რა ბედი ეწიათ მალაიზიაში ქართველ ტუსაღებს?
რა ბედი ეწიათ მალაიზიაში ქართველ ტუსაღებს?
"საქართველო, როგორც სახელმწიფო, შედგა და ვერ დაკარგავს თავის მოქალაქეებს. ეს არის სახელმწიფო, რომელიც ბოლომდე იბრძოლებს თითოეული ადამიანის გადასარჩენად, რადგან ჩვენ არ გვაქვს თითოეული მოქალაქის ინტერესების დაცვაზე მეტი ამბიცია".
მიხეილ სააკაშვილი

"მალაიზიაში კანონი იმიტომ არსებობს, რომ ის ყველამ უნდა დაიცვას".
მალაიზიის საგარეო საქმეთა სამინისტრო

რამდენიმე თვეა, მალაიზიაში ხმაურით მიმდინარეობს ბულგარეთის ორი მოქალაქის სასამართლო პროცესი. ისინი მალაიზიელმა სამართალდამცავებმა ქვეყნისI საერთაშორისო აეროპორტ”"სულტან ისმაილში" დააკავეს 6 კგ-მდე ამფეტამინის შემცველი აბების შემოტანის მცდელობისას. მიუხედავად იმისა,
რომ ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად არის ჩართული ამ პროცესში, მალაიზიაში ბულგარეთის საპატიო კონსული პირადად ესწრება დახურულ სასამართლო პროცესებს, მალაიზიური მხარე არ აპირებს შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებას და ბრალდებულებს ჩამოხრჩობა ემუქრებათ... ამ ამბავმა საზოგადოებას ზუსტად სამი წლის წინ მალაიზიაში მომხდარი ერთი მივიწყებული ამბავი გაახსენა, უცნაური შუქჩრდილებით...

2010 წლის 28 ოქტომბერს მალაიზიელმა სამართალდამცავებმა ადგილობრივ და უცხოურ მედიასთან შეხვედრისას განაცხადეს, რომ საერთაშორისო ნარკოტრაფიკში ჩართული განსაკუთრებით საშიში ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ჯგუფი მალაიზიაში დიდი რაოდენობით ნარკოტიკების, კერძოდ, ამფეტამინის შეტანას ცდილობდა. სპეცოპერაცია ჩატარდა ერთდროულად ორ ქალაქში. ამოიღეს დაახლოებით 12 კგ ნარკოტიკი და დაკავებულია ამ ჯგუფის ორი წევრი, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები (ქალბატონები) აღმოჩნდნენ.

37 წლის დარეჯან კოხტაშვილი სამართალდამცავებმა ქალაქ მერგანტალის აეროპორტში დააკავეს. სტამბოლიდან მალაიზიაში გამოფენაზე ჩასულ მხატვარს აეროპორტის თანამშრომლებმა საეჭვო ვერაფერი უპოვეს. მათი ყურადღება მიიქცია სურათის ჩარჩომ, რომელიც საეჭვოდ მძიმედ მოეჩვენათ. შემოწმებისას ჩარჩოებში 6 კგ-მდე ამფეტამინის შემცველი აბები აღმოჩნდა. ცოტა ხანში ქალაქის ერთ-ერთ 5-ვარსკვლავიან სასტუმროში მალაიზიელმა სამართალდამცავებმა კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე, 26 წლის ბაბუცა გორდაძე დააკავეს. მასაც სურათის ჩარჩოში  5 კგ-ზე მეტი ამფეტამინის აბები აღმოუჩინეს. ამოღებული ნარკოტიკების საბაზრო ღირებულება 3 მლნ დოლარს შეადგენდა, რაც, მალაიზიური კანონმდებლობით, სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს (ჩამოხრჩობას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე).

ამ ამბავმა საქართველოში დიდი  ვნებათაღელვა გამოიწვია, რადგან ეს ქვეყნის უახლოეს ისტორიაში პირველი პრეცედენტი იყო საერთაშორისო ნარკოტრაფიკში ქართველი ქალბატონების ჩართვისა და თანაც ასე შორს.  საზოგადოებაში გაჩნდა კითხვები, - როგორ მოხვდნენ ქალბატონები მალაიზიაში და იცოდნენ თუ არა სურათებში გადამალული ნარკოტიკების შესახებ.  მოულოდნელად ბაბუცა გორდაძის ოჯახის წევრებმა განაცხადეს, - მომხდართან ბაბუცას მეუღლე გიორგი (ელდარ) დავითიანი იქნება დაკავშირებულიო, რადგან სწორედ მან წაიყვანა მეუღლე და მისი მეგობარი (დარეჯან კოხტაშვილი) თურქეთში სამუშაოდ. სანამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დუმილს ამჯობინებდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბაბუცა გორდაძის ოჯახის განცხადების საფუძველზე ელდარ დავითიანზე ძებნა გამოაცხადა.

2010 წლის 1-ელ ნოემბერს, გვიან ღამით, კოხტაშვილების სახლში სტამბოლიდან ტელეფონის ზარი გაისმა, - ნუ დაიჯერებთ, რასაც ტელევიზორში ამბობენ. მე არ ვარ დამნაშავე, თუ საშუალება მექნება, კიდევ შეგეხმიანებითო და ელდარ დავითიანმა ტელეფონი გათიშა...

5 ნოემბერს მალაიზიაში, ქალაქ კოტაკინაბალუში დარეჯან კოხტაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა, რომელსაც ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით (ნარკოტრაფიკი), რაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ჩამოხრჩობას ითვალისწინებდა; ამავე მუხლით წარედგინა ბრალი ბაბუცა გორდაძესაც. იმავე დღეს, მოულოდნელად, თბილისში სტამბოლიდან ელდარ დავითიანი ჩამოფრინდა და ტელეკამერის წინ განაცხადა, რომ ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც მალაიზიურ გამოძიებას სიმართლის დადგენაში დაეხმარებოდა. 6 ნოემბერს დავითიანი  ნებაყოფლობით გამოცხადდა პოლიციაში, სადაც 11-საათიანი დაკითხვის შემდეგ დააკავეს კიდეც. ვინაიდან შსს-მ დავითიანის ჩვენება არ გაახმაურა, გაჩნდა ვერსია, რომ დავითიანი მეუღლის და დარეჯან კოხტაშვილის გადასარჩენად დანაშაულს თავის თავზე იღებდა (დავითიანი ამბობდა, რომ მან თავისი ხელით გადასცა უკვე შეფუთული სურათები ქალებს სტამბოლის აეროპორტში, ამიტომ მათ არ იცოდნენ, რა იდო შიგ), რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს საშუალებას აძლევდა, მიემართა მალაიზიელი კოლეგებისთვის - ნამდვილი დამნაშავე დაკავებულია და  მკაცრად დაისჯება, თქვენ კი ის ორი უდანაშაულო ქალბატონი გაათავისუფლეთო...

სავარაუდოდ, გამოძიება დავითიანს დაჰპირდა, რომ თუ მისი ჩვენების საფუძველზე მალაიზიური მხარე დავითიანის გადაცემას მოითხოვდა, მათ უარს ეტყოდნენ, რადგან სტრასბურგის სასამართლოს სტანდარტებით - ექსტრადირება უნდა აიკრძალოს, თუ პიროვნებას გარდაუვალად ემუქრება სასტიკი მოპყრობა ან სიცოცხლის მოსპობა - მალაიზიური კანონმდებლობით კი დავითიანს ასევე ჩამოხრჩობა ემუქრებოდა.

ამასობაში, ბაბუცა გორდაძის და დარეჯან კოხტაშვილის ოჯახის წევრები აცხადებდნენ, რომ ისინი უდანაშაულონი იყვნენ და ხელისუფლებას დახმარებას სთხოვდნენ. როგორც გაირკვა, დარეჯან კოხტაშვილი და ბაბუცა გორდაძე მეგობრობდნენ და ერთად მუშაობდნენ მაღაზიაში, ხოლო გორდაძის მეუღლე ელდარ დავითიანი თურქეთში ხშირად დადიოდა სამუშაოდ. როგორც კოხტაშვილის  შვილები იხსენებდნენ, დავითიანმა დარეჯანს თურქეთში მუშაობა თავად შესთავაზა.

მალაიზიურმა მხარემ დაკავებულებს ნება დართო, მათი ინტერესები ადვოკატებს დაეცვათ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დროდადრო აცხადებდა, რომ ყველა ღონეს ხმარობს  პრობლემაში გასარკვევად, თუმცა საგარეო საქმეთა მინისტრი (გრიგოლ ვაშაძე) თავის  მალაიზიელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარს ვერ ახერხებს დროში განსხვავების გამოო(?!). შემდეგ “საქმეში” გარკვევა უკრაინაში საქართველოს ელჩს, გრიგოლ ქათამაძეს მიანდვეს, რომელიც ამაოდ ცდილობდა უკრაინაში მალაიზიის ელჩთან შეხვედრას.”

დაკავებულები აცხადებდნენ, - მალაიზიაში ტურისტული მარშრუტით - სტამბოლი-კამერუნი-მონაკოს გავლით ჩავედით. სურათები კამერუნის აეროპორტში უცხო მამაკაცმა მოგვაწოდა და მალაიზიამდე წაღება გვთხოვაო. კამერუნული”ვერსია იმთავიდანვე იწვევდა ეჭვს, რადგან ელდარ დავითიანმა ჩვენების მიცემისას განაცხადა, - სურათები სტამბოლის აეროპორტში თავად გავატანეო; გარდა ამისა, გამოძიებისთვის ძნელი დასაჯერებელი იყო, რომელი ჭკუათამყოფელი გაატანდა ორ უცნობ ქალბატონს 3 მლნ დოლარის ღირებულების ტვირთს, როდესაც მათ არც ენა იცოდნენ და მალაიზიაშიც პირველად მიდიოდნენ (ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდებოდა, თუ კამერუნის აეროპორტში ქალბატონებთან შეხვედრა წინასწარ დაგეგმილი იყო  და საუბარიც მათთვის გასაგებ ენაზე გაიმართებოდა).

2010 წლის დეკემბრიდან საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები საზოგადოებას არწმუნებდნენ, რომ ჰქონდათ პირდაპირი კავშირი მალაიზიურ მხარესთან და იქაურ სამართალდამცავებს დღე-დღეზე გაუგზავნიდნენ ყველა საჭირო ინფორმაციას  და აგრეთვე ელდარ დავითიანის ჩვენებას. ასე გაგრძელდა 2011წლის მარტამდე. ხელისუფლების ბოლო ასეთი დაპირება 31 მარტს გაისმა ჯაკარტიდან. მაშინ საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილემ, დავით საყვარელიძემ მალაიზიელ კოლეგასთან რამდენიმეწუთიანი შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ქართული მხარე უახლოეს ხანში გაგზავნიდა  მალაიზიაში დავითიანის ჩვენებას და გამოძიების სხვა მასალებს, გარდა ამისა, მალაიზიაში ცნობილი გახდებოდა იმ ექსპერტიზის შედეგები, რომელსაც უნდა დაედგინა, იყო თუ არა სურათის ჩარჩოებზე დაკავებულთა თითების ანაბეჭდები.
2011 წლის 18 თებერვალს საქართველოს სასამართლომ  დიდი რაოდენობით ნარკოტიკების შენახვა, გადაზიდვა-რეალიზაციის ბრალდებით (260-ე მუხლი) ელდარ დავითიანს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

ამასობაში გაირკვა, რომ მალაიზიელი ადვოკატები დაკავებულებთან ურთიერთობას ვერ ახერხებდნენ, დარეჯან კოხტაშვილის ადვოკატი ჯაგდიჰ სინგ ნეოთვი კლიენტის მონახულებას ვერ ახერხებდა, რადგან თარჯიმანი ვერ უშოვეს(?!). რადგან დარეჯან კოხტაშვილმა რუსული იცოდა, მალაიზიაში უკრაინის საელჩოს დახმარებით, როგორც იქნა, თარჯიმნად რუსეთის მოქალაქე აიყვანეს, თუმცა სასამართლო პროცესზე კოხტაშვილის ადვოკატი იძულებული გახდა, თარჯიმნისთვის აცილება მიეცა (ენის ცუდად ცოდნის გამო,) უფრო ცუდ დღეში იყო ბაბუცა გორდაძის ადვოკატი რონი ჩამი, რომელიც ვერც ერთ ენაზე ვერ ახერხებდა კლიენტთან საუბარს(?!). ეს მაშინ, როდესაც მალაიზიაში ქართული სათვისტომო არსებობს და კუალა-ლუმპურის უნივერსიტეტში რამდენიმე ქართველ სტუდენტსაც შეხვდებით.

2011 წლის 26 აპრილს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მალაიზიელ კოლეგებთან და სამართალდამცავებთან მუშაობა არაეფექტიანი და უშედეგო აღმოჩნდა, რაც ნიშნავდა, რომ  კოტაკინაბალუს ციხეში გამომწყვდეულ  საქართველოს მოქალაქეებს სახელმწიფო ვერაფრით დაეხმარებოდა...

შემდეგ ხელისუფლებას დარეჯან კოხტაშვილი და ბაბუცა გორდაძე აღარც გახსენებია...
კოტაკინაბალუს ტყვეები”"ვარდების ხელისუფლებამ" 2012 წელს (ზუსტად ერთი წლის შემდეგ) გაიხსენა (როგორც საქმეში ჩახედულნი ამბობენ, წინასაარჩევნო პერიოდში ეს კარგად გათვლილი პიარნაბიჯი იყო) და ორიოდ კვირაში, ანუ 2012 წლის 31 მარტს საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილემ, დავით საყვარელიძემ განაცხადა: "ჩვენ შევძელით, დაგვერწმუნებინა მალაიზიელი კოლეგები, გამოეყენებინათ ჩვენი მოქალაქეების მიმართ უფრო მსუბუქი სასჯელი. 30 მარტს დარეჯან კოხტაშვილთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება და ჩამოხრჩობის ნაცვლად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, რადგან 2 უკვე მოხდილი აქვს მალაიზიის ციხეში, იქ მხოლოდ 4 წელს გაატარებს. დარწმუნებული ვარ, ასეთივე ჰუმანური იქნება სასამართლო ბაბუცა გორდაძის მიმართაც. გარწმუნებთ, მათი დაკავებიდან ორი წლის მანძილზე არ შეგვიწყვეტია მცდელობა, დაგვერწმუნებინა მალაიზიის სახელმწიფო, გამოეყენებინათ მაქსიმალურად ჰუმანური და მსუბუქი სასჯელი" (მალაიზიურ მხარეს ამ ფაქტთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია).”

დარეჯან კოხტაშვილისა და ბაბუცა გორდაძისთვის სიცოცხლის შენარჩუნებამ საზოგადოების კმაყოფილება გამოიწვია, თუმცა გაჩნდა კითხვა, როგორ მოახერხა საქართველოს ხელისუფლებამ დაერწმუნებინა მალაიზიური მხარე მაშინ, როდესაც მალაიზიური კანონმდებლობით სასამართლო არ ცნობს ნარკოტრაფიკის გამო შემამსუბუქებელ გარემოებებს, როცა თავის დროზე მალაიზიამ უარი  განაცხადა ინგლისის დედოფლის, აგრეთვე გერმანიისა და საფრანგეთის პირველი პირების თხოვნაზე - გაეთვალისწინებინა შემამსუბუქებელი გარემოებები და არ დაესაჯა სიკვდილით ნარკოტრაფიკში ეჭვმიტანილი მათი რამდენიმე მოქალაქე.

მას შემდეგ საზოგადოებას დარეჯან კოხტაშვილსა და ბაბუცა გორდაძეზე არაფერი სმენია, პროკურატურა კომენტარს არ აკეთებს, თუმცა არც წინა ხელისუფლების ვერსია უარუყვია. ელდარ დავითიანი კი დღემდე იხდის სასჯელს რუსთავის კოლონიაში.
მკითხველის კომენტარი (12)
sos
20 იანვარი 2014 18:25
ჩემი აზრით ჟურნალისტი სწორად წერს ყველაფერს.მათი მოვალეობაა თემა წამოწიონ წინ,ხმაური ატეხონ,საზოგადოებას რაღაცა ინფორმაცია მიაწოდონ რომ საქმით ვიღაც დაინტერესდეს,რაღაცა დადებითი მოიტანოს,ვიღაცას ეშველოს,რაღაცას სინათლე მოეფინოს.თუმცა სააკაშვილის "ჟურნალისტები"მხოლოდ პიარზე მუშაობდნენ,რომელთაც შეცდომაში შეყავდათ ხალხი და ჩაგრულს სიმართლის გზას უმრუდებდნენ,იმიტომ რომ მათ დამკვეთსა და მამა-მარჩენალს ასე აწყობდა.ისე მიუხედავად იმისა რომ ნარკოტიკებით მოვაჭრეები მართლა არ არიან შეწყალების ღირსნი,მაინც მეცოდებიან ის ქალბატონები და მაინტერესებს მათი ბედი;ხომ შეიძლება მართლაც არაფერი იცოდნენ?
lasha
02 დეკემბერი 2013 13:14
აქ ჟურნალისტს სულ არ აინტერესებს ქართველი ქალბატონების ბედი, აქ მთავარია ხელისუფლება დაადანაშაულო რაიმეში, ინტრიგა შემატო სტატიას, რომელსაც გარკვეული არც თავი აქვს და არც ბოლო, საფიქრალს უტოვებს ხალხს და ხალხიც, თავისი გაქანების და შესაძლებლობის მიხედვით, იმპროვიზაციას გაუკეთებს ტექსტს, ამოაკლებს ან დაამატებს რაღაცას, გააავრცელებს მერე და ბოლოს, შეიძლება სტატიის ავტორამდე ისეთი შეცვლილი მივიდეს ამბავი, ახალი სტატიის დაწერა გადაწყვიტოს :)
შორენა
06 ნოემბერი 2013 15:56
რას იქექებით ეს ჟურნალისტები? ჩვენ ქართველებს უფალმა წყალობით გადმოხედა და გადარჩნენ, რა გინდათ???
საქართვერლოში იმდენი აქტუალური პრობლემაა, რაც მოსაგვარებელია, აწიდა ის გააშუქეთ, წარსულში არ იქექოთ
nati
05 ნოემბერი 2013 20:52
ეს არის მოყვარული "ჟურნალისტის" სტატია.ერთადერთი ამ სატატიაში დადებითი არის ის,რომ ჩვენი ქალების ბედით დააინტერესეს ხალხი.რა ბედი ეწიათ ქალბატონებს ამაზე ვერაფერს გეტყვიან იმიტომ,რომ გაგებაში არ არიან მაგ საქმის.ისე საინტერესოა ჩვენებს სიკვდილის მაგივრად 6 და 5 წელს აძლევენ და სხვა ერის მოქალაქეებს სიკვდილით სჯიან,თან მითუმეტეს თარჯიმნების "პრობლემა" ჰქონიათ.იქნებ წესიერად გაგვაგებინოთ მათი ამბავი??? ქულებს კი იწერდნენ,როცა სჭირდებოდათ G-ნაცები!!!!!
nino burchuladze
05 ნოემბერი 2013 10:28
ეს ფაქტი იმიტომ გავიხსენეთ რომ იმ ორ ქალბატონზე ერთ წელზე მეტია არაფერი გავიგია, სამწუხაროდ მათი ოჯახის წევრებიც მედიიდან იღებდნენ ხოლმე ინფორმაციებს დაკავებულების შესახებ და სხვა წყაროები არ გააჩნდათ,(ფინანსურად ძალიან შეჭირვებულები არიან),სტატიის დაწერის ერთ ერთი მიზანი ისიც იყო იქნებ გამოგვეხმაუროს რომელიმე უწყება,ან კვლავ დაინტერესდეს საგარეო საქმეთა სამინისტრო დარეჯან კოხტაშვილის და ბაბუცა გორდაძის ბედით. და რაიმე უკვე დაზუსტებული ინფორაცია მოგვაწოდონ,,ვწუხვარ თუ სტატიამ დაუმთავრებელის შთაბეჭდილება დაგიტოვათ,(აქ ჩემი არაპროფესიონალიზმი არაფერ შუაშია) უბრალოდ ამ ქალბატონების საქმე ინფორმაციის სიმწირის გამო თავად სტოვებს დაუმთავრებელის შთბეჭდილებას. დიდი მადლობა ყურადსაღები კომენტარებსათვის.
.
05 ნოემბერი 2013 02:40
რა არის ამაში გაუგებარი? ორივე ქალბატონი ცოცხალია და სასჯელს იხდის წინა ხელისუფლების ძალისხმევის წყალობით და ეს ამ სტატიის ავტორმაც კარგად იცის.
თეო
04 ნოემბერი 2013 19:24
ბოლო-ბოლო როგორ დამთავრდა ეს ისტორია, რა ბედი ეწიათ დაკავებულებს
nona
04 ნოემბერი 2013 18:53
რა საინტერესოა, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი დროში სხვაობის გამო დაკავშირებას ვერ ახერხებს მალაიზიის მთავრობასთანო. კი მაგრამ, რომ დასჭირვებოდა დროში განსხვავებას ექნებოდა მნიშვნელობა ამერიკის მთავრობის რომელიმე წარმომადგენელთან სასაუბროდ? ან კიდევ ერთი ღამე გაეთენებინა და როგორმე დალაპარაკებოდა ვინმეს, აქ ხომ ადამიანის, თან ახალგაზრდა ქაკლბატონების სიცოცხლეზე იყო საუბარი. მეორე - შეიძლება "სახელმწიფომ" რომელსაც პრეტენზია აქვს რომ წარმოადგენს "დემოკრატიის შუქურას" ერთი თარჯიმანი ვეღარ იპოვა მსოფლიოში? სავარაუდოდ, არ სურდათ, რომ იქ მყოფ ქართველ სტუდენტებს სიმართლე გაეგოთ.
მე შთაბეჭდილება მრჩება, რომ ამ ქალბატონების მიმართ განაჩენი სისრულეშია მოყვანილი. ამდენი უაზრო წერილების ბეჭვდას, უმჯობესი იქნებოდა ჟურნალისტები დაკავშირებოდნენ ამ ქალბატონების ოჯახებს და იქნებ მათთგან გაგვეგო ქალბატონების შესახებ რამე.
ნატალი
04 ნოემბერი 2013 17:49
ამხელა სტატია წავიკიტხე და ბოლო-ბოლო გამაგებინეთ,რა ბედი ეწიათ ამქაებს,რისი თქმა უნდოდა ჟურნალისტს,არც ერთი სათაური და შინაარსი არ ემთხვევა ერთმანეტს,დაგვაინტრიგეს უბრალოდ
avto
04 ნოემბერი 2013 17:47
მერე რისი ტკმა გინდა, უნდა ცჰამოეხცჰოტ და სააკასვილის მტავრობამ დაასავა რომ გადაარცჰინატ?


რუბრიკის სხვა სიახლეები
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თვის კითხვადი სტატიები