”დათო ”კრასნოდარსკის" დაკავებით ყუბანს ქურდული ხელი აკლდება” (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

”დათო ”კრასნოდარსკის" დაკავებით ყუბანს ქურდული ხელი აკლდება” (ექსკლუზივი)

”- ნასამართლევი ხარ?

- არა.

- მუშაობ სადმე?

- არა.

- ესე იგი, არ მუშაობ?

- არა, ბავშვობიდან ინვალიდი ვარ.

- თქვენს თავს ქურდად მიიჩნევთ?

- არა მარტო მე მივიჩნევ, ყველა ქურდად მიცნობს”.

დათო კრასნოდარსკის (დათო ჯანგიძის) დაკითხვის ოქმიდან.

2014 წლის 13 მარტს რუსული მედიით ცნობილი გახდა, რომ მოსკოვში, ბიზნეს ცენტრ ”მოსკვა სიტიში” სამართალდამცავებმა ორი კანონიერი ქურდი დააკავეს. ერთი იყო 30 წლის დათო ”კრასნოდარსკი”, მეორე - საქართველოს მოქალაქე, ასევე კანონიერი ქურდი ბონდო კაზაკსკი (ბონდო სტურუა). ვინაიდან ქურდულ სამყაროში დათო ”კრასნოდარსკის” სახელით რამდენიმე ქურდია. კრიმინალური წრეები და მედია ერთხანს თავს იმტვრევდნენ, რომელი დათო კრასნოდარსკი მოჰყვა ბადესო. საბოლოოდ, ის აღმოჩნდა კანონიერი ქურდი დათო ჯანგიძე, რომელზეც უკვე ერთი წელია, ფედერალური ძებნაა გამოცხადებული - ადიღეში გამოძალვის ბრალდებით იძებნება.

დაკავების და დაკითხვის შემდეგ სამართალდამცავებმა ”კრასნოდარსკი” ადიღეს გზას გაუყენეს, ხოლო ბონდო კაზაკსკი,"როგორც ირკვევა, შემთხვევითი მსხვერპლია (დამკავებლებს ყალბი პასპორტი წარუდგინა), სამართალდამცავების სამიზნე მხოლოდ დათო ჯანგიძე გახლდათ.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს კრიმინალური ავტორიტეტების დაკავება ქურდული სამყაროსთვის უცხო არ არის, დათო ”კრასნოდარსკის” დაჭერამ კრიმინალური წრეები შეაფიქრიანა, როგორც საქმეში ჩახედულები ამბობენ, ამ ფაქტმა ცხადყო, რომ ქურდულ კლანებს შორის ყუბანისთვის ბრძოლა განახლდა.

მოგეხსენებათ, ყუბანი (კრასნოდარის მხარე) რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი მხარეა, ამიტომ ქურდული სამყარო მის ხელში ჩაგდებას"დიდხანს ცდილობდა; მეტიც, ყუბანს ხუმრობით ”ქურდულ კრემლადაც” მოიხსენიებენ და ამბობენ, ვის ხელშიცაა ყუბანი, ის პოსტსაბჭოეთის კრიმინალური სამყაროს გვირგვინსაც ფლობსო...

წლების განმავლობაში ყუბანს ქართული ქურდული კლანები აკონტროლებდნენ. ტარიელ ონიანისა და და ჰასან უსოიანის (”დედ ჰასანი”) ცნობილი დაპირისპირების მიზეზიც სწორედ ყუბანი გახლდათ. მათ შორის ქურდული ომი საბჭოურ სივრცეს გასცდა და უკვე უკრაინა, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, უნგრეთი, შვეიცარია, ბალტიისპირეთი, იტალია, ესპანეთი, საბერძნეთი, თურქეთი, კანადა, აშშ, სამხრეთი კორეა, ფილიპინები და პაკისტანი მოიცვა.

დათო ჯანგიძის დაკავებით ყუბანი კვლავ ”უპატრონოდ” რჩება.…

საქმე ისაა, რომ 2011 წელს კრასნოდარში ჟორა მანუკიანი, მეტსახელად ”ჟორიკ თბილისკი” დააკავეს, ბრალად წაუყენეს ნარკოტიკების შენახვა და ციხეში გამოკეტეს. მანუკიანი ყუბანის ”მაყურებლად” ითვლებოდა. მისი დაკავების შემდეგ კრასნოდარი ერთი რუსი კანონიერი ქურდის ხელში აღმოჩნდა, რომელმაც, როგორც ამბობენ, ვერ ივარგა და მხარეში კრიმინალური გარჩევების ხანა დაიწყო.

2013 წლის დასაწყისში ”დედ ჰასანიც” მოკლეს.

გაზაფხულიდან ქართველი კანონიერი ქურდები ხელახლა ცდილობდნენ ყუბანში ფეხის მოკიდებას. ამისთვის ”დედ ჰასანის” კლანმა ქურდებად კრასნოდარში კობა ძიძიშვილი და არა მურადიანი ”მონათლა”, ხოლო ტარიელ ონიანის კლანმა კრასნოდარი მერაბ ჯანგველაძის აღზრდილს - დავით ჯანგიძეს ჩააბარა, მომავალში ქურდის სახელის მინიჭების გარანტიით, თუმცა მხარეში სიტუაცია მაინც ვერ დალაგდა. მიუხედავად იმისა, რომ დავით ჯაგნიძე ნასამართლევიც არ არის, მას ქურდულ სამყაროში მაინც ერთ-ერთ პერსპექტიულ კრიმინალურ ავტორიტეტად მიიჩნევდნენ, გარდა ამისა, მას სლავური წარმოშობის ქურდებიც პატივს სცემდნენ (რაც ძალიან იშვიათია ქურდულ სამყაროში) - მიუხედავად ქართველობისა, რუსული ტრადიციითაა აღზრდილიო...

2013 წლის ზაფხულში ”დედ ჰასანის” მიმდევრებმა საკუთარი გუნდის შესავსებად ქურდად ”მონათვლა” ტელეფონით და სკაიპით დაიწყეს; მათ არც ონიანის კლანი ჩამორჩა და ზაფხულში კვიპროსში ქურდების მასობრივი ნათლობა ჩაატარა. ქართველების ამგვარი ქმედებები (რაც ქურდული კოდექსის სრული დარღვევაა) სლავმა ქურდებმა გააპროტესტეს და ქართველ კოლეგებს ბრალი ქურდული სამყაროს დისკრედიტაციაში დასდეს.

როგორც ამბობენ, კრიმინალურ სამყაროში კვლავ დენთის სუნი დატრიალდა, ამჯერად უფრო რთულად იყო საქმე, რადგან ბრძოლა კლანურს კი არა, უკვე ეთნიკურ ნიშანს ატარებდა (რაც, ქურდული კანონების მიხედვით, ყოვლად დაუშვებლად ითვლება).

სიტუაციის გამოსასწორებლად 2013 წლის ზაფხულში (10 ივნისს) კვიპროსზე, ბოლო დროის ყველაზე მასშტაბური ქურდული"თავყრილობა (”სხოდკა”) მოეწყო, რომელსაც ქურდული სამყაროს ყველა პატივსაცემი წარმომადგენელი ესწრებოდა, მათ შორის მერაბ ჯანგველაძე და რობიზონ არაბული. ”დედ ჰასანის” კლანის წევრები ”სხოდკაზე” არ გამოცხადდნენ.

კვიპროსის"შეკრების ორგანიზატორი ედუარდ ასატრიანი, იგივე ”ედიკ თბილისკი” იყო.

როგორც ამბობენ, თავყრილობა დიდი ვნებათაღელვის ფონზე მიდიოდა.

აქ განიხილებოდა ერთი საქმეც:

მოსკოვში, ”დედ ჰასანის” დაჯგუფების წევრებმა ძმები ასატრიანები და გურამ ჩიხლაძე (”კვეჟოვიჩი”) საიდუმლო შეხვედრაზე მიიწვიეს და გვარიანად სცემეს...

თავდამსხმელთაგან ერთ-ერთი სწორედ კობა ძიძიშვილი იყო, რომელსაც ჯერ კიდევ არ ჰქონდა მინიჭებული ქურდის ტიტული. სწორედ იმის გამო, რომ მან ქურდებზე ხელი ასწია, ქურდის სახელი ჩამოართვეს, რაც ავტომატურად ნიშნავდა იმას, რომ ყუბანში დავით ჯანგიძის პირისპირ მხოლოდ არა მურადიანი რჩებოდა. გარდა ამისა, გადაწყდა, რომ ჩატარებულიყო ”რევიზია” და ბოლო სამი წლის განმავლობაში დაუსწრებლად" ”მონათლული” ქურდებისთვის ტიტული ჩამოერთმიათ. ასევე, აიკრძალა ტელეფონით და სკაიპით ქურდებად ”მონათვლა”.

ამავე შეხვედრაზე რვა კაცმა მიიღო ”კანონიერი ქურდის” ტიტული, მათ შორის დავით ჯანგიძემაც, რომელიც უკვე ”დათო კრასნოდარსკი” გახდა."

ამბობენ, რომ დავით ჯანგიძე, რახან ქურდს ცოლის ყოლის უფლება არ აქვს, ცოლს გაეყარაო.

მალე დათო ”კრასნოდარსკიმ”მისი მეორე მეტოქის, არა მურადიანის მოშორებაც შეძლო. 2013 წლის 10 ოქტომბერს მურადიანმა ვინმე რეზო სასაუბროდ მიიწვია, იმან რაღაც იეჭვა და თავისი მეგობრები გააფრთხილა, მათ შორის დათო ”კრასნოდარსკიც”. კაფეში შეხვედრაზე მისულ რეზოს არა მურადიანმა მოსთხოვა, დაერეკა ერთ ქურდთან და ეთქვა, რომ ტარიელ ონიანი და მერაბ ჯანგველაძე" ”ბოზები” იყვნენ.

როდესაც დარეკვაზე რეზომ უარი განაცხადა, მას იქვე ხელები მოსტეხეს, სწორედ ამ დროს კაფეში მეგობრის დასახმარებლად დათო ”კრასნოდარსკი” შევარდა, იატაკზე დავარდნილი მეგობარი ხელში აიყვანა და საავადმყოფოში წაიყვანა, ხოლო მისმა მოკრივე მეგობრებმა არა მურადიანს და მის თანმხლებს ისე სცემეს, რომ მურადიანი საავადმყოფოში გარდაიცვალა...

ამრიგად, 2013 წლის შემოდგომიდან ყუბანს ახალი ”პატრონი” გამოუჩნდა - დათო ”კრასნოდარსკი”. ”დედ ჰასანის” კლანმა მის მოშორებაზე ფიქრი აქტიურად დაიწყო, თუმცა ამაოდ: მათ მოულოდნელად (დიდი ფულის სანაცვლოდ) სამართალდამცავები დაეხმარნენ. აღმოჩნდა, რომ ორიოდე წლის წინ (ჯანგიძე მაშინ ქურდი არ იყო), ადიღეში, კოლონიის მაყურებლის მეშვეობით ერთ-ერთი პატიმრისგან 20 000 რუბლს ითხოვდა. სამართალდამცავებმა დათო ”კრანოდარსკიზე” ფედერალური ძებნა გამოაცხადეს და 13 მარტს მოსკოვში დააკავეს კიდეც.

სანამ ჯანგიძე სიცოცხლეში პირველად დღეებს საგამოძიებო იზოლატორში გაატარებს, მანამდე ყუბანი კვლავ უპატრონოდ რჩება...

თუმცა ამჯერად არც ისე დიდი ხნით, რადგან გაზაფხულზე მისი ძველი მეპატრონე, ზაქარია (შაქრო) კალაშოვი გამოდის ესპანეთის ციხიდან...…

ნინო ბურჭულაძე (სპეციალურად საიტისთვის)