რას იხსენებენ უცხოეთის ციხეგამოვლილი ქართველი ”მაყურებლები” - კვირის პალიტრა

რას იხსენებენ უცხოეთის ციხეგამოვლილი ქართველი ”მაყურებლები”

"რადგან ციხეს "მაყურებელი" არ ჰყავდა, სრული განუკითხაობა  იყო, ზედამხედველები ძალიან ცუდად ექცეოდნენ პატიმრებს"

ამ ბოლო დროს საზოგადოებაში კვლავ აქტუალური გახდა სასჯელაღსრულების ადგილებში შექმნილი სიტუაცია და ე.წ. "მაყურებლის ინსტიტუტი".

ვინაიდან ჯერ კიდევ 1924 წლიდან კრიმინალური სამყარო თვლიდა, რომ "ციხე ქურდებისა იყო", სასჯელაღსრულების ადგილებში, "სტაჟისა და დამსახურების" მიხედვით, კრიმინალური ავტორიტეტები მაყურებლად თავიანთ სანდო კაცს ნიშნავდნენ. ("მაყურებლობა" ქურდულ იერარქიაში ის საფეხური იყო, რომელიც "კანონიერი ქურდობის" ყველა მსურველს უნდა გაევლო). ამ ბოლო დროს, "მაყურებლის" ინსტიტუტმა კიდევ უფრო მახინჯი ფორმა მიიღო, რაც პატიმრების სამართლიანი აღშფოთების მიზეზი ხდება.

უნდა ითქვას, რომ "მაყურებლის ინსტიტუტი" მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეს არ ახასიათებს. მან ფეხი ევროპის მრავალ ქვეყანაში მოიკიდა, სადაც სასჯელაღსრულების ადგილებში მრავლად იხდიან სასჯელს ყოფილი საბჭოთა კავშირის წარმომადგენლები და მათ შორის ქართველები.

(*რესპოდენტთა თხოვნით მათ გვარებს შეგნებულად არ ვასახელებთ).

"გერმანიაში 1999 წელს წავედი. იქ  ხეირიანი სამსახური ვერ ვიშოვე, ამიტომ, ბევრი სხვა ქართველის მსგავსად, ქურდობით ვირჩენდი თავს (ჩვენი ჯგუფი ოქროზე მუშაობდა). შტუტგარტის ახლოს, პატარა ქალაქ ბაკნანგში ვცხოვრობდით. 2002 წელს თბილისში დაბრუნება გადავწყვიტე.  რამდენიმე დღით ადრე "პადელნიკებმა" (რუსთაველები იყვნენ) მთხოვეს, ოქროულობის მაღაზია უნდა გავიტანოთ და დაგვეხმარე, გამყიდველი გაართეო. რადგან ჩემი ბოლო "საქმე" იყო, უარი ვეღარ ვუთხარი. მაღაზიაში რომ შევედი, ჩვენი მეზობელი ბულგარელი ცოლ-ქმარი დაგვხვდა, ოქროს გულსაკიდს აბარებდნენ. სანამ გამყიდველი მათ ემსახურებოდა, ბიჭებმა ოქროთი სავსე უჯრები თვალის დახამხამებაში დააცარიელეს. პოლიციამ მალევე მოგვაგნო. მიუხედავად იმისა, რომ მე ძარცვაში არ ვმონაწილეობდი, რადგან "პადელნიკებზე" სამი წლით უფროსი (28 წლის) ვიყავი, ჯგუფის თავკაცობა დამაბრალეს და  შტამჰაიმში (ციხე შტუტგარტის გარეუბანში) მომათავსეს.

ჩემს სართულზე ორი ქართველი ვიყავით.  თავიდან ძალიან ვდარდობდი, - აფხაზეთში ნაომარ კაცს ეს როგორ დამემართა-მეთქი. იქ ერთი ციმბირელი გერმანელი იყო, მაქსი. ყველა პატივს სცემდა. მოვიდა და "ბარიგებზე" დამიწყო საუბარი, ხელები გავასავსავე, - ჩვენთან "ბარიგობა"”დიდი "გრეხია"-მეთქი. ვიცი, მეც საბჭოთა კავშირში დავიბადეო, - მითხრა ღიმილით. მეორე დღეს გავიგონე, ერთ "ბარიგას" ეუბნებოდა,”- თუ გინდა, აქ სუფთა ჰაერი ყლაპო, შენებს შეუთვალე, - გარეთ, ჩვენს ანგარიშზე ფული ჩარიცხონ ხოლმე და როდესაც ბიჭები მიაკითხავენ, წამალი გამოატანონო. თან დაამატა, - ქართველმა ასე თქვაო. მოთხოვნა იმ დღესვე შესრულდა, ამას მოჰყვა მეორე მოთხოვნა და ასე ვიქეცი სართულის "მაყურებლად". აზერბაიჯანელებთან და სომხებთან შედარებით, ქართველებს დიდ პატივს გვცემდნენ. შტამჰაიმში ზედამხედველები უბატონოდ ხმას არავის სცემდნენ, ციხიდან გაქცევაზე სასჯელი არ გემატება (გერმანიაში ფიქრობენ, რომ ყველა ადამიანს აქვს თავისუფლებისკენ სწრაფვის უფლება), მაგრამ თუ გაქცევის დროს სახელმწიფო ქონება დააზიანე ან რაიმე გაიყოლე, დაკავებისას ამისთვის გიმატებენ სასჯელს. ჩვენს გვერდზე არასრულწლოვანთა ციხე იყო, მავთულხლართები არ ჰქონდა შემოვლებული, - ბავშვებს დათრგუნავსო(?!).

საკანში მარტო ვიყავი, მნახველებს ყოველდღე წიგნები მოჰქონდათ. ციხეში თუ გერმანული ენის სწავლას მოისურვებდი, მთავრობა ფულს გიხდიდა. უფლება გვქონდა, ერთმანეთთან კვირაში ორჯერ სტუმრობისა. კვება კარგი იყო. ერთი გერმანელი ბიჭი იყო, 28 წლისა. 11 ბანკი ჰქონდა გატანილი. ვიღაც შემოჰკვდომოდა და უვადო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, ზურგზე დიდი ტატუ ჰქონდა - "მოკალი ყველა, და ღმერთი გადაარჩევს" (ფრანგი ეპისკოპოსის, არნო ამალრიკის ისტორიული ფრაზა, 1209 წ. - ავტ.). ზედამხედველებიც დიდ პატივს სცემდნენ და პატიმრებიც, ისიც დავიმეგობრეთ და ვცდილობდით, შტამჰაიმში წესრიგი ყოფილიყო, ხანდახან შავკანიანები იქცეოდნენ უზრდელად, ამიტომ ეზოში სეირნობისას ზედამხედველების უჩუმრად ერთ-ორს წამოვარტყამდით ხოლმე და პრობლემაც მოგვარებული იყო. ერთხელ ქვედა სართულიდან შეგვატყობინეს, - ჩვენგან გამოგდებული პედოფილი მგონი, თქვენთან ამოიყვანესო.

სეირნობისას ყველას ვაკვირდებოდი. ჩემი ყურადღება ერთმა მოხუცმა კაცმა მიიქცია, რომელიც შაშის მოთამაშეებს მისჩერებოდა. ის პედოფილი გამოდგა. გვარიანად ვცემეთ და ჩვენც გავაგდეთ. შტამჰაიმში პატივს იმის გათვალისწინებით გცემდნენ, როგორ იქცეოდი და რა დანაშაულზე იჯექი. პედოფილია, გაუპატიურება - იქაც მიუღებელი იყო და ასეთ დამნაშავეებს კაი დღე არ ადგათ. ერთხელ ამბავი მოიტანეს, - სასამართლოს დარბაზიდან თურქი გაიქცაო. საღამოთი თურქებმა ამოგვძახეს, - 7 საათზე გვინდა, ორწუთიანი "შუმოკით" მივესალმოთ ამ ამბავსო. ზუსტად 7 საათზე მათ ჩვენც შევუერთდით. ასე გამოვხატავდით პატივისცემას გაქცეულთა მიმართ. ის თურქი ერთი თვის თავზე დააბრუნეს. მაშინ ვთქვი, გაქცევა ის იქნება, როცა აქედან გავიქცევი, თბილისში ჩავალ და მერე ისევ ჩამოვალ-მეთქი. მართლა გამოვიქეცი, მაგრამ გერმანიაში ვეღარ დავბრუნდი."

გიგა მ., 42 წ.

ევროპის ციხეებში ბლომად არიან პატიმრები პოსტსაბჭოური სივრციდან, ამიტომ იქაურ სასჯელაღსრულების ადგილებში "მაყურებელი" და "ობშიაკი" უცხო ხილი აღარ არის. მაგალითად, ავსტრიის  რამდენიმე ციხეში ერთი რუსიც რომ არ იყოს, "მაყურებელი" მაშინაც ჰყავთ.

სხვაგვარადაა საქმე ამერიკის ციხეებში. იქ ციხის წესრიგზე”ლაპარაკიც ზედმეტია. თუ გინდა ცოცხალი გადარჩე, მხოლოდ საკუთარი თავის იმედად უნდა იყო.

"ვაკეში გავიზარდე, "მხედრიონი" რომ  შეიქმნა, 18 წლის ვიყავი. მალე მეც მხედრიონელი გავხდი (მამაჩემი და ჯაბა თეატრალურ ინსტიტუტში ერთად სწავლობდნენ).

როცა ზვიად გამსახურდია წავიდა და "მხედრიონმა" მიტინგების დარბევა-დაცხრილვა დაიწყო, ჯაბასთან მივედი,”- ჯაბა ბიძია, ამ შტერი ქალების დარბევა რა "მხედრიონის" საქმეა-მეთქი. მერე, როცა გავიგე, შევარდნაძე ჩამოჰყავდათ, მივატოვე "მხედრიონი", თუმცა აფხაზეთში რომ ომი ატყდა, დავბრუნდი და ვიომე კიდეც. ომის შემდეგ აქ ვერაფერი გავაკეთე და 1999 წელს ამერიკაში წავედი და ნიუ-იორკის ერთ სუპერმარკეტში დამლაგებლად დავიწყე მუშაობა.

მაღაზიაში იარაღის სექციაც იყო და იქაურობას განსაკუთრებული გულმოდგინებით ვალაგებდი ხოლმე. ერთი თვის თავზე მომსახურე პერსონალის ხელმძღვანელმა (პოლონელი იყო) გამომიცხადა, - შენი მუშაობით უკმაყოფილო ვარ და ამ თვეში ხელფასს ვერ მიიღებო. ბინის ქირა მქონდა გადასახდელი. თბილისურად მივახალე, - ფულს თუ არ მომცემ, პრობლემა გაგიჩნდება-მეთქი. უსიტყვოდ წავიდა და ორი დღე არ გამოჩენილა. ვერავის დავაცდენინე მისი მისამართი. მოთმინების ძაფი რომ გამიწყდა, ღამე საწყობი გავტეხე, ნახევრად ავტომატური სანადირო თოფი ავიღე, 19 ტყვია ჰქონდა. ჩავუსაფრდი მეორე თანამშრომელს, მანქანაში ჩავუხტი და - იმ პოლონელის სახლს თუ არ მაჩვენებ, შავი დღე დაგადგება-მეთქი. შემდეგ გავკოჭე, საბარგულში ჩავტენე და მახლობელი ტყისკენ გავეშურე. მანქანა ტრასაზე დავტოვე, ის ტყეში გადავათრიე. ყველაფერი ერთ წუთში დაფქვა. ხელ-ფეხი გავუხსენი. ტრასაზე გამოსულს მანქანასთან შემომესმა, - დაგვნებდითო. დავინახე პოლიციელი და დაუფიქრებლად ვესროლე მუცელში. რომ დაეცა, ვიფიქრე, მოკვდა-მეთქი (ჯავშანჟილეტი სცმია). პოლიციის მეორე მანქანაც შევნიშნე. გაქცევა დავაპირე, მაგრამ მანქანამდე ვერ მივაღწევდი. ამასობაში მძევალიც გამექცა.

პოლიციელებმა გასაფრთხილებელი ჰაერში ისროლეს და დამიყვირეს, - იარაღი დადე და დაგვნებდიო. დაგნებდეთ რა, პატარძალი ვარ-მეთქი. გადავწყვიტე, წინააღმდეგობა გამეწია. სანამდეც ტყვიები მეყო, ვისროდი. ჩემი მოკვლა არ გაუჭირდებოდათ, მაგრამ ცოცხლად უნდოდათ აყვანა.

მხარში დამჭრეს... გონს საავადმყოფოში  მოვედი... ბრალი რამდენიმე მუხლით წამიყენეს და ჯამში 22 წელი მომისაჯეს (ციხეში 11 წელი და 8 თვე გავატარე). გამანაწილებელი ციხე ისე იყო გადატვირთული, პატიმრებს დერეფნებში ეძინათ. იქ ვნახე პატიმრები, რომლებსაც 750-800 წელი ჰქონდათ მისჯილი. რადგან ციხეს "მაყურებელი" არ ჰყავდა, სრული განუკითხაობა იყო, ზედამხედველები ძალიან ცუდად ექცეოდნენ პატიმრებს. მახსოვს, ერთ აფროამერიკელს ცემით ამოხადეს სული კარცერში და ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო. 2000 წელს მკაცრი რეჟIიმის კოლონიაში გადამიყვანეს, არც იქ იყო წესრიგი. კოლონიაში ყველაზე მრავალრიცხოვანი ლათინოამერიკელების, ირლანდიელებისა და რუსების დაჯგუფებები იყო, მერე მოდიოდნენ შავკანიანები და იტალიელები.

იტალიელები 18-ნი იყვნენ, მაგრამ მათი შიში და რიდი ჰქონდათ. მე რუსებთან (პატიმრები პოსტსაბჭოური სივრციდან) ვიყავი. ყველა დაჯგუფებას თავისი გავლენის სფერო ჰქონდა: იტალიელები სასმლის ბიზნესს აკონტროლებდნენ, ლათინოამერიკელები - ნარკოტიკებს, აფროები - პორნოინდუსტრიას, ჩვენ - საკვებ პროდუქტებს, ირლანდიელებისა იარაღის ბიზნესი იყო. როგორც კი ციხეში შევედი, მათგან 30 დოლარად დანა ვიყიდე და 11 წელი არ დამიკეცავს... კოლონიაში მტვირთავი გავხდი. ძალიან მიკვირდა, რომ ჩვენი ციხეებისგან განსხვავებით, ბარიგობა”იქ ვაჟკაცურ საქმიანობად ითვლებოდა და ბარიგები განსაკუთრებულ პატივში ჰყავდათ. ყველაზე მეტად უკრაინელი ვასკა დამამახსოვრდა. ციხეში იმიტომ მოხვდა, რომ ავღანეთიდან ამერიკაში 6 კგ ჰეროინი შემოიტანა. საოცარი ის  იყო, რომ 9 ქვეყანა გამოიარა ამ ტვირთით და მხოლოდ ოჰაიოში დაიჭირეს, როცა ნაცნობ დილერებს დაუკავშირდა. სავარაუდოდ, კონკურენტებმა ჩაუშვეს...

სანამ ახალი ხარ, შენს დაჩაგვრას ყველა ცდილობს, მათ შორის ზედამხედველებიც. თუ კბილებს გამოაჩენ, უკეთეს დღეში იქნები.

კოლონიაში რომ გადამიყვანეს, მეათე დღეს საკანში ორი ზანგი და ერთი თეთრკანიანი შემოვიდა, ერთმა ზანგმა მეორე იარუსზე მწოლიარე რომ დამინახა, ჩამოდიო, მითხრა მედიდურად. გაეთრიე აქედან-მეთქი, მივუგე მშვიდად და ბალიშის ქვეშ დანა მოვსინჯე. უცებ ფეხში მტაცა ხელი - ჩემი ჩამოთრევა და ცემა უნდოდა, მერე კი ჩემს ნივთებს მიისაკუთრებდნენ. ბალიშიდან დანა გამოვაძვრე და ხელში ჩავარტყი, სისხლის დანახვაზე დანარჩენები გაიქცნენ, დაჭრილი ზანგი დაიბნა და ლოგინზე ჩამოჯდა, შემდეგ ონკანს შეუშვირა ხელი. ტუალეტის ქაღალდით გადავუხვიე და - გაეთრიე-მეთქი. უსიტყვოდ წავიდა. მეგონა, ჩამიშვებდა, მაგრამ ეს ამბავი არ გახმაურებულა. მივხვდი - თუ ახლა დამჩაგრავდნენ, მერე აღარაფერი მეშველებოდა. ზანგებთან დანას ხშირად ვხმარობდი, როცა რუსული დაჯგუფების წევრი გავხდი, უფრო მშვიდი გახდა ცხოვრება.

11 წლის შემდეგ ამნისტია შემეხო და გავთავისუფლდი... ამდენი ხნის განმავლობაში ციხეში მხოლოდ ერთადერთი ქართველი ვიყავი".

ბაკურ გეგიას

მემუარებიდან, 40 წ.

იგივე სიტუაციაა სისასტიკით განთქმულ თურქეთის ციხეებში, სადაც, ამერიკისგან განსხვავებით, უამრავ ქართველს შეხვდებით.

"სტამბოლის ციხეში მაღაზიის ძარცვისთვის მოვხვდი. ბავშვობაში ფილმი "შუაღამის ექსპრესი" რამდენჯერმე ვნახე, მაგრამ მაინც ვერ ვიჯერებდი, რომ თUურქეთის ციხე ასეთი იქნებოდა... იქ არავის აინტერესებს, ვინ ხარ, როგორ გიცხოვრია, ან რა დანაშაულისთვის მოხვდი. მხოლოდ ერთი რამ უნდა გახსოდეს: ღამე თუ დაიძინებ, შეიძლება ვეღარ გაიღვიძო, ან გაიღვიძებ, მაგრამ კაცი აღარ იქნები. აქ ალაჰი არ არსებობს, ყველას შეუძლია, სურვილისამებრ მოგექცეს. უნდა გენახათ ხოლმე როგორი ღრიალი გამოდიოდა კარცერებიდან.. იმის წარმოდგენაც გვიჭირდა, თუ რას უშვრებოდნენ. განსაკუთრებით ცუდი დღე უცხოელებს ადგათ, მათ არც ციხის თანამშრომლები წყალობენ და არც პატიმრები, იქ არ არსებობს "არესტანტული კოლეგიალობა". ერთი მოლდაველი ბიჭი რამდენჯერმე ზედამხედველებს არ დაემორჩილა და ერთ ღამეს გააუპატიურეს. დილით ეს ამბავი მთელმა ციხემ იცოდა. იმავე ღამეს მისი გაუპატიურება რამდენიმე თურქმა პატიმარმა სცადა. ჩეჩნები რომ არ ყოფილიყვნენ, ასეც მოხდებოდა... საერთოდ, ჩეჩნებს თავი ღირსეულად უჭირავთ და ქართველებსაც პატივს გვცემენ. ციხეში ყველამ იცის, რომ თუ რომელიმე მათგანს ციხეში თანამშრომლისგან ან პატიმრისგან რამე დაუშავდებათ, გარეთ მყოფი ჩეჩნები მათ ოჯახებს დახოცავენ, მე არ შევსწრებივარ, მაგრამ მსგავს ამბავს ჰყვებოდნენ ხოლმე. თურქ პატიმრებს დაპირისპირება ხშირად ქურთებთან აქვთ, რომლებიც საიდანღაც შოულობენ დანებს და სხვა ცივ იარაღს. იყო ბევრი რამ, რასაც ალბათ სიკვდილის წინაც არ გავიხსენებ. ერთი კია, თურქეთის ციხე ის ადგილია, სადაც არასოდეს იტყვის ქართველი, -"ციხე ჩვენი სახლია, ძმაო".

ოთარ ჩ. 43 წ.