ნიღბიანი უცნობი, ანუ კიდევ რა საიდუმლოს მალავს ლაფანყური
26-08-2013
ნიღბიანი უცნობი, ანუ კიდევ რა საიდუმლოს მალავს ლაფანყური
სანდრო ამირიძე ექსკლუზიურად გვიმხელს

2013 წლის 28 აგვისტოს წელიწადი სრულდება ბოლო წლების ყველაზე იდუმალი და ბურუსით მოცული სამხედრო სპეცოპერაციიდან, რომელსაც ლოპოტის სპეცოპერაციის სახელით იცნობენ... ლაფანყურის მოვლენებზე ბევრი დაიწერა (მიმდინარეობს გამოძიებაც), მაგრამ დღემდე პასუხგაუცემელია კითხვა, რა მოხდა სინამდვილეში ლოპოტის ხეობაში. საქმეში ჩახედულთა აზრით, რაც დრო გადის, ლოპოტის საიდუმლო მით უფრო ბუნდოვანი ხდება. ჩვენ შევეცდებით მკითხველს ამ მოვლენების გაუხმაურებელ დეტალებზე ვუამბოთ.

ერთი ვერსიით, ამ ამბავს სათავე დაედო ბევრად ადრე, ჯერ კიდევ მარტში,
როდესაც ავსტრიაში მცხოვრებ ჩეჩნებს საქართველოდან აცნობეს, რომ ქართული მხარე მზად იყო, გარკვეული თანხის საფასურად მოხალისეები საბრძოლველად მოემზადებინა და შემდეგ მათი დაღესტანში გადაყვანაც უზრუნველეყოთ, ვინაიდან "ქართული დერეფანი" კავკასი
ის ემირატისთვის ცნობილია, მსურველთა ნაწილი მარტშივე ჩამოვიდა პანკისის ხეობაში, მათ შორის იყო 22 წლის ასლან მარგოშვილი (დუისში მცხოვრებ მშობლებს ის ფინეთში ეგონათ, ამიტომ მის გარდაცვალებას კარგა ხანს არ იჯერებდნენ) და 19 წლის სალამ ზაურბეკოვი. აგვისტოს ბოლოს პანკისის ხეობა საეჭვოდ გაივსო ევროპიდან ჩამოსული ახალგაზრდებით. რამდენიმემ მაშინვე თქვა, საქართველოს ტერიტორიაზე გია ლორთქიფანიძის დახმარებით შემოვედითო. პანკისში ცალხელა ჩეჩენი ახმედ ჩატაევი გამოჩნდა (დოკუ უმაროვის წარმომადგენელი). ყველა ეჭვობდა, რომ რაღაც ხდებოდა...

"ჯგუფში ისეთი ხალხი ყოფილა, ვისაც იარაღი ხელში არასოდეს სჭერია (მათ შორის ჩემს ასლანსაც), მათ რამდენიმე თვე ამზადებდნენ. მათ მომზადებაში სანდრო ამირიძეც მონაწილეობდა, ისევე, როგორც მათ ჩამოყვანაში. როგორც გადარჩენილები ჰყვებიან, თურმე მათ მთიან ადგილებში საბრძოლველად ამზადებდნენ, მკაცრად განსაზღვრული გრაფიკით ყოველდღე დავრბოდით ტყეში ზურგზე მოკიდებული 35-კილოგრამიანი ტვირთით, ვსწავლობდით ტყიან მასივებში ორიენტირებას, სროლითაც იქ ვისროდითო. თუმცა აგვისტოს ბოლოს სიტუაცია შეიცვალა და შსს-მ უარი უთხრა გადაყვანაზე, მიზეზი კი დაღესტანში შექმნილი სიტუაცია იყო (რუსეთი მოჯაჰედების გააქტიურების გამო ანტიკრიმინალურ ოპერაციას ატარებდა - ავტ.). ალბათ, მომზადებული ჯგუფის სხვა დანიშნულებით გამოყენება გადაწყვიტეს. მაშინ თელავში ბიძინა ივანიშვილის ჩამოსვლა და "ქართული ოცნების" მიტინგი იგეგმებოდა. ლაპარაკობდნენ, ამ მიტინგზე ჯგუფს რაღაც პროვოკაცია უნდა მოეწყოო...

თურმე ბოლო შეხვედრაზე ჯგუფმა განაცხადა, "ქართული საქმეები" არ გვაინტერესებს, პირობას შეასრულებთ თუ არაო. მერე გავიგეთ, რომ ჯგუფი 25 აგვისტოს ლაფანყურის ტყეში აღმოჩნდა. ის, რომ რუსებმა მათი გადაადგილების შესახებ იცოდნენ, სრული სიმართლეა, ჯგუფში იყო ერთი ლეკი ("რაბანი" - ავტ.), რომელმაც რუსებს აცნობა ჯგუფის მარშრუტის შესახებ, თავად კი იმ ღამესვე გაუჩინარდა (მხოლოდ მან მოახერხა საზღვრის გადალახვა სპეცოპერაციის შემდეგ)...

ლაფანყურის ტყეში ჯგუფმა სამი დღე დაჰყო. მესამე დღეს, ანუ 28 აგვისტოს, დილით, მათ სამი კაცი მიემატათ, მათ შორის ჩემი შვილიც, ანუ სულ 17-ნი იყვნენ. ასლანის გარდა, ჯგუფში კიდევ ერთი მარგოშვილი იყო".

თედო მარგოშვილი,
ასლან მარგოშვილის მამა

25 აგვისტოს ლოპოტის ხეობაში საქეიფოდ წასული 5 ახალგაზრდა გაუჩინარდა, მათი გათავისუფლება მხოლოდ 3 დღის შემდეგ შეძლეს... სწორედ მაშინ გაიგო სრულიად საქართველომ, რომ ლოპოტის ხეობაში კბილებამდე შეიარაღებული ჯგუფი გადაადგილდებოდა, რომელსაც გაუჩინარებული ბიჭები მძევლებად ჰყავდათ აყვანილი.

"2012 წლის 21-27 აგვისტომდე შვებულებაში დუშეთში ვიყავი (ლაფანყურელი ბიჭების დაკარგვის ამბავი იქ გავიგე). 28 აგვისტოს, დილით, პანკისში მივდიოდი. გზაში სამსახურიდან დამიკავშირდნენ, - თელავში სამხარეო პოლიციის სამმართველოში გამოცხადდიო. თელავში არავინ დამხვდა, მორიგემ მითხრა, - ლაფანყურში წადი, ყველანი იქ არიანო. სოფელში ვნახე გია ლორთქიფანიძე (შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე) და ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენლები. შეშფოთებულები ჩანდნენ. ლორთქიფანიძისგან გავიგე, რომ მძევლები უკვე გათავისუფლებული იყვნენ. ბიჭები ამბობენ, ორი ქართულად ლაპარაკობსო, მესამე? - ვკითხე. რა სამი, ტყეში 17 შეიარაღებული კაციაო, - მომახალა გაგულისებულმა, შემდეგ მესაზღვრეების განყოფილებაში ავედით სოფლის ზემოთ.

ლაფანყურელი ბიჭები იქ ჰყავდათ, შეშინებულ-დაბნეულნი ჩანდნენ. ერთმანეთს ლაპარაკს არ აცლიდნენ. ჩვენც არ ვიცოდით, ეს შეიარაღებული ხალხი ვინ იყო, ან სად მიდიოდა. მძევლები ამბობდნენ, შეიარაღებულები კარგად გვექცეოდნენ და გვეუბნებოდნენ, რუსეთში საომრად მივდივართო. ცხადი გახდა, რომ შეიარაღებული ჯგუფი საქართველო-დაღესტნის საზღვრისკენ მიიწევდა. მესაზღვრეები შეფიქრიანებულები ჩანდნენ - აშკარად პროვოკაციას აქვს ადგილიო. ჯერ კიდევ სამი დღის წინ რუსებმა პოსტები იქ გახსნეს, სადაც არასოდეს ყოფილაო. სავარაუდოდ, მათ ჯგუფის გადაადგილებაზე ინფორმაცია აქვთ და ელოდებიანო. უფრო მეტის გასაგებად მძევლებს ვკითხე, - რა ეცვათ შეიარაღებულებს, იარაღის გარდა, რა ბარგი ჰქონდათ, რამხელა წვერი ჰქონდათ-მეთქი. ერთნაირი ფორმა არ აცვიათ, თითოს ალბათ 40 კგ ბარგი მაინც ჰკიდიაო. სიტუაციის გასარკვევად ტყეში ასვლა გადავწყვიტე, ლორთქიფანიძემ თავიდან მითხრა, - გიჟი ხომ არ ხარ, სად მიდიხარ, არ ვიცით, ისინი ვინ არიანო, მაგრამ დრო აღარ ითმენდა, რადგან შეიძლება ჯგუფი უკვე საზღვრებს მიახლოებოდა. ამბობდნენ, ვინიცობაა, თუ ჯგუფში ქისტები აღმოჩნდებიან, რუსეთი პანკისს დაბომბავსო.

ბოლოს, ტყეში ასვლაზე დამთანხმდნენ. მძევლებს გამოვკითხე, - სად მოხდა მათი ჩანაცვლება და რა დრო იყო გასული, ანუ დავეწეოდი ჯგუფს საზღვრამდე, თუ ვერა... წავედი, თან მხოლოდ რაცია წავიღე. მარმარილოს კარიერამდე მანქანით მივედი. იქ მესაზღვრეები ვნახე. ამიხსნეს ჯგუფის სავარაუდო მარშრუტი (ხეობაში სულ ერთი ბილიკია). დაახლოებით ორ კილომეტრში შეიარაღებულ ჯგუფს გადავაწყდი. ისვენებდნენ. ასე ახლოს არც მეგონნენ. რომ დამინახეს, გაოცდნენ. ზოგი ნაცნობი იყო. მძევლად აყვანილი მესაზღვრეც იქ ჰყავდათ...

შეიარაღებულებს ვუთხარი, - მესაზღვრე გაუშვით და მის მაგივრად მე დავრჩები-მეთქი. მესაზღვრემ იუარა, მაგრამ დავიყოლიე. შეიარაღებულ ჯგუფთან 6 საათი დავყავი. ერთადერთი, იარაღის დაყრას და ჩაბარებას ვთხოვდი. ჯგუფი შეკრული არ იყო, არც ლიდერი ჰყავდათ, რამდენჯერმე წაკამათდნენ კიდეც. კარგად იყვნენ შეიარაღებულები. ამასობაში ჩამოღამდა. ჯგუფში ერთი ნიღბიანი კაცი შევნიშნე. აშკარად თავს მალავდა. ვიფიქრე, ჩვენებური მეგზური ხომ არაა-მეთქი, მაგრამ ქართველი არ იყო, გამართული ჩეჩნურით საუბრობდა, მუსლიმანური წესით ილოცა კიდეც... ნიღაბში ნაკვთები არ ეტყობოდა, საჭმლის ჭამაც უჭირდა. აქტიურობით არ გამოირჩეოდა, მოლაპარაკებებში არ მონაწილეობდა (შემდეგ გარდაცვლილებში არ ამომიცნია, სავარაუდოდ, ის გადარჩა). როდესაც ჩემი ასვლიდან ორიოდ საათში ცაზე შვეულმფრენები გამოჩნდა (თავს დაგვტრიალებდნენ), ჯგუფის წევრები უფრო გაღიზიანდნენ, - საქართველოში არაფერს ვაშავებთ, საზღვარზე გადაგვიშვით და ჩვენს გზას ვიპოვითო. მძევლები რომ აიყვანეთ და ტყეში ამხელა შეიარაღებით დადიხართ, დანაშაული არ არის-მეთქი? - ვერ მოვითმინე. საქმე რამდენჯერმე ჩხუბამდე მივიდა. ჩემი იქ ყოფნის შედეგი ის იყო, რომ ჯგუფმა გადაადგილება შეწყვიტა. რაციით ხელმძღვანელობას შექმნილი მდგომარეობის თაობაზე მოვახსენე. მითხრეს, ამოვალთო. უკვე ღამე იყო, როდესაც გუშაგმა მანიშნა, ვიღაცები მოდიანო. ზელიმხან ხანგოშვილი (ადგილობრივი ავტორიტეტი), ზურა მაისურაძე (ანტიტერორისტული ცენტრის უფროსი) და ახმედ ჩატაევი”იყვნენ...

სანდრო ამირიძე, ანტიტერორისტული ცენტრის სამმართველოს უფროსი

ხელისუფლებამ გაიგო, ჯგუფში ჩეჩნები არიანო და მოლაპარაკებებში ჩეჩნების ჩართვა განიზრახა. ასეთი კი იმ დროს თბილისში მყოფი ახმედ ჩატაევი აღმოჩნდა. ის მოლაპარაკებებში ჩართვას დათანხმდა.
"როდესაც შეიარაღებული ჯგუფის გუშაგმა ბილიკზე დაგვინახა, ჩვენკენ ამირიძე გამოუშვეს. უკან ერთი ჩეჩენი მოჰყვებოდა. რაღაცაზე საუბრობდნენ. ამირიძე გაბრაზებული ჩანდა. ამასობაში ორი შეიარაღებულიც გამოჩნდა. სანდრო მომიახლოვდა და მიჩურჩულა, - ერთი-ორი აქაურიაო. ღამე იყო. მე ჯგუფის მხოლოდ 5-6 წევრი ვნახე, მათგან ორი ვიცანი - სურხო დუდაევი და ინგუში ასლანი (ადუევი. - ავტ.), რომელიც, როგორც მივხვდი, ლიდერობას ჩემულობდა. მოგვიანებით კიდევ ერთი დავადგინე - აბუ ჰამზა (სამივე ლაფანყურის სპეცოპერაციას ცოცხლები გადაურჩნენ. - ავტ.).

ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, მოლაპარაკებაზე მხოლოდ 20 წუთი უნდა დაგვეყო. საუბარი 40 წუთზე მეტხანს გაგრძელდა. მახსოვს, ამირიძემ ვეღარ მოითმინა, - ან "ჰო" თქვით, ან "არაო", ამის თქმაზე ერთმა კონდახი მოუქნია. მაისურაძე დროდადრო ატყობინებდა ხელმძღვანელობას შექმნილ მდგომარეობას, ისინი გვაჩქარებდნენ, ალბათ ფიქრობდნენ, თუ ღამით შეიარაღებულ ჯგუფს ტყეში დიდხანს გავაჩერებთ, საზღვრისკენ გაპარვას მოახერხებენო. ჯგუფის წევრებს ვუხსნიდით, საზღვრის გადალახვის შემთხვევაში რუსები თვალის დაუხამხამებლად დაგხოცავენ და საქართველოს ტერიტორიასაც დაბომბავენო. ზოგი გვეთანხმებოდა, ზოგი არა. აბუ ჰამზა ჯიუტად ამტკიცებდა, იარაღი რომ ჩავაბაროთ, ესენი რუსებს გადაგვცემენო. ბოლოს, ზურა მაისურაძემ მითხრა, მეტ დროს აღარ გვაძლევენო. ძალიან დავიძაბეთ. ჩატაევს გადავხედე, - ახლა რა ვქნათ-მეთქი. ყველაფერს წუთები წყვეტდა. ახმედმა - იქნებ თქვენმა ხელმძღვანელობამ დრო მოგცეს, რომ ეს ბიჭები სადმე სოფელში გავიყვანო და დავაწყნაროო - საუბარი იყო ერთ კვირაზე.

ამხელა დროს არავინ მოგვცემს-მეთქი. იქნებ სამი დღე მაინც მომცენო. ჩვენი საუბარი შეიარაღებულებსაც ესმოდათ, მაგრამ ხმას არ იღებდნენ. ჩატაევს ვუთხარი, იქნებ ხელმძღვანელობა დავითანხმოთ-მეთქი. ის იყო, წამოსვლა დავაპირეთ, რომ ჯგუფის ერთმა წევრმა დამიძახა ჩეჩნურად, - ამირიძეს და მაისურაძეს აქ დავიტოვებთ და თუ მოგვატყუეს, ამათ დავაჭრით თავებსო. ჯგუფის წევრებმა რამდენჯერმე იარაღი გადატენეს. მე რომ ხმას ავუწიე, მაისურაძე მიხვდა, რომ სიტუაცია უკონტროლო ხდებოდა. ბოლოს, ყველა გამოგვიშვეს და ორიც თავისიანი გამოგვაყოლეს. ქართველ მესაზღვრეებს რომ მივუახლოვდით, სანდრო ამირიძე და ზურა მაისურაძე მათთან გავუშვი დასარეკად. მათ რომ შეაგვიანდათ, ჩვენი გამყოლი ორი ჩეჩენი აშკარად ანერვიულდა. ჩატაევს ვუთხარი, - გავიგოთ, რა ხდება-მეთქი. მან გამოყოლა დააპირა, მაგრამ ჩეჩნებმა არ გამოუშვეს. წავედი ამბის გასაგებად. გზაში ორი აჩრდილი დავინახე. ამირიძე და მაისურაძე მეგონა. ქართველი სპეცრაზმელები აღმოჩნდნენ. მითხრეს, თქვენებს ხელმძღვანელობამ უარი უთხრაო. საგუშაგოს უკან რომ გადაგვიყვანეს, დავინახე - სამასი კაცი იდგა. ყველაფერს მივხვდი. ერთი ის ვუთხარი, რომ სამოქალაქოფორმიანი ცალხელა ჩვენიანია, არაფერი დაუშავოთ-მეთქი. ოპერაციის დაწყებას არც ვაპირებთ, ახლოს მივალთ და კიდევ ერთხელ შევთავაზებთ იარაღის დაყრასო. დაახლოებით ნახევარ საათში პირველი გასროლის ხმაც გავიგე. მერე იქ ვინღა გამაჩერებდა...
ზელიმხან ხანგოშვილი

სპეცოპერაციის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გარდაცვლილთა სურათები გაავრცელა და თქვა, რომ დაღესტნელ მებრძოლთა რაზმი წარმატებით გავანადგურეთო. მსხვერპლი იყო სამთავრობო ნაწილებშიც - დაიღუპა სამი ქართველი სამხედრო: ჩოხელი, ხვედელიძე და წიკლაური. ხელისუფლება ორი დღე უმალავდა მოსახლეობას, რომ ლოპოტის ხეობაში დახოცილთა შორის საქართველოს მოქალაქე ქისტებიც იყვნენ. როდესაც ეს მედიისთვის გახდა ცნობილი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცხედრების გადაცემაზე ჭირისუფლებს უარი უთხრა, მეტიც, პანკისის ხეობაში პანაშვიდებიც კი აკრძალეს, ბოლოს, გარდაცვლილები ოჯახებს ჩუმად, მუსლიმანური წესის შეუსრულებლად დაამარხვინეს.

ბოლო ვერსიით, ლოპოტის ხეობაში გარდაცვლილები თავისივე ჯგუფის წევრებმა შეუთანხმებლობის გამო დახოცეს, ამიტომ ჭირისუფლებმა გამოძიებას ექსპერტიზის ჩატარების ნებართვა მისცეს და დუისში საფლავები კვლავ გაითხარა. როგორც თედო მარგოშვილი აცხადებს, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ექსპერტიზის პასუხები არც ჭირისუფლებმა იციან, თუმცა ობიექტური გამოძიების იმედი აქვთ. იმედი აქვს სანდრო ამირიძესაც: - "ბრალდებები, თითქოს ჯგუფი მე მოვამზადე, მე გადავიყვანე ლოპოტაში და ბოლოს მევე დავხოცე ისინი, აბსურდია. გამოძიებას მე მივაწოდე ყველა ინფორმაცია, რომელსაც მხოლოდ მე ვფლობდი. ველოდები მის დასრულებას და ვფიქრობ, ბოლოს და ბოლოს, სიმართლეს ფარდა აეხდება"...

დუმილს ამჯობინებენ ლაფანყურშიც - იქაურებს იმ დღეების გახსენებაც არ უნდათ. გამოძიების დასრულებას ელოდებიან შურისძიების მომლოდინე ჩეჩნებიც...
rezo
09 სექტემბერი 2013 20:45
ოპოზოციამ ეს ამბავი ხელზე დაიხვია და სათავისოდ იყენებს.იმდენი ხალხია გარეული ამ საქმეში როგორ არავინ არ გამოდის და არ ამბობს რა მოხდა?ის მეზაღვრე მაინც სად არის მძევლად რომ ყავდათ?არაფერი ბურუსით მოცული არაა ეს საქმე,უბრალოდ სადაც საჭიროა იქ იციან რაც მოხდა და არაა აუცილებელი მთელმა ქვეყანამ გაიგოს რეალური ისტორია.რომ აწყობდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს აქამდე 5 ჯერ გამოიძიბდა ამ საქმეს.
123
09 სექტემბერი 2013 15:13
გია ლორთქიფანიძეს დღეში ყოფნას მტერსაც არ ვუსურვებ. ალბათ არ იცის ჩეჩნების ფიცი თუ დაიფიცეს მაინც შეუსრულებენ.
თბილისელი
26 აგვისტო 2013 16:23
სანდრო ამირიძე რომ ამბობს:
///სიტუაციის გასარკვევად ტყეში ასვლა გადავწყვიტე, ლორთქიფანიძემ თავიდან მითხრა, - გიჟი ხომ არ ხარ, სად მიდიხარ, არ ვიცით, ისინი ვინ არიანო, მაგრამ დრო აღარ ითმენდა, რადგან შეიძლება ჯგუფი უკვე საზღვრებს მიახლოებოდა. ამბობდნენ, ვინიცობაა, თუ ჯგუფში ქისტები აღმოჩნდებიან, რუსეთი პანკისს დაბომბავსო. ///

თუ იმ ჯგუფის წევრები საქართველოში გია ლორთქიფანიძის დახმარებით შემოვიდნენ; თუ მათ მომზადებაში ამირიძე მონაწილეობდა, სრული აბსურდი გამოდის - როგორ შეიძლება, ამირიძესა და ლორთქიფანიძეს არ სცდონოდათ, რა ჯგუფი იყო, ვინ იყვნენ და საიდან მოვიდნენ?
ან ამირიძე-ლორთქიფანიძე იტყუებიან მწარედ (რაც გასაკვირი არ იქნებოდა), ანდა ის ვერსია, რომ შსს-მ მოამზადა და დაგეშა ეს ჯგუფი, არის ტყუილი. ორში ერთია, ორივე სიმართლე ვერ იქნება.

///ბოლო ვერსიით, ლოპოტის ხეობაში გარდაცვლილები თავისივე ჯგუფის წევრებმა შეუთანხმებლობის გამო დახოცეს, ამიტომ ჭირისუფლებმა გამოძიებას ექსპერტიზის ჩატარების ნებართვა მისცეს.///
მაშ ეს ბოლო ვერსიაა, არა? ნეტავ ვინ გვატყუებს. ეს ბოლო კი არა, სრულიად ახალი ვერსიაა და ვინც მას საქართველოს უმალავდა, სარზე არის გასასმელი.

რედაქტორის რჩევით