"იმ ღამეს ომი წავაგეთ..."
12-08-2013
"იმ ღამეს ომი წავაგეთ..."
ნიკა რურუა: "ვიგებ ჭორებს, რომ პოლიტიკოსები სამხედრო ოპერაციის მართვაში მონაწილეობდნენ. თუ ეს მართალია, ძალიან ეშლება იმას, ვინც იქ თავით ეტენება"

"საქართველომ, 2008 წლის აგვისტოში, წააგო ერთ-ერთი სამარცხვინო ომი (თუ ყველაზე სამარცხვინო არა) საკუთარ ისტორიაში. საქართველოს ისტორიაში ცნობილი არ არის არც ერთი შემთხვევა, როდესაც ჩვენი არმია დამარცხებულიყოს თავისზე 3-ჯერ ნაკლებ შემტევ მოწინააღმდეგესთან, მით უფრო, თუ ამ მოწინააღმდეგეს არ ჰქონდა თვისებრივი უპირატესობა სახმელეთო ტექნიკაში".

კახა კაციტაძე, სამხედრო ექსპერტი, 2008 წლის სექტემბერი

"მათ
ჰქონდათ უახლესი ტექნიკა, საუკეთესო კავშირგაბმულობა, კარგი ორგანიზება, ესენი იყვნენ განსწავლული და შესანიშნავად მომზადებული სამხედრო ნაწილები. სისულელეს ამბობენ ისინი, ვინც ქართულ არმიას უუნაროს უწოდებენ. ეს იყო ყველაზე სერიოზული და საშიში მოწინააღმდეგე, გარწმუნებთ, ამას გადაუჭარბებლად ვამბობ".


გენერალ-ლეინტენანტი აAნატოლი ხრულოვი, 58-ე არმიის მეთაური, 2009 წ.

2008 წლის 9
აგვისტოს, დილით, ცხინვალში ჩეჩნური ბატალიონი "ვოსტოკი" შევიდა... 58-ე არმიის ნაწილები კი გაჭირვებით (ქართული არტილერია გამუდმებით ბომბავდა გზას) მიემართებოდნენ ქალაქისკენ. რუსეთის ავიაცია ბომბავდა საქართველოს სამხედრო სტრატეგიული დანიშნულების ობიექტებს, მათ შორის მარნეულის, სენაკის, კოპიტნარის აეროდრომებს, სენაკის სამხედრო ბაზას და ფოთის პორტს... მსხვერპლი იყო მშვიდობიან მოსახლეობაში, საქართველოს პრეზიდენტმა საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. რეზერვისტებს თავს უყრიდნენ გორში... ხელისუფლებამ სენაკიდან ცხინვალის მიმართულებით მეორე ბრიგადისA გადასროლის გადაწყვეტილება მიიღო. ამის გამო დასავლეთ საქართველო ფაქტობრივად დაუცველი დარჩა, პარალელურად ვრცელდებოდა ინფორმაციები, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტი სოხუმს უახლოვდებოდა, ხოლო აფხაზური შეიარაღებული ნაწილები - ენგურის ადმინისტრაციულ საზღვარს...

"ჩვენ ვიცოდით, რომ ცხინვალი ჩვენი არ არის, ვიცოდით, რომ სულ "იკარგებოდა". ქალაქი გამუდმებით იბომბებოდა და გვეგონა, სარდლობა სწორად იქცევა, რომ ძირითადი იერიში მიდის ჯავასა და როკზე, რომ ჯამში, იმ ვიწრო ხეობაში გაწყდებოდნენ რუსები, მაგრამ სარდლობა ასე არ ფიქრობდა; თუმცა ომს მაინც ვიგებდით. მთელი შაბათი დღე ჩვენი ბენეფისი იყო. ПВО-მ ჩამოაგდო ყველა თვითმფრინავი, რომელიც შემოფრინდა ჩვენს ტერიტორიაზე, არტილერიამ "ნავოდკის" გარეშე დაიჭირა როკი-ჯავა-ცხინვალის გზის კოორდინატები - პირადად ვნახე, რამდენი არტილერია ისროდა ერედვის გარშემო, ცხინვალთან ნახევარ კილომეტრში... მაგ მომენტში ცხინვალი ჩვენი არ იყო და ლამის მომკლეს იმ ილუზიის გამო, რომ ცხინვალში სეირნობა-სეირნობით ჩავიდოდით, როკის გვირაბიდან გამომავალი ერთადერთი გზა ისე იბომბებოდა, რომ საღამოს შეწყდა ჯარების გამოსვლა. ღამით რუსები აკივლდნენ - დაჭრილები გაგვაყვანინეთ და გაგვიშვითო! ჩვენ დაგვირიგეს MPSU-ები და ოპერაციაზე გასასვლელად მზადყოფნა გამოცხადდა. ყველა რეკავს მობილურზე და არკვევს, რომ ჯავას და მის შემოგარენს ქართულმა არტილერიამ დედა უტირა და ახლა ჩვენ უნდა შევუტიოთ. სრული ეიფორიაა. ხალხი მზად არის. რეალურად არავინ იძინებს, ელოდება ბრძანებას და გადასროლას ჯავისკენ...

ღამე არტილერიის სროლა წყდება. "სერჟა" დამწუხრებული ამბობს, - გამოდის, ჩვენი ქვეითი ჯარი გადავიდა შეტევაზე, ჩვენ კი არ გადაგვისროლესო, ომი ისე დამთავრდა, ჯავის ბრძოლაში არ ჩაგვრთესო... რეალობა კი ასეთია: რუსებს მიეცათ დაჭრილების გაყვანის უფლება და რამდენიმე საათის მანძილზე როკის გვირაბთან დაგროვილი ტექნიკა და ხალხი შემოცვივდა, რა ტემპითაც შეეძლოთ. იმდენად არ ელოდნენ ჩვენგან ამას (ცეცხლის შეწყვეტას), რომ საწვავიც არ ჰქონდათ მომზადებული და შუა გზაზე, ჯავასთან, დიზელი გაუთავდათ. 2 საათი ელოდნენ როკის გზით ცისტერნების შემოსვლას. ჩვენი არტილერია დუმდა... ლიახვის ხიდი ცოცხალი იყო, ჩვენი ჯარი ისვენებდა, რუსებს კი დერეფანი ჰქონდათ დაჭრილების გასაყვანად(?!) - დილით მათ ყველა მხრიდან დაიწყეს შეტევა. ეს იყო და ეს. იმ ღამეს წავაგეთ ომი, რომელიც მოიგეს ჯარისკაცებმა და წააგო სარდლობამ მანამდეც, უკვე სამჯერ: დაგეგმვისას, განხორციელებისას და ცხინვალის უაზრო დერეფნისას, მაგრამ ბიჭები ყველაფერს იბრუნებდნენ. მე ვიცი, რომ ყველა კონკრეტული ბრძოლა მოვიგეთ, მაგრამ ომი წავაგეთ, ვის მოუვიდა თავში ეს "სირობები" ორჯერ ზედიზედ, ვინ მისცა მეორე დერეფანი მას მერე, რაც პირველი - ცხინვალის მორატორიუმი - ოსებმა ქალაქში შემოსაჯლიგინებლად გამოიყენეს."

ქართველი ჯარისკაცის ნაამბობი

9 აგვისტოს, შუადღისას, 58-ე არმიის მეთაურმა ანატოლი ხრულოვმა ინფორმაცია მიიღო, - ქართველები ცხინვალს ტოვებენო და 30 ჯავშანმანქანით ცხინვალის სამხრეთისკენ დაიძრა.

"კრიტიკული სიტუაცია ჰქონდათ სამშვიდობოებს, ქართული ტანკები პირდაპირ მიზანში ესროდნენ, ქალაქში ქართული და ოსური დაჯგუფებები ერთმანეთში იყვნენ აზელილნი, თუმცა ქართველებს რეზერვი ემატებოდათ, ამიტომ მართვის ჯგუფთან ერთად ცხინვალის სამხრეთ ნაწილში გადასვლა გადავწყვიტე. მე მივყვებოდი სამშვიდოების დასახმარებლად მიმავალ შენაერთს. გზაჯვარედინთან შენაერთმა გზა განაგრძო, მე კი მოხალისეებთან დავრჩი სიტუაციის გასაცნობად, თუმცა კიდევ მყავდა სამხედროების ერთი ნაწილი. დავიძარით. გზაში ჟურნალისტს, რომელიც ჩემთან იჯდა, ინტერვიუს ვაძლევდი. მოულოდნელად დავინახეთ ქართველები, 30-40 კაცი იქნებოდა. თავიდან გამეღიმა, ჟურნალისტს ვუთხარი, - ნახე, როგორ გარბიან-მეთქი, მაგრამ სიტყვა პირზე შემაშრა, როცა შევამჩნიე, რომ ქართველები კი არ გარბოდნენ, პირდაპირ ჩვენკენ მორბოდნენ... ჯანდაბას მაგათი თავი, კამიკაძეები ხომ არ არიანო, - წამოსცდა მძღოლს.…კოლონა გაჩერდა. მოულოდნელად ქართველებმა ცეცხლი გაგვიხსნეს. როდესაც ვუპასუხეთ, აღმოჩნდა, რომ იქვე, ბუჩქებში და ხეებთან ქართული სპეცრაზმი იყო ჩასაფრებული (სინამდვილეში მეორე ბრიგადის სადაზვერვო ასეული. - ავტ.). ალყაში ვიყავით მოქცეული... ბრძოლა ერთ საათს გაგრძელდა. მერე იძულებული ვიყავი, კოლონა დამეშალა, დაგვეღუპა ხალხი (მათ შორის ჩემი მძღოლი), დაიჭრა ერთი ჟურნალისტიც... მეც დამჭრეს, როდესაც საავადმყოფოში გადამიყვანეს, მითხრეს, იმ 30 მანქანიდან, რომელიც ცხინვალიდან გამოგყვათ, მხოლოდ 5 გადარჩაო"...

ანატოლი ხრულოვის მოგონებებიდან

ამასობაში, საქართველოს ხელისუფლება მარჯვედ უმალავდა მოსახლეობას სიმართლეს და დედაქალაქში კონცერტებს მართავდა(?!)

"ველოდი, რომ თბილისი საომარ მდგომარეობაში იყო, რომ რაღაც საომარი შემართება აქვს ქალაქს, მაგრამ როცა მე და "კეპა" ჩამოვედით, თვალებს არ დავუჯერეთ - აქ სიმშვიდეა, ვითომ არაფერი ხდება, ვიღაც "ქინძი" გმირთა მოედანზე პარკში ვარჯიშობს... იქ ომია და ეს - ვითომ არაფერიო... 80 კილომეტრში თქვენი სახლის კარიდან, ხალხი არხებში დაფოფხავდა და ცდილობდა, ქართველების ღირსება აღედგინა, აქ კი მეუბნებიან, არ იცოდი, რისთვის კვდებოდიო? ნაღდად არ ვიცოდი, რომ ჩემი უბნის ძველი ბიჭები გააგრძელებდნენ დომინოს თამაშს, ჩამოვედი და ისევ "ვაჟნი როჟებით" მიყურებენ... მაქვს უსამართლობის სასწაული განცდა და წარმომიდგენია, რას სჭირს მე-4 ბრიგადის ნებისმიერ მებრძოლს, რომელიც 4 დღე რა სიტუაციაში იბრძოდა, მხოლოდ ღმერთმა იცის. მე იმის მეასედიც არ მინახავს, ალყაში არ ვყოფილვარ, მაგრამ ამის წარმოდგენაც კი მაძაგძაგებს. ალყაში რომ ხარ და იცი, აქედან ვერ გახვალ, როცა ყოველ წუთს სიკვდილს ელოდები, არანაირი ამაღლებული აზრები არ მოგდის, რასაც წიგნებში წერენ და ჰოლივუდურ ფილმებში გაჰკივიან - ეს რისთვის? სააკაშვილისთვის იქ არავის უომია, ყველა ომობდა მითური საქართველოსთვის, რომლებიც თურმე ვინ არიან, ჩვენს გასამხნევებლად წურწუმიას კონცერტზე მოსული "ნაროდი", რომელიც მღეროდა და ცეკვავდა?”

...ჯარი გიჟს ჰგავდა, მეთაურებმა ბატალიონები მიატოვეს, ომი თვითორგანიზების ხარჯზე მიდიოდა. გგონია, ვინმემ გასცა ბრძანება, იქ სიკვდილამდე მდგარიყო რუსების შემოსვლის შემდეგ? ყველა თავისით წყვეტდა მტრისთვის თავის შეკვლას. მეოთხე ბრიგადის ბიჭები ამ ამბავს შეაკვდნენ, 41-ე ბატალიონი აღარ არსებობს ფიზიკურად, მათ გამოსვლის ბრძანება არ მიუღიათ - კავშირი არ იყო. არტილერია დაგეხმარებოდა, თუ რომელიმე საარტილერიო დანაყოფის ოფიცრის ნომერი იცოდი, ამ ნომრებს კი მანქანებით სირბილით იგებდნენ, "ნავოდკებს" კი ვიღაც რიგითები”"ცოტა წინ და ცოტა მარჯვნივ, არა, არა, ცოტა მარცხნივ... შემეშალა"-ს მეთოდით გადასცემდნენ".
ქართველი ჯარისკაცის ნაამბობი

...2008 წლის 10 აგვისტოს, გამთენიისას, ფრონტის ხაზი აღარ არსებობდა. პრეზიდენტი იძულებული გახდა, ხელი მოაწერა კაბალურ ხელშეკრულებაზე ცეცხლის შეწყვეტისა და თავდაუსხმელობის შესახებ...
ნიკა რურუა: "თბილისში 10-ში დილით ჩამოვედით... ნინო კალანდაძე შინ მივიყვანე, ნამგზავრ-ნანერვიულები, წვერგაუპარსავი და მოუწესრიგებელი პირდაპირ უშიშროების საბჭოში მივედი, კახა ლომაიას ნახვა მინდა. მაინტერესებს, რა ხდება. ბედად, ლომაია იქ დამხვდა. გავიგე, რომ რუსეთი უკვე აშკარად არის ჩარეული ამ ამბავში და საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო ნაწილებით შემოჭრილა. მე რომ თბილისში ჩამოვედი, იმ დღეს ჩვენები გორიდან გამოვიდნენ. სამწუხაროდ, შეტაკებების ადგილზე ყოფნა არ მომიწევს. ვიცი, როცა ჯარი იბრძვის და შენ პარლამენტის წევრი ხარ, უნდა იყო იქ, სადაც შენს ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდები, ამ შემთხვევაში დიპლომატიური ომის ველზე. უშიშროების საბჭოდან შინ დავბრუნდი მოსაწესრიგებლად. ამ დროს მობილურის ზარი გაისმა. ვინ ბრძანდებით?

ამერიკის საელჩოდან იყვნენ. მეუბნებიან, თქვენი შვილები ამერიკის მოქალაქეები არიან და თუ მოახერხებთ ორი საათის განმავლობაში მათ საელჩოში მოყვანას, სხვებთან ერთად თურქეთის სამხედრო ბაზაში გადავიყვანთო. იცით, ვის ელაპარაკებით, - ვუთხარი გულმოსულმა, - ჩემი შვილები რომ გავხიზნო, რა ქნან სხვებმა, რომლებიც ამას ვერ ახერხებენ? პარლამენტის წევრი ვარ და წარმოგიდგენიათ, რა რეაქცია ექნება ამ ამბის შემდეგ ხალხს? ბოდიშს მიხდიან - პროტოკოლურია, როცა ქვეყანაში სამხედრო ოპერაცია ხორციელდება, ჩვენს მოქალაქეებზე უნდა ვიზრუნოთო. ამით დიალოგი მთავრდება. მე კი ისევ ვფიქრობ, რომ კარგი იქნებოდა, ბრძოლის ველზე წავსულიყავი, როგორც ეს აფხაზეთში გავაკეთე, თუმცა მესმის, რომ ომში თვითშემოქმედება ცუდია, რომ დღეს თავდაცვა უფრო კომპლექსურია, ვიდრე თოფის ხელში აღება და სადმე გაქცევა.

დავიწყეთ შეხვედრები. დილიდან საღამომდე ვხვდები უამრავ უცხოელს, ჟურნალისტებს, ვუხსნი, რომ კრეტინობაა საკუთარ მიწა-წყალზე ომის დაწყება, რომ საქართველო ომს არ აპირებდა, ზოგს პირად საუბრებში, ზოგს ინტერვიუში, ზოგს სატელევიზიო ჩართვებში... დღეები საშინლად იწელება... ვიცი, რომ თბილისის დაცვა მიმდინარეობს და სამხედროებს კონკრეტული გეგმაც ექნებათ.

ვიგებ ჭორებს, რომ პოლიტიკოსები სამხედრო ოპერაციის მართვაში მონაწილეობდნენ. თუ ეს მართალია, ძალიან ეშლება იმას, ვინც იქ თავით ეტენება და სამხედროებს საკუთარ აზრს თავზე ახვევს, როცა ომია და თავდაცვა მიდის, მაშინ სამხედროები არიან ბრძოლის ველზე სიტუაციის წარმმართველნი.

ქალაქი პანიკაშია, ხალხს ვერ გაამტყუნებ. როცა ვხვდები, რომ შეიძლება თბილისს შემოუტიონ, ვურეკავ თავდაცვის მინისტრის ერთ-ერთ მოადგილეს და ვეუბნები, - თუ საქმე იქამდე მივიდა, რომ ქალაქი დასაცავი გახდა, რა ვქნათ? მოგვეცით იარაღი პარლამენტის წევრებს მაინც-მეთქი. არა, უკანონობა იქნებაო. გავბრაზდი და გადავირიე, - რა დროს უკანონობაა ასეთ სიტუაციაში-მეთქი. მაინც ჯიუტად უარს მეუბნებიან, - უფლება არ გვაქვსო. მე ვხვდები, რომ სახელმწიფო არსებობს. მიშას ეხვეწებიან, ტონი ცოტა შეარბილეო, უარზეა. სხვანაირად არ შეიძლება, მაშინ აქ შემოვლენ და უნდა შევაკვდეთ კიდეცო"...

ვხედავ, ამ დღეებში ბევრი სისუსტე აღმოგვაჩნდა, ილუზიები დაიმსხვრა...
ნიკა რურუა, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, 2008 წელი
10 აგვისტოს საღამოს ხმა გავრცელდა, რომ მე-5 ბრიგადა უბრძოლველად ტოვებდა კოდორის ხეობას...

ნინო ბურჭულაძე
(გაგრძელება შემდეგ ნომერში)
patrioti
19 აგვისტო 2013 01:43
გიგიმ გამოსცა მონიტორიუმის ბრზანება იქნებ კიტხოტ მაგ ახვარს და იმოფიცრებს ვინც იქ მიგვატოვა.
შემეცოდა ნიკუშა
16 აგვისტო 2013 12:11
საწყალი რურუა! იარაღიც ვეღარ უშოვია ამ გაჭირვებულს, თორემ..
ჯავახელი
14 აგვისტო 2013 11:01
ისე კაი სტატიაა,
რუსების აზრები უფრო საინტერესოა ვიდრე ამ ყვერაძუების.
ყარყარაშვილის აზრიც გასათვალისწინებელი იქნება, ასევე ალადაშვილისაც და ზოგადად სამხედრო ექსპერტების.

რედაქტორის რჩევით