"საფრანგეთის ციხეები მათთვის 5-ვარსკვლავიანი სასტუმროებია" - როგორ დაიპყრო ქართულმა მაფიამ ევროპა - კვირის პალიტრა

"საფრანგეთის ციხეები მათთვის 5-ვარსკვლავიანი სასტუმროებია" - როგორ დაიპყრო ქართულმა მაფიამ ევროპა

"რუსული მაფია საფრანგეთში ქართული აქცენტით საუბრობს". ჟურნალი "პუენი"

"9 წლის წინ, ლაჟვარდოვანი სანაპიროს სასახლეში შეიკრიბნენ "კანონიერი ქურდები". აგრეთვე კორსიკული, კალაბრიული და ნეაპოლიტანური მაფიის ბოსები და ხელი მოეწერა ერთგვარ”მაასტრიხტის ხელშეკრულებას”(1992 წელს მაასტრიხტის ხელშეკრულებამ საფუძველი დაუდო ევროკავშირს. - ავტ.), მაგრამ ახლა ეს მშვიდობა დაირღვა, რადგან ქართველ "კანონიერ ქურდებს" საკუთარი მენტალობა მშვიდად ცხოვრების საშუალებას არ აძლევს".

ჟერომ პიერი, ორგანიზებული დანაშაულის ექსპერტი, 2012 წ.

"გაეროს მონაცემებით, მაფიის ტვირთბრუნვა (უმთავრესად იგულისხმება რუსული მაფია, თავისი ქართული შტოებით) ყოველწლიურად 1 ტრილიონ დოლარს შეადგენს, მხოლოდ პროსტიტუციას ევროპაში მაფიისთვის 3 მლრდ დოლარის მოგება მოაქვს, ჰეროინით ვაჭრობას - 55 მლრდ (აქედან 20 მლრდ რუსეთში), კონტრაფაქტურის რეალიზაციას - 10 მლრდ, იარაღით უკანონო ვაჭრობას - 120-350 მლნ დოლარი. მაფია ცალკე სახელმწიფო რომ იყოს, თავისი ფინანსური რესურსების წყალობით, აუცილებლად მიიღებდნენ "დიდი რვიანის" რიგებში".

გამოცემა "ინოპრესი"

2013 წლის 12 დეკემბერს დანიელმა და ფრანგმა სამართალდამცავებმა 21 ქართველი დააკავეს. ისინი იმ 60-კაციანი კრიმინალური დაჯგუფების წევრები არიან, რომელსაც საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში 2 ათასამდე ძარცვაში ედება ბრალი. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაკავებულია რამდენიმე ქალბატონიც. ბანდის საქმიანობას სამართალდამცავები ჯერ კიდევ 2010 წლიდან ადევნებდნენ თვალს.

სამწუხაროდ, მომხდარი პირველი შემთხვევა არ არის. სამართალდამცავები ქართული მაფიის (ბოლო ხანს ევროპაში დამკვიდრდა ცნება - "ქართული მაფია" და არა ზოგადად "რუსული", როგორც ადრე მოიხსენიებდნენ ხოლმე) წინააღმდეგ დროდადრო სპეცოპერაციებს ატარებენ ხოლმე. მაგალითად, 2013 წლის 5 ივნისს ფრანგმა სამართალდამცავებმა, იტალიელი კოლეგების დახმარებით, დააკავეს ქართული კრიმინალური სამყაროს 40 წარმომადგენელი, რომლებიც ბოლო ორი წელი ერთობ მოხერხებულად ეწეოდნენ ავტომანქანების ქურდობას, ბინებისა და საიუველირო მაღაზიების ძარცვას, ყალბი დოკუმენტების დამზადებას და ადამიანებით კონტრაბანდულ ვაჭრობას.

ქართული კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები საფრანგეთში პირველად 90-იანი წლების შუა ხანებში გამოჩნდნენ, თუმცა დიდხანს პოლიციას თვალში არ ხვდებოდნენ, რადგან, როგორც ექსპერტები ამბობდნენ, ქვეყანას”ეცნობოდნენ და სწავლობდნენ. რუსეთში მომძლავრებულ "ბეზპრიდელს" გამორიდებული "კანონიერი ქურდები" ახალ სამშობლოში თავის გამოჩენას არ ჩქარობდნენ.

არავინ იცის, ლაჟვარდოვან სანაპიროზე ქურდული იდილია რამდენ ხანს გაგრძელდებოდა, ერთ დღეს ფრანგ სპეცსამსახურებს შემთხვევით ორი ქართველის - ტარო ონიანის და მერაბ ჯანგველაძის სატელეფონო საუბარი რომ არ ჩავარდნოდათ ხელში. ისინი საუბრობდნენ ქართველი მაფიოზის მკვლელობაზე, რომელსაც მათი "კუთვნილი" 125 მლნ დოლარი "უკანონოდ" ჰქონდა მითვისებული (სავარაუდოდ, საუბარი იყო ბიზნესმენ დავით სანიკიძეზე, რომელიც 1996 წლის 14 ივნისს მოკლეს  ვენაში). საქმის მცოდნეთა თქმით, საფრანგეთის პოლიციას მაშინ წარმოდგენაც არ ჰქონდა ქართულ (რუსულ) ორგანიზებულ დანაშაულზე. გამოძიებისას გაირკვა, რომ ტარო ონიანი საბჭოთა სივრცეში ცნობილი "კანონიერი ქურდი" ტარიელ ონიანი იყო, ხოლო მერაბ ჯანგველაძე - მისი კოლეგა "სოხუმსკი".

საფრანგეთის პოლიციამ დიდხანს ვერ გაარკვია, რას ნიშნავდა ცნება "კანონიერი ქურდი" და საერთოდ ვინ იყვნენ ეს მილიონებით ჯიბეგატენილი ადამიანები -  მაფიოზები, Oოლიგარქები თუ უბრალოდ აფერისტები? თუმცა საქმე შორს არ წასულა, რადგან ონიანმა და ჯანგველაძემ  პარიზი დატოვეს და თბილი ადგილის ძებნა მეზობელ ესპანეთში გადაწყვიტეს.

2000 წლის დასაწყისში საქართველოდან ემიგრაციაში უკეთესი ბედის საძებნელად მილიონზე მეტი ქართველი წავიდა. უმრავლესობა, უცხო მიწაზე შიმშილით რომ არ მომკვდარიყო, კრიმინალურ საქმიანობაში აღმოჩნდა ჩართული. მალე იმ ქვეყნებს, სადაც ქართველი არალეგალები ბლომად იყვნენ, კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებმაც მიაშურეს,  რათა ქურდულ სამყაროს "ფული არ დაეკარგა". სულ მალე ქაოსურად დაწყებულმა ქართულმა  დანაშაულმა ორგანიზებული ფორმა მიიღო და "ბაზრიდან"”კონკურენტის - ადგილობრივი კრიმინალის განდევნასაც შეეცადა. 2004 წელს "ვარდების" ხელისუფლებამ "კანონიერ ქურდებს" ბრძოლა გამოუცხადა და მათზე ნადირობა დაიწყო, მეტიც, მკაცრად ისჯებოდა არა მარტო ქურდის სახელის ტარების, არამედ  ქურდული სამყაროსადმი შემწყნარებლური დამოკიდებულებისთვისაც, თუმცა ქურდულ სამყაროს არა მარტო საქართველოში, არამედ რუსეთსა და უკრაინაშიც აღარ დაედგომებოდა, რადგან საქართველოში ექსტრადიციისგან დაზღვეული არავინ იყო, ამიტომ "უკეთესი დროის" მოლოდინში დროებით ნავსაყუდლად ისევ ევროპა აირჩიეს. ამ მხრივ ყველაზე მეტად საბერძნეთი, საფრანგეთი და ესპანეთი დაზარალდა.

საბერძნეთში  მოკალათებულმა ქურდულმა სამყარომ ხელში ჩაიგდო ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საპორტო ქალაქ  თესალონიკზე კონტროლი - განდევნა რა ალბანური მაფია; გარდა ამისა, ქართველი კრიმინალური ავტორიტეტები აკონტროლებენ ყველა კონტრაბანდულ მარშრუტს, რომელიც ბალკანეთს დასავლეთ ევროპასა და ახლო აღმოსავლეთთან აკავშირებს (ერთი ვერსიით, საქმე იქამდე მივიდა, რომ 2012 წელს საბერძნეთში დაკავებულმა "კანონიერმა ქურდმა" ლაშა შუშანაშვილმა საბერძნეთში, ფინანსური კრიზისის დროს, თესალონიკის ხელისუფლებას რამდენიმე მილიონი ევრო "შესწირა" პენსიონერებისთვის პენსიის დროულად გასაცემად).

2009 წლის ივლისში მოსკოვში დატრიალებულმა ამბებმა ორგანიზებული დანაშაულის ბევრი ევროპელი ექსპერტი შეაფიქრიანა. 2009 წლის ივლისში მოსკოვში დაჭრეს კრიმინალური სამყაროს ყველაზე გავლენიანი ფიგურა ვიაჩესლავ ივანკოვი - "იაპონჩიკი", რომელიც რამდენიმე ხნის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა. "იაპონჩიკის" მკვლელობამ უფრო დაძაბა ურთიერთობა "კანონიერი ქურდების" ორ ქართულ დაჯგუფებას (ასლან უსოიანი "დედ ჰასანი" და ტარიელ ონიანი) შორის, რომლებიც ესპანეთის ციხეში გამოკეტილი შაქრო კალაშოვის უზარმაზარი ფინანსური იმპერიის მითვისებას ცდილობდნენ, ამ ომში ივანკოვი "დედ ჰასანის" მხარეს იდგა. ყველასთვის ცხადი გახდა, რომ "იაპონჩიკის" მკვლელობა ქურდული ომების ახალ ტალღას გამოიწვევდა, რომელიც, სავარაუდოდ, ევროპის ტერიტორიაზეც გავრცელდებოდა. ამ დროს საფრანგეთში ქართულ კრიმინალურ წრეებს "კანონიერი ქურდები" - ძმები შუშანაშვილები აკონტროლებდნენ (უსოიანის დაჯგუფების წევრები). გამონაკლისი იყო ქალაქი რუანი. იქაური ქართველი დამნაშავეები ონიანის მხარდამჭერებად მოიაზრებოდნენ. საფრანგეთში გავლენის სფეროებისთვის ბრძოლა  კლანებს შორის  დიდი ხნის დაწყებული იყო.

2010 წლის 11 თებერვალს საფრანგეთში ესპანეთიდან ორი ქართველი ჩავიდა. მათ ნიცამდე გზად ქალაქ პამიეში შეიარეს (ეს პატარა ქალაქი ქართველი ქურდების ე.წ. შტაბბინად ითვლებოდა). როგორც ფრანგი სამართალდამცავები აცხადებდნენ, მგზავრებს ავტომატები და მანქანა ნიცაში წასასვლელად სწორედ აქ მისცეს.

14 თებერვალს ნიცაში, დილის 10 საათზე, ორი ნიღბიანი "კანონიერი ქურდის", ვლადიმერ (ლადო) ჯანაშიას ბინაში შევარდა და ცეცხლი გახსნა. ჯანაშიამ  ფანჯრიდან გადახტომა მოასწრო და თავს უშველა. სამართალდამცავების განცხადებით, მას 60-მდე ტყვია ესროლეს...

წარუმატებელი ცდის შემდეგ ჯანაშიას 18 მარტს დაესხნენ თავს, ამჯერად მარსელში. ჭრილობებისგან  ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მკვლელობის შემკვეთად კახა შუშანაშვილი დასახელდა. ოფიციალური ვერსიით, შუშანაშვილებმა ამგვარად იძიეს შური "იაპონჩიკის" მკვლელებზე, თუმცა  თავად კრიმინალური ავტორიტეტები პირად საუბრებში არ მალავდნენ, რომ ლაჟვარდოვან სანაპიროზე დიდი გავლენის მქონე ჯანაშია შუშანაშვილებს ბევრ რამეში უშლიდათ ხელს...

ქართული კრიმინალის მასშტაბების ზრდით შეშფოთებულმა ევროპამ 2010 წელს რამდენიმე ქვეყანაში ჩაატარა ერთობლივი ნახევრად სამხედრო სპეცოპერაციები K- "კრაზანა" და "იავა". დააკავეს 65  ქართველი "კანონიერი ქურდი"; თუმცა, როგორც იტალიელი და ესპანელი სპეციალისტები აღნიშნავენ, უკვე გვიანი იყო, "ქართულ მაფიას უკვე ღრმად ჰქონდა ფესვები გადგმული არა მარტო კრიმინალურ წრეებში, არამედ მაღალი რანგის ბიზნეს და პოლიტიკურ წრეებშიც. იქ გამეფებული კორუფცია კი საშუალებას აძლევს მაფიას, დანაკარგების მიუხედავად, მაინც ქვეყნის ბატონ-პატრონად იგრძნოს თავი" - წერდნენ ესპანურ პრესაში.

პოლიციის 2010 წლის მონაცემებით, საფრანგეთში 1650  ეთნიკური ქართველი "საქმიანობდა".

2011 წლის მაისში ნიცაში ერთმა ქართველმა მოკლა ორი კაცი (ეროვნებით სომეხი და ჩეჩენი). ნიცაში მცხოვრები ქართველი არალეგალების თქმით, ამით ვიღაცამ შური იძია ლადო ჯანაშიას მკვლელებზე.

იAმავე წელს საფრანგეთის პოლიციამ ჩაატარა სპეცოპერაცია "კავკასია" და 20-მდე კრიმინალური სამყაროს ლიდერი დააკავა. 2012 წლის ივლისში ქალაქ ლიმოჟსა და პარიზში დააკავეს 21 ქართველი, რომლებსაც ერთი წლის განმავლობაში საფრანგეთის ტერიტორიაზე 200 გახმაურებული ძარცვა ჰქონდათ ჩადენილი. მოგვიანებით დააკავეს კიდევ 30-მდე კაცი, რომლებიც ნაძარცვ საქონელს (ძირითადად, ოქროულსა და ტექნიკას) ყიდდნენ ბელგიასა და სხვა ქვეყნებში.

სანამ ფრანგი, იტალიელი და ესპანელი სამართალდამცავები ქართულ მაფიასთან ბრძოლის გზებს ეძებდნენ, შვეიცარიელ სამართალდამცავებს ახალი თავსატეხი გაუჩნდათ: ძალოვანებმა აღმოაჩინეს, რომ 2008-2009 წლებში ქვეყანაში ქურდობამ 57%-ით მოიმატა (მაშინვე აქტიურად დაიწყეს საუბარი შინაგან საქმეთა მინისტრის იმპიჩმენტზე). სპეცსამსახურებმა დაადგინეს, რომ უმთავრესად იძარცვებოდა სახლები და საიუველირო მაღაზიები, ოპერატიული ინფორმაციით, ძარცვაში ქართველები მონაწილეობდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩაატარა მოკვლევა "საგანძური", რის შემდეგაც შეიქმნა საგანგებო დანაყოფი, რომელიც მხოლოდ ქართულ დანაშაულზე მუშაობდა. საკმაოდ დიდი ხანი ცდილობდნენ შვეიცარიელი პოლიციელები 185 ქართველი დამნაშავის ხელში ჩაგდებას, მათ მოიწვიეს ამ საქმეში უკვე დიდად გამოცდილი ფრანგი კოლეგები, სწორედ მაშინ გაიგო შვეიცარიელმა მოსახლეობამ  სიტყვები: "კანონიერი ქურდი" და "ობშჩიაკი". შემდეგ ადგილობრივი მედია წერდა, რომ "კანონიერი ქურდი", როგორც იქნა, ითარგმნა, ხოლო "ობშჩიაკი" ვერ თარგმნეს და "ობშჩიაკად" მოიხსენიება. რაოდენ დიდი იყო შვეიცარიის ხელისუფლების გაოცება, როცა აღმოჩნდა, რომ ქართულ კრიმინალს ქვეყანა ოთხ ნაწილად ჰქონდა გაყოფილი. თითოეულ მათგანს თავისი "მაყურებელი" ჰყავდა, ხოლო ჟენევაში თავმოყრილი "ობშჩიაკი" მერე ბელგიაში, ქურდების "სათავო ოფისში" იგზავნებოდა (ორგანიზებული დანაშაულის კვლევის ევროპის ბიუროს განცხადებით, "ობშჩიაკი" 1 მლრდ დოლარს შეადგენს).

შვეიცარიელმა სამართალდამცავებმა, ფრანგი კონსულტანტების დახმარებით, ჩაატარეს სპეცოპერაცია და კიდევ რამდენიმე ათეული ქართველი დააკავეს. ორი მათგანი მაშინ აიყვანეს, როცა ისინი ავტომანქანით 1 მლნ დოლარის და 12 კგ ოქროს გადატანასაც ცდილობდნენ ბელგიაში.

შვეიცარიაში ყურადღებით ადევნებენ თვალს 200-მდე ქართველი კრიმინალის სასამართლო პროცესებს. თითოეულ მათგანს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ამჟამად საფრანგეთის ციხეში 230  ქართველი დამნაშავე ზის, ხოლო 2000 - პოლიციის”შავ სიაშია შეტანილი.”

თუმცა, ფრანგი ექსპერტები ამბობენ, ქართველების დაპატიმრებით გამოსავალს ვერ ვხედავთო. "თუ გავითვალისწინებთ ქართული მაფიის სისასტიკეს, საფრანგეთის ციხეები მათთვის 5-ვარსკვლავიანი სასტუმროებია."