”არავინ იცოდა, სად გადიოდა ფრონტის ხაზი...” - ექიმის ჩანაწერები - კვირის პალიტრა

”არავინ იცოდა, სად გადიოდა ფრონტის ხაზი...” - ექიმის ჩანაწერები

არქივი, 2014 წელი

”8 აგვისტოს შესრულდა ე.წ. აგვისტოს ომიდან 6 წელი... საქართველოს უახლოეს ისტორიაში ამ დიდი ტრაგედიის შესახებ დღემდე ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს...”

მურმან გელენავა, ექიმი-ნარკოლოგი

”2014 წლის 7 აგვისტოს ჩემს მეგობართან ვიყავი მუხათწყაროში. როცა გავიგეთ, ომი დაიწყოო, დაუჯერებელი გვეჩვენა. გამთენიამდე ტელევიზორთან ვისხედით. დილით, 8 საათზე შინიდან შემატყობინეს, 10 საათზე კომისარიატში უნდა გამოცხადდეო. ისანი-სამგორის კომისარიატში ხელი მოვაწერეთ და იარაღის ასაღებად ვაზიანში წაგვიყვანეს. რეზერვის შეკრება ვაზიანში იყო დაგეგმილი. იქაურობა სავსე იყო ყვითელი ავტობუსებით და უამრავი ხალხი ირეოდა. რატომღაც მხოლოდ ე.წ. გარეუბნების რეზერვი იყო გამოძახებული. სამედიცინო ბატალიონიდან 90 კაცამდე შევიკრიბეთ. იქნებოდა 10.30 სთ, როცა ვაზიანში უშიშროების საბჭოს მდივანი კახა ლომაია მოვიდა. მოგვესალმა და საზეიმო ხმით გვამცნო, - ჩვენი ჯარი სოფლებს რომ გაწმენდს, თქვენ იმ სოფლებს დაიკავებთო. ყველას ერთი კითხვა გვაწუხებდა - ცას რას უშვრებით, ცას? საქართველოს საჰაერო სივრცე ისეთი დაცულია, ჩიტი ვერ შემოფრინდებაო, - ისე დამაჯერებლად გვიპასუხა ლომაიამ, ყველამ შვებით ამოვისუნთქეთ და მხოლოდ იმაზე ვფიქრობდით, დროზე წავსულიყავით, გამარჯვება უჩვენოდ არ დამდგარიყო...

ლომაია წავიდა. ის იყო, მისი მანქანა თვალს მიეფარა, რომ მოულოდნელად უცნაური ზუილი გაისმა. ცაში მოიერიშე თვითმფრინავი გამოჩნდა. ვიფიქრე, ჩვენები არიან-მეთქი. ამასობაში, ალბათ 800 მეტრში უცნაური ჭახანი გაისმა და ბოლიც ავარდა... ეზოში ყველაფერი აირ-დაირია, ხალხი აქეთ-იქით დარბოდა (საბედნიეროდ, ის ბომბი არ აღმოჩნდა, რუსებმა საკუთარი ძალა დაგვანახეს)...

ამის შემდეგ ჩვენი ბატალიონიდან 15-მდე კაცი შინ გაბრუნდა - ომში რა გვინდაო.

ვაზიანში მთელი დღე გვაყურყუტეს. ყოველ წუთს გადიოდა რეზერვისტებით სავსე ყვითელი ავტობუსები. ბოლოს, ჩვენც დავიძარით. სამედიცინო ბატალიონის ავტობუსებმა საღამოს, როგორც იქნა, გორში ჩააღწიეს. გორის ცენტრს რომ მივუახლოვდით, თავზარი დაგვეცა, მოედანი გაჭედილი იყო ყვითელი ავტობუსებით, დაბნეული რეზერვისტები იქვე, მოედანზე, ჭიანჭველებივით ირეოდნენ, მათი მეთაურები კი ამაოდ ცდილობდნენ, რამე გაეგოთ. სრული ქაოსი იყო. ჩვენმა თანმხლებმა ოფიცერმა გინება დაიწყო, - სამიზნედ ჰყავთ ხალხი ქცეული, ასე როგორ შეიძლებაო.

იმ საღამოს გორი არ დაუბომბავთ. გვიანობამდე ვიდექით გორის ცენტრში. ბოლოს, ჩვენმა ოფიცერმა ბრძანება გასცა და ორი ავტობუსით ქალაქი დავტოვეთ. გორის შემოგარენში ლტოლვილები ცხოვრობდნენ და იქ შევაჩერეთ ავტობუსები. ღამეც იქ გავათენეთ, დილით მსუბუქი მანქანით გორში წავედით ამბის გასაგებად. დიდი ხნის ძებნის შემდეგ ვნახეთ სამედიცინო ბატალიონზე პასუხისმგებელი პირი. გვკითხეს, - ხალხი სად გყავთო. ის იყო, ახსნა დავაპირეთ, რომ დავინახეთ - ჩვენი ავტობუსები სამხედრო პოლიციას მოჰყავდა დატყვევებული. ჩვენი ოფიცერი დიდხანს უხსნიდა მათ, ხალხი უსაფრთხო ადგილას მყავდა გადაყვანილი, არ ვიმალებოდითო. ამასობაში მოვიდნენ სამხედროები - ტყვიავის სამხედრო ჰოსპიტლისთვის გვჭირდება სამედიცინო პერსონალიო. წამოვალთ-მეთქი. წავედით. გზაში ვხედავდით - ჩვენი არტილერია მტრის პოზიციებს ისე ამუშავებდა, გული სიამაყით მევსებოდა.

ტყვიავში კარვები გავშალეთ და ორიოდ საათში დაჭრილების მისაღებად მზად ვიყავით...

საღამოს ჰოსპიტალში სახმელეთო ჯარების სამედიცინო ნაწილის უფროსი ოთარ ჯეჯია მოვარდა, წინა ხაზზე სამი ვაჟკაცი მჭირდებაო. გავყევით. აგვიყვანა სოფელ დირბში, საიდანაც წინა ხაზზე უნდა გავსულიყავით, თუმცა დარეკეს, რომ სენაკის სამედიცინო ბატალიონი ჩამოვიდა და პოზიციებზე ის გავაო.

9 აგვისტოს ღამე დირბში გავათენეთ.

დირბში პირველი დახმარების პუნქტი იყო გახსნილი. დაჭრილები, რომლებიც იქ მიჰყავდათ, არ ჩერდებოდნენ და ისევ პოზიციებზე გარბოდნენ. მახსოვს, ერთი მოწამლული ჯარისკაცი ჩამოიყვანეს, სამხედრო ექიმმა, რომელიც მას მოჰყვა, თქვა, - ჯარისკაცები საჭმლით იწამლებიანო. სასწრაფოდ გადასხმის სისტემა დავუყენეთ. გორში გადაყვანას ვუპირებდით, მაგრამ ეს რომ გაიგო, სისტემა გამოიგლიჯა და პოზიციებზე მიმავალ მანქანაზე შეხტა - ბიჭები წინა ხაზზე იხოცებიან და მე გორში რა მინდაო... დაჭრილებს, რომლებსაც სიარული და იარაღის ხელში დაჭერა შეეძლოთ, ვერ ვაკავებდით...

წინა ხაზიდან გამაოგნებელი ამბები მოდიოდა. ათას რამეს ჰყვებოდნენ... ვნახე ტანკები. აქედან ერთი ისროდა და მეორე იქიდან... ბიჭები ჰყვებოდნენ, რუსულმა და ჩვენმა ტანკებმა დაადუღეს ერთმანეთიო...

10 აგვისტო თენდებოდა. შეგვატყობინეს, რუსებმა შეტევა დაიწყესო. პირველი დახმარების პუნქტი ავალაგეთ და შინდისში გადავედით. შინდისში 30 დაჭრილი ჯარისკაცი მივიღეთ, შემდეგ გვიბრძანეს, ქარელის რაიონულ საავადმყოფოში გადაინაცვლეთო, მერე - ქარელის გზაჯვარედინზე დაჭრილებს და გარდაცვლილებს დაელოდეთო...

ვიდექით და დანა პირს არ გვიხსნიდა. მორბოდნენ ჯარისკაცები და იარაღს პირდაპირ გზაში ყრიდნენ... ოთარ ჯეჯიამ მანქანის კარი გააღო და მედდას უთხრა, ამათ დაენახე, - ქალი აქ ხარ და არ გეშინიაო და ჯარისკაცებს მიაძახა, - სად გარბიხართ, შეჩერდითო. რომ ვერაფერი გააწყო, გაჩუმდა. მერე მოვიფიქრეთ, - უპატრონოდ დაყრილი იარაღი მაინც ავკრიფოთო...

სანამ იქ ვიდექით, რამდენიმე მანქანა გამოვიდა. თქვეს, გარდაცვლილები მოჰყავთო.

ისევ შინდისში დავბრუნდით. სრული ქაოსი იყო. არავინ იცოდა, სად გადიოდა ფრონტის ხაზი... მოსახლეობა გვეკითხებოდა, - რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ, წავიდეთ, თუ დავრჩეთო. ვერაფერს ვპასუხობდით და ძალიან გვრცხვენოდა. ხელმძღვანელობა ბოლომდე ჯიუტად ამტკიცებდა, ომს ვიგებთო. საჯარისო ნაწილებში მეთაურის ცნება აღარ არსებობდა... შენაერთები ერთმანეთს მხოლოდ მობილურით უკავშირდებოდნენ.

სამედიცინო ნაწილში დარეკეს, რუსები მოდიან და არტილერიას ვითხოვთო. აღარ ვიცოდით, რა გვექნა, იმათი ნომერი არ იცოდნენ და ჩვენთან იმიტომ დარეკეს(!). ვცდილობდით, როგორმე არტილერიას დავკავშირებოდით, რომ ბიჭებს დავხმარებოდით.

მახსოვს, შინდისის გზაზე შუაღამისას ერთი ჯარისკაცი გადმოგვიხტა გინებით - ფარები ჩააქრეთ, თავზე აქამდე რუსული ”ვერტუშკა” გაჯდათო. შვეულმფრენები გამუდმებით დაჰყვებოდნენ სასწრაფოს ”ტაბლეტებს”"(ასე ”უაზიკებს” ვეძახდით). სასწრაფოს მძღოლები, რომლებიც სამოქალაქო პირები იყვნენ, უკან არაფერზე იხევდნენ, უშიშრად დადიოდნენ დაჭრილების გამოსაყვანად...

მორიგი ბრძანებით ვარიანში უნდა გადავსულიყავით და იქ გაგვეშალა სამედიცინო პუნქტი. თავზე ”ვერტუშკები” დაგვტიალებდნენ. ამიტომ მთელი დღე თავს ლობიოს ნათესებს ვაფარებდით. ნადირობა მიყვარს და მაშინ მივხვდი, რას გრძნობს მწყერი, როცა მასზე ნადირობენ, შვეულმფრენები თავის აწევის საშუალებას არ გვაძლევდნენ.

ვარიანში ერთი ჯარისკაცის ყურადღება ჩემმა ტყვიებმა მიიქცია. თურმე ვაზიანში ჩვენთვის ე.წ. ”ტრასირები” მოუციათ. ეტყობა, იფიქრეს, მაინც არაფრად დასჭირდებათო... ჯარისკაცმა მითხრა, ესენი მანათობელი ტყვიებია და როგორც კი ცეცხლს გახსნით, რუსების სამიზნეები გახდებითო და თავისი ტყვიები გაგვინაწილა....

ახალი ბრძანების თანახმად საველე ჰოსპიტალი უფლისციხესთან უნდა გაგვეშალა. იქ შვეულმფრენის დასაჯდომი ადგილიც იყო, თუმცა, როგორც კი მზადება დავიწყეთ, დაგვირეკეს, - ვარიანში გაბრუნდით, ჯარი გამოდის და შეიძლება დაჭრილებიც იყვნენო.

ვარიანში წავედით.

სოფელში ორმა ჰაილუქსმა ჩაიშხუილა - რუსები მოდიანო. ოცი წუთის მერე ისევ ამოვიდნენ. ქვემოთ თავდაცვის მაღალჩინოსანი დაგვხვდა და გვითხრა - გაბრუნდით, მაღლობი გაწმენდილია და დაიკავეთო. ჰაილუქსები არ დაბრუნებულან - რუსებს აუფეთქებიათ. ბიჭები იმ მანქანებში ისხდნენ, მერე ზოგი ფეხით გამოვიდა, ზოგის ამბავი ვერც გავიგეთ...

11 აგვისტოს ვარიანიდანაც წამოსვლამ მოგვიწია. ერთ ყმაწვილს წავაწყდით - შუა გზაზე იჯდა გაშტერებული. მანქანაში რომ ჩავსვით, ამოჩემებულივით ამბობდა, ჩემი ძმა არტილერიაშია და მისი არაფერი ვიციო. თვითონ ცეცხლის ხაზიდან ცოცვით გამოუღწევია. ბათუმის ბატალიონიდან იყო.

ვარიანიდან ჩვენ ბოლოს გამოვედით. გზაში შემხვედრნი ჰყვებოდნენ, - ჩვენი კვადროციკლები კი დარბოდნენ, მაგრამ ”სტრელები” არ უმუშავებდათო.

როგორც იქნა, გორში ჩამოვედით. იქ ისეთი არეულობა დაგვხვდა, ჭკუის მომკითხავი არავინ იყო, გორის თავზე 4 რუსული შვეულმფრენი ეკიდა და სიტუაციას აკონტროლებდა, გზაში უამრავი ქართული ტექნიკა იყო გაჩერებული. ყველას ვეკითხებოდით, ხომ გჭირდებით, სად წავიდეთო, მაგრამ ყველა მხრებს იჩეჩდა. ისე, უცნაური ხალხი ვართ ქართველები, გორის გადასახვევთან რესტორანია. მის უკან, ტყეში, საწვავის ავზები ჰქონდათ ჩვენებს გადამალული და მანქანებში საწვავს იქ ვასხამდით. როდესაც ამ რესტორანს ავუვლ-ჩავუვლიდით, სუფრები იყო გაშლილი და ხალხი ილხენდა. გორი კი ამ დროს იბომბებოდა და ჯარი იქაურობას ტოვებდა...

გორიდან საგურამოს სამხედრო ჰოსპიტალში მივედით, იარაღი ჩავაბარეთ და თბილისში დავბრუნდით. შინ მომავალ ჯარისკაცებს დანა კბილს არ უხსნიდათ. ამბობდნენ, - ღალატისთვის ჯარმა შეიძლება შური საკუთარ ხელისუფლებაზე იძიოსო.

ომის დამთავრებიდან ორი კვირის შემდეგ კომისარიატს მივაკითხე - ცნობა მინდოდა. სად იყო ომიო, - მიამიტად მკითხეს. ბოლოს კი გამომიცხადეს, - ომი საერთოდ არ ყოფილა და ვერც ჩემს მონაწილეობას დავადასტურებდი, მიუხედავად იმისა, რომ იარაღის მიღება-ჩაბარებაზე ხელი მოწერილი მქონდა; ვერც ოთარ ჯეჯია დამეხმარა, ბოლოს, ვიპოვე ტყვიავში გაცემული ერთი ცნობა, სადაც ეწერა, რომ 9 აგვისტოს მე 78 ცალი მშრალი ულუფა მომცეს (თითო ულუფა ორ კგ-მდე იწონის და გამოდიოდა, რომ 5 დღეში 200 კგ-მდე მშრალი საკვები მომიხმარია)...

ნინო ბურჭულაძე