" გველების მომთვინიერებელი" - კვირის პალიტრა

" გველების მომთვინიერებელი"

ბატონ მიხეილ ჩოგოვაძის იურიდიულ პრაქტიკაში ალბათ ეს საქმე გამორჩეულია. თუმცა, უმჯობესია, თვით გამომძიებელს მოვუსმინოთ:

- მიუხედავად იმისა, რომ ლამის 30 წელიწადია გასული ამ ამბიდან, ვფიქრობ, ბევრს ემახსოვრება, რადგან მართლა იშვიათ "მკვლელობის იარაღთან" გვქონდა საქმე

...პოლიციაში განცხადებით ზოოლოგი ნიკოლოზ გელაშვილი (აქ და შემდგომშიც გვარ-სახელები შეცვლილია) მოვიდა და გვითხრა, ორი დღის წინ ჩემი სახლიდან გიურზა გაქრაო. გელაშვილს დისერტაციაც ქვეწარმავლებზე ჰქონდა დაცული. ბოლო ხანებში გიურზებით ყოფილა "გატაცებული" და კოლეგები ხუმრობით "გველების მომთვინიერებელსაც" ეძახდნენ, რადგან ამტკიცებდა, რომ გველებს ძალიან უყვარდათ კლასიკური მუსიკა და მისი მოსმენისას ცეკვავდნენ კიდეც. შინ ტერარიუმიც კი მოაწყო და რამდენიმე გველს უვლიდა, მათ შორის, იმ გიურზასაც, რომლის დაკარგვასაც ასე შეეშფოთებინა:

- ისეთ აკვარიუმში მყავდა, წესით თავისით ვერ უნდა ამოსულიყო იქიდან, მაგრამ არც მისი ამომყვანი მეგულება ვინმე, გარდა ჩემი მეუღლისა, რომელიც მეცნიერული კვლევისას მეხმარება, მაგრამ ნანა ახლა  ქალაქში არც არის. რამდენიმე დღის წინ ქობულეთში გაემგზავრა თავის მეგობართან დასასვენებლად - გულიკო კურსელია მისი, რომელიც აჭარაში გათხოვდა და ყოველ წელს გვეპატიჟება თავისთან. დედაქალაქში კი ჩვენ ვართ მისი მასპინძლები...

- ელაპარაკეთ ცოლს?

- კი. თვითონვე დამირეკა გამგზავრების დღეს, - მშვიდობით ჩავედი, არ იდარდოო!.. მე აღარ დამირეკავს, არც გიურზას ამბავი შემიტყობინებია. ეს გველი გამორჩეულად უყვარდა და არ მინდა, ინერვიულოს...

- ხალხისთვის რამდენადაა საშიში ეგ თქვენი გიურზა?

- რა თქმა უნდა, ძალიან საშიშია, მით უმეტეს, თუ მშიერია... გიურზა ხომ ძალიან შხამიანია და მისი ნაკბენით ადამიანი მალევე იღუპება, თუ მომენტალურად არ უშველეს. ასეთი გიურზები საქართველოში არ არიან, შუა აზიიდან ჩამოვიყვანე... მეშინია, რომელიმე მეზობლის სახლში ან ეზოში არ იყოს გამძვრალი... ყველა გავაფრთხილე და ეძებენ, მაგრამ უშედეგოდ. პანიკაშია ხალხი, მეორე დღეა, ვერ იძინებენ. მეც ამიტომ მოვედი თქვენთან. რადგან ახლომახლო ვერ ვპოულობთ, მოპარული არ იყოს...

არც ვიცოდით, საიდან დაგვეწყო ძებნა, რომ კიდევ ერთი შეტყობინება შემოვიდა: მეზობლებს 36 წლის ნუკრი გოცირიძე მკვდარი ეპოვათ დილით საწოლში. ამის შესახებ კი ანონიმური ზარით შეიტყვეს. გოცირიძის კარის მეზობელთან, რომელიც ამავე დროს თანამშრომელიც იყო მისი, ქალმა დარეკა. მან ვინაობის დასახელება არ ისურვა:

დავით ხელაძე (მეზობელი): - ქალი ხმას იცვლიდა აშკარად, შეიძლება ცხვირსახოციც ჰქონდა დაფარებული ყურმილზე, რადგან ხმა დაგუდული იყო, ნუკრის რაღაც უნდა უჭირდეს და მიეშველეთო... ჩვენ თანამშრომლები ვართ, ბინებიც ერთად მივიღეთ ამ კორპუსში. ვმეგობრობთ, ნუკრი უცოლშვილოა, რის გამოც ხშირად ვსაყვედურობდით, არადა, ოჯახზე ფიქრი უჭირდა, რადგან მექალთანე იყო ცხონებული და მგონი, ქალური შურისძიების მსხვერპლადაც იქცა... მაშინვე ავვარდი ზედა სართულზე. დაბრახუნება მინდოდა, მაგრამ კარი ღია დამხვდა. ნუკრი დედიშობილა იწვა საწოლში, უცებ ვერც მივხვდი, რომ მკვდარი იყო...

...ნუკრი გოცირიძის სახლში მისულებს ექსპერტიზის ექიმები უკვე დაგვხვდნენ და სანამ მთავარ მოწმეს ველაპარაკებოდით, მათ პირველი დასკვნაც მოგვცეს:

- რაოდენ გასაოცარიც უნდა იყოს, კისრის არეში აქვს გველის ნაკბენი და რადგან აქ გველის, ისიც ასეთი შხამიანის არსებობა წარმოუდგენელია, რაღაც უცნაურ იარაღთან შეიძლება გვქონდეს საქმე. გვამს პროზექტურაში გადავიტანთ და უფრო ზუსტ დასკვნას რამდენიმე დღეში წარმოვადგენთ...

როგორც კი გველი ახსენა, მაშინვე ნიკოლოზ გელაშვილის დაკარგული გიურზა გაგვახსენდა. ასეთი დამთხვევა წარმოუდგენელი იყო, მაგრამ ფაქტი სულ სხვა რამეს აჩვენებდა. თანაც, გელაშვილი ქალაქის სულ სხვა უბანში ცხოვრობდა, გოცირიძის სახლიდან 7 კილომეტრში. ასე რომ, ის გიურზა თავისით ნამდვილად ვერ მივიდოდა ნუკრი გოცირიძის დასაკბენად...

მაშინვე ნიკოლოზ გელაშვილი დავიბარეთ და როცა ვუთხარით, რაშიც იყო საქმე, მთხოვა, დაღუპულის ნაკბენი გვეჩვენებინა. რომ ნახა, მაშინვე დაადასტურა, რომ ეს გიურზას ნაკბენი იყო. რაღაც ბადე და ხელსაწყოები მოიტანა და ბინაში დაუწყო ძებნა ქვეწარმავალს. 20 წუთში გამოათრია კარადის ქვემოდან დაგორგლილი და ისე ჩაიკრა გულში, თითქოს დაკარგული შვილი ეპოვოს. გამაჟრჟოლა ამის დანახვაზე და გელაშვილს ვთხოვე, გიურზა სასწრაფოდ მისთვის განკუთვნილ თავდახურულ კალათში მოეთავსებინა...

- ხომ გითხარით, ჩემი გიურზა თავისით ვერ ამოვიდოდა აკვარიუმიდან. იგი მოიპარეს და განგებ გამოიყენეს მკვლელობის იარაღად...

- კი მაგრამ, თუ თქვენ და თქვენს მეუღლეს არა, ვის შეეძლო ეს გაეკეთებინა?

- რა ვიცი! - მხრები აიჩეჩა, - გამომძიებლები თქვენ ხართ და იმოქმედეთ. მე კი აუცილებლად ოფიციალურად გადაგიხდით მადლობას, რომ ასეთი ძვირფასი საცდელი ობიექტი არ დამიკარგეთ...

ის იყო, ნიკოლოზ გელაშვილი გავისტუმრეთ თავის დაწყევლილ გიურზასთან ერთად, რომ დაღუპულის ერთ-ერთმა მეგობარმა განცალკევებით ისურვა ჩვენთან ლაპარაკი და თავის ბინაში შეგვიპატიჟა. იქ კი ასეთი რამ გვითხრა:

- მაშინვე ვიცანი ეგ მეცნიერი, მაგრამ არ გამოვეცნაურე. არც ისე კარგი მოგონებები მაკავშირებს მასთან. საქმე ის არის, რომ მისი ცოლი ნანა ჩემი შორეული ნათესავია, თუმცა სტუდენტობისას ახლო მეგობრები ვიყავით. ნიკოლოზი ნანაზე 20 წლითაა უფროსი, მის ქალაქელობას და სახლ-კარს დახარბდა სოფლელი გოგო. დისერტაციაც ქმრის დახმარებით დაიცვა, თუმცა მალე მიხვდა, რომ მისი შეყვარება არ შეეძლო. არც შვილი ეყოლათ... ნუკრი გოცირიძე და ნანა მე გავაცანი ერთმანეთს რესტორანში: მე თანამშრომლებთან ერთად ვიყავი, ნანა - ქმართან... დაახლოვდნენ, მას შემდეგ ნანა ნუკრის საყვარელი გახდა. მალე ეს ამბავი ნიკოლოზის ყურამდე მიიტანეს "კეთილისმსურველებმა". მანაც მე და ნუკრის შეხვედრა დაგვინიშნა და... იარაღით მოვიდა, ლამის ერთმანეთს დაგვაკლა. არც ისე ბუნჩულა კაცია, როგორც დღეს გვაჩვენებდა თავს...

- თუ ჩემს ცოლს გაეკარები, დედას გიტირებო! - უთხრა ნუკრის, მეც მოკვლით დამემუქრა, როგორც ხელის შემწყობს. მეგონა, ნანას სახლიდან გამოაგდებდა, მაგრამ მორიგდნენ როგორღაც...

ნუკრის ასეთი პრობლემები არ უყვარს და მართლა დაშორდა, მაგრამ ნანა მაინც არ მოეშვა: მზად ვარ, ნიკოლოზს გავეყარო და შენი ცოლი გავხდეო. ნუკრიმ აღარ გაიკარა, - ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრდა, ისე არ მიყვარხარ, რომ ცოლად შეგირთოო...

ერთ წელზე მეტია არც უნახავთ ერთმანეთი. მას შემდეგ ნუკრიმ ახალი საყვარელი გაიჩინა და სხვათა შორის, ისე შეეჩვია, ამბობდა, - შეიძლება ცოლადაც შევირთოო!..

არ ვიცი, ეს საიდან გაიგო ნანამ, მაგრამ ნუკრის შეხვედრია და დამუქრებია, შენი ცოლი სხვა ქალი ვერ გახდებაო!..

- თქვენ რა იცით?!

- ძალიან ცუდ ხასიათზე იყო ამ შეხვედრის შემდეგ ნუკრი და თვითონვე მითხრა, - ამას ვის გადავეყარეო!

ამ ინფორმაციის შემდეგ რა თქმა უნდა, ნიკოლოზ გელაშვილს ვესტუმრეთ:

- უკვე ვიცით, რომ კონფლიქტი გქონდათ გარდაცვლილ გოცირიძესთან და ისიც ვიცით, რის თაობაზეც... პირდაპირ გეტყვით, რომ მკვლელობაში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი ხართ, თუ ერთადერთი არა. თქვენს თავსლაფის დამსხმელს დაემუქრეთ და მოიშორეთ კიდევაც თავიდან...

გელაშვილმა ისე მშვიდად შემოგვხედა, მკვლელი ძნელად თუ შეძლებდა:

- ძალიან მარტივად მოგინდომებიათ საქმის გახსნა, უფროსო! - დაგვცინა კიდეც, - როგორ ფიქრობთ, ისეთი შტერი ვარ, რომ ასე პრიმიტიული ხერხით ჩავიდენდი მკვლელობას მაშინ, როცა ქვეყანამ იცოდა ჩვენი დაპირისპირების მიზეზი?

- ვაღიარებ, რომ ჭკვიანი კაცის დაგეგმილს არ ჰგავს ეს მკვლელობა, თუ ის თქვენ ჩაიდინეთ... მაგრამ თუ თქვენ არა, მაშინ მკვლელი თქვენი მეუღლეა, რადგან იცოდა, რომ გოცირიძემ ცოლის შერთვა გადაწყვიტა და დაემუქრა, რომ ამას არ დაუშვებდა...

- ტუტუცი! - "აღელდა" პროფესორი, - მე კი მეუბნებოდა, რომ გოცირიძე აღარ აღელვებდა და წარსულსაც ნანობდა...

- ჩვენთან ერთად წამოხვალთ ქობულეთში და მიგვიყვანთ იქ, სადაც თქვენი ცოლია!

უარი არ უთქვამს და იმავე საღამოს გავემგზავრეთ აჭარაში.

გულიკო ანანიძე ლამის გაგიჟდა:

- ნანას აქ რა უნდა, მითხრა, წელს ვერ ახერხებდა ზღვაზე ჩამოსვლას, რადგან ქმარმა იალტის დასასვენებელი სახლის საგზური უშოვა და იქ მიემგზავრებოდა...

უკვე ეჭვი აღარ შეგვპარვია, რომ საყვარელი ნანა გელაშვილმა მოკლა და თავს გაქცევით უშველა. მით უფრო, როცა მისმა ქმარმა გაიკვირვა:

- რა სისულელეა, არავითარი საგზური, ისიც იალტის, მე მისთვის არ მიყიდიაო! - არადა, ქალს მართლა იალტის ერთ-ერთ დასასვენებელ სახლში მივაკვლიეთ, თუმცა, საგზურის პატრონი ვინმე იამზე გოგისვანიძე აღმოჩნდა.

- მე საგზური კი ავიღე, მაგრამ ფული მჭირდებოდა და ამიტომ მივყიდე იმ ქალბატონს, რომელსაც პირადად შევხვდი! - დაადასტურა, რომ მყიდველი ნანა გელაშვილი იყო...

ნანა კი ამტკიცებდა, რომ საგზური ქმარმა მოუტანა უკვე შევსებული. არადა, იამზე გოგისვანიძემ  დაგვიდასტურა, რომ საგზური პირადად გადასცა ნანა გელაშვილს...

ბუნებრივია, ქალმა ყოფილი საყვარლის მკვლელობაც იუარა, მაგრამ ჩვენ მას წინ კიდევ ერთი სამხილი დავუდეთ: გარდაცვლილის საძინებელ ოთახში ნაპოვნი ცალი საყურე...

ნანამ აღიარა, რომ საყურე მისი იყო, მაგრამ ამ ბიჟუტერიას კარგა ხანია აღარ ხმარობდა და არც მისი დაკარგვა შემინიშნავსო...

ასე იყო თუ ისე, ყველა სამხილი მის წინააღმდეგ იყო მიმართული და ალბათ კარგა ხნით გამოვამწყვდევდით ციხეში, რომ არა კიდევ ერთი მოწმე, ამჯერად შემთხვევითი: ის გოცირიძის კორპუსში მცხოვრები ვალიკო ზაქარიაძე აღმოჩნდა. იმხანად სოფელში ყოფილა და მეზობლის უცნაური სიკვდილის შესახებ გვიან გაუგია. მერე კი ისიც მისწვდა თურმე მის ყურს, რომ მკვლელი ქალი იყო...

განყოფილებაში თვითონვე გვეწვია ჩვენების მოსაცემად:

- ღამის ორი საათი იქნებოდა,  უცნაურმა ხმაურმა რომ გამაღვიძა, - ვიღაც კარს აწვალებდა. სახლში რეგისტრირებული სანადირო თოფი მაქვს, იმას წამოვავლე ხელი და კარი გავაღე: სულს გაგაფრთხობინებ ახლავე, ვინ ოხერი ხარ-მეთქი!.. ჩემს დანახვაზე შეცბა და უკან დაიხია - მაპატიეთ, ბატონო, ნასვამი ვარ, თან ამ უბანში ახალი გადმოსული, სახლი შემეშალა, მეგონა, ჩემი ბინის კარს ვაღებდიო! - თან, სახე მომარიდა და კიბეზე დაეშვა. გვერდით მოგრძო კალათი ედგა. დაავლო ხელი და წავიდა... ქურდები კალათებით რომ არ დადიან საყაჩაღოდ, კი ვიცი და ამიტომ დავუჯერე. მერე სოფელში წავედი და არც მეცალა ამ ამბის ვინმესთვის სათქმელად. არადა, გუშინ გავიგე ეზოში, რაც მოხდა და რომ გველი კალათით წაიყვანა პატრონმა... რა ვიცი, იქნება მკვლელი მომადგა იმ დღეს და ბინები კი არა, სადარბაზოები აერია... - გოცირიძეც ჩემსავით ბოლო, მე-8 სართულზე ცხოვრობდა...

- დანამდვილებით იცი, რომ კაცი იყო და არა ქალი? - ჩავეკითხე.

- კი და მგონი, ვიცნობ კიდევაც, მიუხედავად იმისა, რომ სახეს მარიდებდა...

...ზაქარიაძემ მართლა ამოიცნო ნიკოლოზ გელაშვილი, რომელსაც იმ დღეს სადარბაზოები აერია თავისდა საბედისწეროდ. გასაღები კი ცოლს ამოაცალა. ნანა გელაშვილი ისევ ინახავდა საყვარლის ბინის გასაღებს...

ნიკოლოზ გელაშვილი დიდხანს არ გვეპუებოდა, მაგრამ ბოლოს მაინც აღიარა, რომ ცოლის საყვარლის მოკვლით, ცოლზე შურისძიებაც დაგეგმა. საყურეც განგებ დააგდო გოცირიძის საძინებელში... იამზე გოგისვანიძე კი მისი ძველი საყვარელი აღმოჩნდა, რომელსაც ცოლად შერთვას დაჰპირდა, თუ ცოლის თავიდან მოშორებაში დაეხმარებოდა... მასვე დაარეკვინა გოცირიძის მეგობართან.

ალბათ კარგა ხნით მოუწევდა  ციხეში ჯდომა, თავისთვის უცნაური განაჩენი რომ არ გამოეტანა - პიჯაკის საყელოში ჰქონია ჩაკერებული გიურზას შხამიანი ამპულა და ის გადაუყლაპავს... მოკლედ, თავი მოიკლა...