...

"ტყვეობაში ჯაჭვით დაბმული სულ ორმოში ვიჯექი... იმ დღეს 4 კაცი მოვიდა და სადღაც წამიყვანეს. გზაზე რომ გავედით, იმ ხალხმა ერთმანეთში ჩხუბი დაიწყო, ამას სროლაც მოჰყვა. ერთი კაცი დაეცა, დანარჩენები გაიქცნენ. მე ამ დროს ბუჩქებში ვიყავი დამალული. მერე გამოვედი, მივედი იმასთან, ვისაც ესროლეს. ვნახე, რომ უკვე მკვდარი იყო. საშინლად შემეშინდა, თავქუდმოგლეჯილი გამოვიქეცი. ბედად, სადღაც შუქს მოვკარი თვალი და იქით წავედი. ასე აღმოვჩნდი ქართველ ჯარისკაცთა ბლოკპოსტზე".

პიტერ შოუ, 2002 წლის ნოემბერი

შეშინებული შოუ დუისის პოლიციაში გადაიყვანეს. იქ ინგლისური არავინ იცოდა. ბედად იქვე უშიშროების მინისტრის მოადგილე ირაკლი ალასანია აღმოჩნდა. როდესაც დადასტურდა, რომ ის მართლაც პიტერ შოუ იყო, გახარებულმა სამართალდამცავებმა პირდაპირ თბილისში ჩამოიყვანეს და იმავე ღამეს, ბრიტანული მხარის დაჟიIნებული მოთხოვნით ლონდონში გადააფრინეს.

პიტერ შოუს გატაცებამ, ისევე, როგორც გათავისუფლებამ, საზოგადოებაში ბევრი შეკითხვა გააჩინა, თუმცა ეს კითხვები დღემდე უპასუხოდ რჩება.

პანკისის ხეობაში ანტიკრიმინალური ოპერაციის დაწყების შემდეგ ხეობა კრიმინალურმა ავტორიტეტებმა დატოვეს, შოთა ჭიჭიაშვილი მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად და მას შემდეგ არავის გახსენებია, ვიდრე 2003 წლის 22 ივნისს პოლიციელებმა პანკისის ხეობაში, სოფელ ჯოყოლოში, ალენ ბორჩაშვილი არ დააკავეს - ბორჩაშვილი ესპანელი ბიზნესმენების გატაცების ორგანიზატორად მიიჩნეოდა. რამდენიმე დღეში დააკავეს მისი კიდევ ოთხი თანამზრახველი.

როგორც გამოძიება აცხადებდა, ყველა რეზონანსული გატაცების კვალი შოთა ჭიჭიაშვილთან მიდიოდა, ამიტომ 2002 წლის 24 ივნისს, საკუთარი დის ბინაში მოსკოვის მილიციამ შოთა ჭიჭიაშვილი დააკავა. ცნობილი კრიმინალის დაკავებისთვის მაშინდელმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა თავის რუს კოლეგას, ბორის გრიზლოვს მადლობა პირადად გადაუხადა...

ჭიჭიაშვილი საქართველოში 2004 წლის 21 იანვარს ჩამოიყვანეს. "ვარდების ხელისუფლება" ფიქრობდა, რომ ჭიჭიაშვილი ანტიტერორისტული ცენტრის ყოფილი უფროსის, ლევან კენჭაძის და სხვა მაღალჩინოსნების წინააღმდეგ "საჭირო" ჩვენებას მისცემდა. ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილ კრიმინალურ ავტორიტეტს ბანდიტიზმში, მკვლელობებსა და ადამიანის გატაცებაში დასდეს ბრალი. საბოლოოდ, მას პიტერ შოუს გატაცებაში მონაწილეობა არ დაუდასტურდა.

სასამართლომ შოთა ჭიჭიაშვილს 22 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ის სასჯელს მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში სახალხო ლაშქრის დამაარსებელ ლუკა რამაზაშვილთან ერთად ერთ საკანში იხდიდა...