ფარმაგედონი 2013 ანუ სააფთიაქო ნარკომანია - კვირის პალიტრა

ფარმაგედონი 2013 ანუ სააფთიაქო ნარკომანია

"მისი ცხედარი მთელი ღამის განმავლობაში სარდაფში ესვენა, ვინაიდან ნარკოტიკებით ზედოზირების ფაქტის დროს გამოძახებულ სასწრაფოს პოლიციაც უკან მოჰყვება ხოლმე; ამიტომ ხშირად ნარკოტიკების მომხმარებლები მსგავს შემთხვევაში სასწრაფოს არ იძახებენ, მეტიც, "მეგობარს"უპატრონოდ ტოვებენ და მიდიან. ეტყობა, მომღერალიც ასე გაწირეს..."

"საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს ბატონ ალექსანდრე კვიტაშვილს

გამწარებული დედა ვარ. ვუყურებ, როგორ მიკვდება შვილი ნელ-ნელა, მაგრამ ვერაფერს ვშველი. უმორჩილესად გთხოვთ, ნუ მისცემენ ჩემს ბიჭს წამალს აფთიაქში".

35 წლის დათო ცინდელიანის დედის ამ უჩვეულო განცხადებაზე ჯანდაცვის სამინისტროში როგორც ჩანს, ბევრი არ უფიქრიათ. ცხადია, წერილიც რეაგირების გარეშე დარჩა...

ერთი კვირის შემდეგ დათო ცინდელიანი კოაქსილის მორიგი დოზის მიღებისას ტვინის შეშუპებით გარდაიცვალა...

მას შემდეგ 3 წელი გავიდა, მაგრამ სიტუაცია არ შეცვლილა. ახალგაზრდებს ახლა "კრაკადილი"და "ბიო"უღებს ბოლოს.

"სამი დღეა, ჩემი შვილი გამორთულ ტელევიზორს უყურებს. არ ვიცი, რა წყალში ჩავვარდე, ის ხომ ჯერ 16 წლისაა."

"არ ვიცი, რა გაიკეთა ან რა დალია, მაგრამ ანგელოზივით ბავშვი ავტოფარეხებზე პეპლის საჭერი ბადით დარბის და "პეპლები, პეპლებიო", - გაიძახის. იქნებ გვიშველოთ რამე, თორემ დამექცა ოჯახი"...

"ორჯერ ვუმკურნალეთ, უამრავი ფული ჩავყარეთ, გაგვიმართლა. რადგან 28 წლის კაცი სიტყვა "დედას"უკვე გამართულად ამბობს, მაგრამ უკვე მეორე კვირაა, ისევ ღია კარის გაღებას ცდილობს"..."

მსგავსი სატელეფონო ზარები დღეში რამდენჯერმე გაისმის ნარკოლოგიურ კლინიკებში... ექსპერტები შექმნილ მდგომარეობას უიმედოს უწოდებენ და სინათლეს გვირაბის ბოლოს ვერც უახლოეს მომავალში ხედავენ.

2007 წლიდან საქართველოს ნარკობაზარზე იკლო ტრადიციულმა ნარკოტიკებმა (ჰეროინი, სუბოტექსი, იშვიათად - მეტადონი), რამაც ისინი ფართო მომხმარებლისთვის ფაქტობრივად მიუწვდომელი გახადა, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გორსა და გორის რაიონში საგრძნობლად მოიმატა ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვმა. დაიწყეს კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკის"- "ჯეფისა"და "ვინტის"გამოყენება, რომელთა ინგრედიენტები სააფთიაქო ქსელში ლეგალურად ხშირად ურეცეპტოდ იყიდებოდა. ამის გამო "წამალი"იმდენად იაფი იყო, რომ უამრავი ალკოჰოლიკისთვის ის უფრო ეკონომიური აღმოჩნდა, ვიდრე სპირტიანი სასმელი, შედეგად, მალე ნარკოტიკების მომხმარებელთა არმიას ალკოჰოლიკებიც შეემატნენ. როგორც ამბობენ, "სააფთიაქო ნარკომანიის"პირველი ნიშნები სწორედ გორსა და მის შემოგარენში გამოჩნდა, 2009 წლიდან ნარკობაზრიდან საერთოდ გაქრა ნარკოტიკები და საქართველოში მისი შემოღწევა თითქმის შეუძლებელი გახდა. ხელისუფლება ფიქრობდა, რომ ამგვარი ნაბიჯი საკმარისი იქნებოდა საქართველოში ნარკომანიის პრობლების დასამარცხებლად. სამწუხაროდ, ნარკოტიკების გაქრობამ არათუ შეამცირა ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვი, არამედ ერთგვარად გაზარდა\ კიდეც""სააფთიაქო ნარკომანიის"ხარჯზე.

ფარმაცევტულმა კომპანიებმა, რომლებიც დროულად მიხვდნენ, მათთვის რა მოგების მოტანა შეეძლო შექმნილ სიტუაციას, დაიწყეს ქსელში დიდი რაოდენობით ეფედრინის და კოდეინის შემცველი პრეპარატების შემოტანა, მიუხედავად იმისა, რომ ამ რიგის პრეპარატების გაყიდვა ურეცეპტოდ აკრძალულია.

თემური, თელავიდან:

- "კოაქსილზე მეც მაშინ შევჯექი, მთელი თელავი რომ მოიხმარდა. ბაზართან ერთი აფთიაქი იყო, პროვიზორი კი ნაცნობი. მეუბნებოდა, როგორც კი შემოვა (ხანდახან რიგებიც იყო და შეიძლება არც შეგხვედროდა), გადაგინახავ ხოლმეო. ძალიან კარგად იცოდნენ, ვის რისთვის უნდოდა ეს წამალი. საღამოს, აფთიაქს რომ დაკეტავდა, კოაქსილი შინ მიჰქონდა და იქიდან ყიდდა. ღამით, ნებისმიერ დროს შეგეძლო მისვლა და ყიდვა, შპრიციც თან მოჰყვებოდა"...

მალე აფთიაქებზე გაჩნდა აბრა - "ფსიქოტროპული", რაც ერთგვარად იმის ნიშანი იყო, რომ სურვილის შემთხვევაში აქ შეგეძლო "წამლის"ყიდვა (არადა, წესით, აფთიაქებზე მსგავსი აბრების გამოკვრა აკრძალულია). ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები დროდადრო რეიდებს აწყობდნენ მკვლელი აფთიაქების დასასჯელად, თუმცა "აბების" ბიზნესი იმდენად სარფიანი იყო, აფთიაქებს ყოვლისშემძლე მფარველებიც გამოუჩნდნენ. "კრიშიან"აფთიაქს კი ვერც ერთი სამსახური ვერ ეკარებოდა...

2011 წლის ბოლოს საქართველოში ახალი კუსტარული ნარკოტიკი "კრაკადილი", იგივე დეზომორფინი გამოჩნდა (კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკების რეცეპტები ძირითადად რუსეთიდან და უკრაინიდან შემოდის, ევროპის ქვეყნებში მსგავს ნარკოტიკებს არ იცნობენ). მის შესახებ საზოგადოებამ მაშინ გაიგო, როდესაც მედიამ გაავრცელა ინფორმაცია - საბურთალოზე, სასტუმრო "ხვამლში"გოგონა დაიღუპა ნარკოტიკის ზედოზირებისგანო. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს დეზომორფინი იყო. ვინაიდან მისი მოქმედება 10-ჯერ ძლიერია, ვიდრე მორფინისა, ის თვალის დახამხამებაში გახდა პოპულარული ნარკოტიკების მომხმარებლებში.

"კრაკადილის"პირველივე მოხმარება იწვევს მასზე "შეჯდომას", სტაბილური მოხმარებისას ალპობს ორგანიზმს და 7-8 თვის შემდეგ პაციენტი იღუპება.

ბევრი მოზარდისთვის სწორედ "კრაკადილი"გახდა"პირველი ნარკოტიკი. ექიმებმა და ექსპერტებმა დეზომორფინთან დაკავშირებით განგაში 2012 წლის გაზაფხულზე ატეხეს, თუმცა ამაოდ. რამდენიმე თვეში დეზომორფინის ზედოზირებით გარდაცვლილთა რაოდენობამ ასს გადააჭარბა (სამწუხაროდ, სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს, რადგან მიცვალებულებს, ჭირისუფლების თხოვნით, ექსპერტიზა არ უტარდებათ და გარდაცვალების მიზეზად სულ სხვა რამ იწერება (მაგალითად, გულის უკმარისობა და ა.შ).

"კრაკადილის""მეორე ტალღა 2013 წლის ზამთარში წამოვიდა, როდესაც ამნისტიით სასჯელაღსრულების ადგილები რამდენიმე ათასმა კაცმა დატოვა. ციხიდან გამოსული ბევრი ყოფილი ნარკომომხმარებელი რამდენიმე კვირაში ისევ "კრაკადილზე"შეჯდა.

ივნისში რუსთავი ტრაგედიამ შეძრა - ერთი კვირის განმავლობაში დეზომორფინით სამი ახალგაზრდა დაიღუპა. აღელვებული მოსახლეობა რამდენიმე აფთიაქის გადაწვას აპირებდა.…

ეთერ თვალმჭრელიძე, რუსთავის მკვიდრი:

- "ჯერ მეზობელ უბანში გარდაიცვალა ბიჭი "კრაკადილით", მერე ჩვენთან მოკვდა ჩემი მეზობლის, გიას მეგობარი. გია პანაშვიდებზე დარდით ხმას არ იღებდა. დასაფლავებიდან დაბრუნებულისთვის ეზოში ვიღაცას შეუთავაზებია, - ცოტა დარდი მოგეშვებაო. გია ნასვამი იყო, თორემ დარწმუნებული ვარ, უარს იტყოდა - ცხოვრებაში არაფერი გაუკეთებია... გაიკეთა იმ საცოდავმა, თუ გაუკეთეს. მაშინვე ამოსძვრა სული. ცუდად რომ გახდა, "კეთილისმყოფელებმა"მიატოვეს და გაიქცნენ. დედამისი კი ჩამოვარდა ეზოში კივილით - შვილი მიკვდება, მიშველეთო, მაგრამ რა შეგვეძლო. სასწრაფოს გია მკვდარი დახვდა"...

ივნისის ბოლოს საბურთალოს ქუჩიდან რამდენიმე ახალგაზრდა საავადმყოფოში გადაიყვანეს. კარგა ხნის ბრძოლის შემდეგ ექიმებმა მათი სიცოცხლის გადარჩენა შეძლეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ მოზარდები ვინმე ავთოსგან დეზომორფინს იღებდნენ, რომლებსაც ის უკვე გამზადებულს შპრიცებით ყიდდა, ისინი "კრაკადილს" 5 დღის განმავლობაში, ყოველდღიურად მოიხმარდნენ.

ერთხანს "კრაკადილს"პოპულარობით არ ჩამოუვარდებოდა სპაისის ჯგუფის "ბიო".""ბიო""ხელოვნურად გამდიდრებული მარიხუანაა, რომლის მოქმედებაც ტრადიციულზე 10-ჯერ ძლიერია. მოქმედებას იწყებს 15 წუთის შემდეგ და ახასიათებს ძლიერი ჰალუცინაციები, ხშირად მომხმარებელს სუიციდის დაუოკებელი სურვილიც უჩნდება. თავიდან "ბიოს""გამოწერა შეიძლებოდა რამდენიმე ინტერნეტსაიტიდან(?!). აკრძალვის შემდეგ მისი შემოტანა თურქეთიდან დაიწყეს.

ლევანი, მცირე მეწარმე:

- პირველად "ბიო"რიზეში გვანახეს ქართველმა ბიჭებმა და წაღებაც შემოგვთავაზეს. მახსოვს, ატყდა ავტობუსში ერთი ვაი-ვიში, - ეს "პლანია", დაგვიჭერენო, მაგრამ რომ ნახეს, დაფასოებული იყო და მაღაზიაშიც იყიდებოდა, ცოტათი დაწყნარდნენ. მაშინ გავსინჯეთ პირველად. მეორე წასვლაზე შევატყვე, რომ""ტავარშიკები"სტამბოლამდე არც მოდიოდნენ, რიზეში ჩადიოდნენ და ყიდულობდნენ უამრავს. სანამ აიკრძალებოდა, ამით დიდი ფულიც იშოვეს, ლილოშივე ყიდდნენ.

მუშტრები ძირითადად ახალგაზრდები არიან.

ჩვენთან ერთი ბიჭი იყო, მტვირთავი. ისიც ამ საქმეს ადგა. კაი ხანია არ დამინახავს. ვიღაცამ ამბავი მოიტანა, ყელის გამოჭრას აპირებდა, დანა ძლივს გააგდებინეს ხელიდანო. ახლა თურმე სადღაც მკურნალობენ"...

2012 წლის გაზაფხულზე ქუთაისში, გორას უბანში, თურქეთიდან შემოტანილი ჰეროინის ზედოზირებით სამი ახალგაზრდა ცუდად გახდა. სასწრაფო გამოძახების ადგილზე დროულად მივიდა. ყველაზე იღბლიანი ის ახალგაზრდა აღმოჩნდა, ვისაც პირველს გაუკეთეს "ნალოქსონი". სამწუხაროდ, ბრიგადას ეს პრეპარატი დანარჩენი ორისთვის აღარ ჰქონდა და სანამ ექიმთა მეორე ბრიგადა გამოიძახეს, ორივე ახალგაზრდა დაიღუპა...(!)

სამწუხაროდ, ნარკოტიკების მომხმარებლები მხოლოდ "ინიექციური ნარკოტიკების"მსხვერპლნი არ ხდებოდნენ. იმავე წლის სექტემბერში ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში 40 წლის მამაკაცი მიიყვანეს. მისი მდგომარეობა მძიმე იყო და ცოტა ხანში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი - ნამთვრალევზე პრეპარატ "ბაკლოსანის"და ტებალტინის მიღება გახდა.

2012 წელს თბილისში, სავარაუდოდ "კრაკადილის"ზედოზირებით გარდაიცვალა პოპულარული ფოლკლორული მუსიკის შემსრულებელიც. როგორც მისი მეგობრები პირად საუბარში აღნიშნავენ, მან "კრაკადილი"სარდაფში გაიკეთა (ალბათ მარტოც არ უნდა ყოფილიყო) და რამდენიმე წუთში გარდაიცვალა. მისი ცხედარი მთელი ღამის განმავლობაში სარდაფში ესვენა, ვინაიდან ნარკოტიკებით ზედოზირების ფაქტის დროს გამოძახებულ სასწრაფოს პოლიციაც უკან მოჰყვება ხოლმე; ამიტომ ხშირად ნარკოტიკების მომხმარებლები მსგავს შემთხვევაში სასწრაფოს არ იძახებენ, მეტიც, "მეგობარს"უპატრონოდ ტოვებენ და მიდიან. ეტყობა, მომღერალიც ასე გაწირეს...

2012 წლის დასაწყისში სოფელ დიღმის სასაფლაოზე "კრაკადილის"ჯგუფურად მოხმარების დროს ერთი ახალგაზრდა ცუდად გახდა. თანამეინახეებმა რომ ვერაფერი გააწყვეს, მომაკვდავი ყმაწვილი მიატოვეს და გაიქცნენ... ის გარდაიცვალა...