"მკვლელი აუცილებლად "ზვიადისტი" უნდა ყოფილიყო... მე მაძლევდნენ 1 მილიონ დოლარს" - კვირის პალიტრა

"მკვლელი აუცილებლად "ზვიადისტი" უნდა ყოფილიყო... მე მაძლევდნენ 1 მილიონ დოლარს"

"ქალაქ ზუგდიდში პრეზიდენტის განადგურების საკითხს უშიშროების სპეცდანიშნულების რაზმის მეთაურის მოადგილე, პოლკოვნიკი ბასიკაშვილი ხელმძღვანელობდა. მას ჩემი თანამებრძოლების დახმარებით რამდენჯერმე შევხვდი, ბასიკაშვილის თქმით, მკვლელი აუცილებლად "ზვიადისტი" უნდა ყოფილიყო. ამასთან, მოკვლისთანავე, კვალის დასაფარავად პრეზიდენტის ცხედარი კახეთის რეგიონში უნდა წაეღოთ. მე მაძლევდნენ 1 მილიონ დოლარს, რომელიც, როგორც მეუბნებოდნენ, ზვიად გამსახურდიას თან ჰქონდა  და მპირდებოდნენ საზღვარგარეთ გაყვანას. ჩემს კითხვაზე, ვისგან მოდიოდა ეს ბრძანება, მხოლოდ ერთს მპასუხობდნენ, - ქვეყნის პირველი პირისგანო".

ზუგდიდის ყოფილი კომენდანტის ბადრი ზარანდიას დღიურებიდან

"ბატონებო, მოგმართავთ თხოვნით... გაკეთდეს ყველაფერი, რათა დასრულდეს ობიექტური გამოძიება ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე".

კონსტანტინე, ცოტნე და გიორგი გამსახურდიების მიმართვიდან, 2014 წლის 31 მარტი

"31 დეკემბერს, ღამით, დაახლოებით 2 საათზე გავიგონე გასროლის ხმა (მე და ჩემს მეუღლეს პირველ სართულზე გვეძინა). ვიფიქრე, "შკაფი"”ხომ არ დაეცა-მეთქი. უცებ ზემოდან შემომესმა ყვირილი, - კარლო ბიძია, პრეზიდენტმა თავი მოიკლაო. მაშინვე მაღლა ავვარდი. დავინახე, რომ სამივე (ბესო გუგუშვილი, ბაჩუკი გვანცელაძე და რობინზონ მარგველანი. - ავტ.) კედელს თავს ურტყამდა. ოთახში მხოლოდ ერთი ლამპა და სანთელი ენთო. ბიჭებმა მთხოვეს, გააპატიოსნეო, მაგრამ ცუდად გავხდი, მერე, როგორც იქნა, მივედი  მიცვალებულთან და გავაპატიოსნე. ტყვიის მასრა მაშინვე იპოვეს, თუმცა რომელმა აიღო, არ მახსოვს. ტყვიის გულას მოძებნა ვერ შეძლეს. პრეზიდენტის ხელში იარაღი არ შემინიშნავს", - ასე იხსენებს საქართველოს პირველი პრეზიდენტის უკანასკნელი მასპინძელი, ხიბულელი კარლო ღურწკაია 1993 წლის 31 დეკემბრის ღამის ერთ უცნაურ გასროლას, რომელსაც დევნილი პრეზიდენტის გარდაცვალება მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ყველა ხელისუფლებას გამსახურდიას მკვლელობის თუ თვითმკვლელობის დადგენა ქართველი ერის ღირსების საკითხად მიაჩნდა, 21 წლის შემდეგაც ხიბულის საიდუმლო კვლავ ამოუცნობი რჩება. 31 მარტს გამსახურდიებმა კვლავ მიმართეს ხელისუფლებას თხოვნით, ჩატარდეს ობიექტური გამოძიება ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმეზე.

სანამ პროკურატურა გადაწყვეტილებას მიიღებს, გვინდა, მკითხველს კიდევ ერთხელ მოვუყვეთ იმ გზის შესახებ, რომელიც დევნილმა პრეზიდენტმა 1993 წლის სექტემბრიდან ხიბულის ტრაგედიამდე განვლო. აი, რას იხსენებს ზვიად გამსახურდიას საგანგებო წარმომადგენელი საქართველოში, ოთარ უბილავა:

- "1993 წლის აგვისტოში ზვიად  გამსახურდიამ ჩეჩნეთიდან საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტა - აფხაზეთში, ქართულ ფრონტებზე, სიტუაცია უფრო დამძIიმდა და ასეთ დროს სამშობლოში ყოფნა არჩია. ამ გადაწყვეტილებაზე ზუგდიდში მყოფი მისი მხარდამჭერების დაპირებებმაც იმოქმედა, - საკმარისი ძალა გვყავს (დაახლოებით 20 000 კაცი) და შენი დაცვა არ გაგვიჭირდებაო. მე ბედიის მიმართულებით ვიყავი ფრონტზე, როდესაც ზვიადს დელეგაცია ამ დაპირებებით ეახლა. ძალიან გამიკვირდა, რომ გავიგე, ისინი გროზნოში შვეულმფრენით გაფრინდნენო. თან მითხრეს, - შვეულმფრენი ოთარ ფაცაციას თხოვნით შევარდნაძეს ფრონტიდან მოუხსნია(?!)  და მიუციაო. ოთარ ფაცაციამ იცოდა, რომ დელეგაცია გროზნოში ზვიადის დასაყოლიებლად მიდიოდა. სავარაუდოდ, ეს შევარდნაძესაც უნდა სცოდნოდა. მიუხედავად იმისა, რომ საჰაერო სივრცე მაშინ დაუცველი იყო, შვეულმფრენი მშვიდობიანად გაფრინდა და გამოფრინდა...

სექტემბრის შუა რიცხვებში ზუგდიდში უზენაესი საბჭოს სესია გაიმართა. სესიაზე სამხედროებიც იყვნენ. ორიოდე დეპუტატიღა შეეწინააღმდეგა ზვიადის საქართველოში ჩამოსვლას. იარაღშემართული სამხედროები სცენაზე აცვივდნენ და აყვირდნენ, - თქვენ ვინ გეკითხებათ, პრეზიდენტს ჩვენ დავიცავთო.

"ტუ-34", რომლითაც პრეზიდენტი 23 სექტემბერს, თანმხლებ პირებთან  ერთად, სენაკში ჩამოვიდა, ლატვიიდან გამოგზავნეს. მაშინ, როცა რუსული მხარე ქართულ სივრცეში ჩიტს არ აჭაჭანებდა, პრეზიდენტის თვითმფრინავმა მშვიდობიანად გადმოლახა ჯერ რუსეთის, მერე საქართველოს საზღვარი და სენაკშიც მშვიდობიანად დაეშვა (თუმცა მანამდე პილოტის შეცდომით კინაღამ კოპიტნარში დასხდნენ). იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ რუსულმა მხარემ ისინი შეგნებულად გამოატარა.

24 სექტემბერს ზვიად გამსახურდიამ დაათვალიერა ოჩამჩირის ფრონტი, კოდორის ხიდამდე მივიდა, ოჩამჩირეშიI გამართულ თათბირზე გაგვიცხადა, რომ მიუხედავად სხვადასხვა პოლიტიკური მრწამსისა, ყველა ერთად უნდა ვმდგარიყავით აფხაზეთის შესანარჩუნებლად (მაშინ ოჩამჩირისა და ბედიის მიმართულებით პრეზიდენტის მხარდამჭერი ეროვნული გვარდიის 1 000 ჯარისკაცი იბრძოდა). მისმა მოწოდებამ ბევრი  გააღიზიანა.

ჩამოსვლის დღესვე პრეზიდენტმა ზუგდიდში მიტინგი ჩაატარა. 50 000 კაცი მოვიდა. მაშინ ამაყად უთხრეს, - ნახეთ, რამდენი კაცი დგას თქვენ გვერდითო. ამის მერე ზვიადის დაცვაზე არავის უზრუნია, პრეზიდენტი ფაქტობრივად დაუცველი იყო, ექვსიოდე მცველი ახლდა, რომლებიც მის კაბინეტში იმყოფებოდნენ. მიუხედავად ჩემი არაერთგზის თხოვნისა თუ მოთხოვნისა, პრეზიდენტის დაცვის გაუმჯობესებაზე არავინ ფიქრობდა.

ოქტომბერში რუსეთის გემები ფოთს მოადგნენ. გენერალ ბალტინის დესანტი უკვე სენაკს უახლოვდებოდა და იძულებულები გავხდით, სენაკიდან ჩვენი შტაბი უკან, ზუგდიდისკენ გადმოგვეწვია.

გვიან ღამით სენაკიდან მომავალ პრეზიდენტს შუა გზაში ცეცხლი გაუხსნეს. დაცვის წევრები მანქანის ქვეშ შეძვრნენ და ზვიადსაც ასე ურჩიეს... პრეზიდენტმა იუკადრისა ასე მოქცევა... სწორედ იმ ღამეს ზუგდიდშIი დაბრუნებულმა პრეზიდენტმა ხელი მოაწერა სახელმწიფო დაცვის სამსახურის შექმნის ბრძანებას. თუმცა გვიანი იყო - რუსები და სამთავრობო ჯარების ნაწილები ყოველი მხრიდან გვიტევდნენ; ამიტომ პოზიციიდან ხალხი დროულად ვერ მოვხსენით.

ამასობაში "მხედრიონი" ზუგდიდს მოადგა.

ზვიადი სოფელ რუხში იყო.

26 ოქტომბერს ჩავედი რუხში. გავიგე, რომ აფხაზები ჩამოსულიყვნენ ჩვენებთან მოსალაპარაკებლად, რათა ზვიადი აფხაზეთში გადაეყვანათ.

მაშინ ვფიქრობდი, რომ რუსებს საქართველოს დევნილი პრეზიდენტის დაცვა არაფრად სჭირდებოდათ, ზვიადის აფხაზეთში გადასვლას სულ სხვა მიზანი უნდა ჰქონოდა, მაგრამ ამაზე ხმას არავინ იღებდა. აფხაზეთში გადასვლაზე არც ზვიადს უთქვამს რამე ჩემთვის.

რუსების თამაშის შესახებ ეჭვს ისიც მიძლიერებდა, რომ ზვიადის საქართველოში ჩამოსვლისთანავე მოსკოვიდან ყოფილი გენერალური პროკურორი კოტე ფირცხალავაც დაბრუნდა (არადა, ქვეყანა თავზე გვენგრეოდა, მიწა-წყალს გვართმევდნენ, ის კი არ გამოჩენილა, მოსკოვში იჯდა მშვიდად). ფირცხალავა ზვიადს გვერდიდან არ შორდებოდა...

(საგულისხმოა, რომ პრეზიდენტის სიკვდილის შემდეგ მოსკოვში დაბრუნებული ფირცხალავა ცოტა ხნით დაიჭირეს, რამდენიმე თვის მერე მოსკოვის ოლქის საბაჟოს უფროსად დანიშნეს - 5 წლის წინ ის რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრიც გახდა და გენერალ-ლეიტენანტის ჩინსაც ატარებს).

ნოემბრის დასაწყისში გავიგე, რომ პრეზიდენტი 27 ოქტომბერს ოჩამჩირეში, სოფელ ილორში გადასულა. 5 ნოემბერს დეპუტატ გია მამფორიასთან ერთად ილორში ჩავედი და ტუჟბების ოჯახში ზვიადს შევხვდი. ნახევარი საათი ვისაუბრეთ. პრეზიდენტი ნაღვლიანი ჩანდა, მისი თანმხლებნი კი ხალისიანად იყვნენ. გურამ აბსანძე გამუდმებით ოხუნჯობდა.

ზვიადს  ჩვენი მდგომარეობა ავუხსენი - ბალტინი ფოთს, წყალტუბოს, ხონს მოადგა-მეთქი. მითხრა, იქნებ მათი ერთი  ტანკი ან ჯავშანტექნიკა როგორმე ავაფეთქოთ და მერე მსოფლიოს ვანახოთ, რომ ჩვენს წინააღმდეგ რუსები იბრძვიანო.

გალში, ერთ ადგილას ყუმბარმტყორცნი მეგულებოდა. კაცი გავგზავნე წამოსაღებად. მე კი იმ საღამოსვე დავბრუნდი ზუგდიდში. გზაში ჩემმა გამცილებელმა ადგილობრივმა მკვიდრმა გამაფრთხილა, - გზაში დაყრილ მიცვალებულებს არ შეხედო, უთვალთვალებენ, თუ ვინმეს დააკვირდები, მისიანი ეგონები და აქვე მოგკლავენო.

ყოველ ფეხის ნაბიჯზე ავტომატიანი ხალხი და ტექნიკა იდგა, ჩეჩნები და ათასი ჯურის ხალხი ირეოდა.

ვფიქრობდი, ნეტავ, პრეზიდენტი, დელეგაციასთან ერთად, ცენტრალურ ტრასაზე ვინ გამოატარა-მეთქი. ცხადია, ეს რუსების ჩაურევლად არ მოხდებოდა. 6-ში მთელი დღე ველოდი ყუმბარმტყორცნს, მაგრამ არავინ გამოჩენილა...

საღამოს რუხში ვნახე, ჩვენების მანქანები ენგურის ხიდზე მიდოდნენ აფხაზეთში გადასასვლელად. სად მიდიხართ-მეთქი, - ვიკითხე. ზვიად გამსახურდიასთანო, - მიპასუხეს და მეც გავყევი.

ილორში პრეზიდენტი აღარ დაგვხვდა. ტუჟბებმა მითხრეს, - შენ რომ წახვედი, შუაღამისას აფხაზები მოვიდნენ ზვიადთანო.

მოუტანიათ ხელშეკრულება აფხაზეთის დამოუკიდებლობაზე. მასზე ხელისმოწერის სანაცვლოდ პრეზიდენტს რუსები დახმარებას და თბილისში პრეზიდენტად დაბრუნებას სთავაზობდნენ.

ზვიადს ეს ფურცელი გვერდზე გაუწევია და აფხაზური დელეგაციის გასაგონად კი არა, ჩვენებისკენ მოუხედავს და უთქვამს, - "ნეკოგდა!"

აფხაზები გასულან და ერთ საათში მობრუნებულან. შეიძლება მავანთ დაუკავშირდნენ, - გამსახურდია უარზეაო. ისინიც, თავის მხრივ, შევარდნაძეს შეატყობინებდნენ, - გამსახურდია ილორშია. რა ვქნათ, დავაპატიმროთ და გადმოგცეთ, თუ უკან გამოვუშვათო. შევარდნაძისთვის ზვიად გამსახურდიას დაპატიმრება ხელსაყრელი არ იყო, რადგან სასამართლო რომ ჩატარებულიყო, რას უნდა მოსდავებოდნენ! სანამ პირველი პრეზიდენტი ცოცხალი იქნებოდა, საფიქრალს არ გამოულევდა შევარდნაძეს და მისიანებს; ამიტომ, ჩემი აზრით, შევარდნაძემ გამსახურდიას გაშვების გადაწყვეტილება მიიღო.

ილორში არავინ იცოდა, სად წავიდა პრეზიდენტი. ზოგმა გვითხრა, ჩრდილოეთითო. ჩვენც გზას გავყევით და სოჭშიც ისე გადავედით, რომ დარწმუნებული ვიყავით, ზვიადი იქ იქნებოდა. იქიდან მოსკოვში ჩავედი. ზუგდიდში ჩემს მეუღლესთან როცა ვახერხებდი დარეკვას, ვეკითხებოდი, - ზვიადზე რამე ხომ არ იცი-მეთქი და - არაო...

პრეზიდენტის ასავალ-დასავალი არავინ იცოდა..."

ილორიდან დაბრუნების შემდეგ ზვიად გამსახურდიას თანამოაზრენი შემოეცალნენ. ის რამდენიმე თანმხლებთან ერთად 1992 წლის 20 ნოემბრამდე წალენჯიხაში, ჩქვალერის ტყეს აფარებდა თავს. მალე სპეცსამსახურებთან ერთად დევნილი პრეზიდენტის მოშორებაში მისი გარემოცვაც ჩაერთო.

17 ნოემბერს სოფელ ოჩვინარაში გენერალი გია გულუა პრეზიდენტის ყოფილ მხარდამჭერებს შეხვდა. შეხვედრას გამსახურდიას ორი დაცვის წევრი - ვაჟა ჭინჭარაული და ირაკლი გოგაძეც ესწრებოდნენ. შეხვედრაზე იყო იმ დროისთვის ზვიადის მასპინძელი თენგო ქარდავაც.

გეგმის მიხედვით, ქარდავას ოჯახს თავს უნდა დასხმოდნენ. ზვიად გამსახურდიას დაცვის წევრებმა ოპერაციაში მონაწილეობაზე უარი თქვეს და შეხვედრა დატოვეს,  თუმცა, გეგმა რომ არ გაეცათ, ისინი გზაში ჩაცხრილეს...

თენგო ქარდავამ ბოლო მომენტში ზვიადი ვერ გაიმეტა და თავდასხმის შესახებ  დროულად გააფრთხილა.

დევნილმა პრეზიდენტმა ადგილი კიდევ რამდენჯერმე გამოიცვალა და 1992 წლის 22 დეკემბერს ჯიხაშკარში ჯონსონ კვარაცხელიას ოჯახს ესტუმრა. 27 დეკემბერს მას "ურჩიეს", აქ ყოფნა შენთვის სარისკოაო. "უსაფრთხოების" მიზნით სხვაგან უნდა გადაგიყვანოთ, ოღონდ მხოლოდ 4 კაცი უნდა იახლოო, ამიტომ გამსახურდიას დაცვის ორი წევრი - ზაზა ბურჯანაძე და გოჩა კეკენაძე იძულებულები გახდნენ, ჯიხაშკარში დარჩენილიყვნენ, ხოლო პრეზიდენტი პრემიერ გუგუშვილთან, ანზორ მარგველანთან და ბაჩუკი გვანცელაძესთან ერთად, სოფელ ხიბულაში ღურწკაიების ოჯახში მიიყვანეს, სადაც 31 დეკემბერს გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა...

გარდაცვლილი პრეზიდენტი თანამოაზრეებმა ჯერ ჯიხაშკარში, ზარანდიების სახლში დამარხეს, მოგვიანებით (თებერვალში) გადაასვენეს გროზნოში, 2007 წელს იგი გადმოასვენეს თბილისში და მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს...