როგორ ”იჭმებოდა” ქართული ოქრო - კაზრეთიდან საყდრისამდე (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

როგორ ”იჭმებოდა” ქართული ოქრო - კაზრეთიდან საყდრისამდე (ექსკლუზივი)

"ამოშანთული იქნება თითოეული კერძო ინტერესი მადნეულში"და მადნეული სრულად და მთლიანად დაუბრუნდება საქართველოს ხალხს"- პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია, 2004 წლის 13 თებერვალი

"2004 წელს საქართველოდან ოქროს ექსპორტმა 18 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, 2010 წელს - 85 მლნ დოლარი, რაც ქართული ექსპორტის 5.4%-ია." - სტატისტიკური მონაცემებიდან, 2011 წ.

"2004-2007 წლებში მცირე კავკასიონზე, ქვემო ქართლში, საყდრისის სენსაციურმა აღმოჩენამ საქართველო იმ ოქროს მწარმოებელი ქვეყნის გვერდით დააყენა, როგორიც ეგვიპტეა." - კომპანია "არემჯი გოლდ"-ის ვებგვერდიდან, 2013 წ.

"ყველამ ვიცით, რომ ჰაერი, რომელსაც ვსუნთქავთ, წყალი, რომელსაც ვსვამთ, ნელ-ნელა გვკლავს, მაგრამ შიმშილით სიკვდილს მაინც ეს გვირჩევნია, განა სხვა არჩევანი გვაქვს?" - ვახტანგი, დაბა კაზრეთის მცხოვრები, 2014 წლის 4 მაისი.

გასული საუკუნის 90- იან წლებში სამთო გადამამუშავებული კომბინატი " მადნეული" იმ საწარმოთა რიცხვს განეკუთვნებოდა რომელიც ქართული ეკონომიკის სრული გაჩანაგების პირობებშიც ახერხებდა თავის გატანას. 2001 წელს "მადნეულში" ავსტრალიელები გამოჩნდნენ დიდი ფულით და გრანდიოზული ჩანაფიქრით, საქართველოს საკუთარი ოქროს გადამუშავება უნდა დაეწყო: ასე შეიქმნა საწარმო "კვარციტი", მალე პირველი ოქროს ზოდიც - "დორეც" გამოჩნდა და "კვარციტში" იმატა პოლიტიკოსებისა და საქმოსნების სტუმრობებმა. საქმე იქამდე მივიდა რომ საქართველოს ერთ ერთი ღატაკი ბოლნისის რაიონი ლამის საჩვენებელ რაიონად იქცა ხოლო მანამდე ნახევრად დაცლილ კაზრეთში ცხოვრებას დედაქალაქელებიც კი აღარ თაკილობდნენ. მადნეულის "ოქროს ხანა" ალბათ დიდ ხანს გაგრძელდებოდა, მაგრამ ერთ დღესაც ავსტრალიური მხარე (რომელიც წილის 50%-ს ფლობდა) სახიფათო თამაშში არ ჩაერთო. აი, ასე იხსენებს იმდროინდელ მოვლენებს "კვარციტის" ერთ-ერთი თანამაშრომელი:

"2001 წელს ავტრალიური მხარის წარმომადგენელმა, დირექტორმა ჰენკი ნაიტინგეილმა, თანამშრომლებს გამოგვიცხადა, - ჩვენ სახელმწიფოს 17 მილიონი ზედმეტი გადავუხადეთ, ის კი არ გვიბრუნებს; გარდა ამისა, მადანში ოქროს შემცველობა ძალიან შემცირდა და იძულებული ვართ, ხელფასი შეგიმციროთო." "მადნეულსა" და "კვარციტში" სიტუაცია აირია. დაიწყო გაფიცვები. ავსტრალიურმა მხარემ ადვოკატად ირაკლი ოქრუაშვილი აიყვანა (სწორედ მაშინ გავრცელდა ხმა, რომ "ავტრალიური გამბიტის" უკან იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილი იდგა) და საქართველოს ხელისუფლებას მოსთხოვა, იმ 17 მილიონის სანაცვლოდ მათთვის "მადნეულში" სახელმწიფოს წილი - 97% დაეთმოთ. გენერალურმა დირექტორმა ელდარ ბოჭორიშვილმა წნეხს ვერ გაუძლო და გადადგა."

ავსტრალიური მხარე ჯიუტად ითხოვდა დირექტორის თანამდებობაზე "მათი კაცი" დაენიშნათ, თუმცა პრეზიდენტი შევარდნაძე არ აპირებდა დაეთმო ახალგაზრდა რეფორმატორებისთვის (სააკაშვილი, ჟვანია) და გუბერნატორ ლევან მამალაძის რეკომენდაციით, გენერალურ დირექტორად ზურაბ ლობჟანიძე დანიშნა. მალე საწარმოში კონტროლის პალატა შევიდა. საბოლოოდ, ავსტრალიურ მხარეს თაღლითობაში დასდეს ბრალი სახელმწიფოს სასარგებლოდ - 17 მილიონის (ზოგიერთი მონაცემით - 10 მლნ, - ავტ) გადახდა აქეთ დააკისრეს. შევარდნაძემ იცოდა, რომ სააკაშვილი დამარცხებას ვერ შეეგუებოდა, დამარცხებას ვერ ეგუებოდა კრიმინალური სამყაროც, რომლისთვისაც ქართული ოქროთი ნაშოვნი მილიონები ხელმიუწვდომელი აღმოჩნდა. თუმცა ბოლოს შავებმა მაინც მოახერხეს და " კვარციტის” ოქროს შავი ბაზარი ხელში ჩაიგდეს... საწარმოდან ოქროს მოპარვაში თანამშრომლები ისე დაოსტატდნენ, მათ ქურდულ მოხერხებულობაზე ლეგენდებიც კი დადიოდა. საწარმოდან გატანილ ოქროს თბილისში ოქროს ბირჟაზე "შინაურ" კაცს აბარებდნენ, ის თავის მხრივ მას ყიდდა, შავი ბაზრიდან მონაგებს კი თანამშრომლებს ქურდული სამყარო უყოფდა...

"ნაციონალურმა მოძრაობამ" მეორე იერიში "მადნეულზე" "ვარდების რევოლუციის" ორი კვირის თავზე მიიტანა.

ზურაბ ლობჟანიძე, "მადნეულისა" და "კვარციტის" ყოფილი გენერალური დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე:"- "შევიცარიაში დამირეკა მაშინდელმა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გაჩეჩილაძემ და გენერალური პროკურორის, ნუგზარ გაბრიჩიძის ინფორმაცია გადმომცა"- ზურაბ ჟვანიამ "მადნეულისა" და "კვარციტის" ხელმძღვანელობიდან თქვენი გადაყენება დამავალაო. თუ არ გადადგებით, თქვენი დაპატიმრება მოუწევსო. გაჩეჩილაძემ მთხოვა, სიტუაცია რომ არ დამეძაბა, თავად გადავმდგარიყავი. რა თქმა უნდა, უარი ვუთხარი, თუმცა, ვიცოდი, არ მომეშვებოდნენ. მართლაც, 2003 წლის 15 დეკემბერს თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსმა მიმართა სამეთვალყურეო საბჭოს და, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ჩემი გადაყენება მოსთხოვა. სამეთვალყურეო საბჭომ 29 დეკემბერს ჩემს გათავისუფებაზე უარი თქვა. პარალელურად "კვარციტში" შემოვიდნენ და "დორეს" მარაგი წაიღეს. როგორც გავიგეთ, "საქართველოს ბანკში" 2004 წლის 24 იანვარს მიხეილ სააკაშვილმა საქვეყნოდ განაცხადა, რომ მე თითქოს რევოლუციის შემდეგ 3 ტონა ოქრო გამიტანია ქვეყნიდან; მეოთხის წაღება ვერ მომისწრია და ის ხელისუფლებამ ამოიღო აეროპორტის გზაზე(?!)"

მალე მიხეილ სააკაშვილს არც პრემიერი ზურაბ ჟვანია ჩამორჩა... საბოლოოდ, ხელისუფლებამ დიდი ზეწოლის შედეგად, მაინც მოახერხა ზურაბ ლობჟანიძის არა მარტო გადაყენება, არამედ სისხლის სამართლის საქმეც კი აღიძრა სამსახურებრივი უფლებამოსილების და სახელმწიფო ქონების მითვისების ბრალდებით. გამოცხადდა შვეიცარიაში მყოფი "ურჩი" ბიზნესმენის ძებნა. მოულოდნელად, ხელისუფლებამ ზურაბ ლობჟანიძეს გარიგება შესთავაზა. შუამავლობა მაშინ ბიზნესმენის პარტნიორმა ბადრი პატარკაციშვილმა ითავა - საქართველოში დაბრუნების და ბიზნესის უსაფრთხოდ კეთების სანაცვლოდ "ნაციონალები" ლობჟანიძისგან 1 500 000 ლარს ითხოვდნენ, რომელიც მას გენპროკურატურის სპეციალურ ანგარიშზე უნდა ჩაერიცხა. 2004 წლის 11ოქტომბერს გარიგება შედგა. გადახდილი თანხის სანაცვლოდ ბიზნესმენს ძებნა მოუხსნეს, წაყენებულ მუხლებს კი ამნისტია შეეხო, თუმცა, როგორც ლობჯანიძე აცხადებს, "ჩემი დაპატიმრება სულ მალე ისევ მოუნდათ, ამჯერად გადასახადების თავიდან აცილების ბრალით. მქონდა ინფორმაცია, რომ საქართველოში ჩამოსვლისთანვე დამაპატიმრებდნენ. ამჯერად ხელისფულებას უნდოდა, დამეთმო 817.484 ათასი დოლარი, რომელიც "საქართველოს ბანკის" ანგარიშზე მქონდა."

2005 წელს საქართველოში კახა ბენდუქიძესთან ერთად მანამდე უცნობი კობა ნაყოფია გამოჩნდა.. მნიშვნელოვანი მისიით: კაპიკების სანაცვლოდ ხელში ჩაეგდო საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სამთო წარმოება. მას "მადნეული" და " კვარციტი" ჩააბარეს.. სახელმწიფო ტენდერის ფინალში მხოლოდ ბადრი პატარკაციშვილის "ენერგო ინდუსტია კომპლექსი" და რუსული "პრომიშლენი ინვესტორი" ( ამბობენ რომ ნაყოფია ამ კომპანიის ვიცე პრეზიდენტი იყო) გავიდა, თუმცა საბოლოოდ რუსულმა კომპანიამ მოახერხა გაეგო, თუ რამდენს იხდიდა პატარკაციშვილი (36 მლნ.დოლარი) და საბოლოო ეტაპზე სახელმწიფოს 40 მილიონი შესთავაზა. შედეგად ქართული ოქრო" პრომიშლენი ინვესტორის" ხელში აღმოჩნდა,მათივე გახდა "ტრანს ჯორჯია რესორსის" 50%, რომელიც საყდრისის საბადოზე ოქროს მოპოვების ლიცენზიას ფლობდა. ამას გარდა "პრომიშლენი ინვესტორს" "ქართული სამათმადნო კომპანიის" 100% გადაეცა (რომელიც საქართველოში 37 საბადოს ლიცენზიას ფლობდა).

მალე კობა ნაყოფიამ სულ რაღაც 2 მილიონ 40 000 დოლარად ქართული "ზარაფხანაც" შეიძინა" და საქართველოში არამარტო ერთ-ერთ წარმატებულ ბიზნესმენად, არამედ ”ნაციონალური მოძრაობის” დამფინანსებლადაც იქცა. კობა ნაყოფია მიხეილ სააკაშვილის ყველა ახირებას აფინანსებდა, როგორც ქართული მედია წერდა, 2007წელს განმუხურში სააკაშვილის მიერ დადგმული სპექტაკლი ნაყოფიას 1მლნ. დოლარი დაუჯდა, რომელიც გენერალ ჩაბანს გადაუხადეს.

სანამ პოლიტიკოსები ქართული ოქროთი ხელს გვარიანად ითბობდნენ, ბოლნისის რაიონი ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, გარდა ამისა მოსახლეობაში იმატა ონკოლოგიური დაავადებების ზრდის მაშტაბებმა, თუმცა ადგილობრივები კომბინატებში სამსახურის დაკარგვის და ულუკმაპუროდ დარჩენის შიშით ხმის ამოღებას არ ჩქარობდნენ. ამასობაში კი ნაყოფიას ზეობის ხანაც დასასრულს მიუახლოვდა - 2012 წელს სააკაშვილმა მოულოდნელად "ხაზინადარი" აითვალისწუნა - მილიონებს მპარავსო და "ნაყოფიას ოქრო" ისევ გასაყიდად გაიტანა.

მისი ახალი მეპატრონე ამჯერად ისევ რუსული კომპანია "კაპიტალ ჯგუფი" გახდა, რომელსაც, თუ "ფორბსის" რუსულ გამოცემას დავუჯერებთ, რუსეთის უმდიდრესი ბიზნესმენები მართავენ. მალე "მადნეულს" - "რმჯი კოოპერი", ხოლო "კვარციტს" - "რმჯი გოლდი” ეწოდა.

ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ზუტად ორი კვირის თავზე, ქართული ოქროთი ამჯერად ახალი ხელისუფლება დაინტერესდა. როგორც ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური აცხადებდა, საგამოძიებო სამსახურს კომპანიასთან გადასახადებთან დაკავშირებით კითხვები ჰქონდა,რომელსაც აუცილებლად გაასაჯაროებდნენ, თუმცა დღემდე არავინ იცის, რას აკეთებდა საგამოძიებო სამსახური კომპანიაში. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კომპანია ახლა ახალ ხელისუფლებასთან გარიგებას ცდილობდა, თუმცა კომპანიას საფრთხე სულ სხვა მხრიდან ელოდა: ყველასთვის მოულოდნელად კომპანიას საკუთარი თანამშრომლები აუჯანყდნენ,სტიქიურმა პროტესტმა ორგანიზებული ხასიათი მიიღო და გაფიცვამ დაბა კაზრეთიც მოიცვა. გაფიცულები სამუშაო ადგილზე აღდგენას, სამუშაო პირობების შექმნას და ხელფასის მომატებას ითხოვდნენ, გაფიცვა თვეზე მეტხანს გრძელდებოდა... ბოლოს კომპანია იძულებული გახდა დათმობებზე წასულიყო.. ურჩთა ამბოხმა ”არემჯი გოლდს” როგორც ჩანს, მადა გაუხსნა და ამჯერად კომპანიამ საყდრისის უძველეს ოქროს მაღაროს დაადგა თვალი (რომელსაც 2006 წელს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა) და საქართველოს მთავრობის დაშანტაჟებას შეეცადა - თუ მაღაროს ტერიტორიაზე ოქროს მოპოვების ნებართვას არ მივიღებ, თავს გაკოტრებულად გამოვაცხადებ, 3000-მდე კაცი და ბოლნისის ბიუჯეტი შემოსავალს სრულიად დაკარგავენო. შემდეგ კი მოვლენები ასე განვითარდა: "რმჯი გოლდმა" მოახერხა დარწმუნებინა ხელისუფლება, რომ საყდრისში უძველესი ოქროს მაღაროს კვალიც არ იყო, მეტიც, კულტურის სამინისტროში შემქნილმა 11-კაციანმა კომისიამ, რომელსაც ეს სადავო საკითხი უნდა გადაეწყვიტა, მოულოდნელად დასკვნაში განაცხადა, რომ საყდრისში არა ოქროს, არამედ სპილენძის მაღაროსთან გვქონდა საქმე, რის საფუძველზეც საყდრისს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მოეხსნა 2013 წლის იანვარში. "რმჯი გოლდმა", მიუხედავად იმისა, რომ საყდრისის ძეგლის ტერიტორიაზე თითის განძრევის უფლება არ ჰქონდა, სამუშაოები მაინც დაიწყო, რის შედეგადაც საყდრისში ნელ-ნელა იშლება კულტურული კვალი. საყდრისის ქომაგ მეცნიერებს, გარემოს დამცველებიც აჰყნენ და მოსალოდნელ ეკოლოგიურ კატასტროფაზე ხმამაღლა დაიწყეს საუბარი...

საზოგადოების პროტესტი იქამდე მივიდა, საქმეში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ჩაერთო და 9 მაისს ვაკის პარკში პირადად სთხოვა პრემიერ ღარიბაშვილს გადაეხედა მთავრობის პოზიციისთვის, რაზეც საიმედო დაპირება მიიღო.

რამდენიმე დღეა, მთელი საქართველო უცხოელი ექსპერტების დასკვის მოლოდინშია, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს, გახდება თუ არა "მკვლელი" ოქროს მორიგი მსხვერპლი საყდრისის უძველესი ოქროს მაღარო...

ნინო ბურჭულაძე (სპეციალურად საიტისთვის)