სასჯელი ღალატისათვის
18-01-2010
სასჯელი ღალატისათვის
ყოფილი გამომძიებელი - ბატონი კობა კიდევ ერთ კრიმინალურ შემთხვევას იხსენებს თავისი პრაქტიკიდან:

- ქმრის გაუჩინარების შესახებ განცხადება თინათინ კვაჭანტირაძემ (აქაც და შემდგომშიც გვარ-სახელები შეცვლილია) გააკეთა. მისი თქმით, ანდრო კვაჭანტირაძე სახლიდან 5 დღის წინ გავიდა და მას შემდეგ არც სამსახურში უნახავთ და არც შინ გამოჩენილა. როცა დავინტერესდით, 5 დღე რას ელოდებოდა, ქალმა დაირცხვინა, თითქოს არ უნდოდა თავისი ოჯახური მდგომარეობის გამხელა, მაგრამ ალბათ მიხვდა, რომ გამოძიებისთვის ყველა წვრილმანს მნიშვნელობა ჰქონდა და გული
გადაგვიხსნა:

- ჩემს ქმარს არასოდეს ვუყვარდი და ცოლად მხოლოდ იმიტომ შემირთო, რომ მამაჩემის გარეშე სოფლიდან ჩამოსული უპატრონო ბიჭი ვერც კარიერას გაიკეთებდა და ნაქირავებ ბინაშიც კარგა ხანს მოუწევდა ცხოვრება...

ორი კვირის დაქორწინებულები ვიქნებოდით, როცა ვიღაც ქალი დამხვდა ქუჩაში და ლამის თმით მითრია:

- ანდრო ჩემი შეყვარებული
იყო და მხოლოდ იმიტომ თქვა უარი ჩემზე, რომ შენსავით მდიდარი და გავლენიანი ოჯახის შვილი არ ვიყავი, მაგრამ ჩემთვის წართმეული ბედნიერებით არც შენ გაგახარებ, დღეიდან ჩემზე დიდი მტერი არ გეყოლებაო!..

ვერც სიტყვა შევუბრუნე და ვერც ხელი. ტაქსიში გამვლელებმა ჩამსვეს, შინ მისულს კი ისტერიკა დამემართა - ქმარს განქორწინებას და ჯანდაბაში გადაკარგვას ვთავაზობდი... ქალივით დაიწყო ტირილი:

- მედიკოს არასოდეს დავპირებივარ, ცოლად შეგირთავ-მეთქი, თვითონ გამოიგონა ეგ სიყვარული და მეგონა, გადაუვლიდა. ყველანაირად ვარიდებდი თავს და გავურბოდი, მაგრამ, როგორც ჩანს, მომიწევს უხეშად ავუხსნა და გავაგებინო, რომ მისი არაფერი მმართებსო!.. - პირობა მომცა, რომ ის ქალი აღარასოდეს შემაწუხებდა და მართლაც აღარსად შემხვედრია. დაახლოებით ათი წლის შემდეგ კი, ანონიმმა "კეთილისმსურველმა" შემატყობინა, შენს ქმარს იმ ქალთან კავშირი სულაც არ გაუწყვეტია. პირიქით, მამაშენის წყალობით ნაშოვნი ფულით ბინაც უყიდა და უკვე შვილიც ჰყავთო. ახლა მე მივუვარდი იმ უნამუსოს. თან, ისე მოვახერხე, რომ ჩემი ქმრის კვალს გავყევი და მაშინ დავადექი თავზე, როცა 4 წლის გოგონა კალთაში ეჯდა ანდროს.

გეფიცებით, სიტყვა არ მითქვამს ზედმეტი, მით უმეტეს, სცენები არ გამიმართავს. მხოლოდ მკაცრად გავაფრთხილე:

- შინ მოსული არ დაგინახო, თორემ დანით ღორივით დაგკლავ-მეთქი და წამოვედი.

ალბათ არც შევურიგდებოდი, რომ არა მოულოდნელი უბედურება, რამაც ხელ-ფეხი შემიკრა: მამაჩემი მოულოდნელად გარდაიცვალა ინფარქტით. აღმოჩნდა, რომ მას ფაქტობრივად თავისი თანამდებობაც, ფულიც, საქმეებიც ანდროსთვის გადაებარებინა და მთლიანად მოღალატე ქმარზე დამტოვა დამოკიდებული.

მოკლედ, ხალხის თვალში ისევ შევინარჩუნეთ ოჯახი. ჩემს ბიჭებსაც ძალიან უყვარდათ მამა და როგორ მეთქვა 13 და 14 წლის ბიჭებისთვის, მამათქვენი მოღალატეა-მეთქი?! შვილებს ჰგონიათ, როცა შინ არ მოდის, მივლინებაშია. მე კი ვიცი, რომ მეორე ოჯახშია. ახლაც იქ მეგონა, მაგრამ ხუთი დღე რომ აღარ გამოჩნდა, შევშფოთდი. მედიკოს სახლში ჩემი ახლობელი ცხოვრობს, მისი საშუალებით ვიგებდი, როდის მიდიოდა იქ ჩემი უნამუსო ქმარი. ახლაც მას დავურეკე და მითხრა, ხუთი დღეა არც გამოჩენილა და არც მისმა საყვარელმა იცის რამე მის შესახებო...

- იქნებ მართლა მივლინებაშია? - ვკითხე კვაჭანტირაძის ცოლს.

- არა. ველაპარაკე მის მოადგილეებს და ხელქვეითებს. არავინ არაფერი იცის. მივლინებაში რომ ყოფილიყო, ეცოდინებოდათ, თანაც, მივლინებაში მარტო არასოდეს დადის...

...რაღა დაგვრჩენოდა და ანდრო კვაჭანტირაძეზე ძებნა გამოვაცხადეთ. მასთან ერთად გაუჩინარებულიყო მისი სამსახურებრივი მანქანა - "ვოლგა" გაზ-24. როგორც გავიგეთ, ანდრო იშვიათად ჯდებოდა საჭესთან, მძღოლი ემსახურებოდა. იმ საღამოსაც, უფრო სწორად, ნაშუაღამევს დაურეკავს დავით ნარმანიასთვის (მძღოლისთვის) და უთხოვია, რომ მასთან მისულიყო:

- მისამართი რომ მითხრა, გამიკვირდა, რადგან ეს მისი არც ერთი ოჯახის მისამართი არ ყოფილა...

- თქვენც იცოდით, რომ ორი ცოლი ჰყავდა?! - ვკითხეთ მძღოლს.

- ეგ არავისთვის ყოფილა დაფარული, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სიმამრი გარდაეცვალა. მე, მით უმეტეს, ვიცოდი, რადგან ხშირად ვაკითხავდი როგორც ერთ, ისე - მეორე მისამართზე. იმ ღამეს კი, როგორც გითხარით, სულ სხვა მისამართი დამისახელა. თანაც, ბინის ნომერი არ დაუკონკრეტებია - იქ დიდი დასახლებაა, სულ მრავალსართულიანი კორპუსები. ქუჩის კუთხეში მელოდებოდა, შუქნიშანთან.

როცა მივედი, კიდევ ერთხელ მომიბოდიშა. საჭეს თვითონ მიუჯდა. მე სახლში მიმიყვანა და დამტოვა: დაისვენე, დღეს და ხვალ აღარ შეგაწუხებ. მანქანასაც მე მოვიყვან ორშაბათ დილით სამსახურშიო...

- უჩვეულო არაფერი შეგიმჩნევიათ? - ვკითხეთ მძღოლს.

- განსაკუთრებული არაფერი! ვკითხე, ხომ მშვიდობა გაქვთ-მეთქი? - ხელი ჩაიქნია: ჩემს ცხოვრებას თუ საერთოდ შეიძლება მშვიდობიანი ეწოდოს, კიო!.. - დამემშვიდობა და წავიდა.

- ანდრო კვაჭანტირაძე ორი დღის შემდეგ იპოვეს ქალაქთან ახლოს მდებარე ტყეში. მაყვლის საკრეფად წასულ ქალებს ეპოვათ შემთხვევით დამწვარი მანქანა და ასევე სანახევროდ დამწვარი მამაკაცი.

მოგვიანებით, ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ ანდრო კვაჭანტირაძე თავში ბლაგვი საგნის ჩარტყმით მოკლული თუ არა, გაბრუებული მაინც იყო და ამის შემდეგ გამოწვეს მანქანაში...

გამოძიების პროცესში მკვლელობის რამდენიმე ვერსია გამოიკვეთა. მათ შორის, ფინანსურ პრობლემებთან დაკავშირებული, რაც შეიძლებოდა კვაჭანტირაძეს შეჰქმნოდა, როგორც მევალეებთან (მევახშეობდა კიდეც საწარმოს მოგების ხარჯზე), ასევე არალეგალური სათამაშო ბიზნესის (მაშინ კაზინოების ფუნქციონირება აკრძალული იყო) მეპატრონეებთან, რომელთა მეწილეც ყოფილა.

აღარ ვიცოდით, რომელ ვერსიაზე გვემუშავა. მართლაც რეტი გვქონდა დასხმული და რომ არ ველოდით, სწორედ იმ მხრიდან ჩავიგდეთ ხელში ჩახლართული ძაფის გორგალის წვერი: პოლიციის განყოფილებაში 22 წლის სვეტა მაქაცარია მოვიდა და ატირებულმა გვითხრა, რომ ჩვენების მიცემა სურდა კვაჭანტირაძის საქმესთან დაკავშირებით:

- მე ბატონი ანდროს მდივნად ვიმუშავე რამდენიმე თვე. მშობლები რაიონში მყავს და როცა სტუდენტი გავხდი, ბინა ვიქირავე. რადგან ქირის გადახდა გამიჭირდა, საღამოს დასწრებულზე გადავიტანე საბუთები, დღისით კი უნდა მემუშავა და სწორედ ასე მოვხვდი კვაჭანტირაძის საწარმოში. მოგვიანებით გამომიტყდა, რომ პირველი დანახვისთანავე შევუყვარდი და ამიტომ მამჯობინა სხვებს... მოკლედ, ვერ გავუძალიანდი - მალე გავხდი მისი საყვარელი და მისი სურვილით დავტოვე სამსახური: არ მინდა ჩვენი ურთიერთობა შესამჩნევი გახდეს და ახალი პრობლემები შემექმნასო! - ბინა მიყიდა, ფულსაც მაძლევდა... ამ ბოლო ხანებში კი სერიოზულად ფიქრობდა ოჯახიდან წამოსვლას და ჩემზე დაქორწინებას, რადგან დავფეხმძიმდი და აბორტი არ გამაკეთებინა. ისიც მითხრა, უსიყვარულოდ დავქორწინდიო...

- ის თუ გითხრა, რომ ერთი კი არა, ორი ცოლი ჰყავდა და შვილებიც ორივესთან ჰყავს?! - ჰკითხა ჩემმა თანაშემწემ, ემზარ გაგოშიძემ და მერე ჩვენ გადმოგვხედა, - ზოგს რა ბედი აქვს, კაცო! ამ უბედურმა ლამის მესამე ცოლი შეირთო, თანაც თითქმის შვილის ტოლა გოგო და მე ერთიც ვერ შემირთავს 40 წლის ასაკშიო...
- მეორე ცოლი?! - დაბნეულმა შემოგვხედა მაქაცარიამ და მივხვდით, კვაჭანტირაძის შესახებ არც მან იცოდა ბოლომდე სიმართლე. ცოტა ხანს დუმდა, მერე კი მაინც დაამთავრა სათქმელი: იმ ღამეს ჩემთან იყო, ტელეფონზე რომ დარეკეს და როცა ის იკითხეს, გაგვიკვირდა, არ გვეგონა, თუ ვინმემ იცოდა ჩვენი ურთიერთობის შესახებ... ქალის ხმა იყო და ყურმილი რომ გადავეცი, აღელდა:

- ჩემი ცოლი იყო, ოჯახში მოხდა რაღაც და სასწრაფოდ უნდა წავიდე. სანამ არ შეგეხმიანები, არც ტელეფონს უპასუხო და არც კარი გაუღო ვინმესო! - დამიბარა და წავიდა. მერე კი მისი გარდაცვალების შესახებ გავიგე...

...მაშინვე სატელეფონო სადგურში დავრეკეთ და ვთხოვეთ დაედგინათ, რა ნომრიდან რეკავდნენ იმ ღამით სვეტა მაქაცარიას ტელეფონზე.

აღმოჩნდა, რომ ეს არც კვაჭანტირაძის სახლიდან გაკეთებული ზარი იყო და არც მედეა ლომიძის. კვალმა ძველთბილისურ ეზოში მიგვიყვანა, თუმცა კარი სულ ტყუილად ვაბრახუნეთ, არავინ გაგვიღო. მაშინ მეზობლები შევაწუხეთ. პირველმა   მოხუცმა გამოგვხედა და რომ ვუთხარით, პოლიციელები ვიყავით, შიშით გაგვენდო:

- მანდ ადრე კარგი ხალხი ცხოვრობდა. ახლა არც ცოლია ცოცხალი და არც ქმარი. ბინაში კი მათი ძმისშვილი ჩასახლდა. არც ვიცი, რა ჰქვია, ყველა ბულდოგას ეძახის, სქელი თავ-კისრის გამო. არავინ იცის, რამდენჯერ იჯდა ციხეში. 2-3 თვეა, რაც გამოვიდა. მეზობლებს არ გვაწუხებს, მაგრამ მანდ სულ საეჭვო ხალხი დადის...
- ცოლი ჰყავს იმ ბულდოგას? - დავინტერესდით ჩვენ.

- ცოლი არა, მაგრამ ამბობენ, - საყვარელიაო. ერთი ქალი აკითხავს, სახლს ულაგებს, ღამითაც რჩება...

- ნუთუ მოღალატე ქმარს ცოლი გაუბოზდა?! - გადმომხედა გაკვირვებულმა ემზარმა.

- და, რომელი?! - არანაკლებ გაკვირვებული ვიყავი მე...

...პირველ რიგში ბულდოგას ვინაობა დავადგინეთ. იგი ძარცვა-ყაჩაღობისთვის არაერთხელ ნასამართლევი 42 წლის აკაკი გულისაშვილი აღმოჩნდა. როცა კარტოთეკაში მისი ფოტოები მოვიძიეთ, ემზარ გაგოშიძემ დარწმუნებით თქვა:

- ეს კაცი, შორიახლოს ტრიალებდა კვაჭანტირაძის პანაშვიდებზეც და დაკრძალვაზეც...

- გამოდის, ანდრო ან თინამ მოაკვლევინა, ან მედეამ! - თითქმის დარწმუნებული ვიყავი.

- საბაბი ორივეს ჰქონდა, მაგრამ მხოლოდ ღალატისთვის კაცს გაიმეტებდნენ ვითომ?! - ეჭვი შეეპარა ემზარს და იმაზე დავიწყეთ ფიქრი, როგორ მიგვეგნო დამნაშავისთვის ზედმეტი ხმაურის გარეშე, რომ დაახლოებით საღამოს 11 საათზე, როცა ჯერ კიდევ სამსახურში ვიყავით, ბულდოგას მეზობელმა მოხუცმა ქალმა დაგვირეკა და გვითხრა, ბულდოგასთან მისი  საყვარელია მოსულიო. მაშინვე წავედით და ქალს სახლთან ახლოს ჩავუსაფრდით. დილის 7 საათზე გამოვიდა... მედეა ლომიძე! ის იყო, ქუჩის კუთხეში ტაქსი გააჩერა, რომ დავაკავეთ და განყოფილებაში წავიყვანეთ. პირდაპირ დავდეთ ბრალი ანდრო კვაჭანტირაძის მკვლელობაში და ანკესიც გადავუგდეთ, რომ ბულდოგამ, იმავე აკაკი გულისაშვილმა უკვე აღიარა მკვლელობა...

დიდხანს აღარ გაჯიქებულა და აღიარა, რომ კვაჭანტირაძე სწორედ მისი დავალებით "დასაჯეს":

- მას ერთხელ უკვე ვაპატიე ღალატი, როცა 16 წლიდან მისი ვიყავი და ცოლად სხვა შეირთო, მხოლოდ იმიტომ, რომ ის ფულიანი მამიკოს შვილი იყო... მერე მაინც ჩემთან დაბრუნდა, შვილიც გავუჩინე, თუმცა აღარ მიყვარდა მოღალატე და ამიტომ დავუახლოვდი გულისაშვილს, რომელიც მალე ისევ დააპატიმრეს. ციხეში ჩემ გარდა მიმკითხველი არ ჰყავდა. კვაჭანტირაძის ფულს ვუგზავნიდი...

არ ვიცი, როგორ გაიგო, მაგრამ ერთხელაც ანდრომ პირობა წამომიყენა, რომ თუ გულისაშვილთან ურთიერთობას არ გავწყვეტდი, ფულს აღარ მომცემდა, შვილს კი სულ წამართმევდა. მერე ისიც გავიგე, რომ იმ სვეტას გადაეყარა და მის გამო მარტო ჩემს კი არა, ოფიციალური ცოლის მიტოვებასაც აპირებდა. ამასობაში აკაკიც გამოვიდა ციხიდან და მოვილაპარაკეთ, რომ თუ "თავისუფლება" უნდოდა, დიდი თანხა უნდა გაეღო. შვილით დავუწყე ვაჭრობა. ბავშვი ძალიან უყვარდა და სწორედ მისი ავადმყოფობის მიზეზით გამოვიტყუე. მოკვლა არ გვინდოდა, მხოლოდ შეშინებას ვუპირებდით. დათქმულ ადგილას მისულებს იარაღით დაგვიხვდა და ალბათ ორივეს დაგვხოცავდა, მე რომ ქვა არ ჩამერტყა თავში, სანამ აკაკი მისთვის იარაღის წართმევას ცდილობდა... მოკვდა და სხვა გზა არ გვქონდა, კვალის წაშლის მიზნით, მისი დაწვა გადავწყვიტეთ...

...სასამართლომ მედეა ლომიძეს 14 წელი მიუსაჯა, მისი საყვარელი აკაკი გულისაშვილი კი ამჯერად 7 წლით შევაბრუნეთ ციხეში...
hahahah
09 იანვარი 2018 13:27
როგორააა საყვარლის საყვარელი ცხონდაოოო
05 სექტემბერი 2016 17:02
Statia dgevandeli realobit, htambehtavia
eko
15 მაისი 2015 14:20
რატომ უნდა იყოს მარი 85 წლის?იქნებ მეზობლის ბაბუა იყო ან უბრალოდ ნაცნობი მოხუცი?სად უწერია რომ ტოლები არიან

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?