"ჩემი შვილები სირიაში დასახოცად არ გამიზრდია" (ექსკლუზივი)
27-01-2014
"ჩემი შვილები სირიაში დასახოცად არ გამიზრდია" (ექსკლუზივი)
პანკისელი დედის სატკივარი

"ჩემი ძმის საფლავი რომ არ ვნახო, თავს არ ვაპატიებო. გვიან გავიგე, რომ მაინც წასულა... ისიც იქ მომიკლეს"

"შვილები ავსტრიაში გავგზავნე სასწავლებლად და სირიაში აღმოჩნდნენ"


"ერთი ძმა სახლში ჭიშკართან მომიკლეს, მეორე აფხაზეთის ომში დამეღუპა, მაშინ მამაჩემს ცრემლი არ გადმოუგდია - საკუთარი მიწისთვის სიკვდილი ჩვენთან (ქისტებში. - ავტ.) ერთგვარ ბედნიერებადაც ითვლება, უძეოდ დარჩენილი კაცი გულის ტკივილს არასოდეს ამხელდა, მაგრამ როცა ამ ზაფხულს სირიაში შვილები დამეღუპა, უცებ მოტყდა და დაპატარავდა...
ისღა თქვა, - სხვის ომში რა უნდოდათ, მტერს საკუთარ მიწაზე უნდა დახვდეს კაციო და დადუმდა. ამას წინათ მეზობლის ქალი მოვიდა ტირილით, გაუგია, რომ მისი შვილი, რომელიც სამუშაოდ თურქეთში გაგზავნა, თურმე სირიაში იბრძვის. ასეთი დედა კი რამდენია, ვუთხარი, - მოდი, შევიკრიბოთ  დედები და ხმა ავიმაღლოთ, რომ
ჩვენ სირიაში დასახოცად არ გაგვიზრდია შვილები-მეთქი, მაგრამ ყველას ჩუმად ტირილი ურჩევნია, ხმის ამოღებისა ეშინიათ. მე კი, ჩემი შვილების მერე, დასაკარგი აღარაფერი მაქვს. დაე ჩემი, ერთი გამწარებული დედის ამბავი გახდეს მაგალითი ყველა დედისთვის".


ლეილა აჭიშვილი, პანკისი

ლეილა: - პანკისში ჩეჩნეთში ომს გამოვექეცი ჩემს ორ ვაჟთან ერთად და მშობლებთან დავსახლდი. ბიჭები რომ წამოიზარდნენ, შინიდან დიდი ხნით გასვლა დაიწყეს. სადღაც იკარგებოდნენ და ძალიან გვიან ბრუნდებოდნენ. უფროს ვაჟს, ჰამზათს (13 წლის იყო), ვეკითხებოდი, სად დადიხარ-მეთქი. ჯიქურ მპასუხობდა, - უკვე დიდი ვარ და სადაც მინდა, იქ ვივლიო. მალე  გრძელი ხალათიც ჩაიცვა და მივხვდი, პანკისში ახალშემოსული რელიგიური სწავლების, ვაჰაბიზმის გავლენის ქვეშ  იყო  (იმ დროს ასე მოდებული არ იყო ხეობაში ვაჰაბიზმი და მოზარდებს უმეტესწილად ჩუმად უქადაგებდნენ). ამას არც მამაჩემი ემხრობოდა. შევშინდი. ამასობაში ბიჭების მამა დამიკავშIირდა გროზნოდან - ოჯახთან ერთად ავსტრიაში ვაპირებ წასვლას და ბიჭების წაყვანაც მინდაო. გამიხარდა - ევროპაში სხვა ფასეულობებია, იქ არ გაუჭირდებათ, განათლებასაც მიიღებენ-მეთქი. თან პანკისის ხეობაIში მაშIინ დიდი გაჭირვება იყო. ბევრი არ მიფიქრია და 13 წლის ჰამზათი და 11 წლის ხალიდი მამას გავატანე ავსტრიაში. უფროსმა 5 ენა ისწავლა, უნივერსიტეტში სწავლობდა, უმცროსი პროგრამისტი იყო. ორივე ვენაში დაოჯახდა (6 შვილიშვილი მყავს), მაგრამ რისიც მეშინოდა, მაინც არ ამცდა, - ჩემი ბიჭები ევროპაშიც ვაჰაბიზმს მიჰყვნენ...

ჩემი უბედურება მაშინ დაიწყო, როცა სირიაში ომი გაჩაღდა. არ ვიცოდი, რა ხდებოდა იმ ქვეყანაში. მახსოვს, ერთხანს შვილებს ვერ ვუკავშირდებოდი, რძლები მამშვიდებდნენ, - სხვა ქალაქებში არიან სამუშაოდო. გვიან გავიგე, რომ სამი თვე სირიაში ყოფილან საომრად. მაშინ ცოცხლები დაბრუნდნენ.
2013 წლის აგვისტოში ხეობაში გროზნოდან ამბავი მოიტანეს, - ჩეჩნეთის მთავრობის ერთ-ერთი ლიდერის დადურკაევის  ქალიშვილი ვაჰაბიტ ქისტს გაჰყოლია ცოლად, გროზნოში ყველა ქისტს აჩერებენ და არის ერთი ამბავიო. გაცეცხლებულმა კადიროვმა (მას ვაჰაბიზმთან ბრძოლა აქვს გამოცხადებული ჩეჩნეთში) დადურკაევი პოსტიდან გაათავისუფლა და  სასწრაფოდ გოგონას დაბრუნება მოსთხოვა. რამდენიმე დღის შემდეგ კი გროზნოდან გამაგებინეს, რომ თურმე ის გოგონა ჩემს უფროს ვაჟს შეურთავს ცოლად. ახალდაქორწინებულები სირიაში იმყოფებოდნენ. ჩეჩნებმა ჩემი დეიდაშვილი გაგზავნეს სირიაში გოგოს წამოსაყვანად, მაგრამ ახლოსაც არ გააკარეს, მხოლოდ გოგონას დანაბარები ჩამოიტანა, - ჩეჩნეთში ცხოვრება არ მინდა და ჰამზათს ნებით გავყევიო. ამასობაში გროზნოში გაარკვიეს, რომ ბიჭის დედა (ანუ მე) საქართველოში ცხოვრობდა და ჩემთან ჩამოვიდნენ.

მითხრეს, სირიაში უნდა წახვიდე გოგონას წამოსაყვანად, კადიროვი არ გვაპატიებს ამ ამბავს, დაგვხოცავსო. სირიაში წასვლა თავადაც მინდოდა, რადგან ვიცოდი, ჩემს შვილს უკან დასახევი არ ჰქონდა - "იუთუბზე" მანახეს მისი ვიდეომიმართვა, სადაც ის საქვეყნოდ ახალგაზრდებს ჯიჰადისკენ მოუწოდებდა. ეს კი ნიშნავდა, რომ ვეღარც ავსტრიაში დაბრუნდებოდა და ვეღარც ჩეჩნეთში. ჩემს რძალს (ჰამზათის პირველ ცოლს) დავურეკე ავსტრიაში, - თუU ჩემი შვილი მორწმუნეა და მშობელს პატივს სცემს, უსათუოდ დამიკავშირდეს-მეთქი. მისი ზარის მოლოდინში ღამეები არ მეძინა, ბოლოს, ნანატრი ზარიც გაისმა. ჰამზათს ტირილით ვემუდარე, - შენი ნახვა მინდა, სირიაში უნდა ჩამოვიდე, დამხვდი-მეთქი. მუსლიმანური წესების თანახმად, ასეთ დროს მებრძოლს არ აქვს უფლება, დედას უარი უთხრას. ამიტომ დამთანხმდა - თურქეთში ჩამოდი, იქ ჩვენი კაცი დაგხვდება, საზღვრამდე მოგიყვანს და იქ დაგხვდებიო. წავედი, არ ვიცოდი, როგორ დამთაAვრდებოდა ჩემი მოგზაურობა - ვნახავდი კი ჩემს შვილს ცოცხალს? სტამბოლში არავინ დამხვედრია, არ ვიცოდი, რა მექნა.

ბოლოს, გულამომჯდარი ავქვითინდი. ერთი ქართველი გამომელაპარაკა - იქ უმუშავია - რამე ხომ არ გიჭირთო. ტირილით ავუხსენი ჩემი მდგომარეობა. ომარ შიშანს (სირიაში მეამბოხეთა ყველაზე დიდი დაჯგუფების მეთაური, წარმოშობით პანკისელი თარხან ბათირაშვილი. - ავტ.) იცნობო? - მკითხა მოულოდნელად. ვიცნობ, ჩემი შვილიც მასთან  არის-მეთქი. კარგიო, - ტაქსიში ჩამსვა და მძღოლს უთხრა, ამა და ამ ავტოსადგურში მიიყვანეო, მერე მომიბრუნდა, - იქ ქალაქ ღაზიათის ავტობუსზე დაჯდებით და წახვალთო. ჯერ კიდევ ტაქსიში ვიჯექი, ჩემმა უმცროსმა ვაჟმა დამირეკა, - ღაზიათში ამ ნომერზე დარეკეო და ვინმე ჯემალის ტელეფონის ნომერი მომცა. იმ ქალაქამდე 18 საათი პაპანაქებაში ვიმგზავრე. ნომერზე მძღოლს დავარეკვინე. ცოტა ხანში ბიჭი მოვიდა, ჩემი ბარგი მანქანაში ჩაალაგა და მანიშნა, ჩაჯექიო. ელდა მეცა, არ ვიცოდი, ვინ იყო, ან სად მივყავდი, რამდენიმე წუთის მერე ასევე უხმოდ ტელეფონი მომაწოდა. ვიღაც დამტვრეული რუსულით დამელაპარაკა - აბუ აბდულას დედა ხარო? (მოჯაჰედობისას არაბულ სახელებს ირქმევენ. - ავტ.)  კი-მეთქი. შენმა ვაჟმა დადურკაევის ქალიშვილი მოიყვანაო? Kკი-მეთქი (ეტყობა, მამოწმებდა). დღეს შენი გადასვლა ყოვლად შეუძლებელია, ამიტომ აქ დარჩები. ხვალ 12 საათზე დაგიკავშირდება შენი შვილიო. მძღოლმა გადამსვა სხვა მანქანაში, იმან კი ქალაქის გარეუბანში წამიყვანა.

დიდ შენობაზე უხმოდ მანიშნა, - ადიო.  უშველებელ მისაღებში აღმოვჩნდი. მეგზურმა მანიშნა, ცოტა ხანს აქ დაჯექიო. ოთახში 8 კაცი დამხვდა, დიდი წვერები ჰქონდათ, კომპიუტერებთან გამალებით მუშაობდნენ. ჩემთვის არც შემოუხედავთ. მეგზურმა მეოთხე სართულზე ამიყვანა. ფარანჯიან ქალს რაღაც აუხსნა და მერე მე მითხრა, ხვალამდე აქ დარჩებიო. ოთახში უამრავი დაჭრილ-დასახიჩრებული დავინახე, თავს ექიმები დასტრიალებდნენ, იყო ერთი ვაი-ვიში. შემიყვანეს პატარა ოთხში, სადაც დაშავებული ქალბატონი და სამი პატარა გოგონა დამხვდნენ. ღამე რა დამაძინებდა, გამუდმებით კვნესა მესმოდა, ჰაერიც აღარ იყო. გათენდა. ჩემი მეგზური გამოჩნდა. ხელით მანიშნა, - ჩამოდი, ჩეჩენ, ჩეჩენო. ალბათ აქ ჩეჩნებიც არიან-მეთქი. მესამე სართულზე მისაღებში 5 ძალიან ახალგაზრდა ყმაწვილი დამხვდა. მივესალმე. თAავიდან ფრთხილობდნენ, მერე ვუთხარი, შვილთან მივდივარ სირიაში-მეთქი და გამიშინაურდნენ. ჩემი შვილის ამბავი გაგონილი ჰქონიათ. ვკითხე, - რა გინდათ იმ ომში, თქვენებმა თუ იციან, აქ რომ  ხართ-მეთქი. ერთმა მითხრა, - დედისერთა ვარ. დედაჩემმა იცის, რომ საზღვარგარეთ ვარ სასწავლებლადო, მეორეს სამი თვის მოყვანილი ჰყოლია ცოლი... მიდიოდნენ მათთან კომპიუტერზე მომუშავე არაბები და სურათებს იღებდნენ თითოეულ მათგანთან. მივხვდი - ეს ბიჭები მოჯაჰედები იყვნენ.

ისეთი გახარებულები და ბედნიერები იყვნენ, თითქოს ომში კი არა, ქორწილში მიდიოდნენ.
სირიის საზღვართან, საბაჟო გამშვებ პუნქტთან ჩამომსვეს, ის ბიჭები კი სხვა გზით წაიყვანეს. დიდხანს ვიარეთ ფეხით, მერე დიდი რკინის ჭიშკარი გამოჩნდა. ეზოში უამრავი შეიარაღებული ახალგაზრდა იდგა. შიშმა შემიპყრო. ამ დროს დავინახე - ჩემი ბიჭი გამოეყო მათ და ჩემკენ წამოვიდა. როცა ის ჩავიხუტე, ჩემზე ბედნიერი ქალი არ იყო ამქვეყნად, გულში ვამბობდი, - მთავარია, ცოცხალია-მეთქი.
შეჯავშნულ მანქანაში ჩემი ახალი რძალი მელოდა. გზაში არაფერი მითქვამს, თავზარდაცემული შევყურებდი დანგრეულ სახლებს, ავტომატით მორბენალ ბავშვებს, ქუჩაში დაყრილ გვამებს... დაჯერება მიჭირდა... სად მივდივართ-მეთქი...

ჩემს ახლობელს სირიელი ცოლი ჰყავს და როცა გაიგეს, ჩამოდიოდი, რამდენიმე დღით სახლი დაგვითმესო. სახლი მართლაც კარგი იყო. მანქანაზე მითხრა, ომარ შიშანის მანქანაა, ირანიდან საგანგებოდ ჩამოსულმა სპეციალისტებმა შეჯავშნესო (რადგან ჩემმა ბიჭმა ენები იცოდა, ომარ შიშანს ახლდა ხოლმე). ერთი ოცნება მაქვს, მინდა ხინკალი მოახვიო და ბიჭები დავპატიჟოო. რადგან დღე მარხულობდნენ, ყოველ საღამოს მათ ხინკალს ვუხვევდი... ნელ-ნელა ვაპარებდი შვილს, - შინ დაბრუნდი, თქვენს მეტი მამაჩემს არავინ დარჩა, ჩამოდი, ჩვენ მოგვხედე, მეტი მადლია-მეთქი... ამაოდ, თავიც რომ მომეკლა, მაინც არ წამოვიდოდა. მერე რძალს შევუჩნდი, - თუ ჩეჩნეთში დაბრუნება არ გინდა, საქართველოში წამოდი, უსაფრთხო ქვეყანაა, იქ არავინ შეგეხება, კანონი კანონობს, ღვიძლი შვილივით მიგიღებ-მეთქი. იუარა. ერთ საღამოს ჩემი შვილი თავის მეგობრებს დახვდა საზღვარზე - ბელგიიდან ჩამოვიდა ოთხი ჩეჩენი ძმა, ევროპაში ცნობილი მოკრივეები, იყო ერთი ზარ-ზეიმი. მეორე საღამოს ჩემმა შვილმა მითხრა, - ოთხივე ძმა გაბედნიერდაო. ცოლები მოიყვანეს-მეთქი? გაეღიმა. თურმე ამბოხებულები კარგა ხანს ვერ ახერხებდნენ ალეპოს აეროპორტის აღებას. ეს ძმები, სრულიად ახალგაზრდები, ჩამსხდარან ტროტილით დატვირთულ მანქანებში, გაურღვევიათ კორდონი და თავი აუფეთქებიათ, რათა სხვებისთვის გზა გაეწმინდათ...

იმწამს ლამის გონება დავკარგე. ნეტა ამ ბიჭების დედა დამანახა ახლა-მეთქი, - გამიელვა. იქ ყოფნა საშინელება იყო, ღამე აფეთქებებისგან ფანჯრები ზანზარებდა, შიშით ვერ ვიძინებდი, მერე ჩემს მშვიდად მთვლემარე შვილს რომ გადავხედავდი, შიშის შემრცხვებოდა ხოლმე. შვილთან სულ სამი დღე დავყავი. წამოსვლის წინ ჰამზათი წუხდა, 100 დოლარიც არ მაქვს, გზაში რომ გაგატანოო. ერთადერთი ხალათი ჰქონდა, საღამოს ცოლს გაარეცხვინებდა, დილით იცვამდა. ვეუბნებოდი, გამოიცვალე, სხვა რამ ჩაიცვი-მეთქი. მხოლოდ ეღიმებოდა. ვხედავდი, ერთი რამ აინტერესებდა -I მომკვდარიყო სხვის მიწაზე და სხვის ომში. ამ საცოდავ ბიჭებს ფულიც არ ჰქონდათ, მაგრამ იქ ფული და კარგი ცხოვრება ბევრს აქვს. ვილებში მოკალათებულნი ქონებას ამ ბიჭების სიცოცხლის ხარჯზე შოულობენ. როგორც იქ გავიგე, - არის ჯგუფი, რომელიც  ჩამოსულ ბიჭებს (ყოველდღე ასეულობით ჩამოდის!) ფსიქოლოგიურად ამზადებენ თვითმკვლელობისთვის.

ნეტა ასეთს რას უკეთებენ, რომ ეს ბავშვები "ალაჰ აკბარ"-ის ძახილით თავს იფეთქებენ. მშობლების უმრავლესობა კი ბაიბურში არ არის, სად არიან მათი შვილები, არც მათი საფლავები ექნებათ ისე, როგორც მე - იქვე მარხავენ ხოლმე სპეციალურ სასაფლაოზე... წამოსვლამდე ომარ შიშანი მოვიდა ჩემს სანახავად (სოფელში ბიძაჩემის მეზობელი იყო). პირველად ვნახე. იმხელა დაცვა დაჰყვება, ალბათ ვერასოდეს მოკლავენ, იქაურებში დიდი ავტორიტეტი აქვს. მოვიდა, ცოტა ხანს იჯდა. ჩურჩხელები და სხვა ნუგბარი გადავეცი, ქისტურად საუბარი უკვე უჭირს, პანკისელები მოიკითხა და წავიდა. საზღვრამდე ისევ ომარ შიშანის მანქანით მიმაცილეს, იქ ისევ დამხვდა ვიღაც და აეროპორტამდე მიმიყვანა... მეოთხე დღეს გავიგე, რომ ჩემი შვილი ბრძოლაში მოუკლავთ...

ძალიან შემეშინდა, მეორეც არ წასულიყო სირიაში. დავურეკე, ვემუდარე, ახლა ხომ შენს მეტი მართლა აღარავინ დამრჩა, ნუ გამწირავ-მეთქი. იმან - ჩემი ძმის საფლავი რომ არ ვნახო, თავს არ ვაპატიებო. გვიან გავიგე, რომ მაინც წასულა... ისიც იქ მომიკლეს. მათი საფლავებიც არ მაქვს, რომ დავიტირო.
ჩემნაირი გამწარებული დედა რამდენია და რამდენს ელოდება იგივე ხვედრი...
ჩემი უფროსი ვაჟი, ჰამზათი, 27 წლის იყო, ხალიდი - 25-ისა...
manana
27 ივლისი 2014 00:03
ქისტი კაცი ტუ რამეს გადაწყვეტს ვერაპერი შეაჩერებს.ვაჰაბისტებს კი ვერაპერს მოუხერხებენ რადგან პანკისში 70-80% ვაჰაბისტია
მინდია
22 მაისი 2014 11:45
ვაჰაბიტი

"ფალლუჯაში ამერიკელებს რომ ვადუღებდით ერთიმეორეზე"


ერთიმეორეზე ადუღებდი კი არა, ერთბაშად ფეხები არ მოგეჭამოს ვინმესთვის სხვა რამეებთან ერთად.
verni
21 მაისი 2014 20:20
კარგიტ რა იმას ნუ ლაპარაკობტ რაც არ იციტ., ტკვენ არ იციტ რა არის რელიგია ისლამი მაგრამ მაინც ლაპარაკობტ რახაც სისულელეებს., როდესაც საკარტველოსჰი რუსები სემოვიდნენ ტკვენ რატო ისხედიტ სახლებსი, ტკვენ რატო არ იომეტ სამსობლოს დასაცავად? ტკვენ რატო არ დაიცავიტ ტკვენი სამსობლო:?

რედაქტორის რჩევით