1998 წლის 26 მაისი - "2:0, საქართველო მეორედ დამარცხდა"
26-05-2014
1998 წლის 26 მაისი - "2:0, საქართველო მეორედ დამარცხდა"
"უნდა ვეცადოთ 26 მაისისთვის, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, გალის თავზე ქართული სახელმწიფო დროშა ფრიალებდეს და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სესიაც გალში ჩავატაროთ".
ზურაბ ერქვანია, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, 1998 წლის მაისი


"მთავარსარდალო, მთელი გალის ტერიტორიას ჩვენ ვაკონტროლებთ, თუ თქვენი ბრძანება იქნება, 2 საათში გალს ავიღებ".
გენერალ გუჯარ ყურაშვილის სატელეფონო საუბრიდან, სოფელი თაგილონი, 1998 წლის 20 მაისი


"უნდა გადავწვათ ყველაფერი: ხეები, პირუტყვი, სახლებში გამოვწვათ მათი ბებრები. ქართველები 27 სექტემბრამდე აზრზე ვერ უნდა მოვიდნენ, შემდეგ
კი ფეხი ვეღარ უნდა მოიკიდონ ამ მიწაზე. აფხაზეთში დაბრუნების სურვილი ხომ წელიწადში ორჯერ უჩნდებათ - 26 მაისს, დამოუკიდებლობისა და 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, მათ ეს სურვილი სულშივე უნდა ჩავუკლათ".
ეკა ახალაია, აფხაზ ქალთა ბატალიონის მეთაური,
1998 წლის 25 მაისი



1995 წელს არძინბას ხელისუფლებამ, რომელიც
ფიქრობდა, რომ გალის რაიონში "ცოცხალი ბუფერის" არსებობა საჭიროების შემთხვევაში ხელსაც აძლევდა, გალის ე. წ. ქვედა ზონის ქართველ მოსახლეობას უფლება მისცა, სახლებში დაბრუნებულიყო.

1998 წლის გაზაფხულისთვის გალის რაიონში ქართველი მოსახლეობის რაოდენობა 60 000 კაცს შეადგენდა, 32 ქართულ სკოლაში 4500 ბავშვი სწავლობდა. გააქტიურებული პარტიზანული მოძრაობის გამო, გალის ე. წ. ქვედა ზონას აფხაზები, ფაქტობრივად, ვეღარ აკონტროლებდნენ, ამიტომ ქვედა ზონის სოფლებში ქართველი პოლიტიკოსების სტუმრობა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. დროდადრო საქართველოს დროშების გალის ქართული სოფლების თავზე აფრიალება აღარც აფხაზებს უკვირდათ, თუმცა, აფხაზური მილიცია რატომღაც ურჩების დასჯაზე არ ფიქრობდა და დროშებს მშვიდად ხსნიდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ ქართულმა მხარემ 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების ღონისძიების გამართვა სოფელ ფიჩორში გადაწყვიტა. სპეციალურად მომზადდა აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე თამაზ ნადარეიშვილის მიმართვა გალის ქართველი მოსახლეობისადმი, სადაც არძინბას რეჟიმი ფაშიზმთან იყო შედარებული და ერთგვარი მოწოდებაც იყო ბრძოლისკენ. ღონისძიებაზე სტუმრებისა და მოსახლეობის უსაფრთხოების გარანტი ფიჩორსა და ოტობაიაში განლაგებული პარტიზანული რაზმები უნდა ყოფილიყვნენ.

1998 წლის 9 მაისს ფიჩორში გამართულ მარულას აფხაზეთის მთავრობის წევრები და დეპუტატებიც ესწრებოდნენ, საღამოს კი მთელი საქართველო, ერი თუ ბერი, სიხარულს ვერ მალავდა, მალე გალი ისევ ჩვენი იქნებაო და… აზრადაც არავის მოსდიოდა, რომ ფიჩორში აღმართული ქართული დროშა საქართველოს უახლოეს ისტორიაში ყველაზე სისხლიანი პროვოკაციის დასაწყისი გახდებოდა.

თენგო, ყოფილი პარტიზანი: "10 მაისს ოტობაიაში შეგვატყობინეს, რომ ვიღაცებს ჩვენი ნახვა უნდოდათ. დათქმულ დროს მივედით ერთი ნაცნობის სახლში. სტუმრები გვიან მოვიდნენ, აფხაზები ყველგან არიან, დაბნელებას ველოდებოდითო, მოიბოდიშეს და თავი უშიშროების თანამშრომლებად გაგვაცნეს.
ხელისუფლება გალის რაიონში შესვლას გეგმავს, ყველაფერი კარგად გათვლილი და დაგეგმილია, ჩვენ მხოლოდ დავიწყოთო. თავიდან ვერ გავიგე, რას გულისხმობდნენ დაწყებაში, მერე, რომ თქვეს, პარტიზანებმა უნდა დაიწყოთ და ჩვენ წამოგეშველებითო, სიცილი ძლივს შევიკავეთ. რისი დამწყები ვიყავით 15 კაცი?! თქვენ რომ დაიწყებთ, გალის რაიონში არსებული ყველა პარტიზანული დაჯგუფება აგყვებათ, შემდეგ მოსახლეობა და უკვე ხელისუფლებას ხელ-ფეხი ექნება გახსნილი ჯარის შემოსაყვანადო, დაგვამშვიდეს. ყურებს არ ვუჯერებდით, ხუმრობა ხომ არ იყო, გალს ავიღებდით. მერე ვიღაცამ იკითხა, მერე რუსებიო? მათთან ყველაფერი შეთანხმებულიაო, გენერალ კორობკოს (რუსი სამშვიდობო ძალების სარდალი. - რედ.) ფულს ვუხდითო, თუმცა, არ უთქვამთ, რამდენს, ეს იმ დროს არც არავის აინტერესებდა".

1998 წლის 18 მაისისთვის პარტიზანული დაჯგუფებები თავისუფლად მოქმედებდნენ გალის ე. წ. არხის მარცხენა სანაპიროზე, სოფლებში: პრიმორსკში, ფიჩორში, ზემო ბარღებში, სიდაში, ხუმუშკურში, პარტიზანული მოძრაობა აკონტროლებდა გალის რამდენიმე გადმოსასვლელსაც. გალის რაიონში იყო ყველა პარტიზანული დაჯგუფება: "ტყის ძმები", "თეთრი ლეგიონი", "სამურაი" და ა. შ. ქართული მხარე გალში შესასვლელად საბაბს ელოდა, ასეთი კი 19 მაისს სოფელი სიდა აღმოჩნდა: შუადღისას ცნობილი გახდა, რომ სიდაში პარტიზანებსა და აფხაზებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა, მიზეზი ორი ქართველი პარტიზანის მკვლელობა იყო. აფხაზებმა თავი სკოლას შეაფარეს, პარტიზანებს ისინი ალყაში ჰყავდათ. მიუხედავად იმისა, რომ სიდაში სიტუაციას პარტიზანები აკონტროლებდნენ, მდგომარეობა ნებისმიერ წუთს შეიძლებოდა, გართულებულიყო. ალყაში მოქცეულები დახმარებას ელოდნენ. სანამ ქართული მხარე ზუგდიდში განთავსებულ 5 შტაბში საგანგებოდ თათბირობდა, საღამოს სიტუაცია დაიძაბა, სიდაში აფხაზი მეომრებით სავსე ორი ავტობუსი შევიდა და ახლა პარტიზანები მოექცნენ ალყაში. დაძაბულობა რუსმა სამშვიდობოებმა განმუხტეს და დაპირისპირებულ მხარეებს სოფელი იმჯერად უსისხლოდ დაატოვებინეს. სოხუმს სიდას ინციდენტი ავად ენიშნა.

"არ არის გამორიცხული, პარტიზანებმა, თუ როგორც ეძახიან, დივერსიული აქტები მოაწყონ აფხაზეთის ტერიტორიაზე. მდინარე კოდორის ხიდი თუ ააფეთქეს, ჩვენ ვერ შევძლებთ ჯარების გადასროლას გალის ტერიტორიაზე. ყოველ შემთხვევაში, შეიძლება რამდენიმე დღე დაგვაგვიანდეს, მერე კი იძულებული გავხდებით, თავდაცვის ზღუდე უკვე კელასურთან გავავლოთ", - არძინბა ყურადღებით მისმენდა. "ამას ვერ დავუშვებთ!", - წამოიყვირა უცებ, - სასწრაფოდ სადამსჯელო ოპერაცია უნდა დავიწყოთ". "ეს რას მოგვცემს?" - ვკითხე მე. "ძალიან ბევრს, პარტიზანები დაკარგავენ ერთგულ მოკავშირეს". "რომელ მოკავშირეს, რუსებს?" ამაზე არძინბას გაეცინა: "არა, ადგილობრივ მოსახლეობას".
ვალერი წკუიას, აფხაზეთის
შს მინისტრის მოადგილის მოგონებებიდან, 1998 წელი


1998 წლის 20 მაისს სოფელ ზემო ბარღებთან გამაგრებული მცირერიცხოვანი პარტიზანული დაჯგუფება კბილებამდე შეიარაღებული 400-კაციანი აფხაზური დაჯგუფების (ყაბარდოელები, რუსები და ბაგრამიანის ბატალიონი) პირისპირ აღმოჩნდა. როცა პარტიზანებმა მოსახლეობას სოფლის დატოვება შესთავაზეს, მამაკაცებმა უარი თქვეს, შედეგად, სოფელ ზემო ბარღებთან აფხაზებმა დიდი მსხვერპლის ფასად პირველი დამარცხება იწვნიეს.…იმავე საღამოს სოფელ თაგილონში ქართულმა მხარემ დემონსტრაციულად თათბირი ჩაატარა, სადაც გენერალმა ყურაშვილმა პრეზიდენტ შევარდნაძეს ტელეფონით ცნობილი სიტყვები უთხრა: "გაეცით ბრძანება და ორ საათში გალს ავიღებ". იქმნებოდა განცდა, რომ გალი უკვე ჩვენი იყო, თუმცა, ზეიმი ნაადრევი გამოდგა. ორი საათის შემდეგ ზუგდიდს დევნილების პირველი ნაკადი მიაწყდა.

მურმან ჭედია, გალის გამგებელი 1998 წელს:
"როდესაც გუბერნატორთან თათბირი დამთავრდა და გარეთ გამოვედი, ზუგდიდის მოედანზე უამრავ ხალხს მოეყარა თავი და ეს ავად მენიშნა. "სად არიან თქვენი მინისტრები, აფხაზებს რომ შეგვატოვეთ ხელში!" - ყვიროდა ხალხი. გადაწყდა, გაგვეღო ყველა საბავშვო ბაღის თუ სკოლის კარი და დევნილები დაგვებინავებინა. მძიმე სიტუაცია იყო. მეორე დღეს, როცა წალენჯიხიდან ჩამოვედი, ზუგდიდის მოედანზე ხალხი სიხარულს ვერ მალავდა, ზუგდიდში ქართული ტანკები შემოვიდნენ, მალე სახლებში დავბრუნდებითო. ხალხი უარს ამბობდა სკოლებში დაბინავებაზე და ზუგდიდში ჯართან ერთად ჩამოსულ დათო თევზაძეს როგორც მხსნელს, ისე უყურებდა".

თუმცა, ქართული არმია გალში ვერ შევიდა, რადგან ეს, ფაქტობრივად, ომის გამოცხადების ტოლფასი იქნებოდა. თავდაცვის მინისტრი პრეზიდენტის დავალებით გენერალ კორობკოსთან მოლაპარაკებას ცდილობდა, რათა ომი შეწყვეტილიყო. დახმარების გარეშე დარჩენილი პარტიზანული ჯგუფები კი რაღაც მანქანებით მაინც ახერხებდნენ პოზიციების შენარჩუნებას.

თენგო:
"24 მაისს ხუმუშკურში ვიყავით. ფაქტობრივად, გალში ომი იყო, ჩვენ კი ჯარისკაცები არ ვიყავით, ომის არაფერი ვიცოდით, არც კავშირი გვქონდა, არც დახმარება, მხოლოდ რამდენიმე ყუთი ტყვია მოგვიტანეს. როდესაც აფხაზების მორიგი შეტევა დაიწყო, ვიცოდით, ვერ გავუძლებდით, მაგრამ ვცდილობდით, ვმდგარიყავით, რათა მოსახლეობას მისცემოდა საშუალება, სოფელი დაეტოვებინა. ბოლოს, ტყვია-წამალიც გვითავდებოდა, ბიჭი გავგზავნეთ, გამოგზავნილი ყუთები რომ მოეტანა, რომ დააგვიანდა, გული შემიწუხდა, ხომ არ მოკლეს-მეთქი და მივვარდი, ის კი იჯდა და ტიროდა. ყუთებში რომ ჩავიხედე, ტყვია-წამლის მაგივრად ლურსმნებით იყო სავსე... უკან დავიხიეთ".

24 მაისს, შუადღისას, პარტიზანები ნაბაკევის, თაგილონისა და ოტობაიის ტერიტორიაზე განლაგდნენ. აფხაზების ცეცხლს გამოქცეულ მოსახლეობას წინ ახალი განსაცდელი ელოდა - ხურჩის ხიდი ხის იყო და შესაძლოა, ამხელა დატვირთვისთვის ვერ გაეძლო, ჩანგრეულიყო. მოსახლეობა ენგურზე გადმოსვლას ვერ მოახერხებდა. საღამოს აფხაზებმა პრიმორსკში, ზღვიდან, "გრადებით" ცეცხლი გახსნეს, პარალელურად დაიწყო ენგურზე გადმოსასვლელი ყველა ხიდის დაბომბვა. ხურჩის ხიდზე უკვე მსხვერპლი იყო. გენერალი კორობკო მოლაპარაკებას აჭიანურებდა. ამასობაში გადაწყდა, რადგან ქართული შეიარაღებული ნაწილები ვერ შევიდოდნენ გალის რაიონში, სახმელეთო ჯარის ცალკეული ნაწილები (ტექნიკის გარეშე) გადაესროლათ პოზიციებზე პარტიზანების დასახმარებლად და მოსახლეობის უსაფრთხოდ გამოსაყვანად. ლოკალურ ბრძოლებში ჩართული იყვნენ შინაგანი ჯარის ნაწილებიც. სამწუხაროდ, ქართულმა მხარემ მაინც ვერ შეძლო დაკარგული პოზიციების დაკავება და თავდაცვის ზღუდე ე.წ. გალის ზემო ზონაში, სოფ. საბერიოში, დიხაზურგასა და ლეკუხონაში გაავლო. 25 მაისს დევნილთა რაოდენობამ 40 000 კაცი შეადგინა. იმავე დღეს გადაწყდა, რომ 26 მაისს, 06 საათზე, ორივე მხარე დატოვებდა პოზიციებს და შუაში რუსი სამშვიდობოები ჩადგებოდნენ. ამასობაში, გამთენიისას, დიხაზურგა-საბერიოს ე. წ. გადასასვლელზე ტყიბულის ბატალიონი უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ცდილობდა პოზიციის შენარჩუნებას. ექიმები დაღუპულებისა და დაჭრილების გამოყვანას ვერ აუდიოდნენ. 26 მაისს, დღისით, ომი შეწყდა, თუმცა, აფხაზები გაჩერებას არ აპირებდნენ. დილის 10 საათიდან აფხაზურმა მილიციამ და ქალთა ბატალიონმა ქვედა ზონის სოფლების გადაწვა დაიწყეს, პირუტყვს, რომლის წაყვანასაც ვერ ახერხებდნენ, ცოცხლად წვავდნენ. საღამოს 8 საათზე ცნობილი გახდა, რომ აფხაზები პოლკოვნიკ ვალდმერ ბუთბას მეთაურობით ენგურჰესის ადმინისტრაციულ შენობას მიადგნენ. პარტიზანებმა ჰესის თანამშრომლები და 50-მდე ჯარისკაცი უსაფრთხო ბილიკებით სამშვიდობოს გაიყვანეს. აფხაზებს ეზოში დახვდათ ენგურჰესის დირექტორი გიორგი მიქავა, რომელმაც უარი თქვა, გაჰყოლოდა თანამშრომლებს. არავინ იცის, როგორ დამთავრდებოდა ბუთბასა და მიქავას შეხვედრა, მოულოდნელად გალის აფხაზური მხარის გამგებელი რუსლან ქიშმარია და სამშვიდობოები რომ არ გამოჩენილიყვნენ სიტყვებით: "დამთავრდა ომობანა!"

1998 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, საღამოს, აფხაზებმა გალის შესასვლელთან ტრაფარეტს მიაწერეს: "2:0, საქართველო მეორედ დამარცხდა".

P. S. 1998 წლის 19-26 მაისის მოვლენების დროს 50 000-ზე მეტი ქართველი დევნილად იქცა. აფხაზებმა გადაწვეს 6000 სახლი, დაიღუპა 18 პარტიზანი, 17 შინაგანი ჯარის ჯარისკაცი, აფხაზებმა კი 60 მეომარი დაკარგეს.
vep1963
23 სექტემბერი 2014 19:13
უბედური, წითელი ქართველებისაგან გაყიდული ქართველები.უდანაშაულო, საკუთარი მიწისა და ხალხის მოყვარული გმირების სისხლი არ მოასვენებს გარეწარ ვაიქართველებს და მათ გველურ მოდგმას შევარდნაძეებს,იოსელიანებს,კიტოვანებს და აშ ყველა იმათ ვინც მათ გუნდრუკს უმკობს და უმკობდა.
Maxo
24 ივნისი 2014 10:25
მაზახისტებო ყველა ქვეყნისა (ჩვენი ქვეყნის ჟურნალისტების თამადობით) შეერთდით!... არ მოგბეზრდათ ეს 20-წლიანი ვიშვიში და თავზე ნაცრის ყრა? ასე მგონია, მართლა უკვე კაიფს იჭერთ იმაზე წერაში, თუ რა ცუდები ვართ, რა ფარჩ..ბი და როგორ გვჯირყ...ნის ყველა. იმას არ ამბობთ წესიერად, თუ ვინ არის ამის ყველაფრის ავან-ჩავანი (ჩვენი "საყვარელი" ჩრდილოელი მეზობელი) და რომ ჩვენი ბიჭები მართლა გმირულად იბრძოდნენ და ორთაბრძოლებში თითქმის ყოველთვის იმარჯვებდნენ!
ხურთქი
14 ივნისი 2014 00:21
zaza
კარგი და ცუდი ყველგან არის.ვიცნობ ამ გვარის პატიოსან ადამიანს.ჯიგარსონია.

რედაქტორის რჩევით