სირიაში "არაბული შემოდგომა" იწყება?!
02-09-2013
სირიაში "არაბული შემოდგომა" იწყება?!
"მალე მსოფლიოში უძველესი სწავლება გამოჩნდება. მეკითხებიან, მალე მოვა ეს დროო? არა, ჯერ არა. ჯერ სირია არ დაცემულა. სირია დაეცემა გამარჯვებულის ფერხთით,  გამარჯვებული  კი სულ სხვა იქნება".

ვანგა, 1996 წლის 7 აგვისტო (გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე)

"დღეს სირიაა, ხვალ რუსეთი. მალე შენს სასახლეში ვილოცებთ, პუტინო!"
ალეპოს კედლებზე სისხლით მინაწერი

"სირიელ ხალხს გამარჯვების გარდა, სხვა არჩევანი არა აქვს. ჩვენ მზად ვ
ართ, გავმართოთ დიალოგი ნებისმიერ მხარესთან, ვისაც სირია უყვარს, ვისაც თავისი სამშობლო ფულზე არ გაუყიდია".

ბაშარ ალ ასადი, სირიის პრეზიდენტი, 2013 წლის 14 აპრილი

"თავდაცვის მდივანი, რომელიც ამერიკას შესთავაზებს, დაიწყოს ომი, სადაც უნდა იყოს, დაუყოვნებლივ უნდა აჩვენოთ კარგ ფსიქიატრს".
რობერტ გეიტსი, აშშ ყოფილი თავდაცვის მდივანი, 2013 წ.

"ძალიან მინდა, ისინი თავს დაგვესხან, იმიტომ, რომ მინდა დიდი შეცდომა დაუშვან,
დაიწყონ ის, რისი დამთავრების შედეგი არ ეცოდინებათ. მათ შეიძლება კარგი არმია ჰყავთ, საუკეთესო თვითმფრინავები, ტანკები და გემები, მაგრამ ჯარისკაცები? არავის ჰყავს ისეთი მამაცი ჯარისკაცები, როგორიც ჩვენ, სირიელებს. გთხოვთ დაგვესხით თავს, რათა წააგოთ"...


11 წლის ჰაფეზ ასადის (ერთი ვერსიით, ბაშარ ასადის ვაჟი) სოციალურ ქსელებში გაკეთებულმა ამ განცხადებამ მსოფლიოს მედია მოიარა... უკვე რამდენიმე დღეა, მსოფლიო სირიაში ახალი ომის დაწყებას ელოდება. აშშ და მისი მოკავშირე რამდენიმე ქვეყანა აქტიურად განიხილავენ ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიშის შესაძლებლობას სირიის სამთავრობო ძალებზე, რათა ბოლო მოუღონ სირიაში სისხლიან ომს; თუმცა ბევრი ექსპერტი ფრთხილობს, - ეს არ იქნება დასასრული, არამედ იქნება დასაწყისი გაცილებით საშინელი მოვლენებისაო. სანამ “ძლიერნი ამა ქვეყნისა”სამხედრო ოპერაციის თარიღს აზუსტებენ, დამასკო (სირიის დედაქალაქი) თავდაცვისთვის ემზადება.

"მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში ნეიტრალური იყო მიმდინარე მოვლენების მიმართ, ახლა სამთავრობო ჯარებში ეწერება, საოცარი  პატრიოტული აღტყინება და მასთან ერთად დიდი შიშიც იგრძნობა დამასკოს ქუჩებში, ხშირად გაიგონებთ  სიმღერას, "სახალხო ომი", რომელსაც არაბულ ენაზე თითქმის ყველა მღერის. როდესაც ამ სიმღერას თავად მოვუსმინე, გაოგნებული დავრჩი, ეს ხომ ალექსანდროვის ცნობილი ჰიტია "წმიდათაწმიდა ომი", რომელმაც სტალინს ფაშისტებთან ომი მოაგებინა..."...

მაქს ფიცჯერალდ სკოტი, წითელი ჯვრის წარმომადგენელი, ავსტრალია

"არაბულმა გაზაფხულმა" სირიაში 2011 წლის გაზაფხულზე მიაღწია - მარტში  სოციალურ ქსელებში გავრცელებულ განცხადებას - შევიკრიბოთ და გავაპროტესტოთ ასადის რეჟიმი, მაშინ მხოლოდ 100 კაცი გამოეხმაურა, დროდადრო მცირერიცხოვანი ჯგუფები პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას, ხოლო მოგვიანებით - პრეზიდენტის გადაყენებას ითხოვდნენ.…დღეს სირიაში აღარავის ახსოვს, როდის გადაიზარდა მშვიდობიანი საპროტესტო აქციები შეიარაღებულ დაპირისპირებაში.
2011 წლის ბოლოდან სირიის ოპოზიციურ ძალებში დაქირავებული მებრძოლები გამოჩნდნენ. მათი პირველი სამიზნე ლიბანის მოსაზღვრე ქალაქი ჰომსი გახდა.

სირიის არაბულ რესპუბლიკას 300 000-კაციანი ჯარი ჰყავს, 20 მლრდ დოლარიანი ბიუჯეტით, Yთუმცა საზღვრები დაუცველი აქვს, სწორედ ამის გამო  4 000-მდე მეომარმა ქალაქში თავისუფლად შეაღწია.
სირიის მრავალრიცხოვანი არმია უუნარო აღმოჩნდა შიდა კონფლიქტების მოგვარებაში (სირიას შინაგანი ჯარი არ ჰყავს); როდესაც ქალაქ ჰომსში სამთავრობო ჯარი შევიდა, მათ უნებურად გაანადგურეს მთელი ქალაქის ინფრასტრუქტურა და საცხოვრებლად სრულიად უვარგისი გახადეს (ამბოხებულები ხშირად დასცინიან სამხედროებს, - სირიის არმია ჩვენს გასაკეთებელს აკეთებსო).

რამდენიმე თვის შემდეგ, 17 ივლისს, შეიარაღებულმა ოპოზიციამ დამასკოში წამოიწყო სამხედრო ოპერაცია "ვულკანი დამასკოში", რომელშიც 5 000 მებრძოლი მონაწილეობდა. დამასკოს გარეუბნებში სისხლისმღვრელი ბრძოლები გაჩაღდა.

19 ივლისს ტერორისტული აქტის შედეგად მოკლეს სირიის თავდაცვის მინისტრი, მისი მოადგილე, გენერალური შტაბის უფროსი, სირიის საერთო დაზვერვის საგამოძიებო აპარატის უფროსი, მოგვიანებით ჭრილობებისგან გარდაიცვალა სირიის შინაგან საქმეთა მინისტრი გენერალ-მაიორი მუჰამედ აშ შაარიც... მეორე დღეს მეომრებმა გაიტაცეს სირიის ტელევიზიის ხელმძღვანელი მუჰამედ საადი, გაითიშა ინტერნეტი და სატელეფონო ქსელები... 

სამთავრობო ძალებმა შეძლეს დარტყმების მოგერიება და უკვე 24 ივლისს ცხადი გახდა, რომ”"ვულკანი დამასკოში"  ჩავარდა. ამბოხებულებმა განაცხადეს, რომ ისინი პარტიზანულ ომზე გადადიოდნენ...  
2012 წლის ბოლოსთვის სირიაში, ამბოხებულების მხარეზე ("სირიის თავისუფალი არმია") 40 000 დაქირავებული მეომარი იბრძოდა (ზოგადად ამბოხებულთა შორის საკუთრივ სირიელები მხოლოდ რამდენიმე პროცენტია, - წერს ბრიტანული "გარდიანი")...

მალე სირიაში საომარმა მოქმედებებმა რელიგიური ხასიათი მიიღო, ვაჰაბიტებმა, რომლებიც ხელისუფლებაში ფესვგადგმულ ალავიტ სექტანტებს (ასადი მათი წარმომადგენელია) ერეტიკოსებად თვლიან, სირიის ხელისუფლებას ჯიჰადი გამოუცხადეს და ერთმორწმუნეებს სირიაში საომრად მოუწოდეს, თუმცა მათ "მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის" გარდა, სხვა მიზანიც აქვთ...

"რამდენიმე თვეა ამბოხებულების საველე ჰოსპიტალში ქირურგად ვმუშაობ. ჩემი პაციენტების უმრავლესობა დაქირავებული მებრძოლები არიან. ისინი დაუფარავად აცხადებენ, რომ ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ ხელისუფლებაში მოვლენ(?!), ისლამურ სახელმწიფოს შექმნიან შარიათის კანონებით. მე ფანატიკურად განწყობილი ბევრი ფრანგი ახალგაზრდა ვნახე, აგრეთვე ავღანელები, ალჟირელები, პაკისტანელები, ჩეჩნები."
ჟაკ ბერვში, ორგანიზაცია "ექიმები საზღვრების გარეშე"-ს ერთ-ერთი დამაარსებელი

როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, სირიაში ყველაზე მძიმე დღეში მშვიდობიანი მოსახლეობაა, მათ ხოცავენ, როგორც სამთავრობო ჯარები, ისე ჯიჰადისტები. დამასკოს შემოგარენის აღების შემდეგ სამთავრობო ჯარებმა მასობრივი სასაკლაო აღმოაჩინეს - რამდენიმე ათეული დახოცილი ორმოში ჩაეყარათ და სამშენებლო მასალით დაეფარათ.
ყველა მშვიდობიანი მოქალაქე აღმოჩნდა...

"ჩემი სახლის აივნიდან ვუყურებდი, როგორ ხვრეტდნენ ხალხს "ალაჰ აკბარის" (უფალი მოწყალეა) შეძახილით და ორმოში ისროდნენ. ბოლოს, შემამჩნიეს, მომცვივდნენ, თავზე ტომარა ჩამომაცვეს. ჩემი მოკვლაც უნდოდათ, მაგრამ როცა გაიგეს, რომ პატარა კაცი ვიყავი - წერა-კითხვაც არ ვიცი, გამომიშვეს. სკოლის მასწავლებელი აიყვანეს მძევლად და მისიანებს მოსთხოვეს, ან 10 კალაშნიკოვის ავტომატი მოგვიტანეთ, ან ფულიო. იმ საცოდავებმა ავტომატები  ვერ იშოვეს და დაქირავებულებმა მასწავლებელი სახალხოდ დახვრიტეს.
თვითმხილველის ნაამბობიდან

2013 წლის 2 ივლისს ჩეჩენმა და დაღესტნელმა მეომრებმა გაძარცვეს და გადაწვეს კათოლიკური ეკლესია, შემდეგ საჯაროდ სიკვდილით დასაჯეს ეკლესიის მოძღვარი და ერთი ბერი (არმიასთან კავშირი დასდეს ბრალად). მათ ვიდეოკამერების წინ ბლაგვი დანით დააჭრეს თავები. არც ერთ ქრისტიანს ამ დროს არც კი დაუკვნესია.

ვატიკანმა ამოიცნო მოძღვარი - ის ფრანცისკანელი მამა ფრანსუა მიურადი გახლდათ, სოფელ ჰასანუხის მამათა მონასტრიდან. ცნობილია, რომ ჯიჰადისტები სირიაში ქრისტიანებს თავის ბლაგვი დანით მოჭრით სჯიან და ამას აუცილებლად ვიდეოკამერების წინ აკეთებენ. დაქირავებული მოჯაჰედები თავიანთ სისასტიკეს სირიის არმიაზე შურისძიებით ამართლებენ და ჯიუტად აცხადებენ, რომ ხოცავენ მხოლოდ სამთავრობო ჯარებთან შეკრულ მოსახლეობას.  

ბოლო დროს ჯიჰადისტები სირიაში ე.წ. სნაიპერულ ომზე გადავიდნენ...”  

ამბოხებულთა ერთგვარ ტაქტიკად იქცა ასევე მიწისქვეშა გათხრები. თხრიან მრავალსართულიანი სახლების, საავადმყოფოების და სკოლების ქვეშ. შიგ აწყობენ ასაფეთქებელ ხელნაკეთ ნივთიერებებს, რომელთა სიმძლავრე ხშირად 1000 კგ ტროტილის მოქმედების ტოლია...
"თხუნელების" ერთადერთი მიზანი მშვიდობიანი მოსახლეობის დაშინებაა, რათა მათ არმიასთან თანამშრომლობის სურვილი დაეკარგოთ...

დღეისთვის სირიის თავისუფალ არმიაში (ამბოხებულებში) სხვადასხვა დაჯგუფებაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, დაახლოებით 50 000 მეომარი იბრძვის. 2011-2013 წლებში სირიაში საომარი მოქმედებების დროს დაიღუპა 100 000 კაცი, მათ შორის 7 000 ბავშვი...
დღეს დამასკოში დაღუპული შვილების ადგილს მამები იკავებენ... დაღუპული მამების და ძმების იარაღს კი მათი უმცროსი თაობა იღებს.
"დედა ღია ფერის სამოსში იყო გამოწყობილი, იდგა მშვიდად და უტეხად შვილის საწოლთან, მისი ქმარი 4 თვეა დედაქალაქს იცავს...

"ჩემი უფროსი შვილი სირიისთვის დაიღუპა, მერე მისი იარაღი ქერიმს (დაჭრილს) ეკავა. მე არ ვიცი, საღამოს შვილი ცოცხალი მეყოლება თუ არა, მაგრამ მესამე შვილი რომ მყავდეს, იმასაც სირიის გამარჯვებისთვის გავიმეტებდი", - თქვა დედამ. მის თვალზე სიამაყისგან შეჩერებული ცრემლი შევამჩნიე"...
რიტა ავაში, მოხალისე ექიმი ინდოეთიდან

25 აგვისტოს სირიის ქალაქ გუტაში ბრძოლებისას ქიმიური იარაღი გამოიყენეს. გაეროს საგანგებო კომისია არკვევს, რომელმა მხარემ გამოიყენა ეს საშინელი იარაღი, რომელსაც 1 500-მდე კაცის სიცოცხლე შეეწირა.

სწორედ ეს გახდა ე.წ. წითელი ხაზი, რის შემდეგაც მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანამ სირიის კონფლიქტში სამხედრო ჩარევა გადაწყვიტა.
tamaz
13 სექტემბერი 2013 14:24
სტატია რომ რუსული სურნელითაა გაჟღენთილი, აშკარაა, მაგრამ ამბოხებულები რომ უფრთო ანგელოზები არ არიან, ეგეც ცხადია. არ თქვას ახლა ვინმემ, ამბოხებულებში 1%-ს მაინც აწუხებდა ასადის დიქტატორობა და სირიის ნათელი მომავლისა და დემოკრატიისთვის იბრძვის. ბოლშევიკების და მენშევიკების არ იყოს, ურმის თვალი რომ ფუნას შუაზე გაყოფს, ასეა მაგათი საქმეც :)
Jondi
11 სექტემბერი 2013 13:18
რათქმა უნდა კრიტიკული პოსტები არ გამომიქვეყნეთ :) რო გკითხონ ობიექტურები ხართ.

ნინო გეკითხები, ამ პროპაგანდაში რუსეთისგან ფული აიღე თუ უბრალოდ რუსულის მეტი სხვა ენა არ იცი და რაც წაიკითხე ის გადმოწერე? თუ ეს გაზეთი რამე უფრო გლობალურს ემსახურება, საქართველოს სსრკ-ში დაბრუნებას?

რომ იცოდე ცივილიზებულ სამყაროში ამას ქურდობა ქვია.
laduna
08 სექტემბერი 2013 13:19
წავიკითხე სტატია კომენტარებსაც გადავხედე... იცით რა მაინტერესებს ბევრი წერს კომენტარებში რო სტატია რუსულის "რემეიქია" და ნაკარნახევია რუსული სპეცსამსახურების მიერ. მაინტერესებს თქვენი აზრი ამერიკის სპეცსამსახურების მიზნებს არ პასუხობს??? ჩემი აზრია და ბევრიც დამეთანხმება რომ ამერიკა "სტანდარტულ" ხერხებს და მიზეზებს არ იყენებს ომის დასაწყებად... რატო გგონიათ რომ ამერიკის ნაბიჯები დემოკრატიის სტანდარტია???

რედაქტორის რჩევით