სკოლის კაბინეტში დაგეგმილი მკვლელობები - კვირის პალიტრა

სკოლის კაბინეტში დაგეგმილი მკვლელობები

სკოლა დიდი არ იყო და პედაგოგებიც ერთი ოჯახივით ცხოვრობდნენ. ვერც წარმოედგინათ თუ თამარის გარდა სხვას შეიძლებოდა დაეკავებინა დირექტორის თანამდებობა, მაგრამ რაიონის განათლების განყოფილებაში ასე არ ფიქრობდნენ.

ბატონი ბიძინა მორიგ კრიმინალურ ამბავს იხსენებს:

- ეს ამბავი ძალზე ბანალურად დაიწყო: სკოლაში ახალი დირექტორი მოვიდა. ძველი, ვასილ მსხვილაძე (გვარ-სახელები შეცვლილია) ორიოდე თვის წინ გარდაიცვალა. დამსახურებული კაცი იყო და როგორც სოფელში ამბობდნენ, - ორმოცამდე აცალეს კაცს მიწაში გაცივება. მის მოვალეობას დროებით თამარ ძნელაძე ასრულებდა, რომელიც მანამდე დირექტორის მოადგილე იყო და რადგან 80-ს გადაცილებული ვასილი ხშირად ავადმყოფობდა ბოლო წლებში, ფაქტობრივად დირექტორი თამარი იყო - საქმის მცოდნე, ენერგიული, ავტორიტეტული ქალბატონი. 60 წელს მიღწეული თამარი გაუთხოვრად დაბერდა და სკოლა იყო მისი სახლი, მოსწავლეებს საკუთარ შვილებად მიიჩნევდა.

სკოლა დიდი არ იყო და პედაგოგებიც ერთი ოჯახივით ცხოვრობდნენ. ვერც წარმოედგინათ თუ თამარის გარდა სხვას შეიძლებოდა დაეკავებინა დირექტორის თანამდებობა, მაგრამ რაიონის განათლების განყოფილებაში ასე არ ფიქრობდნენ. და ისე, რომ სკოლის პედაგოგიურ კოლექტივს არავინ არაფერი ჰკითხა, დირექტორად ახალგაზრდა კაცი გამოგზავნეს. 30 წლის ნუგზარ ვაშაკიძეს რაიონში არავინ იცნობდა. თბილისელი იყო, ოჯახიც იქ ჰქონდა და ყველას გაუკვირდა, რაში დასჭირდა სოფელში გადმოსახლება. ისიც მალე შეატყვეს, რომ მათემატიკოსის დიპლომის მქონემ არც მათემატიკა იცოდა მაინცდამაინც და არც სკოლის მართვა შეეძლო.

თამარს, მართალია ეწყინა (არც დაუმალავს), დირექტორობის ღირსად რომ არ ჩათვალეს, თანაც, საკმაოდ უტაქტოდ მიუთითეს ასაკზე, მაგრამ ბოღმა გულში არ ჩაუდვია. ახალგაზრდა დირექტორს კეთილი განწყობა დაახვედრა და გვერდში დგომაც აღუთქვა: მთავარია, კაცმა მოინდომოს და შეუძლებელი არაფერია, ჩინებულ დირექტორად გაქცევთო, - გაუღიმა ნუგზარს, რომელიც შვილად შეეფერებოდა. თუმცა ღიმილი სახეზე შეეყინა, როცა ახალგაზრდა კაცმა საკმაოდ უხეში პასუხი დაუბრუნა:

- ძალიან გთხოვთ, დისტანცია დაიცვათ და თქვენს მოსწავლეებში არ აგერიოთ, თქვენი დასახმარებელი არაფერი მჭირს. მით უფრო, ეს სკოლა 50 წლით მაინც ჩამორჩება განათლების თანამედროვე მოთხოვნებს. მე ახალგაზრდა, ნოვატორი დამხმარე მჭირდება, ამიტომ ჩემი მოადგილეობიდან გათავისუფლებთ, ჩემი ახალი მოადგილე მალე ჩამოვა, თქვენ კი როგორც რიგითი მასწავლებელი, მხოლოდ ისე დარჩებით სკოლაშიო.

თამარმა ისე განიცადა დაქვეითება და სანაგვეზე მოსროლა, ინფარქტი დაემართა და კარგა ხანს იავადმყოფა. ჯერ საავადმყოფოში იწვა, მერე - შინ. რომ არა კოლეგების დაჟინება და თხოვნა, შეიძლება აღარც ეფიქრა სკოლაში მისვლაზე:

- უკუღმა მიდის სკოლის საქმე, თამრიკო! - ვიშვიშებდა იზოლდა, ქართულის მასწავლებელი, - ისევ ჩვენ უნდა ვიმარჯვოთ და შევაჩეროთ ეს განუკითხაობა. ნეტავი განახვა, ვინ მოიყვანა მოადგილედ. ერთი შეხედვით ეტყობა, რა ზნეობისაცაა ის ქალბატონი, გადარია უფროსკლასელი ბიჭები თავისი მოკლე კაბითა და დეკოლტეთი... უკვე ეჭვი აღარ გვეპარება, რომ ის და დირექტორი საყვარლები არიან...

ცოტა ხანში ეჭვი დადასტურდა.

სოფელში ისიც თქვეს, რომ ნუგზარ ვაშაკიძე დირექტორის სავარძელში კი არა, ციხეში უნდა მჯდარიყო, რომ არა მამამისი, გავლენიანი პარტიული ფუნქციონერი. ნუგზარმა 50 წლის კაცი, სამი შვილის მამა გაიტანა მანქანით მთვრალმა. საჭესთან ჩასძინებია და საგზაო პოლიციელებმაც ვერ შეძლეს თურმე მისი გაღვიძება, როცა შემთხვევის ადგილზე მივიდნენ. მამამისმა კი მოახერხა, დამნაშავედ ის უბედური ფეხით მოსიარულე გამოეყვანა და მის ვაჟს პირობითი სასჯელი აკმარეს. თუმცა დაღუპულის ჭირისუფლები არ ისვენებდნენ და ქალაქს მათ გამო გამოარიდეს.

ეს ინფორმაცია საკმარისი იყო იმისთვის, რომ თამარ ძნელაძეს მოენდომებინა, დირექტორი თავიდან მოეცილებინა, მაგრამ არ იკადრა, - არ მინდა ამ სიბერეში დავიწყო ინტრიგანობა, ადრე თუ გვიან, ეგ მაინც წაიტეხს კისერსო...

სკოლაში დაბრუნებულ თამარს 27 წლის მზია არაბიძე, დირექტორის ახალი მოადგილე ისე შეეგება, როგორც ყველაზე სასურველ ახლობელს:

- ვიცი, რომ ნაწყენი ხართ თანამდებობის დატოვების გამო და ამიტომ ვერ მოვბედე თქვენთან მოსვლა, არადა, ძალიან მჭირდება, თქვენნაირმა გამოცდილმა პედაგოგმა გზა გამიკვალოს...

თამარი ანკესზე წამოეგო. ესიამოვნა თბილი სიტყვა და მზიასთვის არ უთქვამს უარი დახმარებაზე. თუმცა, მალე დაინახა, რომ გოგო არც ისე ნიჭიერი ორგანიზატორი იყო და არც რაიმე ახლის სწავლის სურვილი ჰქონდა. საქმის მთელმა სიმძიმემ ისევ თამარის მხრებზე გადაინაცვლა. მზია კი ამით სარგებლობდა და ხშირად კვირაობით რჩებოდა ქალაქში... ჰოდა, თამარ ძნელაძესაც აევსო მოთმინების ფიალა: უკვე გამზადებული, რაიონში წარსადგენი ანგარიშები გადამალა და სულაც არ განუცდია, ამის გამო რაიონის განათლების განყოფილებაში სკოლის ახალი დირექტორი რომ გალანძღეს. მან თამარს ვერ აკადრა საყვედური, მაგრამ მზიას, როგორც ჩანს, ისეთი რამ უთხრა, რასაც ქალი მისგან არ მოელოდა და... სულ უტვინო ბებერი და ბოროტი კუდიანი უძახა თამარ ძნელაძეს სამასწავლებლოში, როცა ამ უკანასკნელმა საყვედური არ მიიღო:

- მე რა შუაში ვარ, დირექტორის მოადგილეობიდან რამდენიმე თვის წინ გავთავისუფლდიო.

- მალე მასწავლებლობასაც გამოეთხოვები! - დაემუქრა ახალი სასწავლო ნაწილის გამგე...

თამარმა ამაზეც იფიქრა და რატომღაც გადაწყვიტა, სანამ ისევ დაამცირებდნენ და მოხსნიდნენ, თვითონვე დაეწერა წასვლის შესახებ განცხადება. ისედაც დიდი ხანია სთხოვდა დედაქალაქში გათხოვილი ძმისშვილი, - დამხმარე მჭირდება და შენც სანამდე უნდა იყო მარტო, ჩამოდი და ჩემთან იცხოვრეო.

ბევრიც აღარ უყოყმანია. განცხადება დაწერა და დირექტორის კაბინეტისკენ აიღო გეზი. ფრთხილად დააკაკუნა და მერე კარი შეაღო...

რაც იქ დაინახა, იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა 60 წლის გაუთხოვრად დაბერებული ქალისთვის, რომ მთელი ხმით იკივლა და გამოიქცა...

სკოლის დირექტორს პირდაპირ მაგიდაზე შემოესვა თავისი მოადგილე და... როგორც ჩანს, ალერსით გართულებს კაბინეტის კარის ჩაკეტვა დავიწყებოდათ...

გაოგნებული თამარი იმავე საღამოს ეწვია თავის მეგობარს, იზოლდა ჩიჯავაძეს და ყველაფერი უამბო.

- დაგინახეს?! - შეშფოთდა იზოლდა.

- რა ვიცი, შეშინებულმა ვიკივლე, მოულოდნელობისგან ისე გავხევდი, ერთხანს ღია კარში ვიდექი, მერე კი გამოვიქეცი... რა მნიშვნელობა აქვს, დამინახეს თუ არა! ხომ იციან, მათ ვერაფერს დავაკლებ...

- არ ვიცი... არ ვიცი! - აღარაფერი თქვა იზოლდამ. არც ის, რომ გულმა ცუდი უგრძნო.

- მე იქ ვეღარ მივალ. შენ წაიღე ჩემი განცხადება გათავისუფლების შესახებ და წამოიღე ჩემი პირადი საქმე! - სთხოვა მეგობარს თამარმა და არც იზოლდას უთქვამს უარი.

მეორე დღეს მოსწავლესავით დამფრთხალი შევიდა იზოლდა ჩიჯავაძე დირექტორის კაბინეტში.

- თვითონ სად ბრძანდება?! - გაღიზიანებული ტონით იკითხა ვაშაკიძემ, რომელსაც ისე უცნაურად უბრწყინავდა თვალები, ისიც კი გაიფიქრა იზოლდამ, სიცხე ხომ არა აქვსო!

- ნაწყენია და აღარ უნდოდა თქვენთან შეხვედრა...

- რაიონში მე გამომაჭენა და ნაწყენი თვითონაა?! - რაიონში მიღებულ საყვედურზე გაამახვილა ყურადღება დირექტორმა.

- მე არაფერი ვიცი, - ხმა ჩაუვარდა იზოლდას, - მთხოვა განცხადების მოტანა და მოგიტანეთ. იმასაც ზუსტად გადავცემ, რასაც დამაბარებთ...

- მოვიდეს და დაველაპარაკები! - უხეშად უთხრა დირექტორმა იზოლდას და აგრძნობინა, თავისუფალი ხარო.

კაბინეტიდან გასული კი დამლაგებელმა ვარომ გაიხმო გვერდზე და დირექტორის კაბინეტიდან გამოტანილ სანაგვე ყუთში ჩაახედა, სადაც სისხლიანი ბამბა, გატეხილი შპრიცი და ამპულები ეყარა:

- ეჭვი მქონდა, მაგრამ ახლა ეჭვი აღარ მეპარება, რომ ეს ჩვენი დირექტორი ნარკომანია და იქნებ გვეჩივლა!

დირექტორის უტაქტობით თავმობეზრებულმა იზოლდამ უკან აღარ დაიხია: სამხილი ფრთხილად ამოიღო ნაგვის ურნიდან და ქაღალდში გაახვია. მეორე დღეს კი თამარ ძნელაძესთან ერთად იძლეოდა ჩვენებას რაიონის პოლიციის განყოფილებაში...

ნუგზარ ვაშაკიძეს მართლა შეექმნა პრობლემები, მაგრამ მამის გავლენით, ეს საქმეც ჩაიფარცხა... სამსახურში კვლავ ნიღაბი მოირგო და არც ძნელაძისთვის და არც ჩიჯავაძისთვის საყვედურიც არ უკადრებია. სკოლიდან წასვლის განცხადებაზეც უპრობლემოდ მოუწერა ხელი თამარს, რომელსაც კოლეგებმა გაცილების საღამოც მოუწყვეს, როცა ბარგი შეკრა ქალაქში გასამგზავრებლად. მეორე დღეს ძმისშვილს უნდა ჩამოეკითხა მანქანით...

სწორედ თამარ ძნელაძის ძმისშვილის კივილმა შეყარა მთელი სოფელი დამსახურებული მასწავლებლის სახლში. თამარი სავარძელში იჯდა, ვენები ჰქონდა გადაჭრილი და სისხლისგან დაცლილიყო...

ამ დროს აღმოვჩნდი ჩემს თანაშემწესთან ერთად იმ სოფელში. დავკითხეთ ხალხი. შეთანხმებულივით ყველა ერთსა და იმავეს იმეორებდა: მთელი მისი ცხოვრება სკოლა იყო და ვერ შეეგუა სამსახურიდან წამოსვლას, თავიც ალბათ ამიტომ მოიკლაო!..

გვამი პროზექტურაში გადავიტანეთ. ექსპერტმა გვერდზე გამიყვანა:

- ბატონო ბიძინა, ეს თვითმკვლელობა არ არის. გარდაცვლილს მკლავებსა და ბეჭებზე ისეთი სისხლჩაქცევები აქვს, აშკარად აკავებდნენ. ამ დანაშაულს ერთი კაცი ვერ ჩაიდენდა, - ეტყობა, ორნი იყვნენ. ერთმა გააკავა, მეორემ ვენები დაუსერა... რა უნდა დაეშავებინა მარტოხელა პედაგოგს ამისი ფასი?! - აიჩეჩა მხრები და მერე დაამატა, - თითის ანაბეჭდები არსადაა, ჩანს, ხელთათმანი ეკეთათ.

ვერ წარმომედგინა, საიდან დამეწყო ძიება და რომ არა იზოლდა ჩიჯავაძე, ალბათ ბოლომდე ვერაფერს გავარკვევდი. იგი მას შემდეგ მოვიდა ჩემთან, რაც მეგობარი მიწას მიაბარა.  ეჭვი არ მასვენებს, მგონია, თამარი მოკლესო და მის შესახებ ყველაფერი დაწვრილებით მიამბო, თან დაამატა, - თუ დირექტორმა და მისმა მოადგილემ იძიეს შური თამარზე, არც მე დამინდობენო!..

იზოლდა ჩიჯავაძეს მეთვალყურე მივუჩინეთ. ის ინვალიდ მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა. შვილები ქალაქში ჰყავდა დასახლებული...

ამ ხნის განმავლობაში საეჭვო არაფერი მომხდარა. ერთ დღეს იზოლდა ჩიჯავაძემ ქალაქში მოინდომა წასვლა ავადმყოფი შვილიშვილის მოსანახულებლად და დირექტორს რამდენიმე დღით დაეთხოვა.

- როდის მიბრძანდებით! - ჰკითხა ნუგზარ ვაშაკიძემ.

- ხვალ დილითვე. შაბათ-კვირასაც ვისარგებლებ და ბევრი არ გამიცდება გაკვეთილები...

- ხვალ მეც მივდივარ თბილისში და რაღა ავტობუსით უნდა გაწვალდეთ, წაგიყვანთ! - შესთავაზა მოულოდნელად.

- არა, არ შეგაწუხებთ! - დაფრთხა ქალი.

- რა შეწუხებაა... თანაც, ქალაქამდე ჩაყვანას როგორ დაგზარდებით...

იზოლდა ჩიჯავაძემ მეთვალყურეს უთხრა მომხდარზე. მან ჩვენ შეგვატყობინა და მეორე დილით, სოფლიდან ცენტრალურ გზაზე გამოსულ ნუგზარ ვაშაკიძის მანქანას ჩვენც ავედევნეთ. წინ მზია არაბიძე ეჯდა მძღოლს. თუმცა ცოტა ხნის შემდეგ მანქანა გაჩერდა და ის უკანა სავარძელზე გადაჯდა:

- არ მოკლას უბედური! - შეშფოთდა ჩემი თანაშემწე და ჩვენც დავეთანხმეთ, რომ დაყოვნება არ შეიძლებოდა. ნუგზარ ვაშაკიძეს გადავუსწარით და გაჩერება მოვთხოვეთ... ჯერ გაქცევა დააპირა, მაგრამ მიხვდა, აზრი არ ჰქონდა...

მზია არაბიძეს იზოლდასთვის ცხვირ-პირზე ქიმიური ნაერთით გაჟღენთილი ქსოვილი აეფარებინა (ქიმიკოსი იყო და როგორც ჩანს, ნოდარ ვაშაკიძისგან განსხვავებით, თავისი `საქმე~ უკეთ იცოდა) და ქალი უკვე უგონოდ იყო...

დამნაშავეები გამოტყდნენ, რომ გათიშულ ქალს ადიდებულ მდინარეში უპირებდნენ გადაგდებას... მალე თამარ ძნელაძის მკვლელობაც აღიარეს. ამის შემდეგ ნუგზარ ვაშაკიძეს მამის გავლენამ ვეღარ უშველა. მას 15 წელი მიუსაჯეს. მზია არაბიძე კი 12 წლით გამოკეტეს ციხეში...