ნარკოტიკზე გაცვლილი - კვირის პალიტრა

ნარკოტიკზე გაცვლილი

- საბედნიეროდ, ეს შემთხვევა მსხვერპლის გარეშე დასრულდა, თუმცა ახალგაზრდა ქალმა ისეთი სტრესი მიიღო, კარგა ხანს დასჭირდა ფსიქიატრიულ კლინიკაში მკურნალობა, - იხსენებს ბატონი ბიძინა ერთ-ერთ ამბავს თავისი პრაქტიკიდან:

- ვიცი, ზედმეტად მკაცრი და ალბათ სასტიკიც ვარ, მაგრამ ჩემსავით არავინ იცის, რომ ნარკომანი გამძვინვარებულ მხეცზე საშიშიც კია, როცა ნარკოტიკული შიმშილი გონებას უბინდავს.

27 წლის ასმათ ილურიძის (აქაც და შემდეგშიც გვარ-სახელები შეცვლილია) მშობლებმა მოგვმართეს, ქალიშვილის გაუჩინარების შესახებ, თუმცა ზუსტად არ იცოდნენ, როდის გავიდა შინიდან. ასმათი გათხოვილი იყო და რადგან მშობლების თანხმობის გარეშე გათხოვდა, მათთან არც ისე კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ძალიან უჭირდა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ბატონმა გურამმა, დაკარგულის მამამ იცოდა, რომ გამოძიებისთვის ყველა წვრილმანს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ამიტომაც გაგვიმხილა:

- მე ექიმი ვარ და მომავალ სიძეს ჩემს შვილზე ადრე ვიცნობდი. ზურა ქალაქში ცნობილი ოჯახიდანაა. ისიც ვიცოდი, რომ ნარკოტიკის მომხმარებელი იყო და მამამისის გავლენის წყალობით არ გარიცხეს სამედიცინო ინსტიტუტიდან. ისევ მამამისის ხელშეწყობით, ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ჩვენთან გაანაწილეს სამუშაოდ. რამდენჯერმე იმაზეც გამოვიჭირე, რომ ავადმყოფებისთვის განკუთვნილ ფსიქოტროპულ მედიკამენტებსაც კი იპარავდა, არათუ ნარკოტიკს საოპერაციოდან. მოვახსენე კიდევაც ამის შესახებ მთავარ ექიმს, მაგრამ ვერ გაუბედა მხილება და დასჯა. მეც გაჩუმება მირჩია, - მამამისმა თუ მოინდომა, იქით დააჭერინებს ჩვენს თავს ცილისწამებისთვისო. მოკლედ, გავჩუმდი ჩემდა საუბედუროდ. ასმათი ჩემს დაბადების დღეზე გაიცნო. 50 წელი რომ შემისრულდა, ლამის მთელი საავადმყოფოს პერსონალმა მომილოცა და მათ შორის ზურაც იყო. მაშინ ჯერ კიდევ სკოლაში სწავლობდა ჩემი ასმათი. რომ გავიგე, ერთმანეთს ხვდებოდნენ, კატეგორიულად მოვთხოვე ასმათს  დაშორებოდა. არ დამიჯერა. ხომ იცით, 15-16 წლის გოგონებს ნარკომანობა და ძველბიჭობა ერთგვარ რომანტიკადაც მიაჩნიათ. ზურა ასმათზე ბევრად უფროსია. არ ვიცი, როგორ მოხიბლა, მაგრამ ფაქტია, რომ სახლიდან გაიპარა. სრულწლოვანიც არ იყო... თავიდან ძალიან ბედნიერად გრძნობდა თავს: ძვირფასი სამოსი და სამკაულები უყიდეს, ცალკე ბინაც შეუძინეს ახალდაქორწინებულებს. მანქანაც კი აჩუქეს ასმათს, არც მისი ინსტიტუტში მოწყობა გასჭირვებიათ. თუმცა, პრობლემებიც მალე გაჩნდა: ორი წლის განმავლობაში ორჯერ ნაადრევად იმშობიარა და ორივე ბავშვი მაშინვე დაეღუპა... როგორც ექიმი, ვხვდებოდი, რომ ეს მისი ნარკომანი ქმრის გამო ხდებოდა. ვურჩიე, ან ხელი შეეწყო, რომ ნარკოტიკისთვის თავი დაენებებინა, ან სულაც გაშორებოდა. ქმრის მიტოვებაზე სასტიკი უარი განაცხადა, - როგორ არ გესმით, მიყვარს, თან მასთან "თავისუფლად" ვგრძნობ თავს, არაფერს მიშლისო... "თავისუფალ ცხოვრებას" იმას ეძახდა, რომ მართლა არაფერს უშლიდა ქმარი, ალბათ საყვარელიც რომ გაეჩინა, არც იმას დაუშლიდა, რადგან თვითონ წამლის მეტი აღარაფერი აინტერესებდა. ორი წლის წინ მამა გარდაეცვალა და რადგან მფარველი აღარ ჰყავდა, სამსახურიც მალე დაკარგა. აღარ აპატიეს, რომ ნაოპერაციებ მამაკაცს, რომელსაც ტკივილი ტანჯავდა, ჩვეულებრივი ტკივილგამაყუჩებელი გაუკეთა, მისთვის განკუთვნილი ნარკოტიკი კი თვითონ შეიშხაპუნა. ის კაცი შოკში ჩავარდა ტკივილისგან და კინაღამ მოკვდა...

სამსახური რომ დაკარგა, მიადგა და ჯერ თავისი ავტომანქანა გაყიდა, მერე ჩემი ქალიშვილისაც. თანდათან ყველაფერი გაიტანა შინიდან, რაც კი რამ ღირებული გააჩნდათ. ბინის გაყიდვაზე რომ მიდგა საქმე, ასმათი ჩვენ მოგვადგა და ფული გვთხოვა:

- მოკლავენ მევალეები, თუ ფული არ ჩაიტანა სასწრაფოდ, უნდა დამეხმაროთ, თორემ ღია ცის ქვეშ დავრჩებითო!..

არც ფული მივეცი და როცა ქმართან გაყრაზე ისევ უარი მითხრა, სახლიდანაც გავაგდე. ამიტომ კარგა ხანია არ მინახავს, არც ვიცი, როდის გაუჩინარდა...

ამ დროს ქალბატონი ეთერი, ასმათ ილურიძის დედა, ატირდა და ქმარს დამფრთხალმა გახედა:

- მე ვნახე ამ ორი კვირის წინ, ჩემი ოქროულობა გავატანე. ქმრისთვის კი არ მითქვამს, არ დამანებებდა. ჩემი შვილი შემეცოდა, - ზურასაც მოკლავენ და მეც მიმაყოლებენ, ახლა მარტო ქართველი კი არა, აზერბაიჯანელი მევალეებიც აკითხავენ, დიდი პარტია წამოუღია ნარკოტიკის და აქაურ "ძმაკაცებს" გადაუგდიათო...

ქალბატონმა ეთერმა ისიც გვითხრა, რომ უკვე ბინაც დაკარგა მისმა სიძე-ქალიშვილმა, - ვიღაც აზერბაიჯანელს თავის სახელზე გადაუფორმებია, თუმცა კი ზურა ჯერ ისევ თავის ბინაში ცხოვრობსო.

- როდის გაიგეთ შვილის გაუჩინარების შესახებ? - ვკითხე გაუბედურებულ მშობლებს.

- რომ აღარ გამოჩნდა, სამი დღის წინ მივაკითხე, - ისევ ატირდა ქალბატონი ეთერი, - ზურამ მითხრა, ბინის დაკარგვის შემდეგ ვიჩხუბეთ. ასმათმა ჩემოდანი ჩაალაგა და სახლიდან გაიქცა, მეგონა, თქვენთან წამოვიდაო!.. ისევ ნარკოტიკით იყო გაბრუებული. გამიკვირდა, ისევ რომ უშოვია წამალი, იმდენი ვალი ჰქონდა, ნისიადაც აღარავინ ენდობოდა... მეშინია შვილის გამო. მას მართლა არ ჰქონდა სხვაგან წასასვლელი და თუ ქმარს გამოექცეოდა, ჩვენთან უნდა მოსულიყო...

- იქნებ ყოველივე იმის შემდეგ, რაც თავს გადახდა, შერცხვა თქვენთან დაბრუნება და რომელიმე ახლობელს შეაფარა თავი?! - დავეჭვდით ჩვენ.

- არა, ყველა ახლობელთან და მეგობართან მოვძებნეთ, მაგრამ არავის უნახავს. ვაითუ, მოკლა ჩემმა მხეცად ქცეულმა სიძემ, გვიშველეთ რამე! - ახლა უკვე მამასაც მოერია ცრემლი.

...როცა ზურა ნათაძეს მივაკითხეთ, ისე იყო ნარკოტიკით გაბრუებული, იმ დღეს მასთან ლაპარაკი ვერ მოვახერხეთ. პოლიციელი მივუჩინეთ მცველად. მთელი ღამე არ მოშორებია. დილით კი ადრიანადვე დავკითხეთ და პირველ რიგში იმით დავინტერესდით, საიდან ჰქონდა ნარკოტიკის ფული:

- მე ავადმყოფი კაცი ვარ. ნარკოტიკის გარეშე უეჭველი "ტრუპი" ვარ! - დაიწყო ნარკომანებისთვის დამახასიათებელი ჟარგონით ლაპარაკი, - შევეცოდე ცოლს და დედამისის ოქროულობა მოიტანა. ის გავყიდეთ, რომ წამალი მქონოდა. ძალიან ვუყვარვარ ასმათს და ბინა რომ არ გამეყიდა, ასე არ გაბრაზდებოდა, არც მიმატოვებდა. კიდევ არ გამოჩენილა, ტოო! - აქეთ შემოგვხედა გაკვირვებულმა და ლამის დავიჯერეთ, რომ მართლა უდანაშაულო იყო...

მარტო არ დაიტოვებოდა, ამიტომ წინასწარი პატიმრობის საკანში გადაყვანა მოვითხოვე. ის იყო ბინა დავლუქეთ, რომ იმავე სართულის ერთოთახიანის კარი გაიღო და მოხუცმა ქალბატონმა გამოგვხედა. მერე შინ შეგვიპატიჟა:

- ვაღიარებ, ცუდი ჩვევა მაქვს... ყოველ ჩქამზე კართან მოვრბივარ და ვუთვალთვალებ, ვინ აივლის და ჩაივლის. ვაყურადებ, რაზე ლაპარაკობენ მეზობლები და მათი სტუმრები. გამოვყრუვდი მარტოობით 80 წელს მიღწეული ქალი... ასმათს კარგად ვიცნობ, თავიდან მისი ქმარიც მომწონდა. სანამ სამსახური ჰქონდა, არ ეტყობოდა რა წყალწაღებულიც იყო. მერე ძალზე ცუდად ექცეოდა საწყალ გოგოს. რამდენჯერ უტირია ჩემთან... ერთ ღამესაც უცხოები ეწვივნენ. ხმამაღლა ლაპარაკობდნენ, სხვათა შორის, სამი კაცი იყო და ერთიც ქალი. რომ წავიდნენ, ასმათიც გაიყოლეს. კაცები იგინებოდნენ, ოღონდ არა ქართულად. მერე აივნიდან გადავიხედე. ცოტა თვალს მაკლია და კარგად ვერ გავარჩიე, რა ხდებოდა, მაგრამ მომეჩვენა, რომ ნებით გაჰყვა იმ ხალხს: ორი კაცი წინ ჩაჯდა. ასმათს კი კიდევ ერთი კაცი და ქალი მიუჯდა აქეთ-იქიდან...

- ცოცხალი წაიყვანეს, დარწმუნებული ხართ?! - ჩავეკითხე ქალს.

- როგორ არა, თავისი ფეხით მივიდა მანქანამდე. დიდად არ გასძალიანებია თითქოს, მაგრამ ჩაჯდომისას ერთ-ერთი მამაკაცი მხრებზე დააწვა...

როგორც კი განყოფილებაში დავბრუნდით, მაშინვე მოვაყვანინე ზურა ნათაძე. კატეგორიულად მოვთხოვე იმ ხალხის დასახელება, ვისაც ცოლი გააყოლა შუაღამისას. ჯერ თითქოს ვერ იხსენებდა, მაგრამ ერთი-ორი რომ შემოულაწუნეს ჩვენმა ბიჭებმა - "გაიხსენა". ალბათ იმ ხალხზე მეუბნებით, ვინც ბინა იყიდა ჩემგან. ბინა ასმათის სახელზე იყო და ბუნებრივია, ის გაიყოლეს ნოტარიუსთან, რომ საბუთებზე ხელი მოეწერა...

- ღამის ორ საათზე რომელი ნოტარიუსი მუშაობს! - კიდევ ერთხელ ჩავაფარე კისერში ხელი, მაგრამ მეტი ინფორმაცია მაინც ვერ მივიღეთ მისგან...

სხვა რა გზა იყო, ჩემს თანაშემწეს დავავალე სასწრაფოდ გაეგო, ვის სახელზე გაიყიდა ილურიძე-ნათაძის ბინა. აღმოჩნდა, რომ ის საქართველოს მოქალაქის, ეროვნებით აზერბაიჯანელ ვერა ალიევას სახელზე იყო გაფორმებული. ალიევა ქვრივი გახლდათ და შეშინებულმა უცებ აღიარა, რომ ბინა მისმა მაზლმა იყიდა, მაგრამ მის სახელზე იმიტომ გააფორმა, რომ თავად საქართველოს მოქალაქეობა არ ჰქონდა. მეზობლებისგან გავიგეთ ერთი საყურადღებო რამ - ალიევას ქმარი, რომელიც ცნობილი ნარკომოვაჭრე იყო, სამი წლის წინ მოკლეს და ისე დაასაფლავეს ახლობლებმა, პოლიციასაც კი არ შეატყობინეს თავის დროზე იმის შიშით, რომ რაღაც დიდ და უფრო მეტ დანაშაულს აეხდებოდა ფარდა. მას საკუთარ გარაჟში გამოსჭრეს ყელი, სადაც სავარაუდოდ წამალს ინახავდა...

აშკარა იყო, რომ ზურაბ ნათაძესაც ნარკოტიკი აკავშირებდა ამ ხალხთან. ვერა ალიევამ ვერაფერი გვითხრა თავისი მაზლის საქმიანობის შესახებ. ეგ კი არა, მისამართიც კი ვერ გაიხსენა ზუსტად, - სადაც მე დავყავდი ქმარს ახალგაზრდობაში, ის სახლი კარგა ხნის წინ გაყიდეს და მერე ახალი აიშენაო!..

აზერბაიჯანელი კოლეგების დახმარებით მაინც მალე მივაგენით ველო ალიევს ბაქოში. ის შემჩნეული კი ყოფილა ნარკოტიკებით ვაჭრობაში, მაგრამ რადგან ძირითადად საქართველოში ჰქონდა "ბიზნესი", აზერბაიჯანელ სამართალდამცველთა ხელში არასოდეს მოხვედრილა... მას არ უარუყვია  საქართველოსთან კავშირი და არც ის, რომ აქ ბინა იყიდა:

- ჩემი უბედური ძმა დიდხანს აგროვებდა ფულს, რომ ახალი ბინა ეყიდა, რადგან ორი ბიჭი ეზრდება. რაა გასაკვირი, თუ მისი სურვილი მე ავასრულე და ძმისშვილებს ბინა ვუყიდეო...

არც ის უარუყვია, რომ ასმათ ილურიძეს შეხვდა და სწორედ მისგან გადაიფორმეს ბინა მან და მისმა რძალმა... მოკლედ, ისე იქცეოდა, ლამის იქით მოგვახდევინა ბოდიში.

თბილისში ჩამოსვლისთანავე ვერა ალიევასთან მივედი და პირდაპირ განვუცხადე, - თქვენმა მაზლმა აღიარა ასმათ ილურიძის მკვლელობა და თქვენ გადებთ ხელს, რომ შემთხვევით შემოგაკვდათ...

ვერა მაშინვე წამოეგო ანკესს და გაფითრებულმა წამოიყვირა:

- ტყუის, არ მოგვიკლავს. ყოველ შემთხვევაში, აქედან ცოცხალი წაიყვანეს და მერე რა უყვეს, არ ვიცი... ნათაძეს დიდი ვალი ჰქონდა. ბინა კი დაგვითმო, მაგრამ ეს მაინც არ იყო საკმარისი და როცა სხვა ვერაფერი მოიფიქრა, - ცოლი დათმო ვალში... ჩემი მაზლიც დათანხმდა და ის გოგო, როგორც თავისი საკუთრება, ისე წაიყვანა. ამბობდა, მონასავით ვამუშავებო...

მოკლედ გეტყვით, რომ მაშინვე გავბრუნდით ბაქოში და ველო ალიევი ტრეფიკინგის ბრალდებით დავაპატიმრეთ. თან, მისი ორი სახლი და აგარაკიც გავჩხრიკეთ. ასმათ ილურიძე სწორედ აგარაკის სარდაფში აღმოვაჩინეთ. საშინელ დღეში იყო. მთელი დღეები ბაღში ამუშავებდნენ ფიზიკურად... არც ალიევის სტუმარი მამაკაცებისგან აკლდა დამცირება... ფაქტობრივად, სასიკვდილოდ ჰყავდათ გამეტებული...

თხუთმეტ წელზე მეტია გასული ამ ამბიდან და საწყალი ქალი დღემდე ვერ გამოვიდა მდგომარეობიდან, კარგა ხანს ფსიქიატრიულში იწვა.

ველო ალიევი აზერბაიჯანში გაასამართლეს და ვერ გეტყვით, რამდენი მიუსაჯეს ან როგორ მოიხადა სასჯელი. ასმათ ილურიძის ნარკომან ქმარს კი 12 წელი მიუსაჯეს, მაგრამ რამდენადაც ვიცი, მალევე გარდაიცვალა, როგორც ამბობდნენ, ციროზით დაიღუპა...