ტარიელ ონიანის, ძმები შუშანაშვილებისა და ქურდი კატას როლი ბაკაშვილების ცხოვრებაში - კვირის პალიტრა

ტარიელ ონიანის, ძმები შუშანაშვილებისა და ქურდი კატას როლი ბაკაშვილების ცხოვრებაში

დასაწყისი იხ. "გზა", #34

შეგახსენებთ, რომ "გზა" #34-ში დავიწყეთ თხრობა ქიზიყელი მეღვინის, ნუღლას, იმავე ზურაბ ბაკაშვილის ცხოვრების შესახებ. გთავაზობთ მისი მეუღლის, მავრა ყორღანაშვილის ინტერვიუს გაგრძელებას, რომელიც იქ შევწყვიტეთ, როდესაც ქალბატონი მავრა "კაგებეს" ციხეში ყოფნის პირველ დღეებს იხსენებდა.

- მოსკოვში ცხოვრობდა ქართველი ქურდი - ვახო ჩაჩანიძე, რომელიც ახლა გარდაცვლილია. ის ხშირად იყო ხოლმე საბერძნეთში. სწორედ ის ჰპატრონობდა ზურას მოსკოვში. წეღან გითხარით, რომ მაშინ ქურდების "დაკრიშვის" გარეშე ვერ იმუშავებდი. ჰოდა, იმისთვის, რომ ბიზნესის კეთების საშუალება ჰქონოდა, ყოველთვე აძლევდა საკმაოდ დიდ თანხას, ორჯერ მეტს, ვიდრე თვითონ რჩებოდა. ვახოს ვიღაცამ ამბავი მიუტანა, - იმდენს არ გაძლევს, რაც გეკუთვნის, ღირსია, რომ "გაწეწოო". ჰოდა, გადაწყვიტეს, რომ ზურასთვის ჭკუა ესწავლებინათ და ჯერ დაგვაყაჩაღეს, შემდეგ ზურა გაიტაცეს.

- როგორ?

- როგორ და შინ მივიდნენ და სახლიდან წაიყვანეს. ზურა მარტო არასოდეს რჩებოდა სახლში, მის გვერდით ყოველთვის ვიღაც იყო. იმ დღესაც მასთან ორი ადამიანი იყო, რომელიც ამ სიტუაციას შეესწრო და იმათ შემატყობინეს ზურას გატაცების ამბავი. მაშინვე მოსკოვში წავედი. გატაცებაში მონაწილეობდნენ სოხუმელი ბიჭები და ძმები შუშანაშვილები. შუშანაშვილების დავალებას ასრულებდნენ ის ყაჩაღებიც, ვინც 3 თვით ადრე, ნახევარ მილიონზე მეტი წაიღო ჩვენი სახლიდან.

- გამოსასყიდ თანხას რამდენს ითხოვდნენ?

- მილიონ-ნახევრიდან დაიწყეს ვაჭრობა. ყოველ დილით, 6-ის ნახევარზე მირეკავდნენ და მემუქრებოდნენ, ბავშვებს მიხსენებდნენ, ზურას მოკვლითაც მემუქრებოდნენ. ვევაჭრე და 300 ათას დოლარზე ჩამოვიდნენ. მერე კასეტაც გამომიგზავნეს, სადაც ზურა მეუბნება, - მაწამებენ და ყველაფერი გააკეთეთ, რასაც გეტყვიანო.

- რით დამთავრდა ეს ამბავი?

- სანამ ფინალს მოგიყვებოდეთ, აუცილებლად უნდა გავიხსენო ერთი ეპიზოდი, რომელიც ამ ამბამდე დიდი ხნით ადრე მოხდა: 1980 წელს სოფელში დაგვაყაჩაღეს ტარიელ ონიანმა, ქურდმა, მეტსახელად - კატამ და კიდევ ორმა ნიღბიანმა ადამიანმა. მაშინ სახლში მცირე თანხა გვქონდა და ჩემი ძვირფასი სამკაულები წაიღეს. შემდეგ ეს სამკაულები გამოვისყიდეთ, ფული გადავიხადეთ და დაგვიბრუნეს. ტარიელი მაშინ ძალიან ახალგაზრდა იყო...

- ამბობენ, თქვენმა მეუღლემ დამყაჩაღებლებს ისიც კი უთხრა, - ნელა იარეთ, ხიფათს არ გადაეყაროთ, მილიციაში დარეკვას არ ვაპირებო...

- ბევრ რამეს ამბობენ, ზოგი მართალია და ზოგიც - ტყუილი, მაგრამ მართლაც არ გვიჩივლია. ეს დაიმახსოვრა ტარიელ ონიანმა და როცა მისი დახმარება დამჭირდა, გულით დამიდგა გვერდით. მიხვდა, რომ 15-წლიან ციხეს გადავარჩინეთ და არ დაივიწყა ეს. როცა ზურა გაიტაცეს, ტარიელი მაშინ საფრანგეთში იყო და მას დავურეკე. ვუთხარი, - მოსკოვში მხოლოდ ვახო ჩაჩანიძე მყავს, მაგრამ ჩემს ზარებს არ პასუხობს, ასე და ასეა ჩემი საქმე და როგორ მოვიქცე-მეთქი? მაშინ ონიანისა და ჩაჩანიძის ჯგუფები დაპირისპირებული იყვნენ. ტარიელმა მითხრა, - ერთ საათში დაგირეკავო. შემდეგ მითხრა, - ვიცი, ვისაც ჰყავს წაყვანილი და თუ შეძლებ, 2-3 კვირა მადროვო, გამოსასყიდის გარეშე დაგიბრუნებ ქმარსო. ვუთხარი, - ვერ მოვითმენ, ზურას ნერვების მდგომარეობა არ აქვს კარგად და მეშინია, არ უმტყუნოს, 2-3 კვირა ძალიან ბევრია, თანახმა ვარ, გადავიხდი, ოღონდ დამიბრუნონ ქმარი-მეთქი. ტარიელმა გამოგზავნა ძმა, დათო ონიანი, რომელიც ჩაერთო ამ საქმეში. გვერდით მედგა, როცა გამტაცებლები მირეკავდნენ და მელაპარაკებოდნენ. ფულიც მან გადასცა. თანხა, რა თქმა უნდა, არ მქონდა, ვისესხე და ისე გავუგზავნე. ერთი რამეც უნდა ვთქვა: როცა ზურა გაიტაცეს, გვერდიდან არ მომშორებია ერთი კარგი ადამიანი, რომელიც ჩეჩნებთან იყო დაკავშირებული და ძალიან მგულშემატკივრობდა. ფულის სასესხებლად რომ დავდიოდი, მითხრა, - ჩეჩნებისგან ყალბი ფული ხომ არ გადმოვიტანოთ და შევაპაროთო? მეორე დილით, როცა გამტაცებლებმა დამირეკეს, უკვე იცოდნენ ამ საუბრის შესახებ და გამაფრთხილეს, - არ გაბედო ყალბი ფულის მოცემაო. გეკითხებით, საიდან უნდა სცოდნოდათ იმათ ჩვენი საუბრის შესახებ? გამოდის, რომ შინაურისგან, ვინც ამ საუბარს ესწრებოდა.

- ზურას გათავისუფლების შემდეგ რა მოხდა?

- ვახო ჩაჩანიძემ ბოდიში შემოუთვალა. მისი ნათესავი, შალვა ჩაჩანიძე იყო ზურას ბიძაშვილის ქმარი. მუშაობდა შსს-ში დიდ თანამდებობაზე. ზურა და შალვა ერთად შეხვდნენ ვახოს. ლაპარაკის დროს შალვას ყურებზე ხელები აუფარებია, - ასე როგორ გაგიმეტაო?! ვახოს უთქვამს, - არ ვიცოდი, თუ იმაზე მეტს მაძლევდი, ვიდრე შენ გრჩებოდა, თორემ ასე არ მოგექცეოდი, მაგრამ "ნაკოლი" მოგვცეს, რომ საჭიროზე ნაკლებ თანხას იხდიდი და არაქურდული გამოდიოდა, ეს რომ არ გამეკეთბინა, თანაც, "ნაკოლის" მომცემმაც არც ისე პატარა თანხა მოხსნაო. ცოტა მოგვიანებით შუშანაშვილებმაც დაურეკეს ზურას და უთხრეს, - შეხვედრა გვინდაო. ამ დროს ის ახალგაზრდა დისშვილის პანაშვიდზე იდგა. აუხსნა სიტუაცია და შეხვედრა დაკრძალვის მერე გადადო, მაგრამ იმათ უთხრეს, - ხვალ ევროპაში მივდივართო, ამიტომ სატელეფონო საუბარი შედგა. უთხრეს, - არ იმსახურებდი ჩვენგან ასეთ მოპყრობას და გაწირვას და კაცურად, გვაპატიეო. თან უთხრეს, ის "ნაკოლის" მომცემი ვინც იყო. ეს ძალიან ძნელი გადასატანი იყო ზურასთვის, იმდენად ახლობელი იყო.

ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ "გზის" ხუთშაბათის ნომერში.