რა ბედი ეწიათ მალაიზიაში ქართველ ტუსაღებს? - კვირის პალიტრა

რა ბედი ეწიათ მალაიზიაში ქართველ ტუსაღებს?

"საქართველო, როგორც სახელმწიფო, შედგა და ვერ დაკარგავს თავის მოქალაქეებს. ეს არის სახელმწიფო, რომელიც ბოლომდე იბრძოლებს თითოეული ადამიანის გადასარჩენად, რადგან ჩვენ არ გვაქვს თითოეული მოქალაქის ინტერესების დაცვაზე მეტი ამბიცია".

მიხეილ სააკაშვილი

"მალაიზიაში კანონი იმიტომ არსებობს, რომ ის ყველამ უნდა დაიცვას".

მალაიზიის საგარეო საქმეთა სამინისტრო

რამდენიმე თვეა, მალაიზიაში ხმაურით მიმდინარეობს ბულგარეთის ორი მოქალაქის სასამართლო პროცესი. ისინი მალაიზიელმა სამართალდამცავებმა ქვეყნისI საერთაშორისო აეროპორტ”"სულტან ისმაილში" დააკავეს 6 კგ-მდე ამფეტამინის შემცველი აბების შემოტანის მცდელობისას. მიუხედავად იმისა, რომ ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად არის ჩართული ამ პროცესში, მალაიზიაში ბულგარეთის საპატიო კონსული პირადად ესწრება დახურულ სასამართლო პროცესებს, მალაიზიური მხარე არ აპირებს შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებას და ბრალდებულებს ჩამოხრჩობა ემუქრებათ... ამ ამბავმა საზოგადოებას ზუსტად სამი წლის წინ მალაიზიაში მომხდარი ერთი მივიწყებული ამბავი გაახსენა, უცნაური შუქჩრდილებით...

2010 წლის 28 ოქტომბერს მალაიზიელმა სამართალდამცავებმა ადგილობრივ და უცხოურ მედიასთან შეხვედრისას განაცხადეს, რომ საერთაშორისო ნარკოტრაფიკში ჩართული განსაკუთრებით საშიში ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ჯგუფი მალაიზიაში დიდი რაოდენობით ნარკოტიკების, კერძოდ, ამფეტამინის შეტანას ცდილობდა. სპეცოპერაცია ჩატარდა ერთდროულად ორ ქალაქში. ამოიღეს დაახლოებით 12 კგ ნარკოტიკი და დაკავებულია ამ ჯგუფის ორი წევრი, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები (ქალბატონები) აღმოჩნდნენ.

37 წლის დარეჯან კოხტაშვილი სამართალდამცავებმა ქალაქ მერგანტალის აეროპორტში დააკავეს. სტამბოლიდან მალაიზიაში გამოფენაზე ჩასულ მხატვარს აეროპორტის თანამშრომლებმა საეჭვო ვერაფერი უპოვეს. მათი ყურადღება მიიქცია სურათის ჩარჩომ, რომელიც საეჭვოდ მძიმედ მოეჩვენათ. შემოწმებისას ჩარჩოებში 6 კგ-მდე ამფეტამინის შემცველი აბები აღმოჩნდა. ცოტა ხანში ქალაქის ერთ-ერთ 5-ვარსკვლავიან სასტუმროში მალაიზიელმა სამართალდამცავებმა კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე, 26 წლის ბაბუცა გორდაძე დააკავეს. მასაც სურათის ჩარჩოში  5 კგ-ზე მეტი ამფეტამინის აბები აღმოუჩინეს. ამოღებული ნარკოტიკების საბაზრო ღირებულება 3 მლნ დოლარს შეადგენდა, რაც, მალაიზიური კანონმდებლობით, სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს (ჩამოხრჩობას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე).

ამ ამბავმა საქართველოში დიდი  ვნებათაღელვა გამოიწვია, რადგან ეს ქვეყნის უახლოეს ისტორიაში პირველი პრეცედენტი იყო საერთაშორისო ნარკოტრაფიკში ქართველი ქალბატონების ჩართვისა და თანაც ასე შორს.  საზოგადოებაში გაჩნდა კითხვები, - როგორ მოხვდნენ ქალბატონები მალაიზიაში და იცოდნენ თუ არა სურათებში გადამალული ნარკოტიკების შესახებ.  მოულოდნელად ბაბუცა გორდაძის ოჯახის წევრებმა განაცხადეს, - მომხდართან ბაბუცას მეუღლე გიორგი (ელდარ) დავითიანი იქნება დაკავშირებულიო, რადგან სწორედ მან წაიყვანა მეუღლე და მისი მეგობარი (დარეჯან კოხტაშვილი) თურქეთში სამუშაოდ. სანამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დუმილს ამჯობინებდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბაბუცა გორდაძის ოჯახის განცხადების საფუძველზე ელდარ დავითიანზე ძებნა გამოაცხადა.

2010 წლის 1-ელ ნოემბერს, გვიან ღამით, კოხტაშვილების სახლში სტამბოლიდან ტელეფონის ზარი გაისმა, - ნუ დაიჯერებთ, რასაც ტელევიზორში ამბობენ. მე არ ვარ დამნაშავე, თუ საშუალება მექნება, კიდევ შეგეხმიანებითო და ელდარ დავითიანმა ტელეფონი გათიშა...

5 ნოემბერს მალაიზიაში, ქალაქ კოტაკინაბალუში დარეჯან კოხტაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა, რომელსაც ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით (ნარკოტრაფიკი), რაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ჩამოხრჩობას ითვალისწინებდა; ამავე მუხლით წარედგინა ბრალი ბაბუცა გორდაძესაც. იმავე დღეს, მოულოდნელად, თბილისში სტამბოლიდან ელდარ დავითიანი ჩამოფრინდა და ტელეკამერის წინ განაცხადა, რომ ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც მალაიზიურ გამოძიებას სიმართლის დადგენაში დაეხმარებოდა. 6 ნოემბერს დავითიანი  ნებაყოფლობით გამოცხადდა პოლიციაში, სადაც 11-საათიანი დაკითხვის შემდეგ დააკავეს კიდეც. ვინაიდან შსს-მ დავითიანის ჩვენება არ გაახმაურა, გაჩნდა ვერსია, რომ დავითიანი მეუღლის და დარეჯან კოხტაშვილის გადასარჩენად დანაშაულს თავის თავზე იღებდა (დავითიანი ამბობდა, რომ მან თავისი ხელით გადასცა უკვე შეფუთული სურათები ქალებს სტამბოლის აეროპორტში, ამიტომ მათ არ იცოდნენ, რა იდო შიგ), რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს საშუალებას აძლევდა, მიემართა მალაიზიელი კოლეგებისთვის - ნამდვილი დამნაშავე დაკავებულია და  მკაცრად დაისჯება, თქვენ კი ის ორი უდანაშაულო ქალბატონი გაათავისუფლეთო...

სავარაუდოდ, გამოძიება დავითიანს დაჰპირდა, რომ თუ მისი ჩვენების საფუძველზე მალაიზიური მხარე დავითიანის გადაცემას მოითხოვდა, მათ უარს ეტყოდნენ, რადგან სტრასბურგის სასამართლოს სტანდარტებით - ექსტრადირება უნდა აიკრძალოს, თუ პიროვნებას გარდაუვალად ემუქრება სასტიკი მოპყრობა ან სიცოცხლის მოსპობა - მალაიზიური კანონმდებლობით კი დავითიანს ასევე ჩამოხრჩობა ემუქრებოდა.

ამასობაში, ბაბუცა გორდაძის და დარეჯან კოხტაშვილის ოჯახის წევრები აცხადებდნენ, რომ ისინი უდანაშაულონი იყვნენ და ხელისუფლებას დახმარებას სთხოვდნენ. როგორც გაირკვა, დარეჯან კოხტაშვილი და ბაბუცა გორდაძე მეგობრობდნენ და ერთად მუშაობდნენ მაღაზიაში, ხოლო გორდაძის მეუღლე ელდარ დავითიანი თურქეთში ხშირად დადიოდა სამუშაოდ. როგორც კოხტაშვილის  შვილები იხსენებდნენ, დავითიანმა დარეჯანს თურქეთში მუშაობა თავად შესთავაზა.

მალაიზიურმა მხარემ დაკავებულებს ნება დართო, მათი ინტერესები ადვოკატებს დაეცვათ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დროდადრო აცხადებდა, რომ ყველა ღონეს ხმარობს  პრობლემაში გასარკვევად, თუმცა საგარეო საქმეთა მინისტრი (გრიგოლ ვაშაძე) თავის  მალაიზიელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარს ვერ ახერხებს დროში განსხვავების გამოო(?!). შემდეგ “საქმეში” გარკვევა უკრაინაში საქართველოს ელჩს, გრიგოლ ქათამაძეს მიანდვეს, რომელიც ამაოდ ცდილობდა უკრაინაში მალაიზიის ელჩთან შეხვედრას.”

დაკავებულები აცხადებდნენ, - მალაიზიაში ტურისტული მარშრუტით - სტამბოლი-კამერუნი-მონაკოს გავლით ჩავედით. სურათები კამერუნის აეროპორტში უცხო მამაკაცმა მოგვაწოდა და მალაიზიამდე წაღება გვთხოვაო. კამერუნული”ვერსია იმთავიდანვე იწვევდა ეჭვს, რადგან ელდარ დავითიანმა ჩვენების მიცემისას განაცხადა, - სურათები სტამბოლის აეროპორტში თავად გავატანეო; გარდა ამისა, გამოძიებისთვის ძნელი დასაჯერებელი იყო, რომელი ჭკუათამყოფელი გაატანდა ორ უცნობ ქალბატონს 3 მლნ დოლარის ღირებულების ტვირთს, როდესაც მათ არც ენა იცოდნენ და მალაიზიაშიც პირველად მიდიოდნენ (ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდებოდა, თუ კამერუნის აეროპორტში ქალბატონებთან შეხვედრა წინასწარ დაგეგმილი იყო  და საუბარიც მათთვის გასაგებ ენაზე გაიმართებოდა).

2010 წლის დეკემბრიდან საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები საზოგადოებას არწმუნებდნენ, რომ ჰქონდათ პირდაპირი კავშირი მალაიზიურ მხარესთან და იქაურ სამართალდამცავებს დღე-დღეზე გაუგზავნიდნენ ყველა საჭირო ინფორმაციას  და აგრეთვე ელდარ დავითიანის ჩვენებას. ასე გაგრძელდა 2011წლის მარტამდე. ხელისუფლების ბოლო ასეთი დაპირება 31 მარტს გაისმა ჯაკარტიდან. მაშინ საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილემ, დავით საყვარელიძემ მალაიზიელ კოლეგასთან რამდენიმეწუთიანი შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ქართული მხარე უახლოეს ხანში გაგზავნიდა  მალაიზიაში დავითიანის ჩვენებას და გამოძიების სხვა მასალებს, გარდა ამისა, მალაიზიაში ცნობილი გახდებოდა იმ ექსპერტიზის შედეგები, რომელსაც უნდა დაედგინა, იყო თუ არა სურათის ჩარჩოებზე დაკავებულთა თითების ანაბეჭდები.

2011 წლის 18 თებერვალს საქართველოს სასამართლომ  დიდი რაოდენობით ნარკოტიკების შენახვა, გადაზიდვა-რეალიზაციის ბრალდებით (260-ე მუხლი) ელდარ დავითიანს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

ამასობაში გაირკვა, რომ მალაიზიელი ადვოკატები დაკავებულებთან ურთიერთობას ვერ ახერხებდნენ, დარეჯან კოხტაშვილის ადვოკატი ჯაგდიჰ სინგ ნეოთვი კლიენტის მონახულებას ვერ ახერხებდა, რადგან თარჯიმანი ვერ უშოვეს(?!). რადგან დარეჯან კოხტაშვილმა რუსული იცოდა, მალაიზიაში უკრაინის საელჩოს დახმარებით, როგორც იქნა, თარჯიმნად რუსეთის მოქალაქე აიყვანეს, თუმცა სასამართლო პროცესზე კოხტაშვილის ადვოკატი იძულებული გახდა, თარჯიმნისთვის აცილება მიეცა (ენის ცუდად ცოდნის გამო,) უფრო ცუდ დღეში იყო ბაბუცა გორდაძის ადვოკატი რონი ჩამი, რომელიც ვერც ერთ ენაზე ვერ ახერხებდა კლიენტთან საუბარს(?!). ეს მაშინ, როდესაც მალაიზიაში ქართული სათვისტომო არსებობს და კუალა-ლუმპურის უნივერსიტეტში რამდენიმე ქართველ სტუდენტსაც შეხვდებით.

2011 წლის 26 აპრილს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მალაიზიელ კოლეგებთან და სამართალდამცავებთან მუშაობა არაეფექტიანი და უშედეგო აღმოჩნდა, რაც ნიშნავდა, რომ  კოტაკინაბალუს ციხეში გამომწყვდეულ  საქართველოს მოქალაქეებს სახელმწიფო ვერაფრით დაეხმარებოდა...

შემდეგ ხელისუფლებას დარეჯან კოხტაშვილი და ბაბუცა გორდაძე აღარც გახსენებია...

კოტაკინაბალუს ტყვეები”"ვარდების ხელისუფლებამ" 2012 წელს (ზუსტად ერთი წლის შემდეგ) გაიხსენა (როგორც საქმეში ჩახედულნი ამბობენ, წინასაარჩევნო პერიოდში ეს კარგად გათვლილი პიარნაბიჯი იყო) და ორიოდ კვირაში, ანუ 2012 წლის 31 მარტს საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილემ, დავით საყვარელიძემ განაცხადა: "ჩვენ შევძელით, დაგვერწმუნებინა მალაიზიელი კოლეგები, გამოეყენებინათ ჩვენი მოქალაქეების მიმართ უფრო მსუბუქი სასჯელი. 30 მარტს დარეჯან კოხტაშვილთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება და ჩამოხრჩობის ნაცვლად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, რადგან 2 უკვე მოხდილი აქვს მალაიზიის ციხეში, იქ მხოლოდ 4 წელს გაატარებს. დარწმუნებული ვარ, ასეთივე ჰუმანური იქნება სასამართლო ბაბუცა გორდაძის მიმართაც. გარწმუნებთ, მათი დაკავებიდან ორი წლის მანძილზე არ შეგვიწყვეტია მცდელობა, დაგვერწმუნებინა მალაიზიის სახელმწიფო, გამოეყენებინათ მაქსიმალურად ჰუმანური და მსუბუქი სასჯელი" (მალაიზიურ მხარეს ამ ფაქტთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია).”

დარეჯან კოხტაშვილისა და ბაბუცა გორდაძისთვის სიცოცხლის შენარჩუნებამ საზოგადოების კმაყოფილება გამოიწვია, თუმცა გაჩნდა კითხვა, როგორ მოახერხა საქართველოს ხელისუფლებამ დაერწმუნებინა მალაიზიური მხარე მაშინ, როდესაც მალაიზიური კანონმდებლობით სასამართლო არ ცნობს ნარკოტრაფიკის გამო შემამსუბუქებელ გარემოებებს, როცა თავის დროზე მალაიზიამ უარი  განაცხადა ინგლისის დედოფლის, აგრეთვე გერმანიისა და საფრანგეთის პირველი პირების თხოვნაზე - გაეთვალისწინებინა შემამსუბუქებელი გარემოებები და არ დაესაჯა სიკვდილით ნარკოტრაფიკში ეჭვმიტანილი მათი რამდენიმე მოქალაქე.

მას შემდეგ საზოგადოებას დარეჯან კოხტაშვილსა და ბაბუცა გორდაძეზე არაფერი სმენია, პროკურატურა კომენტარს არ აკეთებს, თუმცა არც წინა ხელისუფლების ვერსია უარუყვია. ელდარ დავითიანი კი დღემდე იხდის სასჯელს რუსთავის კოლონიაში.