"მარილიანი" სიკვდილი საქართველოში - ერიდეთ!!!
31-03-2014
"მარილიანი" სიკვდილი საქართველოში - ერიდეთ!!!
"დამოკიდებულება პირველივე მოხმარებისთანავე ვითარდება, იწვევს კლაუსტროფობიას, უძილობას, ძლიერ ფსიქოზს, და რაც უმნიშვნელოვანესია, სუიციდს. ჩვენში ძირითადად 16-19 წლის ბავშვები მოიხმარენ, რადგან ჰგონიათ მარიხუანა, რომელსაც მავნებლად არ მიიჩნევენ..."

"საკმარისია მხოლოდ ერთი ინიექცია და ნეკროზული ფასციტის შეჩერება შეუძლებელია"


"ეს ნარკოტიკი ადამიანებს ზომბებად გადაქცევით ემუქრება... ორი თვის წინ, 27 მაისს, ფლორიდაში ორი პოლიციელი იძულებული გახდა, მოეკლათ ნარკომანი რუდი იუჯინი, რომელმაც ადგილობრივ ბომჟს სახე ნახევრად მოაჭამა... ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მოძალადის სიშლეგის მიზეზი "მარილები" იყო... სამწუხაროდ,
ეს არ არის პირველი შემთხვევა. დროდადრო "მარილის" მომხმარებლებში მწვავე აგრესიის ფონზე შეინიშნება სურვილი - შეჭამონ ვინმე საკუთარი გარემოცვიდან"...”

"Medical Journal"-ი აშშ, 2012 წ.

"უსაშინლესი განცდები (ჰალუცინაციები. - ავტ.) მტანჯავდა... გამორთულ ტელევიზორში ვუყურებდი - გამოქვაბულის ადამიანები დიდი კეტებით როგორ უჩეხდნენ თავებს ერთმანეთს და მერე ტვინს როგორ
ჭამდნენ... შემდეგ ვხედავდი კონვეიერთან მდგარ გორილებს. კონვეიერს მოჰქონდა დედაჩემი და ჩემი ორი ძმაკაცი, რომლებიც ჩემ თვალწინ კვდებოდნენ, მერე ეს გორილები ჩემს თავზე დაფრინავდნენ და შემაძრწუნებლად ღნაოდნენ... უცებ ოთახის კარი გაიღო და უამრავი პატარა ადამიანი გამოჩნდა. ვეუბნებოდი, - გადით აქედან, ეს ჩემი სახლია-მეთქი, მაგრამ არ მეპუებოდნენ, უკვე ჭერამდე იყვნენ... ფანჯრიდან მესმოდა, მამაჩემი მეძახდა (არადა, 8 წლის წინ გარდაიცვალა კიბოთი). მინდოდა ფანჯარასთან მისვლა, მაგრამ ჯუჯები უკვე ტანზე მეკვროდნენ და თავზე მეჭიდებოდნენ... მოულოდნელად მაგიდაზე ფურცელი შევამჩნიე და მივაშტერდი... მულტფილმი გადიოდა"...”
"ბიოს" მომხმარებლის ნაამბობიდან, "ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი", თბილისი


რამდენიმე დღეა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, "ერთად შევცვალოთ დამოკიდებულება",”ტელევიზიით ხშირად ნახავთ ვიდეორგოლს - სხვადასხვა დარგის ექიმები ბიონარკოტიკების მოხმარების მავნე შედეგებზე გვაფრთხილებენ. საქართველოში კვლავ გააქტიურდა ნარკომანიის პრობლემაზე საუბარი და ამის მიზეზი ბოლო დროს ახალგაზრდების "ბიოთი" სიკვდილიანობის გაზრდის გამო საზოგადოების აღშფოთება გახდა.
ნარკოლოგები კი მიანიშნებენ, რომ არა აქვთ სრული ინფორმაცია, რა იგულისხმება ტერმინ "ბიოს" მიღმა, მაგრამ ყურადღება მაინც რატომღაც მხოლოდ სინთეზირებულ ანაშაზე ("ბიოპლანი") მახვილდება. ამ დასკვნას, სავარაუდოდ, შემდეგ გარემოებებზე დაყრდნობით აკეთებდნენ: ნარკომომხმარებლები "ბიოს" ეწეოდნენ და ჰქონდათ ჰალუცინაციები, რაც მართლაც დამახასიათებელია ბიოპლანისთვის, თუმცა საქმე შეიძლება არა სინთეზურ ანაშასთან, არამედ თანამედროვეობის ყველაზე საშიშ ნარკოტიკთან, ე.წ. "აბაზანის მარილთან" გვქონდეს.

"აბაზანის მარილი" ევროპაში 4 წლის წინ ჩინეთიდან შემოვიდა და კარგა ხანს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სარელაქსაციო საშუალებად ითვლებოდა. საკმარისია რამდენიმე კრისტალი ჩააგდოთ წყლით სავსე აბაზანაში და შიგ ჩაწვეთ. სხეული დუნდება და მშვიდდება. მაგრამ ერთ დღეს ქიმიაში გათვითცნობიერებულმა ცნობისმოყვარე ნარკომომხმარებელმა ის ინტრავენურად გაიკეთა. ევროპასა და ამერიკაში განგაშის ზარები მაშინ გაისმა, როდესაც ათეულობით მოწამლული საავადმყოფოებში მოხვდა. ჩატარებული ექსპერტიზის შედეგი მოულოდნელი და გამაოგნებელიც კი აღმოჩნდა. დადგინდა, რომ ერთი შეხედვით უწყინარი "აბაზანის მარილი" სხვადასხვა მასტიმულირებელ ნივთიერებასთან ერთად მეფედრონს (იმავე ეფედრონს, რომელიც ამფეტიმინების რიგისაა) შეიცავდა. სულ მალე "აბაზანის მარილი", იმის გამო, რომ ლეგალურად იყიდებოდა, "ღარიბთა კოკაინად" იქცა.

მეფედრონი გასულ საუკუნეში ამერიკის შეერთებულ შტატებში, მეცნიერმა ალექსანდრ შულგინმა მიიღო. თავიდან ის სამედიცინო პრეპარატად (ანტიდეპრესანტად) იყო ჩაფიქრებული, მაგრამ კვლევებისას ვერ გაამართლა და მიივიწყეს. მეფედრონი გაიხსენეს 2007 წელს, როცა საფრანგეთის პოლიციამ ამოიღო აბები, რომელიც იყიდებოდა, როგორც "ექსტაზი"; ექსპერტიზამ დაადგინა, რომ სამართალდამცავებს საქმე ჰქონდათ არა საქვეყნოდ ცნობილ "ექსტაზთან", არამედ ჯერ კიდევ უცნობ მეფედრონთან. სულ მალე დიდ ბრიტანეთში "მარილი" ყველაზე პოპულარულ კლუბურ ნარკოტიკად იქცა, შემდეგ კი ევროპის ბევრ ქვეყანაში გავრცელდა.

ე.წ. "აბაზანის მარილი" თეთრი ფხვნილია (გვხვდება კრისტალებიც), ძალიან წააგავს ე.წ. ინგლისურ მარილს. მარილის ძირითადი მარაგი ჩინეთიდან ხვდება დიდ ბრიტანეთში, სადაც აფასოებენ (სასაქონლე სახეს აძლევენ), შემდეგ კი ნაწილდება მთელ ევროპაში...
ამ რამდენიმე ხნის წინ კაფე "გალერიში" ახალგაზრდა გარდაიცვალა. საქართველოში "აბაზანის მარილების გამოჩენაზე პირველად სწორედ მაშინ იეჭვეს. მისი სიკვდილის მიზეზად მაშინვე დასახელდა "ბიოპლანი", თუმცა ტოქსიკოლოგები მაინც "ექსტაზის" კვალზე საუბრობდნენ...

ზურა სიხარულიძე, ნარკოლოგი, სამედიცინო ცენტრ "ურანტის" ხელმძღვანელი: - ხშირად მსმენია, რომ”"ბიოში" არასინთეზირებული ანაშა ("ბიოპლანი") კი არა, მეფედრონი იყო, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია. საფუძვლიანი ეჭვი სწორედ კაფე "გალერიში" მომხდარი უბედური შემთხვევის მერე გამიჩნდა, რადგან მარიხუანას, თუნდაც სინთეზირებულს, სიკვდილიანობა არ ახასიათებს. რა თქმა უნდა, მოსდევს ჰალუცინაციები, მაგრამ არა ასეთი მძიმე ფორმით, როგორც ჩვენთან "ბიოს" მწევლები ჰყვებიან... მე მყავდა ორი პაციენტი, რომლებიც არ ამხელდნენ, რას მოიხმარდნენ, მაგრამ ამბობდნენ, ვეწეოდითო. მოგვიანებით თქვეს, - თეთრი ფხვნილი იყო, ეფედრონიო...

ჩემი მონაცემების, პაციენტების მონათხრობისა და სიმპტომების შეჯერებით შემიძლია ვივარაუდო, რომ საქმე არა "ბიოპლანთან", არამედ ეფედრონთან ე.წ. "აბაზანის მარილთან" გვაქვს. ის თეთრი ფხვნილია, წყალში იხსნება, იკეთებენ ინტრავენურად, ეწევიან და თვალშიც იწვეთებენ.

პაციენტები კარგავენ დროში ორიენტირებას, მათი უმძიმესი განცდები მარიხუანასთან შედარებით ძალიან ხანგრძლივია, დაახლოებით 9-10 საათი გრძელდება, შემდეგ პაციენტს ეწყება მეგალომანური იდეები - ჰგონია, რომ მან შექმნა სამყარო, არის უძლეველი, შეუდარებელი სექსუალური აქტივობისას, თუმცა სინამდვილეში ამ მხრივ სრულიად უძლურია. უცებ ეხსნება ხატვის ნიჭი და ფილოსოფიაზე საუბრის სურვილი. შეუძლია ილაპარაკოს შეუჩერებლად... ერთი ჩემი პაციენტი 24 საათი გაუჩერებლივ საუბრობდა (ხშირად მათი ლაპარაკი არაადეკვატურია). მიუხედავად მცდელობისა, ვერ გააჩერეს.

"აბაზანის მარილი" უძლიერეს დარტყმას აყენებს სისხლძარღვებს, იწვევს მათ სპაზმს, ანევრიზმას, ინფარქტს, აორტის თრომბოზს, სიკვდილიანობის რისკი ორმაგდება ალკოჰოლთან მიმართებაში, განსაკუთრებით საშიშია თვალში ჩაწვეთების დროს. გახსოვთ ალბათ - რუსთავში სწორედ ამ მიზეზით გოგონა დაიღუპა. დამოკიდებულება პირველივე მოხმარებისთანავე ვითარდება, იწვევს კლაუსტროფობიას, უძილობას, ძლიერ ფსიქოზს, და რაც უმნიშვნელოვანესია, სუიციდს. ჩვენში ძირითადად 16-19 წლის ბავშვები მოიხმარენ, რადგან ჰგონიათ მარიხუანა, რომელსაც მავნებლად არ მიიჩნევენ...

"აბაზანის მარილს", სავარაუდოდ, მოიხმარენ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამებშიც. ხშირად შეხვდებით შეშლილი სახით მოსიარულე პაციენტებს, მკურნალობა ძალიან მძიმედ მიმდინარეობს, მისი მიღებისას თავს ძალიან ცუდად გრძნობენ. ერთი პაციენტი მეუბნებოდა, - მთელი 9 საათი ისეთ კოშმარულ განცდებში ვიყავი, ღმერთს ვეხვეწებოდი, უკან დამაბრუნე და ნარკოტიკს აღარასოდეს გავეკარები-მეთქი... რამდენადაც ვიცი, ასეც მოიქცა.

ზედოზირებების ერთადერთი შედეგი სიკვდილიანობაა... ამას წინათ ფრანგ კოლეგებს შევხვდი და ეს ამბები რომ მოვუყევი, მითხრეს, - ეს გასაჭირი ჩვენ 5 წლის წინ გადავიტანეთო. კარგი იქნება, დაადგინონ, ბოლოს და ბოლოს, რას შეიცავს ეს "ბიონარკოტიკები". ვგრძნობ, მალე ჩვენც წაგვლეკავს და მომზადებულები მაინც ვიყოთ..."”
შარშან ამერიკაში ნიუ-ორლეანის სამედიცინო ცენტრის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ სიცოცხლისათვის ძალიან საშიში დაავადების - ნეკროზული ფასციტის მიზეზი შეიძლება "აბაზანის მარილი" გახდეს.

ამ დაავადების დიაგნოსტიკა რთულია, რადგან ნეკროზული ფასციტი კანზე წარმოიქმნება, როგორც ანთებითი კერა. დაზიანებების პროცესი ვითარდება კანქვეშ. ღრმა კუნთოვანი ნეკროზი (კუნთოვანი ქსოვილების კვდომა) ხშირად ინიღბება ჯანმრთელი კანით. საკმარისია "აბაზანის მარილის" მხოლოდ ერთი ინიექცია და ნეკროზული ფასციტის შეჩერება შეუძლებელია. ნიუორლეანელი ქირურგები შოკში ჩაცვივდნენ, როდესაც საოპერაციო მაგიდაზე 35 წლის ნარკომომხმარებელი ქალის (მხოლოდ ერთხელ ჰქონდა გაკეთებული "აბაზანის მარილი") კანმა მათ თვალწინ დაიწყო კვდომა. ქირურგები ცდილობდნენ, კანის დაზიანებული ნაწილები ამოეკვეთათ, მაგრამ პროცესი თვალის დახამხამებაში განვითარდა, ბოლოს, პაციენტი რომ გადაერჩინათ, მხარი მთლიანად მოჰკვეთეს. დღესდღეობით დადგენილია, რომ "აბაზანის მარილის" მოწევა უმოკლეს ხანში აჩენს ფილტვის კიბოს...

"აბაზანის მარილი" ამერიკისთვის ახალ განსაცდელად იქცა. ხშირად ნარკოლოგები უძლურნი არიან, რამე მოიმოქმედონ. ფსიქოზები, რომლებიც “მარილიან” ნარკომანიას თან სდევს, სპეციალისტებსაც თავზარს სცემთ; ამიტომ ევროპის მრავალ ქვეყანაში, ისევე როგორც ამერიკაში, ის სასწრაფოდ აკრძალეს, მაგრამ, როგორც ჩანს, ბიოეფედრონის ბუმი ახლა საქართველოში იწყება. საქმეში ჩახედულები სწორედ მას უკავშირებენ ჩვენში ახალგაზრდების გახშირებულ თვითმკვლელობებს და ზედოზირებით გამოწვეულ სიკვდილიანობას. ცნობილია, რომ სხვა ნარკოტიკებისგან განსხვავებით, მისი დოზის შერჩევა, ფაქტობრივად, შეუძლებელია... გარდა ამისა, "აბაზანის მარილის" აღმოჩენა სტანდარტული ანალიზისას ვერ ხერხდება, მეტიც, მას ვერ გრძნობენ ნარკოტიკებზე დაგეშილი ძაღლებიც.

მიუხედავად იმისა, რომ ნარკოლოგები უკვე ღიად საუბრობენ ახალი და უფრო მძიმე უბედურების შესახებ, ჯანდაცვის სამინისტრო კვლავ ჯიუტად აცხადებს, - სააფთიაქო რეგულაციების გამკაცრების შემდეგ საქართველოში ნარკომანიის პრობლემა მოიხსნაო...
giorgi
17 ოქტომბერი 2016 14:25
თვითონ მთავრობა აძლევს საშუალებას ე.წ ბარიგებს გაყიდონ ეგ ბიო თუ რაც არის "ონლაინ " საშუალებით . ასე რომ ადგნენ და გაამკაცრონ , რუსეთმა აკრძალა ეგ ბიო და ეხლა ჩვენთან შემოიტანა ვიღაც ნაბიჭვარი კამანდაა და ხალხს აზომბებენ . სასწრაფოდ უნდა მიეხედოს ამ საქმეს და აიკრძალოს შემოტანა საქართველოში !!!! მარიხუანას რაც შეეხება დაუშვით, რაც უფრო აკრძალულია მით ეტანება ხალხი , ნებადართულს ესე რომ ვთქვათ "პა პრაზნიკამ" დაეძალება ხალხი და არა ეხლა როგორც არიან , სადმე თუ "გაიჩითა" ეგრევე ყველა ეწევა , ტურისტიც მეტი მოვა და ქართველიც იხარებს რო აღარ დაიჭერთ ნატურალურ პროდუქტზე :) |41| - რაღაც ხო უნდა აკეთოთ ???
ნიკო
30 აგვისტო 2016 13:27
ამფეტამინი და არა ამფეტიმინი
...
27 აგვისტო 2016 19:44
აუცილებელია აიკრძალოს ბიო ნარკოტიკები და მათთან ერთად ყველა არაბული და თურქული კაფეები მთელ ქალაქში გამკაცრდეს ფსიქო აფთიაქების კონტროლი სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს ყველა გამავრცელებელი.რამდენი უნდა გაუბედურდეს?ან ამდენი კჰანი რატო არ აკრძალეს რას ელოდებიან

რედაქტორის რჩევით