"დამიკლეს შვილი. იმიტომ, რომ ამ ქვეყანამ ვერ დაიცვა… ჩემთან ვალშია სახელმწიფო და ახლა ბინიდან მასახლებს?!" (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

"დამიკლეს შვილი. იმიტომ, რომ ამ ქვეყანამ ვერ დაიცვა… ჩემთან ვალშია სახელმწიფო და ახლა ბინიდან მასახლებს?!" (ექსკლუზივი)

ორი თვის წინ ბათუმის ახალ ბულვარში მოკლული 16 წლის მარიამ კოჩალძის ოჯახს გამოსახლება ემუქრება. გოგონას დედა, ჟუჟუნა ბერიძე ინტერვიუში ოჯახის გასაჭირის შესახებ ყვება და მარიამის მკვლელობის საქმის ახალ დეტალებზეც საუბრობს.

ჟუჟუნა ბერიძე:

- სანამ ჩემი მეუღლე ცოცხალი იყო, რძის პროდუქტებს ვაწარმოებდით. ახლა სადაც ვართ შესახლებული, ამ ფართში გვქონდა ის პატარა ბიზნესი. შემდეგ ჩემი მეუღლე გარდაიცვალა, ვეღარ მოვახერხეთ წარმოების გაგრძელება, ვერც კრედიტი გადავიხადეთ და 2012 წლის დეკემბერში ბინაც და ის ნაყიდიც დავკარგეთ. ამიტომ, აქ შემოვსახლდით, სხვაგან წასასვლელი არ გვქონდა.

მთავრობას ვთხოვ, რომ ეს ფართი მომცეს, ობოლი შვილიშვილები მყავს, 9-სულიანი ოჯახით სად წავიდე, რა ვქნა?! ვერ გამოვალ აქედან. მოვკვდები მაშინ და ისე გამასვენონ. არსად წასასვლელი არ მაქვს. ყველაფერი გავყიდე, თუ რამე ფასიანი გვებადა. სად წავიდე?! ვერსად ვერ წავალ...

- თუ მიმართეთ ვინმეს დახმარებისთვის?

- დღისით, მზისით 7-ის ნახევარზე შვილი მომიკლეს. შვილი, რომლის იმედიც მქონდა. ასეთი გოგო ასეთი სიკვდილით მომიკლეს... დამიკლეს შვილი. იმიტომ, რომ ამ ქვეყანამ ვერ დაიცვა ჩემი მარიამი. სამყაროში იდეალური ხომ არაფერი არ არსებობს? - ეს ბავშვი იყო იდეალური, რომელიც სახელმწიფომ ვერ შემინახა და ვერ დამიცვა. ჩემთან ვალშია სახელმწიფო და ამ ფართიდან მაინც არ უნდა გამასახლოს. ვიცი, არაა სწორი, ამას არ უნდა ვამბობდე, მაგრამ რა ვქნა, სად წავიდე 9 სულიანი ოჯახით?! მარიამი არ გაცოცხლდება, მაგრამ მისი დედმამიშვილები ქუჩაში იყვნენ?

ახლა სადაც ვარ, ჯავახიშვილის #72-ში ერთსართულიანი ძველი ნაგებობაა. ბოსელი იყო. მე გავაკეთე, მოვაწესრიგე და ისე შევედი. ეს მომცენ, ხუთვარსკვლავიან სასტუმროს არ ვითხოვ. პერიფერიაშია და ქვეყნისთვის არაფერს არ წარმოადგენს. რას ვითხოვ ისეთს?!

თავიდან თავს ვიკავებდი, ჩემს შვილს არ უყვარდა ასეთი აჟიოტაჟი ხმაური და მათხოვრობა. მარიამი ისეთი ამაყი ბავშვი იყო, რომ იცოდეს, ამ სახლში სურათები გადაიღეს და ხალხმა ნახა, მისი დედმამიშვილები სად ცხოვრობენ, სირცხვილით მოკვდებოდა.

ამ გაზაფხულზე პრეზიდენტი ახალგაზრდა პარლამენტარებს რომ ხვდებოდა, მარიამიც იქ იყო. ყველამ რაღაცა სთხოვა და სააკაშვილმა ამას დაუძახა - "რიჟიკა გოგო! მოდი, მოდი, შენ რატომ არაფერს არ მთხოვო?!" და მარიამმა უპასუხა - მე ჩემით უნდა მივაღწიოო. მარიამს არ უყვარდა ასეთი რამეები და ამიტომ ვიკავებდი თავს, მაგრამ ახლა მეტი გამოსავალი არ მაქვს და უნდა ვთქვა.

- მარიამის საქმეზე რამე ახალი ხომ არ გსმენიათ?

- არაფერი არ ვიცი. მე არავინ არაფერს არ მეუბნება. ის გაიქცა და რას დაიჭერენ?! დარწმუნებული ვარ, რომ ნამდვილად ის ირანელია მკვლელი, რადგან ტაქსი სიხლით დასვარა და დეენემის ანალიზით დადგინდა, რომ მარიამის სისხლი იყო.

- ტაქსი?

- მარიამი სანაპიროზე 7-ის 15 წუთზე გავიდა და 15 წუთში მკვლელმა ყველაფერი მოასწრო. 7-ის ნახევარზეა მოკლული. შემდეგ მკვლელი ბულვარიდან ტაქსამდე ჩემი შვილის ველოსიპედით გადაადგილდა, რომელიც იქვე გადააგდო, ჩაჯდა მანქანაში და სარფში წავიდა. სისხლიანი იყო თურმე და ტაქსი დასვარა. თან ბანკით გადაიტანა სისხლი. არ ვიცი, რატომ. ალბათ, ვიღაცას უნდა მისცეს ან აჩვენოს... ჩემი მარიამის სისხლი პატარა ბოთლში ჰქონია და საზღვარზე ისე გადაიტანა.

- ეს ინფორმაცია გამოძიებამ მოგაწოდათ?

- ისეთი ვინმესგან ვიცი, რომ დარწმუნებული ვარ, სიმართლეა. მან საკუთარი თვალით დაინახა, რომ სისხლი გადაიტანა. პოლიცია ამბობს, რომ არ ექნებოდაო სისხლი. თუმცა, ამით ყველაფერი მართლაც რელიგიურ რიტუალს ემსგავსება და ამათ არ უნდათ, რომ ეს თქვან, გვერდით მუსლიმური სახელმწიფოა...

მარი რობაქიძე (სპეციალურად საიტისთვის)