"შავი მემწვანილის" ბუნტი - კვირის პალიტრა

"შავი მემწვანილის" ბუნტი

"თუ ციხეებში ბუნტი მართლაც იგეგმებოდა, გამოდიოდა, რომ კანონიერი ქურდი ტარიელ ფოცხვერია თავის გადასარჩენად საკუთარ მოძმეებს "უშვებდა"

"საქართველოში ყველა ქურდი და კრიმინალური ავტორიტეტი უნდა იჯდეს ციხეში, მათ მიწიდან ამოვაძვრენთ, რა გვარზეც არ უნდა გადავიდნენ, ერთადერთი ადგილი, სადაც მათ სიამოვნებით ელოდებიან, ციხეა".“

ვანო მერაბიშვილი,

7 აპრილი, 2004 წ.

"მე რომ მირეკავთ, არ იცით, რა უნდა გააკეთოთ? "პადერჟკა" უნდა მისცეთ,  ხმაური ატეხეთ, ხმაური, არახუნეთ მაი მისკები"...“

ტარიელ ფოცხვერიას სატელეფონო საუბრიდან

2006 წლის 25 მარტი

("გუბერნსკის" ბუნტი)

"ქურდი უნდა იყოს მშიერი და სამართლიანი".

გოგი ჩიქოვანი,

"კანონიერი ქურდი"

12 თებერვალს საქალაქო სასამართლოში  მორიგი ხმაურიანი პროცესი გაიმართა - ტარიელ (ტარას) ფოცხვერიას კანონიერი ქურდობისთის 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს... მოესწრება  თუ არა მძიმედ დაავადებული "ტარასა" (ფოცხვერია უკვე კარგა ხანია, ონკოლოგიურ საავადმყოფოში წევს სიმსივნის მეოთხე სტადიის–დიაგნოზით) ამჯერად თავისუფლებას, არავინ იცის.

ტარიელ  ფოცხვერია, იგივე "კოკონო" "კანონიერ ქურდად" 1986 წელს "მოინათლა", მისი ნათლიები“ელგუჯა კუბლაშვილი და ავთო ჩიხლაძე (კვეჟო) გახლდნენ. 90-იან წლებში ფოცხვერიამ, სხვა ქურდებისგან განსხვავებით, ადგილის დამკვიდრება რუსეთის ნაცვლად უკრაინაში სცადა. ერთხანს  იქაურ კრიმინალურ ბიზნესს თითქოს ალღოც აუღო, მაგრამ როდესაც უკრაინელმა სამართალდამცავებმა ეთნიკურ  დამნაშავეობრივ ჯგუფებზე ნადირობა წამოიწყეს, "კოკონო" ერთ დღეს მათ ბადეში“მოყვა“და მოსკოვში გაადეპორტეს, იქიდან კი სამშობლოში დაბრუნდა.. თუმცა გულხელდაკრეფილი არც მშობლიურ ქუთაისში მჯდარა. მალე  ტარიელ ფოცხვერია ბავშვობის მეგობართან, ასევე "კანონიერ ქურდ" მალხაზ მინდაძესთან ერთად, წილებს სათამაშო ბიზნესიდან შუშის მწარმოებელი საამქროებიდან, სამარშრუტო ხაზებიდან, ფერადი ლითონებით ვაჭრობიდან და აფთიაქებიდანაც იღებდა, ამბობენ, ფოცხვერიასთან კარგი ურთიერთობისთვის“ფული ზოგიერთ სახელმწიფო ორგანიზაციასაც "არ ენანებოდაო".

2000 წელს "კოკონო" კვლავ გამოჩნდა უკრაინაში, ამჯერად ოდესაში. იმხანად ფოცხვერიას გადაწყვეტილი ჰქონდა, ფული მხოლოდ ქურდული წესით ეშოვა: ერთხანს ე.წ. მომრიგებელი მოსამართლეც იყო ოდესურ კრიმინალურ სამყაროში და საქმეების გარჩევით დიდძალი ფულიც მოხვეტა. ვრცელდებოდა ვერსიაც - ფოცხვერია უკრაინაში ქურდულ "ობშჩიაკს" განაგებსო, თუმცა სხვა ხელწახდენილი ქურდებისგან განსხვავებით, მისი რეპუტაცია უმწიკვლო იყო და ქურდული საძმოსთვის ფულის მოპარვაში არასოდეს დაუდანაშაულებიათ...“

ამასობაში ფოცხვერიას და მის ქუთაისელ კოლეგებს“- მალხაზ მინდაძეს და ბადრი კოღუაშვილს ურთიერთობა დაეძაბათ ასევე ქუთაისელ გაიოზ ზვიადაძესთან (გია კუტაისკი). ვინაიდან ათეული წლების განმავლობაში თბილისური და ქუთაისური კრიმინალური სამყარო ერთმანეთს ქურდულ პირველობაში ეჯიბრებოდა, ქუთაისელ ქურდებს თვალში არ მოსდიოდათ, რომ ზვიადაძე შაქრო კალაშოვის (თბილისური ფრთის თავკაცი) "ფანი" იყო (მოგვიანებით ის თბილისელებთან გადაბარგდა). ქუთაისელები მიზეზს ეძებდნენ... ერთხელ გაიოზ ზვიადაძემ ქუთაისში, რესტორან "ტირიფებში" ქუთაისის საოლქო სასამართლოს რამდენიმე მოსამართლეს სცემა, რის გამოც 2003 წელს ქუთაისის ციხეში მოხვდა (1.5 წლით). საკანში მასთან ბადრი კოღუაშვილი, მალხაზ მინდაძე და ტარიელ ფოცხვერია შევიდნენ და ჩხუბი აუტეხეს -  ჩვენი ძმის (ასევე ქურდის) ცოლს არაჯენტლმენურად რატომ მოექეციო(?!). ამ ფაქტმა კონფლიქტი უფრო გაამწვავა... ცოტა ხანში ტარიელ ფოცხვერიამ საქართველო კვლავ დატოვა და ისევ უკრაინას მიაშურა, სადაც ტარიელ ასათიანი გახდა (მეუღლის გვარზე გადავიდა). მალე "კოკონოს" ახალი გატაცება გამოუჩნდა - მწვანილი და უმოკლეს დროში რუსეთში მწვანილის გატანის კონტროლი ჩაიგდო ხელში. "კანონიერი" რეკეტიორებისაგან შეწუხებული მემწვანილეები სად აღარ დადიოდნენ სამართლის საძიებლად, მაგრად ამაოდ, რეკეტის ანატომია ასეთი იყო: ქუთაისის შემოგარენში მცხოვრებ მემწვანილეებზე ზეწოლა მწვანილის მოყვანის დროსვე იწყებოდა - მათ თავზე დაადგებოდნენ და სთხოვდნენ, მოსავალი მკაცრად განსაზღვრულ  ფასში კონკრეტული პირებისთვის მიეყიდათ, მეორე ეტაპი ტრანსპორტირებისას იწყებოდა, მესამე კი უკვე დახლზე მოვაჭრეებთან.

თავიდან ქურდული სამყარო ფოცხვერიას ახალ ბიზნესს  ღიმილით უყურებდა - მწვანილით რა ფული უნდა იშოვოს კაცმაო–და ზურგს უკან "შავ მემწვანილეს" ეძახდნენ, თუმცა მალე ყველამ ნახა, რომ მოგება შთამბეჭდავი იყო. საქმე იქამდე მივიდა, რომ მწვანილის ბიზნესისთვის კანონიერ ქურდებს შორის ბრძოლაც კი გაჩაღდა (ე.წ. "ნიახურის ომი").

2004 წელს ქურდულ სამყაროს ახალი საფრთხე გამოუჩნდა–- "ვარდების ხელისუფლება", რომელმაც კანონიერი ქურდების ინსტიტუტს შეურიგებელი ბრძოლა გამოუცხადა. კრიმინალური ავტორიტეტები პირად საუბრებში ამბობდნენ, რომ   საქართველოს პრეზიდენტისგან ამას ყველაზე ნაკლებად ელოდნენ, რადგან ჯერ კიდევ უკრაინაში სწავლისას სტუდენტი სააკაშვილი მეგობრობდა კიევში მყოფ  ახალგაზრდა ქართველ კანონიერ ქურდებთან. ერთ მათგანს, მეგობრობის ნიშნად, ბიძამისის, თემურ ალასანიას დახმარებით, უმაღლესში მოწყობასაც კი ჰპირდებოდაო. მოგვიანებით, უკვე პრეზიდენტმა მიშამ  მეგობარი ქურდი თბილისში ჩამოაყვანინა და ციხეში გამოკეტა კარგა ხნით, ის მხოლოდ 2014 წელს გათავისუფლდა.

ქურდულ სამყაროსთან ბრძოლა "ვარდების" ხელისუფლებამ იმერეთის გუბერნატორის განცხადებით დაიწყო. 2004 წლის 9 აგვისტოს იმერეთის გუბერნატორმა დავით მუმლაძემ განაცხადა, რომ რეგიონში სატრანსპორტო სფეროს ჩინოსნები შეკრული იყვნენ კრიმინალებთან და სატრანსპორტო ტენდერების გამოცხადების წინ შეიმჩნევა მათი გააქტიურება. იმერეთის გუბერნატორი სამართალდამცავებისგან დროულ რეაგირებას ითხოვდა... საქართველოში კანონიერ ქურდებთან ბრძოლა დაწყებულად გამოცხადდა. მოკლე ხანში ხელისუფლებამ დააკავა რამდენიმე ათეული კანონიერი ქურდი და მე-7 იზოლატორში გამოკეტა. გადარჩენილებმა თავი უკრაინასა და რუსეთს შეაფარეს.

2006 წლის 27 მარტს "გუბერნსკის" ციხეში პატიმართა ბუნტი დაიწყო. ერთი ინფორმაციით, ამის მიზეზი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელთა გამიზნული პროვოკაცია იყო, რაც იმაში მდგომარეობდა, რომ ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კრიმინალური ავტორიტეტების მოულოდნელად ცემა და წამება დაიწყეს...

რადგან აბუნტებულ "გუბერნსკისთან" კავშირი გაწყდა, რუსთავის კოლონიის "მაყურებლები" უკრაინაში ტარიელ ფოცხვერიას დაუკავშირდნენ და რჩევა ჰკითხეს (სწორედ ამ სატელეფონო ჩანაწერის შემდეგ გახდა ტარიელ ფოცხვერია საქვეყნოდ ცნობილი).

ციხის ბუნტი ხელისუფლებამ სისხლში ჩაახშო, ხოლო სატელეფონო საუბრისთვის "კოკონო" ბუნტის ორგანიზატორად გამოაცხადეს და მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა - ეს თავად "კოკონომ" ოდესაში შეიტყო. მიუხედავად იმისა, რომ ქართველი სამართალდამცავები მასზე კბილებს ილესავდნენ, "კოკონომ" უსაფრთხოდ დატოვა ოდესა და ყირიმში გადავიდა. უკრაინელმა სამართალდამცავებმა ის მაინც დააკავეს საპასპორტო რეჟიმის დარღვევის გამო.

სანამ  ქართველი სამართალდამცავები უკრაინელ კოლეგებს ფოცხვერიას გადმოცემას სთხოვდნენ, "კოკონოს" უკრაინელი ადვოკატები ძალ-ღონეს არ იშურებდნენ მის გასათავისუფლებლად - თითქოს მორიგდნენ კიდეც და დროის მიცემისთვის (40 დღე) 200 000 დოლარიც გადაიხადეს. ტარიელ ფოცხვერია დარწმუნებული იყო, რომ უკრაინული მხარე ამის მერე უარს იტყოდა მის ექსტრადირებაზე. არ გაუმართლა, რადგან იმ დროს მიხეილ სააკაშვილი მორიგი ვიზიტით ჩავიდა უკრაინაში. როგორც ამბობენ, "კოკონოს" ბედი სწორედ ამ ვიზიტმა გადაწყვიტა და ის თბილისში ჩამოიყვანეს. კანონიერი ქურდი ამაოდ უმტკიცებდა გამოძიებას, - ეს ჩემი ხმა არ არის, ეს სხვა ტარასაა და სხვა ტარიელი, ასეთი ტარასები ბევრიაო, მაგრამ სასამართლომ მას ციხის ბუნტის ორგანიზებისა და ხელშეწყობისთვის 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 2009 წლის მარტში  რუსეთმა, კეთილგანწყობის ნიშნად, საქართველოში გაიოზ ზვიადაძეც დააბრუნა.

ძველი მოქიშპეები ერთად აღმოჩნდნენ ციხეში (მიუხედავად იმისა, რომ ზვიადაძეს სასამართლომ მხოლოდ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ის კიდევ კარგა ხანს ამყოფეს ციხეში), როგორც ამბობდნენ, მე-7 იზოლატორში გამოკეტილი კანონიერი ქურდები პირობებს არ უჩიოდნენ და ხანდახან "გასართობად" ერთმანეთს ძველ ცოდვებსაც უხსენებდნენ... საქმის გარჩევის სცენები შიგადაშიგ ინტერნეტსივრცეშიც ხვდებოდა. 2009 წელს "კოკონო" ავად გახდა. ექიმების დროულად ჩაურევლობის გამო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სამი ოპერაცია გაუკეთეს, სიმსივნის გამო ხორხი ამოუღეს, თუმცა უშედეგოდ.

2010 წლის 31 ოქტომბერს ათენში სამართალდამცავებმა უცნობი მამაკაცის გვამი აღმოაჩინეს, რომელსაც ორი ტყვია ჰქონდა თავში ნასროლი. მოკლული ტარიელ ფოცხვერიას მეგობარი კანონიერი ქურდი მალხაზ მინდაძე აღმოჩნდა. მაშინ ქურდულ სამყაროში ხმა გავრცელდა, რომ იგივე  ელოდებოდა "კოკონოსაც", ციხეში რომ არ მჯდარიყო. ერთი ვერსიით, მინდაძის მკვლელობას გაიოზ ზვიადაძესთან კონფლიქტსაც უკავშირებდნენ.

2013 წლის 3 ივნისს ტარიელ ფოცხვერია ციხიდან გაათავისუფლეს, თუმცა მანამდე "ნაციონალური მოძრაობა" ხშირად საყვედურობდა სოზარ სუბარის უწყებას - ციხეები კანონიერ ქურდებს ჩაუგდეთ ხელშიო. მათი თქმით, ციხე-კოლონიებს ტარიელ ფოცხვერია აკონტროლებდა.

გათავისუფლებულ "კოკონოს" ახალმა ხელისუფლებამ მოსთხოვა, სამ დღეში დაეტოვებინა ქვეყანა. როგორც მისი ოჯახის წევრები აცხადებდნენ, ასე მოკლე დროში ეს შეუძლებელი იყო, რადგან ფოცხვერია ძალიან მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში იწვა. 16 ივნისს საწოლს მიჯაჭვული "კოკონო" ისევ დააკავეს; ამჯერად "კანონიერი ქურდობის" მუხლით. გამოძიება აცხადებდა, რომ ჰქონდა მტკიცებულებები, რომ გათავისუფლებული ფოცხვერია ისევ მონაწილეობდა ქურდული სამყაროს ცხოვრებაში, არჩევდა საქმეებს და აძლევდა მითითებებს ავტორიტეტებს. ერთხანს ფოცხვერიას ადვოკატი აცხადებდა, რომ ჰქონდა ინფორმაცია–ციხე-კოლონიებში დაგეგმილი ბუნტის შესახებ და აფრთხილებდა სამართალდამცავებს, ეს "კოკონოსთვის" არ დაებრალებინათ.

ადვოკატის ამ განცხადებამ ქურდული სამყარო საგონებელში ჩააგდო: თუ ციხეებში ბუნტი მართლაც იგეგმებოდა, გამოდიოდა, რომ "კანონიერი ქურდი" ტარიელ ფოცხვერია თავის გადასარჩენად საკუთარ მოძმეებს "უშვებდა".“საქმის მცოდნენი ფიქრობენ, რომ თუ "კოკონო" გამოჯანმრთელდა (რისი იმედიც ნაკლებადაა), მაშინ 8-წლიანი სასჯელის გარდა, მას ქურდულ საძმოში გაჩენილი კითხვებიც ელოდება...