ბომბი "ბოროტასთვის"
09-12-2013
ბომბი "ბოროტასთვის"
ახმეტაში ქუჩური გარჩევები და კაცის დაჭრა აღარავის უკვირს

დათა ახალაია: "ლაფანყურის ავანტიურა ჩემი ძმის წინააღმდეგ დაგეგმა და გიორგი ლორთქიფანიძის ხელით განახორციელა ვანო მერაბიშვილმა, გაწირა რა ჩვენი თანამებრძოლები, უკიდურესად დაგვიძაბა ურთიერთობა ჩვენს ქისტ ძმებთან"



"დათო ლორთქიფანიძის გარეშე ახმეტის რაიონში არაფერი ხდებოდა. ვერც თანამდებობაზე დაინიშნებოდა ვინმე და ვერც სხვა რამ გაკეთდებოდა. ახმეტა მისი იყო და ამ რაიონში ყველაფერი მისი მეთვალყურეობით კეთდებოდა. ამას დავით ლორთქიფანიძე პირად საუბრებშიც ხშირად ამბობდა".
ირაკლი გრძელივანიშვილი, პოლიტპატიმარი

"ჩემ
მიმართ განხორციელებული ყველა სიბინძურის ერთ-ერთი შემოქმედი გია ლორთქიფანიძე გახლავთ. რა უნდა ვთქვა იმ კაცზე, რომელსაც მეტსახელად "ბოროტა" შეარქვეს, ამით ამაყობს კიდეც, - მე ბოროტა ვარო".
გენერალი თამაზ თამაზაშვილი, 29 მაისი, 2013 წ., გაზ. "ყველა სიახლე"

"გია ლორთქიფანიძე (მერაბიშვილის მოადგილე) ჩემთან მუშაობდა, თავისი სიალალის გამო "ალალოს"
ვეძახდით, სააკაშვილის დროს კი "ბოროტა" გახდა
ვალერი ხაბურძანია, 4 თებერვალი, 2013 წ..

2013 წლის 30 ნოემბერს, საღამოს, ახმეტაში, ფალიაშვილის ქუჩაზე, ძმებ დათო და გია ლორთქიფანიძეების სახლებთან, საერთო ეზოს შესასვლელში ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს. ამ შემთხვევის გამო პოლიციას რამდენიმე საათი ახლომახლო ქუჩები გადაკეტილი ჰქონდა და დიდხანს ამაოდ დაეძებდა ტერორისტის”კვალს. ჯერჯერობით უცნობია, როგორ მოხვდა ბომბი პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნების სახლთან. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, ბომბის შესახებ ცენტრის თანამშრომლებს ვაღაცამ” წინასწარ შეატყობინაო (ერთი ვერსიით, თავად "ტერორისტმა"). ამ ამბავს ციხიდან დაუყოვნებლივ გამოეხმაურა ყოფილი პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი:

"მინდა შეშფოთება გამოვთქვა ჩემს ყოფილ მოადგილესა და მეგობარზე გია ლორთქიფანიძეზე დაგეგმილი თავდასხმის გამო. როგორც ცნობილია, გიასა და მისი ოჯახის სახლთან ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს. თანადგომას ვუცხადებ გიას და იმედი მაქვს, დამნაშავეებს დროულად დააკავებენ".”

ბოლო დროს ახმეტა რაიონული მასშტაბის კრიმინალური გარჩევების ცენტრად იქცა. ამას პირად საუბრებში არც სამართალდამცავები მალავენ. მართალია, ამნისტიით გათავისუფლებულმა ადგილობრივმა კრიმინალურმა ავტორიტეტებმა საქართველო კარგა ხანია დატოვეს, მაგრამ რაიონში მომრავლებული ქურდული სამყაროს”წვრილფეხობა ქუჩაში”გავლენის მოსაპოვებლად უკვე აშკარად იბრძვის; ამიტომ ახმეტაში ქუჩური გარჩევები და კაცის დაჭრა აღარავის უკვირს. თუმცა შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის სახლთან ბომბის დადება დამნაშავეთათვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა. ვისი სამიზნეები გახდნენ ძმები ლორთქიფანიძეები, რომლებიც წლების განმავლობაში "ახმეტის მოურავებად" ითვლებოდნენ? ამ კითხვას ლორთქიფანიძეებიც ვერ პასუხობენ; მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ მათმა სახელებმა ბოლო დროის ყველაზე რეზონანსულ საქმეებში ძალიან საეჭვოდ გაიჟღერა, ლორთქიფანიძეებთან ანგარიშსწორების სურვილი ბევრს უნდა ჰქონდეს.
ერთ-ერთი Gგავრცელებული ვერსიით, მომხდარი ე.წ. "ჩეჩნების შურისძიებას" უკავშირდება.

2012 წლის აგვისტოს ბოლოს ლაფანყურში განვითარებულ მოვლენებს 13 კაცის სიცოცხლე შეეწირა (ლოპოტის ხეობაში ჩატარებულ სამხედრო სპეცოპერაციას ათი მეომარი ემსხვერპლა, მათ შორის ორი საქართველოს მოქალაქე), აგრეთვე ორი სპეცდანიშნულების რაზმის წევრი და ერთი სამხედრო ექიმი.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, გია ლორთქიფანიძის, იმავე "ბოროტას" სახელმა (ხშირად ერევათ ვერის საძმო "ბოროტებში") ლაფანყურის საქმეში მოგვიანებით გაიჟღერა, როდესაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ ლოპოტის ხეობაში დახოცილი მეომრები ჩრდილო კავკასიიდან შემოსული "ბოევიკები" კი არა, საქართველო-დაღესტნის საზღვრისკენ მიმავალი ქისტი ახალგაზრდები იყვნენ. პანკისის ხეობაში ამბობდნენ, რომ ისინი (და არა მარტო ისინი) სწორედ გია ლორთქიფანიძემ ჩამოიყვანა, რომლებსაც შემდეგ რამდენიმე თვე კახეთში, შაქრიანის ბაზაზე ამზადებდნენ და დაღესტანში გადასასვლელად დერეფანსაც სწორედ ის დაჰპირდაო. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის გარდა, სახელდებოდა მისი ძმა, დავით ლორთქიფანიძეც, რომელიც იმ დროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის კახეთის სამხარეო სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო.

მალე ლაფანყურის მოვლენებს გამოეხმაურა კავკასიის იმარათი - გაავრცელა განცხადება, რომელშიც მომხდარს კარგად დაგეგმილი პროვოკაცია უწოდა. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ამ საქმეს აუცილებლად გამოიძიებდნენ და ღალატის დამტკიცების შემთხვევაში გია ლორთქიფანიძესა და მის თანამოაზრეებს სასჯელი არ ასცდებოდათ (მუქარა ძალაში რჩება).”
იმას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო გარკვეული თანხის საფასურად ჩრდილოკავკასიელ მებრძოლებს საქართველო-დაღესტნის საზღვრის უსაფრთხოდ გადაკვეთის გარანტიას აძლევდა, აღარც ექსპერტები უარყოფდნენ. თუმცა გია ლორთქიფანიძე ამ ინფორმაციას აბსურდულს უწოდებდა და მოსახლეობას არწმუნებდა, ლაფანყურის მოვლენებთან საერთო არაფერი მაქვსო. საბოლოოდ, შურისძიების მომლოდინე ჩეჩნებიც და ჩვენი საზოგადოებაც ლაფანყურის საქმის გამოძიების დასრულებას ელოდნენ, მოულოდნელად, 2013 წლის 15 აპრილს "ფეისბუკში" გამოჩნდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, დათა ახალაიას განცხადება, სადაც ამხილა გია ლორთქიფანიძე.

"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: გამაჩნია მტკიცებულებები, რომ ლაფანყურის ავანტიურა ჩემი ძმის, ბაჩო ახალაიას (ის შინაგან საქმეთა მინისტრად ახალი დანიშნული იყო. - ავტ.) წინააღმდეგ დაგეგმა და გიორგი ლორთქიფანიძის ხელით განახორციელა ვანო მერაბიშვილმა, გაწირა რა ჩვენი თანამებრძოლები, უკიდურესად დაგვიძაბა ურთიერთობა ჩვენს ქისტ ძმებთან, რეალური საშიშროების წინაშე დააყენა ქვეყნის უსაფრთხოება და ქვეყნის იმიჯი".

ამ განცხადებამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია პოლიტიკურ წრეებში. ახალაიების ოჯახის წევრები და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები ჯიუტად ამტკიცებდნენ, რომ სოციალური ქსელებით გავრცელებული განცხადების ტექსტი დათა ახალაიას არ ეკუთვნოდა. თუმცა საწინააღმდეგოს ამბობდა მისი ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი - განცხადება მართლაც დათა ახალაიას დაწერილიაო, რაც კვლავ უარყო გია ლორთქიფანიძემ. მან მედიას განუცხადა, რომ თანამშრომლობდა ლაფანყურის საქმის საგამოძიებო ჯგუფთან და სიმართლე მალე გახდებოდა ცნობილი.
სანამ გამოძიება ამაოდ ცდილობს დაადგინოს, რა მოხდა სინამდვილეში ლოპოტაში, მედიაში დროდადრო ჩნდება განცხადებები ჩრდილოკავკასიელების გარდაუვალი შურისძIიების შესახებ.

პანკისის ხეობაში ფიქრობენ, რომ ახმეტაში აღმოჩენილ ბომბს საერთო არაფერი აქვს კავკასიურ შურისძიებასთან. რადგან სურვილის შემთხვევაში ჩეჩნები მხოლოდ ბომბის დადებით არ დაკმაყოფილდებოდნენ...
Mმეორე ვერსიით, ლორთქიფანიძეების სახლთან აღმოჩენილი ასაფეთქებელი მოწყობილობა კრიმინალური სამყაროს ნახელავია და ეს, სავარაუდოდ, გია ლორთქიფანიძის სასჯელაღსრულების სამინისტროში მუშაობას უკავშირდება. თუმცა საქმეში ჩახედულნი ამბობენ, ეს ვერსია დამაჯერებლობას მოკლებულია, რადგან გია ლორთქიფანიძე სასჯელაღსრულების მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად 2012 წლის 19 სექტემბერს დაინიშნა ხათუნა კალმახელიძის პოსტიდან წასვლის შემდეგ და ამ თანამდებობაზე ორიოდ კვირა დაჰყო. ვინაიდან ციხის სკანდალი უკვე აგორებული იყო, ახალდანიშნულ ლორთქიფანიძეს პატიმრების საწამებლად დრო უბრალოდ არ ექნებოდა.

მესამე ვერსიით, მომხდარის უკან შესაძლოა, ბიზნესინტერესები იდგეს. წლების განმავლობაში ძმები ლორთქიფანიძეები ხეტყის ბიზნესის მონოპოლისტები იყვნენ ახმეტის რაიონში, სადაც მათი რამდენიმე საამქრო უკანონოდ ამუშავებდა ხეტყეს. მიუხედავად იმისა, რომ ამის შესახებ მედია ვრცელ განცხადებებს აკეთებდა, ხელისუფლება ყურს არ იბერტყავდა, მეტიც: 2012 წლის 27 აგვისტოს, როდესაც სტუდია GNS-ის ჟურნალისტები სიუჟეტს ამზადებდნენ ახმეტის რაიონში ხეტყის უკანონო ჩეხაზე, მიადგნენ ოსიკო და ნოდარ ჭიჭიაშვილების ხეტყის გადამმუშავებელ საწარმოს, რომელიც ლორთქიფანიძეების ხელდასხმით უკანონოდ ამუშავებდა ნედლეულს. ისინი მოულოდნელად მეპატრონეებმა შეამჩნიეს და ისე სცემეს, ერთი მათგანი საავადმყოფოშიც კი მოხვდა. დაუმტვრიეს ვიდეოკამერაც.

ჟურნალისტთა ცემის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, მაგრამ ჭიჭიაშვილები არავის დაუსჯია.
2012 წლის 29 ნოემბერს კახეთის საოლქო პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების გამო დავით ლორთქიფანიძე დააკავა. როგორც გაირკვა, მან ერთი ბიზნესმენი აიძულა, ეყიდა რამდენიმე ძვირად ღირებული მანქანა და შემდეგ აჩუქებინა კერძო პირისთვის. გარდა ამისა, ლორთქიფანიძემ "ხელგაშლილ" მსხვერპლს სოლიდური თანხაც ჩაარიცხვინა ერთ-ერთი, მAაშინდელი მთავრობისადმი აშკარა სიმპათიით განწყობილი გაზეთის ანგარიშზე... უნდა ითქვას, რომ დათო ლორთქიფანიძის გვარი სახელდება მრავალი ოპოზიციურად განწყობილი ადამიანის უკანონოდ დაჭერაში, გია ლორთქიფანიძე კი ფიგურირებდა გენერალ თამაზ თამაზაშვილის დაკავების საქმეშიც. მოგვიანებით თამაზაშვილი აცხადებდა, - სწორედ გია ლორთქიფანიძის სცენარით ჩამიდეს იარაღი 2011 წლის ოქტომბერში და დამაკავეს კიდეც, ხოლო 2012 წლის მიწურულს, როცა ჩემი დაკავების საქმეზე გამოძიება დაიწყო, ლორთქიფანიძე თავის დაძვრენას ცდილობდაო.

"პოლიციელები თითქოს სიმართლის თქმას აპირებდნენ, მაგრამ როცა იარაღის ჩადებაზე უნდა დაეწერათ ჩვენება, ბოლო მომენტში თავს იკავებდნენ. მათი დირიჟორი ვანო მერაბიშვილის მოადგილე გია ლორთქიფანიძე იყო, რომელიც ამ ადამიანებს ხვდებოდა და მათთან ერთად აწყობდა გეგმებს, როგორ მოქცეულიყვნენ, რა ჩვენებები მიეცათ. მაქვს ინფორმაცია, რომ მერაბიშვილი და ლორთქიფანიძე პოლიციელებს დუმილის საფასურად ფულს უხდიდნენ".

თამაზ თამაზაშვილი, მაისი, 2013 წ., გაზ. "ყველა სიახლე".

ძმები ლორთქიფანიძეების ეზოში აღმოჩენილ ბომბთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, თუმცა გამოძიება დეტალებს არ ახმაურებს. დუმილს ამჯობინებენ ლორთქიფანიძეებიც... ჭორებს თუ დავუჯერებთ, ლორთქიფანიძეების აფეთქება არც არავის უნდოდა, ისინი, უბრალოდ, გააფრთხილეს, რომ რაიონს ახლა უკვე ახალი, სულ სხვა მოურავი ჰყავს...
ANDRO
11 თებერვალი 2014 01:15
თამაზაშვილზე კარგის მეტი არაფერი გამიგია, რატომ მოიხსენიბს რეზო ასე ირონიით. რაც შეეხება დაღუპულ ქისტებს ისინი ნამუსიანად მოქცეულან,შემთხვევით შეხვედრილ ახალგაზრდებს გაუმასპინძლდნენ, დაასაჩუქრეს და არაფერი არაკაცური მათ არ გაუკეთებიათ. მერაბიშვილ-ახალაიები და მათი სპეცრაზმი კი ლაჩრულად და სამარცხვინოდ მოიქცა.აუცილებლად უნდა დაისაჯონ, სააკაშვილის თამადობით.
Tengo
28 დეკემბერი 2013 00:36
ვაი თქვენს პატრონს, ხაბურზანია და თამაზაშვილი მოგყავთ ციტატების ავტორად, თითქოს ტავად მამააბრამის ბატკნები იყვნენ... უკვე გული მერევა ამ ყველაფერზე... ეს "ბომბი ბოროტასათვის" სერიალი რა ნაგავიც ყოფილა ეხლა დავრწმუნდი. როგორ შეიძლება ამ სისულელეების სერიოზულად მიღება - აშკარა პროვოკაციაა და ვიღაცას ემსაცურება ამ სტატიების ავტორი.
Hamzat
19 დეკემბერი 2013 03:23
Rezo!10 ტერორისტი კი არა 10 ვაჯკაცი ემსხვერპლა შენისთანა ბანდიტებისგან!შენისთანებისგან მეტი რა უნდა ელოდოს ადამიანმა ღალატის გარდა!რაც მე მახსოვხართ ქართველები ღალატის მეტი არაფერი მსმენია და არაფერი დამინახია თქვენგან!ყველაფერს თავისი დრო აქვს,მოვა დრო და პასუხს აგებენ ეგ ურწმუნო მოგალატე ბანდიტები!

რედაქტორის რჩევით