"კვეჟოვიჩის" 20-წლიანი შურისძიება
20-01-2014
"კვეჟოვიჩის" 20-წლიანი შურისძიება
"ავთო ჩიხლაძის ბიჭი ქურდული ტრადიციით აღზარდეს, 16 წლისა "კანონიერ ქურდად" მონათლეს და მამის პატივისცემის ნიშნად ქურდულ სახელად "კვეჟოვიჩი" უწოდეს"

2014 წლის 11 იანვარს მოსკოვის შემოგარენში ქართველი "კანონიერი ქურდი" დავით მელქაძე, მეტსახელად "დათო ფოთინსკი" მოკლეს..

კრიმინალურ ავტორიტეტს თავდამსხმელმა ცეცხლი კრასნოგორსკის ჰიპერმარკეტის მიწისქვეშა ავტოფარეხში გაუხსნა, სადაც ის მეუღლესა (მეორე ვერსიით, ძიძასთან) და ორ შვილთან ერთად იმყოფებოდა.
როგორც კრიმინალურ წრეებში ამბობენ, დათო მელქაძემ ციხიდან გამოსვლის შემდეგ უარი თქვა ქურდულ ცხოვრებაზე და კერძო საბავშვო
ბაღი გახსნა. სწორედ ამ ბაღისთვის ავეჯის საყიდლად იყო მისული ჰიპერმარკეტში. იქიდან გამოსულს ავტომანქანამდე რამდენიმე ნაბიჯი აშორებდა, როცა მოულოდნელად უცნობმა ცეცხლი გაუხსნა. მელქაძე ინსტინქტურად უმცროს ქალიშვილს გადაეფარა, ხოლო ცოლს და უფროს ვაჟს (10 წლის) დაუყვირა, - გაიქეცითო. მოულოდნელად მკვლელის იარაღში ტყვია გაიჭედა,”რამაც საშუალება
მისცა მელქაძეს და მის მხლებლებს ჰიპერმარკეტში შეეღწიათ, თუმცა კილერი არ მოეშვა და სროლით დაედევნა... მძიმედ დაჭრილი მელქაძე საავადმყოფოში გარდაიცვალა.

კრიმინალური სამყარო, რომელიც 18 იანვარს "დედ ჰასანის" (ასლან უსოიანის) მკვლელობის წლისთავის აღსანიშნავად ემზადებოდა (როგორც საქმეში ჩახედულნი ამბობენ, დაგეგმილია "ქურდული”შეხვედრა", სადაც სხვა საკითხებთან ერთად, სოჭის ოლიმპიადაში "ქურდული უსაფრთხოების" საკითხიც განიხილება), ამას არ ელოდა, რადგან კრიმინალური ავტორიტეტის მკვლელობა ყოველთვის ზედმეტ ხმაურს იწვევს ხოლმე. ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების წინ კი ხმაური ქურდულ სამყაროს ხელს არ აძლევდა.

"კანონიერი ქურდის" მკვლელობაზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
გავრცელებული ვერსიით, დავით მელქაძის მკვლელობის მოტივი უნდა იყოს შურისძიება, რომელიც ოცი წლის წინ მოსკოვში მომხდარ ერთ გახმაურებულ მკვლელობას უკავშირდება.

1994 წლის 12 აპრილს მოსკოვში, ჩიხლაძეების ბინაში ზარი გაისმა. კარი დიასახლისმა გააღო და სტუმრები (ისინი ორნი იყვნენ) შინ შეიპატიჟა. ქალი იქვე, დერეფანშივე მოკლეს, ხმაურზე გამოსული ოჯახის უფროსი ავთო ჩიხლაძეც ჩაცხრილეს. ამასობაში მისაღებ ოთახში ჩიხლაძეების 9 წლის ვაჟი გურამი შენიშნეს. შეშინებული ბიჭი ბატარეასთან მიყუჟულიყო. მკვლელმა მასაც ესროლა. ერთი ტყვია გურამს ზურგში მოხვდა, მეორე ბატარეას. გამსკდარი ბატარეიდან გამოსულმა ორთქლმა ოთახი დაბინდა. "სტუმრებმა" იფიქრეს, რომ ბავშვიც მკვდარი იყო და იქაურობა დატოვეს.

ჩიხლაძეების მკვლელობამ მთელი პოსტსაბჭოური სივრცე აალაპარაკა. ეს სახუმარო ამბავი არ იყო, რადგან საქმე ეხებოდა იმ დროისთვის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქურდის, ავთო ჩიხლაძის, მეტსახელად "კვეჟოს" მკვლელობას.

პატარა გურამი ექიმებმა გადაარჩინეს, ქურდულმა სამყარომ კი მკვლელების ძებნა დაიწყო.
ავთო ჩიხლაძე მიეკუთვნებოდა იმ ძველი ყაიდის ქურდებს, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ”ქურდი "მშიერი და სამართლიანი"”უნდა ყოფილიყო. მისი დაჯგუფება (ქუთაისური ფრთა) 50 ქურდისა და 500 აქტიური წევრისგან შედგებოდა. "კვეჟოს" გავლენა კრიმინალურ სამყაროზე იმდენად დიდი იყო, რომ 1993 წელს, ერთ-ერთ "სხოდკაზე" თვით ვიაჩესლავ ივანკოვს ("იაპონჩიკს") თამამად დაუპირისპირდა, საქმე ეხებოდა”"ობშჩიაკის" ბიზნესში გამოყენებას, რომელსაც ძველი ქურდები ეწინააღმდეგებოდნენ. ამბობენ, გაგულისებული ავთო ჩიხლაძე მაგიდაზე ავარდა და "იაპონჩიკს" სახეში წიხლი ჩააზილაო. მაშინ "კოლეგების" შერიგება შეძლეს. თუმცა, ჩანს, დროებით.... იმ დროს ხმები დადიოდა, რომ "კვეჟოს" მკვლელობაში სწორედ "იაპონჩიკის" ხელი ერია.

ავთო ჩიხლაძის და მისი მეუღლის მკვლელების დასახელება მხოლოდ მათ გადარჩენილ ვაჟს შეეძლო. ერთ დღეს, შემთხვევით, ერთ-ერთი ვიდეოს ყურებისას გურამმა მკვლელთაგანი იცნო - ის "კანონიერი ქურდი" დავით მელქაძე აღმოჩნდა, თანამონაწილე კი მისი ბიძაშვილი ბაგრატ (ბათუ) უბილავა (ვრცელდებოდა ვერსიაც, რომ მეორე მკვლელი "დათო ტაშკენტსკი" (ციხელაშვილი) უნდა ყოფილიყო). ქურდული სამყარო ამ ამბავმა საგონებელში ჩააგდო და საგანგებოდ შეიკრიბნენ კიდეც. "სხოდკაზე"”დათო მელქაძე უარობდა მკვლელობაში მონაწილეობას. შეკრებილი ქურდები დილემის წინაშე აღმოჩნდნენ. ერთ მხარეს იდგა "კანონიერი ქურდი", რომლის სიტყვაც გასათვალისწინებელი იყო, მეორე მხარეს კი 9 წლის ბავშვი. ამჯერადაც ქურდებმა”ქოთანს ყური მეორე მხრიდან მოაბეს (იმ დროისთვის დამახასიათებელი ქურდული სენი) და დავით მელქაძე და ბათუ უბილავა”"კვეჟოს" მკვლელებად გამოაცხადეს, რამაც ქურდების ნაწილი ძალიან გაანაწყენა.

ავთო ჩიხლაძის ბიჭი ქურდული ტრადიციით აღზარდეს, 16 წლისა "კანონიერ ქურდად" მონათლეს და მამის პატივისცემის ნიშნად ქურდულ სახელად "კვეჟოვიჩი" უწოდეს.
დავით მელქაძესა და ბაგრატ უბილავაზე ნადირობა დაიწყო.

2002 წელს მოსკოვში სასწრაფო დახმარების ოპერატორს ერთ-ერთი ავტოსამრეცხაოდან შეატყობინეს, რამდენიმე წუთის წინ ავტოსამრეცხაოსთან მამაკაცი ჩაცხრილესო. მოგვიანებით სამრეცხაოს თანამშრომლები აცხადებდნენ: მკვლელები სლავური იერის მამაკაცები იყვნენ, რომლებიც მსხვერპლს ესაუბრებოდნენ, ცოტა ხნის შემდეგ ყვირილზე გადავიდნენ, რასაც სროლა მოჰყვა. მსხვერპლი რომ დაეცა, კიდევ ორჯერ ესროლეს საკონტროლო და მიიმალნენო. არავინ იცოდა, ვინ იყო მკვდარი, მაგრამ როდესაც მკვლელობის ადგილზე კრიმინალურმა ავტორიტეტებმა დაიწყეს თავმოყრა, ცხადი გახდა - გარდაცვლილი "უბრალო კაცი" არ უნდა ყოფილიყო. სამართალდამცავებმა დაადგინეს, რომ ავტოსამრეცხაოსთან მოკლული გახლდათ 30 წლის "კანონიერი ქურდი" გოჩა ჩიხლაძე (გურამ ჩიხლაძის ბიძაშვილი)” "კვეჟო მალადოი". სავარაუდოდ მკვლელებს გოჩა გურამი ("კვეჟოვიჩი") ეგონათ.

კრიმინალურ წრეებში ეს მკვლელობაც მელქაძეს დაუკავშირეს.
ამასობაში დავით მელქაძე კრასნოგორსკში დააპატიმრეს ნარკოტიკების უკანონო შენახვა-ტარების მუხლით. ციხეში მას ბევრი განაწყენებული ქურდი ელოდა. ამ დროს "კვეჟოვიჩს" შურისძიებისთვის არ ეცალა, რადგან 2006 წელს ქურდობაზე დააკავეს და ოთხი წლით ბურიატიაში, საერთო რეჟიმის კოლონიაში, უკრეს თავი. მეორედ ის ნარკოტიკების შენახვისთვის დააკავეს. თავისუფლების აღკვეთად გირაო შეეფარდა და ქვეყნიდან გასვლა აეკრძალა. ამბობენ, სასამართლო სხდომაზე მის ნაცვლად მისი ორეული დადიოდაო. როცა გაირკვა, განაჩენი პირობითი მსჯავრის (როგორც ჩიხლაძეები ფიქრობდნენ) ნაცვლად რამდენიმეწლიან თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა, ორეულმა”ციხეში წასვლა არ ისურვა და დარბაზშივე განაცხადა, მე არ ვარ "კვეჟოვიჩიო". გურამ ჩიხლაძე მალევე დაიჭირეს. 2009 წლის 29 იანვარს მას სასამართლომ 2-წლიანი შინაპატიმრობა მიუსაჯა...
11 იანვარს ჰიპერმარკეტში მომხდარი მკვლელობიდან ჩანს, რომ 26 წლის გურამ ჩიხლაძეს შურისძიების ჟინი არ განელებია, საინტერესოა, რომ დავით მელქაძე 10 წლის ვაჟის თვალწინ დაცხრილეს ისევე, როგორც 20 წლის წინ მოკლეს "კვეჟო" 9 წლის გურამის თვალწინ.

საქმის მცოდნენი ამბობენ, დავით მელქაძის მკვლელობა კრიმინალურ სამყაროში შესამჩნევ რყევებს არ გამოიწვევს, გაზაფხულზე ქურდულ სამყაროს ახალი გამოწვევა ემუქრება - ესპანეთის ციხეს ზაქარია (შაქრო) კალაშოვი ტოვებს. ეს კი ნიშნავს, რომ ქურდულ სამყაროში "სანიტარული საათი" ანუ ახალი გადანაწილება დაიწყება...
ზოზო
10 სექტემბერი 2018 13:14
სხვა რომ არაფერი, მარტო „კლიჩკებზე" აგერევა გული. ან რას გვანან.
მზე
31 ივლისი 2016 08:32
ქურდებო, გაგივიდათ მოდა და ვადა.
კაწია.
05 ივლისი 2016 14:38
ვისაც არ გაინტერესებთ,ნუ კითხულობთ,გაიარეთ,გაერთეტ სხვა ღონისძიებებით -პოეზია,სექსი,სიყვარული..!!

რედაქტორის რჩევით