გუდაუთის ტყვეთა ბანაკის ქართველი ჯალათი
01-09-2014
გუდაუთის ტყვეთა ბანაკის ქართველი ჯალათი
"მე იქ 42 ჯოჯოხეთური დღე გავატარე..."

(დასასრული. დასაწყისი "კვირის პალიტრა" #34)

22 წლის წინ (1992 წ. 14 აგვისტო) აფხაზეთში ომი დაიწყო. ქართული მიწისთვის ბრძოლა 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა. ომმა, რომელმაც ათასობით სიცოცხლე შეიწირა, ხოლო 300 000-მდე კაცი დევნილად აქცია, დიდ ტკივილთან ერთად ქართულ-აფხაზური ურთიერთობის საოცარი ამბები დაგვიტოვა. ერთ-ერთ მათგანზე გუდაუთის ქართველ ტყვეთა ბანაკის ყველაზე ახალგაზრდა ტუსაღი (მაშინ 18 წლის იყო) ზაზა გვესაუბრა.

გუდაუთა, 1993 წლის სექტემბერ-ნოემბერი


ზაზა: -
1993 წლის 27 სექტემბრის ღამე უკვე გუდაუთაში ქართველ ტყვეთა ბანაკში გავათენე. როცა მიგვიყვანეს (მე და ჩემი ბიძაშვილი ლაშა), დაიძახეს, -  მიიღეთ ახლებიო. ვინაობა გამოგვკითხეს და შეგვიყვანეს დიდ, არმატურებიან დარბაზში (ადრე ბოსტნეულის საწყობი ყოფილა). სამი საკანი იყო. =საშინელი სუნი იდგა.. იქაც ვიღაცას დაუძახეს, - "ბოს“, ახლებიო.
ისიც მოვიდა. ღიმილით გვითხრა, -–ბიჭებო, როგორ ხართო. გული გამიჩერდა - ტყვეთა ბანაკის ცნობილი ჯალათი ქართველი იყო... მოდით, დასხედით, დაისვენეთო, -– გვეფოფინებოდა „ბოსი,“თან გვეკითხებოდა, - რომელი ბატალიონის ჯარისკაცები ხართო. ვუმტკიცებდით, სამხედროები კი არა, სტუდენტები ვართო. ბოლოს გვკითხა, - საიდან ხართო. გალი რომ ვახსენე, რომელი ხართ გალელიო, - მომესმა კუთხიდან მინავლებული ხმა. მე-მეთქი. მოიწიე ახლოსო, - მთხოვა. მივუახლოვდი. ვერ მიცანი, რეზო ვარ, ნაროუშვილიო. რეზოს ვინ არ იცნობდა, მაგარი მფრინავი იყო. ჩვენი პოზიციებიდან ნასროლმა ჭურვმა ჩამოაგდო (რუსული თვითმფრინავი ეგონათ!) და აფხაზებმა დაატყვევეს. არავის ეგონა ცოცხალი...
ბანაკში 80-მდე კაცი ვიყავით, უმეტესობა სამხედრო პირი იყო, სამოქალაქო სულ  8-9 ვიქნებოდით. პირველ ღამეს  რას ვიფიქრებდით, წინ რა ჯოჯოხეთური დღეები გველოდა. არაადამიანურ პირობებში ვცხოვრობდით. შიმშილით რომ არ დავხოცილიყავით, დღეში ორ  თხელ ნაჭერ პურს და ერთ ყლუპ ე.წ. ბალანდას გვაძლევდნენ, დასალევი წყალი გვენატრებოდა,  ჰიგიენაზე ხომ ფიქრიც არ შეიძლებოდა. საკნები არ ნიავდებოდა და ისეთი სუნი იდგა, რომ აფხაზები არც კი შემოდიოდნენ.

ყოველდღე, რამდენჯერაც მოუნდებოდათ, უმოწყალოდ გვცემდნენ... თუ მხოლოდ სამჯერ გვცემდნენ, ეს ღვთის წყალობად მიგვაჩნდა. დაგვამწკრივებდნენ და დაგვიწყებდნენ ცემას... ხელის შებრუნება სიკვდილის ტოლფასი იყო, თავიდან ვერ მოვითმინე და ხელი მეც გავარტყი... ლამის ყველა დაგვხვრიტეს... რეზო ნაროუშვილს განსაკუთრებული სისასტიკით ექცეოდნენ. წამების დროს ეუბნებოდნენ, - შევარდნაძეს შეაგინეო. თავს ჩაღუნავდა და ხმას არ იღებდა. აფხაზები სპეციალურად მოდიოდნენ მისი წამების საყურებლად. ყოველდღე თითქმის მკვდარი შემოჰქონდათ საკანში ბიჭებს. ვეხვეწებოდით, - შეაგინე, შენგან რა მიდის, მაინც ტყვე ხარ, თავის მოკვლა თუ გინდა, გვითხარი მაინცო. მე ჯარისკაცი ვარ და ჩემს მთავარსარდალს მტრის წინაშე არასდროს შევაგინებო, - თქვა რეზომ...
ყოველ საღამოს გვეგონა, რომ დაგვხვრეტდნენ. წარმოდგენილი გვქონდა, როგორ ჩაგვამწკრივებდნენ და დაგვხვრეტდნენ. შემდეგ ალბათ სადღაც დაგვმარხავდნენ, ან არც დაგვმარხავდნენ... იმის გაფიქრებაც კი გვზარავდა, თუ როგორ შეჭამდნენ ჩვენს გვამებს დამშეული ცხოველები. იმ დღეებში ტყვეთა ბანაკში გაგიჟებაც შეიძლებოდა..

პირველი ჯოჯოხეთური კვირის თავზე, დავიწყეთ ფიქრი, როგორ გვეშველა თავისთვის. რამდენიმე ბიჭმა "სასტავი" შევკარით და გადავწყვიტეთ, ბანაკში მომუშავე აფხაზებთან საერთო ენის გამონახვა. მივდიოდით გისოსებთან და ვესაუბრებოდით ხოლმე. ერთ ღამეს, როცა დარაჯებს ეზოში ცეცხლი დაენთოთ, ჩემმა ერთმა მეგობარმა გასძახა საკნიდან, - ცუდად ვარ, ბავშვობიდან ღვიძლი მაწუხებს და თუ შეიძლება ცეცხლთან გავთბებიო (ოქტომბერში ღამით უკვე  ციოდა და საკნებში გათოშილები ვეყარეთ). მცირე ყოყმანის შემდეგ დარაჯებმა ეზოში გაიყვანეს. იმან ცოტა ხნის მერე უთხრა, - ზაზაც არ არის კარგად, ისიც სულ ავადმყოფობსო.

ბოლოს ეზოში სამი კაცი მოვხვდით. ვინაიდან დარაჯებმა საფრთხე ვერ იგრძნეს, ერთი კვირის განმავლობაში ყოველ ღამეს ეზოში ცეცხლთან ვატარებდით. ბანაკს ერთ მხარეს სიმინდის ყანები ეკვროდა. სიმინდის სუნი საკნებშიც შემოდიოდა. ერთხელ უკვე ნაცნობ აფხაზ დარაჯებს სიტყვა სიმინდზე ჩამოვუგდეთ. მეც სიამოვნებით შევჭამდი შემწვარსო, - თქვა ერთმა. თუ გამიშვებთ, მოვიტან-მეთქი. გაგიჟდიო? - დაიწყეს ყვირილი. მარტო მე გამიშვით, ჩემი მეგობრები აქ დაიტოვეთ. აუცილებლად დავბრუნდები-მეთქი. ერთხანს ეჭვით მიყურეს და ბოლოს დამთანხმდნენ. როგორც კი სიმინდის ყანაში შევედი, გამალებით დავიწყე ტაროების მტვრევა, რაც შეიძლება ბევრი რომ წამომეღო. ბოლოს, ეზოში დიდი ქვაბით სიმინდიც შემოვდგით. მოხარშული სიმინდის სუნი საკნებშიც დატრიალდა. ამდენი ხნის ნაშიმშილებ და გაწამებულ ხალხს იმედიც არ ჰქონდა, რომ რაიმე შეხვდებოდათ, დიდი თხოვნის შემდეგ აფხაზებმა ნება დაგვრთეს, საკნებში სიმინდი დაგვერიგებინა. ვერ აგიწერთ, რა სიხარული იყო ერთი ტარო ცხელი სიმინდის ხელში დაჭერა. ის ღამე არასოდეს დამავიწყდება. დახვრეტისაც აღარ გვეშინოდა.

სიმინდს კარალიოკი მოჰყვა, რომელიც ასევე მე მოვიტანე (ყანაში იდგა). ნელ-ნელა აფხაზი დარაჯები ისე დაგვიახლოვდნენ, რომ ქალაქშიც გავყავდით, პურსაც გვჩუქნიდნენ, ჩვენ კი მას ბანაკში დაჭრილებს ვურიგებდით...
"ტუსაღური იდილია" დიდხანს არ გაგრძელებულა. ჩვენი "შეთქმულების"“შესახებ ""ბოსმა"“შეიტყო. აჭარელი იყო, სოჭში ვიღაც აფხაზს შეუპყრია და აქ ჩამოუყვანია. თავად ტყვე - აფხაზებს ქართველების ზედამხედველად ჰყავდათ დანიშნული. უსასტიკესი ვინმე იყო.

...სამი დღე გვცემდნენ და გვაწამებდნენ. გვეუბნებოდნენ, - დაასახელეთ, რომელი აფხაზი გეხმარებოდათო.
არ მეგონა, თუ რომელიმე ამდენ წამებას გავუძლებდით. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენი ნაცნობი დარაჯები არ დაგვისახელებია.–ცემის დროს მხოლოდ იმას ვამბობდით, - მათ მხოლოდ ერთხელ გისოსებიდან ვესაუბრეთო. რამდენიმე დღის შემდეგ "ბოსიც" დაიღალა ჩვენი ცემა-ტყეპით და შეგვეშვნენ...
ამ ამბების მერე აფხაზების მზერაში ერთგვარ პატივისცემასაც ვგრძნობდით.
ბანაკის უფროსმა შოთა ჯოპუამ (წარმოშობით ქართველი!) საკნებს ბოქლომი დაადო. ამის მერე გარეთ გასვლას ვეღარ ვახერხებდით.

ორი კვირის შემდეგ ბანაკში "წითელი ჯვრის" მისია შემოვიდა, ფოტოგრაფიც ახლდათ. გადაგვიღეს სურათები და წერილის დაწერის ნებაც მოგვცეს (მაშინ გაიგეს ჩემმა მშობლებმა, რომ ცოცხალი ვიყავი).
რამდენიმე დღის შემდეგ პირის საპარსები დაგვირიგეს - მოწესრიგდითო. თავიდან გაგვიხარდა, მერე საგონებელში ჩავვარდით, ალბათ დასახვრეტად მივყავართო, დავასკვენით, თუმცა ვამბობდით - მაშინ პირს რაღაზე გვაპარსვინებენო.

ასე გავიდა ორი დღე. მესამე დღეს ეზოში მანქანების კოლონა შემოვიდა. ხალხს შევხედე - ჩეჩნებს არ  ჰგავდნენ, მოწესრიგებული ხალხი ჩანდა. მათ ერთი შუახნის კაცი გამოეყოთ, ჩვენთან მოვიდა, - ნუ გეშინიათ, თქვენს წასაყვანად მოვედიო. მახსოვს, ჩემს გვერდში მდგომს ხელი ისე მოვუჭირე, სილურჯე კარგა ხანს ეტყობოდა.
12 ნოემბერი იყო ყველაზე გრძელი დღე ჩემს სიცოცხლეში. ამოიკითხეს გვარები და 60 კაცი (ანუ მშვიდობიანი მოსახლეობა, ბევრ სამხედროს ჯარისკაცობა ვერ დაუმტკიცეს) ავტობუსში ჩაგვსვეს. ბანაკში დარჩნენ რეზო ნაროუშვილი და გენერალი შოთა მამულაშვილი თავისი ბიჭებით, სულ 17 კაცი. მკაცრად გაგვაფრთხილეს - ფარდები არ გადასწიოთო და სოჭისკენ წაგვიყვანეს.
ადლერში აეროპორტში მიგვიყვანეს. უკვე ყველამ იცოდა, რომ ქართველი ტყეები მოჰყავდათ, უამრავი ჩვენი თანამემამულე შეკრებილიყო. ცდილობდნენ, საჭმელი მოეწოდებინათ ჩვენთვის. ამდენი ხნის მშიერი ხალხი პურს მივესიეთ...

"ბოსი" გამახსენდა. ჩვენზე სამი დღით ადრე გაუშვეს. ჩვენთან ერთად რომ წამოსულიყო, ცოცხალი ვერ ჩამოაღწევდა. აჭარაშიც დიდხანს ეძებდნენ ჩვენები...
ავტობუსში ჩაგვსხეს და სასტუმროში წაგვიყვანეს, სადაც საზეიმო სუფრა იყო გაშლილი. ქართულ მიწაზე ფეხი რომ დავდგი, მაშინ მივხვდი, რომ თავისუფალი ვიყავი...  ჩემს მშობლებს უკვე მკვდარი ვეგონე, თუმცა, იმედს არ კარგავდნენ. მამაჩემს ხანდახან აფხაზები უთვლიდნენ, - 500 ლიტრ ბენზინს თუ მოგვცემ, შვილის ცხედრის პოვნაში დაგეხმარებითო. მამაჩემიც არაფერს იშურებდა, სანამ ერთ დღეს არ გაიგო, რომ მისი შვილი გუდაუთის ტყვეთა ბანაკში იყო გამოკეტილი...

მე იქ 42 ჯოჯოხეთური დღე გავატარე...
ლეილა
27 აგვისტო 2017 13:24
''ქართულ მიწაზე''-ო რას ნიშნავს?1
vova
28 სექტემბერი 2016 17:00
მეც ამ ტყვეებს შორის ერთერთი ვიყავი.მინდა ვთქვა, ამ ჯოჯოხეთიდან ასლან აბასიძემ გვიხსნა,მას ბევრი კარგი აქვს გაკეთებული ხალხისთვის.
geronimo346
28 სექტემბერი 2016 10:40
კაი ამ კაცს შეეშალა (ემოციის ქვეშ იყო, ასეთი გაუმართლებელი ზიზღი რაც აფხაზებს აქვთ და ქონდათ ომამდე მე არ ვიცი საიდან და რატომ მოუვიდათ) ქართულ მიწაზე ფეხი რომ დავდგიო თქვა ალბათ ინტერვიუში, ან ჯურნალისტს ან კორექტორს აზრად არ მოგივიდათ, რომ გაგეკორექტირებიათ? რა აფხაზეთის ტერიტორიას აღარ თვლით საქართველოს ფარგლებში? აი ასეთი გამონათქვამებია რომ გვაკარგვინებს იმედებს

რედაქტორის რჩევით