უკრაინელი "არგონავტები" აფხაზეთის ომში... - კვირის პალიტრა

უკრაინელი "არგონავტები" აფხაზეთის ომში...

"ოჩამჩირეში ვართ. ისე წვიმს, იქცევა ცა და ქვეყანა. შტაბთან ღია სატვირთო მანქანა გაჩერდა. ძარაზე უკრაინელი მეომრები ისხდნენ. მეთაური გადმოვიდა და შტაბში შევიდა. ჩემს ბიჭებს გავძახე, - ნაძლევს ჩამოვალ, ესენი ბრძანების გარეშე მანქანიდან არ ჩამოვლენ-მეთქი. ქილიკი დაიწყეს, - აბა, ამ თავსხმაში მანქანაზე რა გააჩერებთო.  მათი მეთაური  40 წუთის მერე გამოვიდა შტაბიდან. ამ ხნის განმავლობაში მეომრები არც განძრეულან. მანქანა რომ დაიძრა, ყველანი გავცვივდით და სათითაოდ ხელი ჩამოვართვით, მაგარი ბიჭები იყვნენ "უნა უნსოელები".

არჩილ ხოფერია, აფხაზეთის ომის ვეტერანი

"1992 წლის აგვისტოში აფხაზეთში, საომარ მოქმედებებში ჩრდილოკავკასიელების დაქირავებული რაზმების გამოჩენამ უკრაინის ბევრ მოქალაქეს გაუჩინა სურვილი, მოძმე ერს რამეთი დახმარებოდა. უკრაინის იმდროინდელი ხელისუფლება ქმედითი ნაბიჯის გადადგმას ამ კუთხით არ ჩქარობდა, თუმცა უკრაინის ნაციონალისტური ძალები (УНА - უკრაინის ეროვნული ასამბლეა), რომლებსაც რუსეთში ცნობილი ГКЧП-ს გააქტიურების შემდეგ საკუთარი სამხედრო ფორმირებაც ჰყავდათ (УНСО), სხვაგვარად ფიქრობდნენ და აფხაზეთის ომში ქართულ მხარესთან მოკავშირეობა მათ პოლიტიკურ ინტერესებში შედიოდა. თუმცა მაშინ "უნა უნსომ" გადაწყვეტილება, დახმარებოდა საქართველოს, არცთუ იოლად მიიღო.

"ეს გადაწყვეტილება ჩვენთვის ძალიან მძიმე იყო, რადგან ვიცოდით, აფხაზების მხარეზე ძირითადად სლავები იბრძოდნენ, მაგრამ როდესაც რუსეთის ფედერაციამ  სევასტოპოლის, როგორც რუსული ქალაქის სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო, რამაც ყირიმში კონფლიქტის რეალური საფრთხე შექმნა, გადავწყვიტეთ, თუ ტყვია გავარდებოდა, მაშინ ყირიმი და აფხაზეთი ერთი ომის ორი ფრონტი უნდა გამხდარიყო. რაც უფრო ვრცელი ფრონტი გვექნებოდა კავკასიაში, მით უფრო მცირე ფრონტს მივიღებდით შინ, ყირიმში. ასეთი გახლდათ ჩვენი პოლიტიკური გათვლა, რომელიც საბოლოოდ არასწორი აღმოჩნდა".

დმიტრო კორჩინსკი, "უნა უნსოს" ლიდერი, გაზეთი "ელემენტი", 1996 წ.

ჯერ უკრაინიდან 11-კაციანი ჯგუფი ჩამოვიდა. თბილისის აეროპორტში "უნა-უნსოს" ფორმიანი ჯარისკაცების გამოჩენა ქართველებისთვის უცხო იყო, მეორე დღეს ისინი სოხუმში მიფრინავდნენ.

"აეროპორტში თვითმფრინავში ჩასხდომის ქართულმა მანერამ გამაოცა– თითქოს იერიშით იღებდნენ. კბილებამდე შეიარაღებული მეომრები თუ მოხალისეები გააფთრებულნი ცდილობდნენ თვითმფრინავში შეღწევას. იყო ერთი ლანძღვა-გინება, გაწევ-გამოწევა. თვითმფრინავის სალონი სავსე იყო მეომრებით, საპირფარეშოებშიც კი იდგნენ.ეს თვითმფრინავი სატვირთო მატარებლისგან იმით განსხვავდებოდა, რომ სახურავზე არავინ იჯდა და ფრთებზე არ ეკიდა ხალხი... თუმცა, არც იმ ალიაქოთში დავიწყებიათ სტუმრის პატივისცემა, ყველას დაგვითმეს  ადგილები (მაშინ ვიფიქრე, ქართველი ყველა სიტუაციაში მაინც ქართველია-მეთქი).

ჯერ კიდევ თბილისში გამაფრთხილეს,  სოხუმში დაგხვდებათ საზღვაო ქვეითი ბატალიონის ხელმძღვანელი შავი ვოლგითო. ცხადია, ომის დროს ლიმუზინს არც ველოდი, მაგრამ როდესაც მანქანა დავინახე, პირკატა მეცა. ეს მართლაც იყო ვოლგა, ოღონდ ფარები და წინა მარჯვენა კარი არ ჰქონდა. რაც შემორჩენოდა, გვარიანად იყო დაცხრილული (ეს მანქანა მალე ჩვენს განუყოფელ თანამგზავრად იქცა).

სოხუმში სანატორიუმ "სინოპში" დაგვაბინავეს. იარაღიც იმ დღესვე მოგვცეს. თვალში მომხვდა, რომ სანატორიუმში საერთოდ არ იყო საგუშაგო პოსტები, ბატალიონის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით ორი პოსტი გავხსენით: ერთი საბრძოლო მასალების საწყობთან, მეორე - პანსიონის შესასვლელში და ჩემი ბიჭები დავაყენე. მოულოდნელად ღამე შემომესმა ყვირილი–- მოკლეს, მოკლესო. დავტაცე ხელი ავტომატს და გარეთ გავვარდი. ვხედავ, პოსტზე ჩემი შამილი (გუშაგი) დგას ფერმიხდილი, ორიოდე მეტრში კი ქართველი გორაობს მიწაზე. ამ დროს პორუჩიკი ბაილა და კიდევ ორი მეომარი მოცვივდნენ. სასწრაფოდ შევცვალე გუშაგი და ქართველს დავწვდი. ტყვია მხარში მოხვედროდა, სერიოზული არაფერი იყო. არანაკლებ შეშინებული შამილი (მან პირველად ესროლა ცოცხალ კაცს) ძლივს უყრიდა თავს სიტყვებს: - ვდგავარ ჩემთვის პოსტზე, ვხედავ, ვიღაც მოდის, დავუყვირე, - პაროლი-მეთქი. მპასუხობს, - მე შენ გაჩვენებ პაროლსო. 10 წლია, აქ დავდივარ. მოვალ და ყურებს დაგაჭრიო. იქნებ მტერია-მეთქი და ვესროლე... შამილი დავამშვიდე. დაჭრილს ჭრილობა შევუხვიეთ და ბატალიონის ხელმძღვანელთან წავედი. თან ფეხები უკან მრჩებოდა - როგორია, დღეს ჩამოვედით და უკვე მოკავშირე დავჭერით...

როგორც იქნა, გათენდა. დღემ მშვიდად ჩაიარა. ღამე  საგუშაგოებს ვამოწმებდი. უცებ ერთმანეთში არეული უკრაინული, ქართული, რუსული ხმამაღალი ლაპარაკი შემომესმა. მივედი და რას ვხედავ: შლაგბაუმის ერთ მხარეს დგას გუშაგი რუტა, მეორე მხარეს ქართველი ლეიტენანტი, მეტსახელად "წიწილა" და ყვირის, - "მოიცა, არ მესროლო, ახლავე გავიხსენებ. რა ჰქვია იმას... აჰა, გამახსენდა: ზოლებიანი ცხენი (პალასატი ლოშად)!"–ეს რომ გავიგონე, სიცილი ამივარდა, იმ საღამოს პაროლი იყო "ზებრა". რამდენიმე დღეში ქართველებს შევეჩვიეთ და ისინიც შეეჩვივნენ წესრიგს."

ვალერი ბაბროვიჩი ("უნა უნსოს" ერთ-ერთი ლიდერი), წიგნიდან "ომი ბრბოში"

აფხაზეთში ქართულ ფრონტებზე უკრაინელების გამოჩენამ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია როგორც ქართულ შენაერთებში, ასევე დაპირისპირებულ მხარესაც. საქმე ის იყო, რომ "უნა უნსოელები" აფხაზების მხარეზეც იბრძოდნენ. არც ერთი მხარე არ მალავდა, რომ ისინი მკაცრი საომარი დისციპლინით და ერთგულებით გამოირჩეოდნენ. მალე უკრაინელებისგან ბატალიონი "არგო" შეიქმნა, რომლის დამფინანსებლად ჯაბა იოსელიანს მოიაზრებდნენ (ბევრი "უნა უნსოელი" "მხედრიონის" წევრი გახდა). უკრაინელები იყვნენ ეროვნულ გვარდიაშიც. მათ, როგორც დაქირავებულ მებრძოლებს, სახელმწიფო ფულს უხდიდა. თავიდან ქართველ მეომრებს უკრაინელები რუსებში ერეოდათ, რაც ბრძოლის ველზე ხშირად უხერხულ და ზოგჯერ კომიკურ სიტუაციებს ქმნიდა.

შოთა სეხნიაშვილი, "თეთრი არწივის" მეომარი: "ივნისი იდგა (1993 წ. -–ავტ.). მდინარე გუმისთის მიდამოებში დაზვერვაზე წავედით, კარგა ხანს ტყე-ტყე ვიარეთ. უცებ გზაზე ვიღაც შევამჩნიეთ. ჯერ რუსი გვეგონა და მოკვლა გვინდოდა. როცა დავინახეთ, ზურგზე ავტომატი ეკიდა და ფეხებს ძლივს მიათრევდა, გადავწყვიტეთ, ტყვედ აგვეყვანა. გავცვივდით გზაზე, ალყაში მოვიქციეთ და დავიწყეთ ყვირილი რუსულად, - დაგვნებდი, დაგვნებდი-თქო.“თვალის დახამხამებაც ვერ მოვასწარით, რომ მის ხელში "ლიმონკა" გაჩნდა, - თავად დამნებდით,  თქვე ძაღლიშვილო აფხაზებო,  ახლა ყველას დაგწყვეტთო. საქმის ასე მობრუნებას არ ველოდით, იმას კი მივხვდით, რომ ჩვენიანი იყო... ამ დროს ვიღაცამ დაიყვირა, - ბიჭებო, "ლიმონკას" კალცო მოაძროო და ადგილზე გავშეშდით. რამდენიმე წამით ავავლეთ თვალი ერთმანეთს. ჩვენი ტოლი ჩანდა (მაშინ 19-20 წლისანი ვიყავით). დამშვიდება დავუწყეთ, - აფხაზები არ ვართ, ქართველები ვართ-მეთქი, ის კი უკრაინულად გვაგინებდა..

ბოლოს, როგორც იქნა, გაჩერდა - თუ ქართველები ხართ, საბუთი მაჩვენეთო(?!)–რა საბუთები, ბიჭო, დაზვერვაზე ვართ ტყეში-მეთქი. უცებ მეგობარმა ხელი გამკრა - მივხვდი, რომ  ქართულად გავყვიროდი. ვინმე წავიდეს და მოიტანოსო, - არ იშლიდა ის უკრაინელიც და "ლიმონკას" ხელში ატრიალებდა. რატომღაც მეგონა, - ჰა და ჰა, აგვაფეთქებდა. წამოვედი გინებ-გინებით. სიმწრისაგან  მოწევა მომინდა, სიგარეტი რომ ამოვიღე, ქაღალდი ამომყვა, - სოხუმის კომენდანტის ბრძანება იყო სოხუმის პურის ქარხნის დაცვის გაძლიერებაზე. ბევრი აღარ მიფიქრია, გავიქეცი და იმ უკრაინელს ავაფარე - აჰა, დოკუმენტი-მეთქი. ისიც უმალ დამშვიდდა. ამ დროს ხელი ვტაცეთ და შევიპყარით. თურმე რაზმს მოწყდა, ტყეში მოკლეზე წასვლა განიზრახა და გზა დაებნა... ჩვენ მიგიყვანთ თქვენს უფროსთან-მეთქი. არაო, - თავი მოიკლა, - ის კიევში გამაბრუნებს. იქ კი ყველა დამცინებს, - რანაირი "უნა უნსოელი" ხარო. მაშინ პირველად ვნახეთ ასე ახლოს "უნა უნსოს" მეომარი. ერთმა ჩვენიანმა ვეღარ მოითმინა და მიახალა, - წეღან თავის მოკვლისა არ გეშინოდა და ახლა მეთაურის გეშინიაო? სირცხვილის მეშინიაო, - ისე თქვა, რომ მისი შემშურდა. მაინც წამოვიყვანეთ. უკრაინელების მეთაურს რომ მოვუყევით ეს ამბავი, დაგვპირდა, კიევში არ გავუშვებო. გზაში ყველა იმაზე ვფიქრობდით, რატომ დაგვიჯერა, რა იცოდა, იმ ქაღალდზე რა ეწერაო. სულ მინდოდა მეკითხა, მაგრამ მერე აღარსად შემხვედრია..."

აფხაზეთის ომში "უნა უნსოს" "არგოს" რაზმზე ლეგენდები დადიოდა. აფხაზები ფიქრობდნენ, რომ ისინი სისასტიკით ჩეჩენ მებრძოლებს არ ჩამოუვარდებოდნენ და ხშირად "არგონავტებს" ადგილობრივი მოსახლეობის უმოწყალოდ ჟლეტაშიც ადანაშაულებდნენ. მათთან დაპირისპირებას ვერც არანაკლებ სასტიკი  ბაგრამიანის სომხური ბატალიონი ბედავდა, თუმცა ისინი ერთმანეთს მაინც გადააწყდნენ - საქმე ერთი ქართული სოფლის აღებას ეხებოდა.

"მე მაშინ "არგოს" მეთაურის მოადგილე ვიყავი. ბრძანება მივიღეთ, რომ სოფელი აგვეღო. მდინარეზე გადავედით და სოფელს დაახლოებით 800 მ-ით მივუახლოვდით. დაზვერვამ შეგვატყობინა, სოფელში 60-მდე შეიარაღებული პირია, თუმცა არარუსი, ეტყობათ - რეგულარული სამხედრო შენაერთი არ არისო. ჩვენს საველე "ზილზე" ოქროსფერ-ცისფერი დროშა ფრიალებდა  და ამით მიხვდნენ ჩვენს ეროვნებას, ამიტომ როგორც კი სოფლისკენ დავიძარით, განაპირა სახლიდან თეთრი დროშა ააფრიალეს. გავჩერდით და ყოველი შემთხვევისთვის ბრძანება გავეცი, მეომრები ჩაწოლილიყვნენ. თავად კი ორ მებრძოლთან ერთად წინ გავემართე. ჩვენკენ თეთრალმიანი სამი უცნობი მეომარი მოდიოდა, ერთმანეთს შუა გზაზე შევხვდით. ერთი თვალის შევლებითვე მივხვდი - ქართველები არ იყვნენ და წავიბურტყუნე, - სალამ ალეიქუმ-მეთქი. ერთმანეთს გადახედეს - და“ბარეფ  დძესო,“მომიგეს. ცხადი გახდა, რომ სომხები იყვნენ.

მათგან უფროსმა, ლევონმა, მითხრა, - თქვენ გოგი (ასე ეძახდნენ ქართველებს იმ ომში) არ ხართო. უკრაინელები  ვართ-მეთქი - დავანახე ფორმაზე სიმბოლო. ლევონი სიტყვაძუნწი აღმოჩნდა:– ჩვენ ვებრძვით მხოლოდ გოგის. უკრაინელებს არაფერი დაუშავებიათ, არც ჩვენ დაგვიშავებია მათთვის. რა გინდათ?

- სოფელი უნდა ავიღოთ, - ვუპასუხე ასევე ძუნწად.

- ეს სოფელი ჩვენ ავიღეთ, - გამოცრა ლევონმა.

- მერე რა, ჩვენც ავიღებთ, - არ დავუთმე... სომხები ცოტა ხანს ჩუმად იყვნენ.

- აიღეთ და აიღეთ, ჯანდაბამდე გზა გქონიათ, - შემოგვიღრინა ლევონმა და უკან გაბრუნდა.

ნახევარ საათში მომახსენეს, - "ბაგრამიანელები" სოფელს ტოვებენო...

ვალერი ბაბროვიჩის-"უსტიმის" მოგონებიდან

აფხაზეთის ომის შემდეგ "უნა უნსოს" მეომრები ჩეჩნეთშიც გამოჩნდნენ. ომის დროს დუდაევის მხარდამხარ 300 დაქირავებული უკრაინელი მეომარი იბრძოდა. როგორც "უნა უნსოელები" აცხადებენ, 1997 წელს საქართველოს სასაზღვრო ჯარების ხელმძღვანელობამ უკვე ქართული არმიის თადარიგის პოლკოვნიკს, ვალერი ბაბროვიჩს შესთავაზა, შეექმნა 500-კაციანი ბრიგადა პარტიზანული ომისთვის, მაშინ მხოლოდ 100 შეგროვდა. მოგვიანებით ქართველი პარტიზანები არ მალავდნენ, რომ მათ გვერდით აფხაზეთში დივერსიულ საქმიანობას უკრაინელებიც ეწეოდნენ. "უნა–უნსოს" ერთ-ერთი ლიდერი ოლეგ მაზური დღემდე ამბობს, რომ ისინი იბრძოლებენ ყველგან, სადაც ებრძვიან რუსებს, ვიდრე რუსეთის ფედერაცია არ დაიშლება და საზღვარი მოსკოვიდან 70 კმ-ზე არ გაივლის.