სოხუმის უკანასკნელი დამცველები - კვირის პალიტრა

სოხუმის უკანასკნელი დამცველები

"ასეთი წყევლა აქამდე არც გამიგონია, - თქვენ არ ჩადით დედათქვენებთან ცოცხალნი, პური და ღორი კი არა, სოხუმის მიწა გაჭამოთ ღმერთმაო... მთელი ღამე ტანში მბურძგლავდა, ვინ იცის, სად წამოგვეწევა შავკაბიანი მეგრელი დედაკაცის წყევლა"...

კახა დვალიშვილის - "ნიუტონას" დღიურებიდან, 20 აგვისტო 1992 წ.

(ლია ტოკლიკიშვილი, "როცა ისინი მკვდრები იღვიძებენ")

1993 წლის სექტემბერში აფხაზეთში მდგომარეობა უფრო გამწვავდა. აფხაზურმა მხარემ დაარღვია სოჭის სამშვიდობო ხელშეკრულება და სექტემბრის შუა რიცხვებიდან სოხუმზე იერიშები მიიტანა. 22 სექტემბრისთვის სოხუმი სრულიად მოწყვეტილი აღმოჩნდა დანარჩენი საქართველოსგან. ჯერ კიდევ 25 სექტემბერს, სოხუმის ხელმძღვანელობას იმედი ჰქონდა, რომ ოჩამჩირეში მყოფი ქართული საჯარისო ნაწილები ქალაქის დახმარებას შეძლებდნენ. 27 სექტემბერს სოხუმზე აფხაზურმა, რუსულმა და სომხურმა შენაერთებმა გადამწყვეტი შტურმი წამოიწყეს... ქართველ მეომრებს ტყვია-წამალი უთავდებოდათ, თუმცა ქალაქის ჩაბარებაზე მაინც არავინ ფიქრობდა...

"ომში წასვლა გადავწყვიტე (მაშინ სამხატვრო აკადემიაში ვსწავლობდი), დილით მეგობრებს ჩამოვუარე, დავემშვიდობე და ქალაქში ერთ-ერთ შტაბში მივედი. ჩემ გარდა იმ დროს მოხალისედ დიღმის საძმოც მიდიოდა, ჩოლოყაშვილის ბატალიონში ჩაგვწერეს, ავტომატიც მომცეს (იმ დღეს პირველად მეჭირა ხელში). ჩაგვსხეს ავტობუსში და წავედით აფხაზეთში. ზუგდიდთან, ცაიშში, ავტობუსი "ზვიადისტებმა" გააჩერეს. ადგილობრივი მოსახლეობა პირგამეხებული გადაგვიდგა. ძლივს დავარწმუნეთ, რომ ზუგდიდში არაფერი გვესაქმებოდა და ჩვენ ომში მივდიოდით. ოჩამჩირეში ჩავედით. რამდენიმე დღე იქ ვიყავით, შედარებით სიმშვიდე იყო, საჭმელი და ტყვია-წამალი არ გვაკლდა.

მეუბნებოდნენ, გამოუცდელი ხარ და ფრთხილად იყავიო. როგორც კი ერთ-ორ ტყვიას გავისროდი, მერე ბიჭებს ვეხვეწებოდი, ტყვია მომეცით-მეთქი. მინდოდა, სავსე მჭიდი მქონოდა. ისინი ომს ისე იყვნენ მიჩვეული, რომ მეგონა, სიკვდილთან თამაშობდნენ. ოჩამჩირეში სნაიპერი გვესროდა. ერთი რუსთაველი ქურთის ბიჭი გვყავდა, გზაზე გადაირბენ-გადმოირბენდა ხოლმე ყვირილით, - აბა, თუ მომარტყამო... ერთ დღეს შეტევაზე გადავედით. სანგარში კიდევ ვერ ხვდები, ომი რა არის, მისი საშინელება სწორედ შეტევისას ვიგრძენი. მივრბივართ ველზე და უცებ ვხედავ - ერთი ბიჭი აფეთქდა, მერე მეორე... მაინც მივრბივარ და უკვე მტრის ტყვიისა კი არ მეშინია, არამედ იმისა, რომ შეიძლება უფეხოდ დავრჩე. ჩვენი ტანკი დავინახე - თხრილში იყო ჩავარდნილი. ბიჭებმა იფიქრეს, ქვეითებს მაინც დავეხმარებითო და ერთი გაისროლეს, მაგრამ ჭურვი ლულაშივე აფეთქდა და ყველა შიგ ჩაიწვა...

24-25 სექტემბერი იქნებოდა. ვიცოდით, რომ სოხუმი ალყაში იყო. ოჩამჩირეში შეკრება გამოცხადდა. გია ყარყარაშვილი იდგა ბეტეერზე: ძმებო, სოხუმი სისხლისგან იცლება, სამასი კაცი მჭირდება, ქალაქს უნდა მივეხმაროთ. ვისაც გსურთ, გამომყევით, მაგრამ იცოდეთ, შეიძლება იქამდე ვერც მივაღწიოთო... სიჩუმე ჩამოვარდა. წამითაც არ მიფიქრია ჩემს თავზე, მაშინ ყველა სოხუმზე ფიქრობდა, საკვებით და ტყვია-წამლით დატვირთული მანქანებით დავადექით გზას. კოდორის ხიდი აფხაზებს გადაკეტილი ჰქონდათ. ავდარი იყო, მდინარეს ლამი და ხეები მოჰქონდა, მანქანები მდინარეში ჩაიხერგა. ტყვია-წამლით დატვირთული მანქანა ლამით ივსებოდა. ერთმანეთს ჩაჭიდებული ძლივს ამოვედით ნაპირზე, საკვები და ტყვია-წამალი ვერ გადავარჩინეთ...

სოხუმის მთავარ შტაბში 41 კაციღა მივედით. ცოტა დავისვენეთ, იარაღი გავაშრეთ. მეომრები მოდიოდნენ და მოდიოდნენ. საღამოს მოულოდნელად გაიცა ბრძანება, სოხუმის ირგვლივ პოზიციები უნდა მოიხსნასო. სამხედროები კინაღამ გაგიჟდნენ. ჩოლოყაშვილის ბატალიონის მეთაAური ტარიელ აბუაშვილი ყვიროდა, - რას აკეთებთ, საომრად ჩამოვედით, თუ დასამალადო...

მეორე დღეს (25 სექტემბერს) მოვიდა დოდო გუგეშაშვილი - ორი კაცი გამომყევითო. გავყევით. ძალიან მშვიდად იყო, გზაში ხმა არც ამოგვიღია. ორასიოდე მეტრი გავიარეთ და გვითხრა, - პოზიციები აქ იქნებაო. ჩვენც პოზიციები წინ წავწიეთ. ბიჭებმა სანგრები გათხარეს, ჩავსხედით. ჩვენს გაგრძელებაზე "ავღანელები" იდგნენ. საჭმელი არ გვქონდა, არც ტყვია-წამალი, ერთი "ლიმონკაღა" გვეგდო. გაღმიდან რუსი ქალები გადმოდიოდნენ და საჭმელი მოჰქონდათ - ყველანი ძმები ვართ, რად გინდათ ეს ომიო. ვბრაზობდი, - ამათი უკვდავების წყალიც არ გვინდა, პოზიციებზე ნუ უშვებთ-მეთქი, მაგრამ - დედისტოლა ქალებმა რა უნდა დაგვიშავონო...

27 სექტემბერი მზიანი გათენდა. დილით შევარდნაძე მოვიდა, სამხედრო ფორმა ეცვა, საჭმელი და ცოტა ტყვია-წამალი მოგვიტანა, გაგვამხნევა, - აბა, თქვენ იცით, ბიჭებოო, და წავიდა. პრეზიდენტი რომ დავინახეთ, რატომღაც მოვეშვით, ზოგმა დაძინებაც გადაწყვიტა. ნახევარ საათში ცეცხლი გაგვიხსნეს... ისეთი სროლა ატყდა, თავი სიზმარში მეგონა. წერტილოვანი ცეცხლი მოდიოდა პოზიციებზე. მაშინვე ის რუსი დედაკაცები გამახსენდა... ჩHვენც ვისროდით, ვხედავდი, როგორ ორგანიზებულად მოდიოდნენ რუსები. ვესროდით, მაგრამ არ კვდებოდნენ (ჯავშანჟილეტები ეცვათ). ეს უფრო გვაშმაგებდა. ჩემთან ახლოს, დაუცავ ადგილას, ჩვენი ბიჭები იყვნენ ჩასაფრებულნი. ნორჩები იყვნენ. ძალიან გაუჭირდათ. ვცდილობდით, როგორმე გამოგვეყვანა. ბოლოს, მეთაურმა - უკან დაიხიეთო. იმ ბიჭების გამოყვანა ვერ შევძელით (დღემდე დაკარგულები არიან). მოვრბოდით. ტყუპი ძმა გვყავდა, ერთს ფეხები მოსწყვიტა ჭურვმა. ხელით მოგვყავდა, მაგრამ არაქათი აღარ შეგვრჩა.

დავინახე ადგილობრივი მოსახლეობა - გარბოდნენ. ერთს გავეკიდე, - იქნებ დაგვეხმაროს-მეთქი. ვეღარ დავეწიე. რომ მოვბრუნდი, აღარც დაჭრილი და აღარც მისი ძმა დამხვდა (ჩვენების ბეტეერს წაუყვანია). დავრჩი მარტო ამ ქაოსში, ვიცოდი მხოლოდ პაროლი და ის, საით უნდა წავსულიყავი. წამით გავიფიქრე, - აქ რა მომარბენინებდა-მეთქი, მაგრამ თავში ცემის დრო არ იყო. დიდი ბლოკები დავინახე. შიგ რომ მივძვრებოდი, უცებ დამიძახეს, - პაროლიო. ვუპასუხე. ორი "ავღანელი" აღმოჩნდა. რადგან სამნი ვიყავით, უფრო გული მომეცა. ხიდს მივადექით. ხიდზე, რომელიც გაუჩერებლად იბომბებოდა, მოსახლეობა და ჯარისკაცები მირბოდნენ. მდინარეში ბაიდარები შევამჩნიეთ და იმით გადავლახეთ მდინარე. ნაპირზე მავთულხლართები დაგვხვდა. შიშველი ხელებით გადავძვერით და თAავზე რუსებიც წამოგვადგნენ - ხელები მაღლა, იარაღი მოგვეცითო. მივხვდი, სოხუმში რუსეთის საჯარისო ნაწილის ტერიტორიაზე გადავმძვრალვართ. იარაღის მიცემას არ ვაპირებდი. ჩემები მეჩურჩულებოდნენ, - მიეცი, თორემ გესვრიანო. ბოლოს ჩამომართვეს და წაგვიყვანეს შენობისკენ. ტერიტორიაზე საოცარი სიმშვიდე იყო, მიჯნის მიღმა კი ქალაქი ინგრეოდა...

შენობასთან გაგვაჩერეს. მე ჯიბეში წერილები მედო (ყოველი შემთხვევისთვის - ერთგვარი ანდერძი), ვის ვუტოვებდი ჩემს ქანდაკებებს, ვის - წიგნებს. რუსებს ვუთხარი, - თუ გინდათ, მომკალით, მაგრამ დამპირდით, რომ ამ წერილებს თბილისში გაგზავნით-მეთქი. შენობიდან ერთი ახმახი რუსი გამოვიდა, პოლკოვნიკი. ჩემ გვერდით "ავღანელი" რომ დაინახა, გამოელაპარაკა. თურმე ავღანეთში ერთ დროს მსახურობდნენ. მერე ზღვის ნაპირზე გაგვიყვანა და გვითხრა, აქედან წადითო. იარაღი არ გვქონდა, არადა, ქალაქის დატოვებას არც ვაპირებდი, შევვარდი ვიღაცის სახლში, ნაჯახი ავიღე და ჩემს მეწყვილეს ვუთხარი, მოდი, აქ დავდგეთ და სოხუმიდან გამოქცეულ მეომრებს იარაღი დავატოვებინოთ-მეთქი. ერთ საათში უკვე მქონდა ავტომატი, ტყვიამფრქვევი და ორი "ლიმონკა". მერე მოვიდა ჯაბა იოსელიანი - დაითესეთ აქედანო და დაიწყო გაქცეული მეომრებისთვის იარაღის ჩამორთმევა. ჩაგვსხეს მანქანაში და სვანეთის გზას გაგვიყენეს..."

პაატა გიგაური, მოქანდაკე

ამასობაში აგუძერის სამხედრო ჰოსპიტალში უამრავი დაჭრილი და გარდაცვლილი მიჰყავდათ და ექიმები ევაკუაციის მაგივრად ისევ საოპერაციო მაგიდასთან იდგნენ...

"22 სექტემბერს აფხაზებმა თბილისიდან მომავალი თვითმფრინავი ბაბუშერის აეროპორტში დაჯდომისას ააფეთქეს. 115 ახალგაზრდა კაცი თვითმფრინავში ცოცხლად ჩაიწვა, მხოლოდ რამდენიმეს გადარჩენა მოვახერხეთ. საჰაერო გზაც ჩაიკეტა და სოხუმი ყველა მხრიდან მოწყვეტილი აღმოჩნდა. ვინაიდან ჩვენი ჰოსპიტალი დაჭრილების ევაკუაციას ვეღარ ახერხებდა, ასსაწოლიან საავადმყოფოში 600-მდე დაჭრილი გვყავდა. პირდაპირ დერეფნებში ვაწვენდით, ბოლო დღეებში სოხუმის რესპუბლიკურმა საავადმყოფომ შეწყვიტა მუშაობა, ექიმები ჩვენთან გადმოვიდნენ სამუშაოდ. 23 სექტემბერს შემთხვევით დავინახე, რომ სოხუმის აკვატორიაში სამი სადესანტო უკრაინული გემი შემოვიდა. მას შეეძლო, პირდაპირ ნაპირს მოსდგომოდა, გემთან მისადგომი "ლიტერატურკასთან" ("ლიტერატურნაია გაზეტას" პანსიონი) იყო.

როგორც კი დავინახეთ, რომ ერთი გემი აქეთ მოიწევდა, დაჭრილების ერთი ნაწილი საევაკუაციოდ გავამზადეთ და გემზე გადავიყვანეთ. ის გემი 25-შიც გამოჩნდა. უკანასკნელი დაჭრილებიც გემზე ავიყვანეთ. 26 სექტემბერს 20 დაჭრილი გვყავდა, რამდენიმეს მდგომარეობა მძიმე იყო. 27 სექტემბერს დაჭრილები გადავიყვანეთ "ლიტერატურკის" გემის მისადგომთან და ჰოსპიტლის ერთგვარი ევაკუაციაც დავიწყეთ. გამოსვლის წინ ვთქვი, - კარები არ დაკეტოთ-მეთქი (მაროდიორები უპირველესად დაკეტილ კარებს ანგრევდნენ ხოლმე). მთელი დღე გემის მისადგომთან გავატარეთ, მაგრამ გემი არ გამოჩენილა. დაღამდა. როდესაც ღამით სოხუმის ცაზე მანათობელი ტყვიების ფეიერვერკი გაუშვეს, მივხვდი, სოხუმი დაეცა...

რა გველოდა ჩვენ, ყველასგან მიტოვებულ 30 კაცს (აქედან რამდენიმე ქალბატონი იყო და 20 დაჭრილი)... 27-ში, ღამით, გადავწყვიტეთ, ჰოსპიტალში დავბრუნებულიყავით, რაც ძალიან სარისკო იყო - არ ვიცოდით, იქ ვინ დაგვხვდებოდა. როცა ჰოსპიტლის კარები შევაღე, თავზარი დამეცა, - სრულიად გაძარცული და აოხრებული იყო. დაჭრილები პალატებში მოვათავსეთ. იმ ღამეს 6 დაჭრილი კიდევ მოიყვანეს. გაძარცულ შენობაში ოპერაციების გაკეთება გმირობის ტოლფასი იყო. ექიმები დილამდე საოპერაციოში იყვნენ. 28 სექტემბერს, დილით, ეზოში გამოვედი. სამხედრო ექიმი ვარ და ემოციებს არ უნდა ავყვე, მაგრამ ასეთი შემაწუხებელი სიჩუმე არ მახსოვს. ირგვლივ ყველაფერი დუმდა... ჰოსპიტლის საბოლოო ევაკუაცია გადავწყვიტე. ორ, "იკარუსის" ტიპის ავტობუსში მოვათავსეთ დაჭრილები - 26 კაცი, თანამშრომლები ჩავსხი სამედიცინო მანქანებში და შენობის უკანასკნელი შემოვლა დავიწყე. ერთ-ერთ პალატაში ორი გარდაცვლილი მეომარი აღმოვაჩინე - დაჭრილებთან ერთად მიცვალებულებიც მოჰყავდათ, რადგან მეომრები ბიჭების სიკვდილს არ იჯერებდნენ და მათი გადარჩენის იმედი ჰქონდათ... შემდეგ მეგობრები მიასვენებდნენ. ბოლო დღეებში გარდაცვლილების დაკრძალვა ჩვენ გვიწევდა, ჰოსპიტლის ეზოში ტრანშეა გავთხარეთ და საძმო სასაფლაო გავაკეთეთ.  გარდაცვლილთა გვარებიც მახსოვს - გვაზავა და ჯავახიშვილი (ძმათა სასაფლაოზე დაკრძალულთა გვარები არ ვიცოდით, ერთს მეტსახელად იაგო ერქვა...).

შემდეგ ყველა ისევ გემის მისადგომთან მივედით. 15 000 კაცი გაჰყურებდა ზღვას გადარჩენის იმედით. ჩვენები სვანეთში წასვლას ითხოვდნენ, მე დაჭრილების ამხელა გზაზე ტრანსპორტირების მომხრე არ ვიყავი. ზოგს გადასასხმელი აპარატიც კი ედგა,”რადგან შტატივები ძარცვისას წაიღეს, ექთანებს აპარატები ხელით ეკავათ. როგორც იქნა, გემი გამოჩნდა, მაგრამ ნაპირს ვერ მოადგა. ხალხის ევაკუაცია ნავით დაიწყეს. სასოწარკვეთილი ხალხი შუაზე გაიყო და თეთრხალათიანები გაგვატარეს... ბოლოს, გემიც დაიძრა. მაშინ გავაცნობიერეთ - აფხაზეთი ჩვენი აღარ იყო"...

გივი იმნაიშვილი, აგუძერის სამხედრო ჰოსპიტლის სამედიცინო ნაწილის უფროსი