გუდაუთის 18 წლის ტყვე
17-08-2014
გუდაუთის 18 წლის ტყვე
22 წლის წინ (1992 წ. 14 აგვისტო) აფხაზეთში ომი დაიწყო. ქართული მიწისთვის ბრძოლა 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა. ომმა, რომელმაც ათასობით სიცოცხლე შეიწირა, ხოლო 300 000-მდე კაცი დევნილად აქცია, დიდ ტკივილთან ერთად ქართულ-აფხაზური ურთიერთობის საოცარი ამბები დაგვიტოვა. ერთ-ერთ მათგანზე გუდაუთის ქართველ ტყვეთა ბანაკის ყველაზე ახალგაზრდა ტუსაღი (მაშინ 18 წლის იყო) ზაზა გვესაუბრა.

სოხუმი, 1993 წლის 27 სექტემბერი

სკოლა ქალაქ გალში დავამთავრე (იქ ვცხოვრობდით) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში
ჩავაბარე. 1993 წლის აგვისტოში, სოჭის სამშვიდობო ხელშეკრულების თანახმად, საომარი მოქმედებები შეჩერდა. ასე ნანატრი მშვიდობა 15-20 დღე გაგრძელდა. შემდეგ ქალაქში სროლები დაიწყო. ჯერ კანტიკუნტად ისმოდა, შემდეგ იმატა. მშობლებმა შემოგვითვალეს - ომი განახლდა და შინ დაბრუნდითო, მაგრამ სოხუმის შტაბში გვაიმედებდნენ, - ყველაფერი დროებითიაო და ჩვენც ქალაქიდან ფეხს
არ ვდგამდით...

27 სექტემბერს, დილით, ფანჯრიდან რომ გადავიხედე, თვალი მოვკარი, სამხედროთა დიდი ჯგუფი მოდიოდა. რას ვიფიქრებდი, თუ აფხაზები იყვნენ. ჩემმა ნათესავმა ქალაქიდან ამბავი მოიტანა - აგუძერიდან ბოლო გემი გადის და იქნებ მიასწროთ, თუ არა და ფეხით კოდორისკენ უნდა წახვიდეთო. ხანმოკლე განსჯის შემდეგ გადავწყვიტეთ, სოხუმი დაგვეტოვებინა. სახლიდან გამოვედით და მშვიდობის პროსპექტს ავუყევით. დაახლოებით ერთ საათში ინტენსიურ სროლაში მოვყევით, ტყვიები ისე დაბლა მოდიოდა, თავის აწევა და გადაადგილება შეუძლებელი იყო. ბოლოს, როგორც იქნა, ერთ-ერთი კორპუსის ბუნკერთან მივირბინეთ. შიგ 15-მდე ქალი და კაცი დაგვხვდა, რუსები იყვნენ. ვისაუბრეთ. რადგან ბარგი არ ჰქონდათ, მივხვდით არსად წასვლას არ აპირებდნენ. სროლა დაახლოებით ორი საათი გაგრძელდა და მოულოდნელად შეწყდა. ის იყო ამოვძვერით და მოულოდნელად შორიდან მძიმე ტექნიკის ხმა გაისმა, ტანკები მოდიოდნენ. რატომღაც იმედი გვქონდა, ჩვენები იქნებოდნენ... მძიმე ტექნიკაზე მწვანე სამკლავურიანი აფხაზები ისხდნენ. წამით მთელმა ცხოვრებამ თვალწინ ჩაგვიარა, შემდეგ ალბათ თვითგადარჩენის ინსტინქტმა იძალა. დავტაცეთ ხელი ჩანთებს და ბუნკერისკენ გავბრუნდით. ფეხდაფეხ ყუმბარსატყორცნის ჭურვიც მოგვყვა. შევასწარით. ბუნკერში ერთი ახმახი რუსი მამაკაცი იყო. ვთხოვე, ვითომ მე თქვენი ძმისშვილი ვარ და ესენი ჩვენი ოჯახის წევრები, გთხოვთ გადაგვარჩინეთ-მეთქი. არაო, - ცივად მითხრა, - წადი თქვენს ქართველებთან, ისინი ზემოთ ბლომად არიანო, - დაამატა დაცინვით. ისე გავბრაზდი, ყელში ვწვდი. ძლივს გაგვაშველეს.

ბუნკერის სიღრმეში ერთი პატარა ოთახი იყო, შემომსვლელი მას ვერ ხედავდა, იქ მოვკალათდით. ამ რუსებს ვუთხარით, - თუ გაგვყიდით,""ლიმონკას"" ავაფეთქებთო (არადა, სად გვქონდა!). ცოტა ხანში სროლა განახლდა. ბუნკერში აფხაზები შემოვიდნენ. რუსი დედაბრები ავიშვიშდნენ, მათ დაამშვიდეს, - ნუ გეშინიათ, მშვიდობიან მოსახლეობას არ ვერჩითო. შემდეგ კიდევ გამოჩნდა სხვა ჯგუფი, ჩვენ მხოლოდ ქართველებს ვხოცავთ, თქვენ არ გერჩითო. ბოლოს, ბუნკერში რამდენიმე შუახნის აფხაზი შემოვიდა. ერთმა ბებომ უთხრა, - ჩვენ აქ ახალგაზრდები გვყავს და გვინდა, მათაც არაფერი დაუშავდეთო. - რა თქმა უნდა, დღეის მერე ამ ქალაქში ყველა უსაფრთხოდ იქნებითო, - უპასუხეს თბილად აფხაზებმა. ის ახალგაზრდები ქართველები არიანო, - გამოტყდა ბებო. ამის გაგონებაზე ატყდა აყალმაყალი და ღრიალი - გამოდით, თორემ ცოცხლად ამოგწვავთო. გამოვედით ხელებაწეულნი. ვლუღლუღებდით - სტუდენტები ვართო. გარეთ გამოგვათრიეს, ვისაც არ ეზარებოდა, ყველა გვირტყამდა, თან ნელ-ნელა კედლისკენ მიგვერეკებოდნენ. ალბათ დაგვხვრეტენ-მეთქი, - გავიფიქრე, კედელთან რომ მიგვაყენეს, ვიღაცას დაუძახეს აფხაზურად. მოვიდა შუახნის ჭაღარა, თეთრწვერა კაცი, გულზე 6 მიცვალებულის სურათი ეკიდა. აი, ქართველები ავიყვანეთო, - უთხრეს და უკან დაიხიეს. მივხვდი - შურისსაძიებლად დაუძახეს. ჭაღარა პირველად ჩემთან მოვიდა, ავტომატი დატენა და სურათებზე მიმითითა, - იცი, ესენი ვინ არიან? ჩემი შვილებიო. შიშს საერთოდ ვერ ვგრძნობდი. ვიფიქრე, თუ მომკლავენ, კაცურად მაინც მოვკვდე-მეთქი. ჯიქურ ვუპასუხე, - ომია, ჩვენს მხარეზეც არიან შვილმკვდარი მამები-მეთქი და ლულა ხელით გვერდზე გავწიე, - სანამ მომკლავ, ბოლომდე მომისმინე-მეთქი. მომისმინა, მერე კონდახი მუცელში ჩამარტყა. ტკივილისგან ჩავიმუხლე. ამასობაში ჯიბიდან პასპორტი გადმომივარდა. ვიღაცამ აიღო და ჩახედა - გალელი ხარო? Gგალელები არ ომობენ და შენ აქ რა გინდაო. ვინ არის გალელიო, - იკითხა მაღალმა ულვაშა აფხაზმა. აი, ესო და კიდევ დამარტყეს. თავი ავწიე. დავინახე - ყველა იქ მდგომი აფხაზი ნაცნობი იყო.
გალში ჯამბულის იცნობდიო? - მკითხა აფხაზმა. როგორ არა, ჩემი მეზობელია-მეთქი. ჯამბული სახელმწიფო ანსამბლ""შარაპინის" მოცეკვავე იყო. =კარგად მახსოვს, Mმის ქორწილში "შარაპინის" წევრები რომ მოვიდნენ. ეს აფხაზი მეომრები სწორედ ის მოცეკვავეები იყვნენ. თავიდან ულვაშა დაეჭვდა. მერე, როცა დეტალები გავიხსენეთ - როგორ ვსვამდით სკამზე შემდგარნი საქართველოს სადღეგრძელოს, როგორ ვიცეკვე მათთან ერთად "აჭარული" და "აფხაზური", ულვაშას სახე გაუნათდა, მოულოდნელად სამივეს მკლავები შემოგვარტყა და აფხაზურად რამდენიმე სიტყვა თქვა, ჯამბულიც ახსენა. მაშინ ვიფიქრე, გადავრჩით-მეთქი.…იქვე მდგომი აფხაზები უფრო ახლოს მოვიდნენ და ჯამბულიზე მეკითხებოდნენ, - სად არისო, ხომ არაფერი უჭირსო, თითქოს მონატრებამაც გაიელვა მათ ხმაში. ერთხანს თვალებიც აუცრემლდათ კიდეც. აფხაზი მოცეკვავეები მათ ქართველ ამხანაგზე დარდობდნენ. მალე გზის მეორე მხარეს გადაგიყვანეს, ბანაკი გაშალეს და შუაში ჩაგვსვეს. იმ ულვაშას სლავიკა ერქვა... მთელმა სოხუმმა გაიგო, ქართველები აიყვანესო და ყველა ჯარისკაცი ჩვენს სანახავად მოდიოდა, - როგორი არიან ქართველებიო(?!). თავი ზოოპარკში მეგონა... მწვანე სამკლავური გაგვიკეთეს - ვითომ აფხაზები ხართო. სლავიკმა მითხრა, - დედაჩემი მთელი ომი აქ იყო, მასზე არაფერი ვიცი, მოსაძებნად უნდა წავიდეო და ჩვენი თავი ორ აფხაზს ჩააბარა, თითქმის ჩვენი ტოლები იყვნენ. ერთს მახსოვს დაური ერქვა. დავიძარით, ყუმბარმტყორცნი მომაჩეჩეს - ატარეო. თავზარი დამეცა - ქართველებს ამას როგორ ვესვრი-მეთქი და სროლის უცოდინარობა დავიბრალე. ატარე, სხვების ყურადღება რომ არ მიიქციოო. ე.წ. წითელი ხიდისკენ გავწიეთ.…

ამ დროს სროლა ატყდა, მშვიდობის პროსპექტის ყველა გადაკვეთიდან ჩანდა მინისტრთა საბჭოს შენობა. ჩვენები არ ნებდებოდნენ, ყველა გადარბენაზე ვფიქრობდი, აფხაზებს გადავურჩი და ჩემიანის ტყვიამ არ მომკლას-მეთქი. 15-20 წუთში სროლა შეწყდა.…სკვერს რომ გავუარეთ, კუნძზე ვიღაც წვეროსანი იჯდა, "ავგანკა" ეცვა, გარსშემოხვეულ მეომრებს ესაუბრებოდა. ეს იცი, ვინ არის? - ამაყად მკითხა დაურმა, - შავი არაბი, - თვითონვე დაამატა (ცნობილი არაბი საველე მეთაური ამირ ხატაბი. - ავტ.), - 7 ომი აქვს ნანახი, ეს მერვეაო.

კინოთეატრ "აფსნის" მოპირდაპირე მხარეს ჩამოვსხედით... აფხაზები ხიდზე გადასვლას არ ჩქარობდნენ. მოვიდა ერთი აფხაზი და გვითხრა, - ახლა ჩვენი მეთაური მოვა და თუ გადაწყვეტს, რომ დასახვრეტები ხართ, დაგხვრეტთო... პირი გამიშრა. იმედი მქონდა, ამ ჯოჯოხეთს თავს დავაღწევდი. ახლა კიდევ ვიღაცის ნებაზე იყო დამოკიდებული ჩვენი სიცოცხლე. მეთაური მართლაც მოვიდა, იჩხუბა, იყვირა. მერე ის ბიჭი ისევ მოგვიბრუნდა, - სამწუხაროდ, უნდა დაგხვრიტოთო. ნუ გეშინია, გეხუმრეო, - თქვა მოულოდნელად იმ აფხაზმა და წავიდა. შვებით ამოვისუნთქე. ამ დროს დავინახე, ხიდთან ვიღაცამ ამოყო თავი და ისევ ჩაიმალა. ლაშას ვანიშნე, - ქართველია და იქნებ გაძვრეს-მეთქი. ცოტა ხანში ის ხიდზე ამოძვრა და გაიქცა... ატყდა ალიაქოთი - გაჩერდი, გაჩერდიო, - აყვირდნენ აფხაზები, მერე ჰაერში გაისროლეს. ჯარისკაცი მაინც გარბოდა. აფხაზები ხიდზე ჩამწკრივდნენ და მიზანში დაუწყეს სროლა. საოცარი იყო, არც ერთი ტყვია არ მოხვედრია. გულში მიხაროდა, - მიდი, მიდი, ცოტაც დარჩა-მეთქი... ჯარისკაცმა ხიდის ბოლოს მიაღწია და მხარშიც დაიჭრა. იქვე ჩაიკეცა. მხედრიონელი, მხედრიონელი, - დაიწყეს ყვირილი აფხაზებმა და მისცვივდნენ.

მსგავსი საშინელება არ მინახავს...

ის ბიჭი მოკლეს...

არ ვიცი, ვინ იყო, შავი ფორმა ეცვა.

აფხაზები მეკითხებოდნენ, - ხო მხედრიონელი იყოო? არ ვიცი-მეთქი. ისინი თავისას არ იშლიდნენ.
ცოტა ხანში დაურმა - აქედან უნდა წავიდეთო. უკან დავბრუნდით. გზად მინისტრთა საბჭოს წინ გავიარეთ. ჩვენი დახოცილი ბიჭების ცხედრები იქვე ეყარა. უცხოელი ჟურნალისტები ირეოდნენ, იქვე სამხედროების ჯგუფი მეთაურს პატაკს აბარებდა. ბაგრამიანის ბატალიონიაო, - მითხრა დაურმა. ახალი რაიონისკენ მივდიოდით. იქ ჩემი ქართველი შეყვარებული ცხოვრობს, იქნებ აქ არის და რამე უჭირს, უნდა ვინახულოო. გზაში თითქოს დავმეგობრდით კიდეც, ვხუმრობდით... იქ რომ მივედით, სახლი გადამწვარი დაგვხვდა...

27 სექტემბრის საღამო იყო. გზაზე დიდი მანქანა გამოჩნდა. ძარაზე მსხდომნი აფხაზებს არ ჰგავდნენ, ჩეჩნები იყვნენ. დაურმა გამაფრთხილა, - ხმა არ ამოიღოო. ავედით მანქანაზე და განვაგრძეთ გზა, მივდივართ და არ ვიცი, სად. ბოლოს, ჩამოვედით და გაჩერებაზე დავდექით. ჩვენი აფხაზები ბჭობდნენ, სად წავეყვანეთ. ახალ ათონში რომ წავიყვანო, იქ ქართველებმა ჩემი მეზობლები დახოცეს და ამათ არავინ აცოცხლებსო, - დაურმა, - სოხუმში ვცხოვრობ, მაგრამ ძმა მყავს ომში დაღუპული და ამათ დაცვას შინ ვერ შევძლებო. გაგვიშვით და ტყე-ტყე გალში გადავალთ-მეთქი. გაეცინა, - ეს ტყეები ჯარით არის სავსე, პირველივე შემხვედრი აფხაზი მოგკლავთ, თქვენი თავი ისეთმა კაცმა ჩაგვაბარა, მერე რა პასუხი გავცეთო და ცოტა ხნის მერე დაამატა, - გუდაუთაში წაგიყვანთო. რას ჰქვია, გუდაუთაში, - ვუყვირე, - იქ რა გვინდა-მეთქი. დაურმა შემომხედა, - ცოტას დაიტანჯებით, ძმაო, მაგრამ სამაგიეროდ ცოცხლები დარჩებითო. გზაზე მანქანა გაგვიჩერეს და წავედით. ახალი ათონის გზიდან კარგად ჩანდა, მინისტრთა საბჭოს შენობა როგორ იწვოდა... ბოლოსღა გავხედე და ცრემლი და ბოღმა ერთად მომაწვა...
სადღაც მიგვიყვანეს და ჩაგვაბარეს - ახლები მიიღეთო. მივხვდი - გუდაუთის ცნობილ ტყვეთა ბანაკში ამოვყავით თავი. გამოკითხვის მერე ვიღაცას კიდევ გასძახეს, - ბოს, ახლებიო. მალე ისიც გამოჩნდა. გამარჯობა, ბიჭებოო, - გაგვიღიმა.

გული გამიჩერდა - ტყვეთა ბანაკის ცნობილი ჯალათი ქართველი იყო...

ნინო ბურჭულაძე
გაგრძელება იქნება
dato
19 დეკემბერი 2014 20:21
ვაიმე რა ცხადად დამიდგა თვალწინ ყველაფერი პატარა სტუდენტი ბიჭი ვიყავი ომში მეც ვიცნობდი დაურისნაირ ვაჟკაც აფხაზს
gigigo
18 ოქტომბერი 2014 21:58
ყოველტვის ეგ მიკვირს რატომ გვიდევს ქარტველებს სულსჰი სამსჰობლოს გალატი მარტლა მეცოდება ეს ლამაზი ქვეყანა ქარტველების ხელსჰი, იმედია სწორად გამიგებტ რასაც ვამბობ
anano xazalia
08 სექტემბერი 2014 23:52
მამიკოო

რედაქტორის რჩევით