მაჩალიკაშვილი - გმირი შაჰიდი თუ "ვაჰაბიტი შაითანი"? (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

მაჩალიკაშვილი - გმირი შაჰიდი თუ "ვაჰაბიტი შაითანი"? (ექსკლუზივი)

რამზან კადიროვი: "მაჩალიკაშვილი რასაც იმსახურებდა, ის მიიღო"

წლის 6 თებერვალს სოციალური ქსელებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ სირიაში, ალეპოს ციხის აღებისას დაიღუპა ამბოხებულების ერთ-ერთი ლიდერი ემირ სეიფულლაჰ ალ შიშანი, მუსლიმანურ სამყაროში მას ჩეჩენი სეიფულლაჰის სახელით იცნობენ, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ  მოჯაჰედების ყველაზე სასტიკი და ამბიციური მეთაური წარმოშობით ჩეჩენი, საქართველოს მოქალაქე, პანკისელი (სოფ. დუისი) რუსლან მაჩალიკაშვილი გახლდათ.

ალეპოს ციხის ალყა ერთი წელიწადი გრძელდებოდა. მოჯაჰედები დროდადრო იერიშს იერიშზე აწყობდნენ, თუმცა ამაოდ: ციხე, რომელშიც ასადის ხელისუფლებას 46 000  კაცი ჰყავდა გამოკეტილი (მათ შორის 800 ქალი), აუღებელი რჩებოდა. სირიული "მასადის"”(მასადა ისრაელის ლეგენდარული ციხესიმაგრეა, რომლის აღება რომაელებმა მთელი წელი ვერ შეძლეს. მასადა მათ აღების შემდეგაც არ დანებდა, ციხის ერთი მუჭა დამცველებმა ჩაბარებას სიკვდილი ამჯობინეს) აღება მოჯაჰედებისთვის გამოწვევად იქცა...

თებერვლის დასაწყისში რუსლან მაჩალიკაშვილმა, რომლის დროშის ქვეშ 500  გამოცდილი მოჯაჰედი იდგა, კვლავ წამოიწყო ალეპოს ციხის იერიში. მიუხედავად იმისა, რომ მის დაჯგუფებას 10 ტანკიც ჰყავდა, შეგნებულად არ გამოიყენეს, რათა ციხეში მყოფი პატიმრები არ დაეზიანებინათ. იერიშები კვლავ უშედეგო აღმოჩნდა. საჭირო იყო სამთავრობო ნაწილების დაცვის ზღუდის გარღვევა, ეს კი ერთადერთი გზით იყო შესაძლებელი. რუსლან მაჩალიკაშვილი დანაღმულ ავტომანქანაში ჩაჯდა და იერიშს თავად წაუძღვა. მისი შეჩერება ასადის მომხრეებმა რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ სატანკო ჭურვის გასროლით ძლივს მოახერხეს, მაგრამ გვიანი იყო - მაჩალიკაშვილმა თავდაცვითი ხაზი გაარღვია. ემირი სეიფულლაჰ ალ შიშანი შაჰიდის სახელით დაიღუპა. ბრძოლები კიდევ კარგა ხანს მიდიოდა, ბოლოს, ალეპოს ციხე დაეცა...

რუსლან მაჩალიკაშვილის გმირობამ მისი კოლეგებიც”კი გააკვირვა, რომლებიც ემირს, ვიდეომიმართვების გამო, წარამარა პოპულიზმში ადანაშაულებდნენ.

საქართველოში მაჩალიკაშვილზე ცოტა რამ არის ცნობილი. როგორც ამბობენ, 2001-2002 წლებში, როცა პანკისის ხეობაში ადამიანის გატაცება და ნარკოტიკებით ვაჭრობა ჩვეული  მოვლენა იყო, მაჩალიკაშვილი, სხვების მსგავსად, ამ საქმიანობაში ჩაერთო. ერთი ვერსიით, ძმა სწორედ იმ დროს მოუკლეს. Pპანკისის ხეობაში ანტიკრიმინალური ოპერაციის შემდეგ მაჩალიკაშვილმა საქართველო დატოვა და თავი შეაფარა თურქეთს, სადაც რეკეტიორობას მიჰყო ხელი...

2011 წელს სირიაში ომი დაიწყო. ცეცხლის ალში გახვეულ ქვეყანას ახალი საფრთხე გამოუჩნდა - შეიარაღებული მოჯაჰედები, რომლებიც ყველა ქვეყნიდან მოდიოდნენ და, ოპოზიციას ამოფარებულნი სირიაში საკუთარი ძალაუფლებისთვის ბრძოლას იწყებდნენ. საქმეში ჩახედულნი ამბობენ, რომ სირიაში მოჯაჰედების დაჯგუფებებს 4 შიშანი ხელმძღვანელობს, აქედან ორი - საქართველოს მოქალაქე პანკისელია, სეიფულლაჰ ალ შიშანი (რუსლან მაჩალიკაშვილი) და აბუ უმარ ალ შიშანი (თარხან ბათირაშვილი). ოთხივე შიშანის დროშის ქვეშ დგას ბრიგადები, რომლებიც ძირითადად ემიგრანტებისგან შედგება.

სირიაში ერთხანს სამი ლიდერი - თარხან ბათირაშვილი, რუსლან მაჩალიკაშვილი და ჩეჩენი ჰალჰუდინ ალ შიშანი ერთი დროშით იბრძოდნენ, მეოთხე ლიდერი - მუსლიმ'' ალ შიშანი "ვიკინგი" დამოუკიდებლად იბრძვის. მის ბრიგადაში ბევრი გამოცდილი მეომარია, რომლებმაც ჯერ კიდევ დოკუ უმაროვს შეჰფიცეს ერთგულება. ლიდერთა შორის იდილია დიდხანს არ გაგრძელებულა, თავდაპირველად განხეთქილება  ქართველებში მოხდა, როცა ბათირაშვილმა განაცხადა, - მაჩალიკაშვილი სირიაში ადგილობრივ მოსახლეობას ცუდად ექცეოდაო.

2013 წლის 18 ივლისის ღამეს სირიაში გაიმართა შAარიათის კომიტეტის (ამბოხებულთა სასამართლო ორგანო) გაფართოებული სხდომა, რომელზეც დასწრების უფლება ზოგიერთ მოჯაჰედსაც მისცეს. დამსწრეებმა მაჩალიკაშვილს ახალი ბრალდება წაუყენეს - ამბიციური ხარ, ინტერნეტით საკუთარი თავის პროპაგანდას ეწევი  და მხოლოდ ძალაუფლებისკენ ილტვიო. მხარეთა კამათი დიდხანს გაგრძელდა, ბოლოს, შარიათის კომიტეტმა მხარი ბათირაშვილს დაუჭირა და მაჩალიკაშვილი ამბოხებულთა კოალიციიდან განდევნეს, მას 290 მეომარი გაჰყვა.  ბათირაშვილის რისხვა მაშინ თავს დაატყდა კიდევ ერთ მეთაურს, რომელმაც ორი სირიელი მღვდელი ჩამოახრჩო.

რამდენიმე დღის შემდეგ მაჩალიკაშვილმა, თანამოაზრეებთან ერთად, ვიდეომიმართვა გაავრცელა. ამტკიცებდა, ბათირაშვილი ჭორიკანაა, მსგავსი საქმეები არასოდეს ჩამიდენიაო. მიუხედავად განხეთქილებისა, ორივე მხარე ასადის მომხრეებთან ომს არ წყვეტდა, თარხან ბათირაშვილმა ჩრდილოეთი სირია აიღო, მაჩალიკაშვილი ერთხანს  დამოუკიდებლად იბრძოდა, შემდეგ კი მუსლიმ შიშანმა შეიფარა, უფრო მოგვიანებით - დიდი სამხედრო გაერთიანების, "ჯაბჰათ ან ნუსრას" ლიდერი გახდა. შემდეგ იყო ალეპოს აეროდრომის აღება, რომლის დროსაც 39 მოჯაჰედი შაჰიდი გახდა (თავი აიფეთქეს), რათა სხვა მეომრებისთვის გზა გაეწმინდათ”(იხ. "კვირის პალიტრა", #5, 2014).

რუსლან მაჩალიკაშვილმა მალე კიდევ ერთი მტერი გაიჩინა - ჩეჩნეთის თავკაცი რამზან კადიროვი. მორიგი გამარჯვების შემდეგ გავრცელებულ ერთ-ერთ ვიდეოში მაჩალიკაშვილი დასცინოდა კადიროვს და მის დაუმარცხებელ”სპეცრაზმს, აჩვენებდა სირიის დანგრეულ და მიწასთან გასწორებულ სოფლებს და ჩეჩნეთის ლიდერს ემუქრებოდა, - შენც ამას დაგმართებო.

ალეპოს ციხესთან ემირ სეიფულლაჰის სიკვდილს პირველი სწორედ რამზან კადიროვი გამოეხმაურა: "დღეს, ალეპოში, მშვიდობიანი მოსახლეობის მორიგი ძარცვისას, ბოლო მოეღო ვაჰაბიტ შაითანს - რუსლან მაჩალიკაშვილს, ეს იყო ვაჰაბიტების ბანდის ერთ-ერთი მეთაური, რომლის კისერზეც უამრავი მშვიდობიანი მოსახლის სიკვდილი, ძარცვა-გლეჯა და ისლამის წმინდა ადგილების შებილწვაა.

მაჩალიკაშვილი ინტერნეტით ინტერესდებოდა, - სად არის კადიროვის სპეცრაზმი, გამოგზავნეთო. ამ ბანდიტებმა არ იცოდნენ, რომ კადიროვის სპეცრაზმი შეიძლება იყოს მიწის ყოველ გოჯში, რომელიც შაითნების ფეხქვეშ იალებს. შაითნის მოწოდება შეისმინეს.  სიკვდილმა მოუსწრო ბანდიტს, რომელიც პატივით დაკრძალვის ნაცვლად სახელდახელოდ დამარხეს... მაჩალიკაშვილი რასაც იმსახურებდა, ის მიიღო."

კონფლიქტში დაღუპულთა რაოდენობა

human Rights Watch-ის მონაცემებით, სირიაში შეიარაღებული კონფლიქტისას დაიღუპა 130 000 კაცი, აAქედან 46 266 მშვიდობიანი მოსახლე.

52 290 - ბაშარ ასადის (მთავრობის) მომხრე, აქედან 32 000 სამხედრო მოსამსახურე.

262 - "ჰესბოლას" მეომარი.

სირიის შეიარაღებულმა ოპოზიციამ დაკარგა 29 083 კაცი. მათ შორის 6 613 სხვადასხვა ტერორისტული ორგანიზაციიდან.

2 794 კაცი ამოუცნობია.

ვინ იბრძვის ამბოხებულების მხარეს

სირიაში მეომარ მოჯაჰედთა რაოდენობა:

"საუდის არაბეთი - 5000-8000 მეომარი (1300 დაიღუპა, 1800-ის ადგილსამყოფელი უცნობია)

ტუნისი - 4000

ერაყი - 3000

აშშ - 290

კანადა - 120

ჩეჩნეთი - 1700 (დაიღუპა 717)

საქართველო 80 (მეორე ვერსიით - 200)

აზერბაიჯანი - 100

უკრაინა - 350

ავსტრია - 200

დღეისთვის ამბოხებულთა მხარეს 400 სხვადასხვა დაჯგუფებაში იბრძვის 50 000 მეომარი"...

სირიის მუფთის აჰმად ბადრედინ ჰასუნის მონაცემების მიხედვით