შეყვარებული ქალის დღიური
25-01-2010
შეყვარებული ქალის დღიური
ყოფილი გამომძიებელი ბატონი კობა კიდევ ერთ კრიმინალურ ამბავს იხსენებს:

- როცა 32 წლის მანანა ხმელიძემ (გვარი და სახელი აქაც და შემდგომშიც შეცვლილია) თავს საბედისწერო განაჩენი გამოუტანა და დილით ბებიამ სახლის უკან იპოვა ჩამომხრჩვალი, არავის გაჰკვირვებია...

მანანა მასწავლებელი გახლდათ და მიუხედავად იმისა, რომ სკოლა არც ისე ახლოს იყო მის სახლთან, ხალხით სავსე ტრანსპორტში ასვლას, ფეხით სიარულს ამჯობინებდა. სწორედ ფეხით მიმავალი შენიშნა ის ვაჟა ტყემალაძემ. წვიმდა, მაგრამ ქალს ქოლგა არც კი გაეშალა,
თითქოს ვერც ამჩნევდა, რომ სველდებოდა... მანქანა გაუჩერა და, დაბრძანდითო!..

მანანა არც დაფიქრებულა, ისე ჩაუჯდა, მიესალმა და მერე დააკვირდა. შეიშმუშნა, რომ ვერ იცნო და მოუბოდიშა:

- ახლომხედველი ვარ და უსათვალოდ კარგად ვერ ვხედავ, ნაცნობად ჩაგთვალეთ, მაპატიეთ...

- არა უშავს, ხდება ხოლმე! - გაუღიმა მამაკაცმა და როცა
მანანამ სკოლასთან გაჩერება სთხოვა, ჰკითხა, - პედაგოგი ხართ?

- დიახ, გმადლობთ, - უპასუხა და ეზოში მოსწავლეთა ნაკადს შეერია...

ვაჟა ტყემალაძე სკოლასთან ახლომდებარე საავადმყოფოში ქირურგად მუშაობდა. სწორედ იმ დილით შეუსრულდა 40 წელი, მანანას რომ შეხვდა და რადგან მთელი დღე ვერ მოიშორა დაბნეულ, მაგრამ მომხიბვლელ მასწავლებელზე ფიქრი, ნაშუადღევს სამსახურიდან გამოსულმა, განგებ გააჩერა მანქანა სკოლის შორიახლოს. დიდხანსაც არ დასჭირვებია ცდა. მანანა მალე გამოვიდა და ავტობუსის გაჩერებისკენ აიღო გეზი.

- ქალიშვილო! - დაადევნა ხმა ტყემალაძემ და თან მანქანიდან გადმოვიდა.

მანანამ ამჯერად იცნო, თუმცა მისი დანახვა აშკარად არ ესიამოვნა:

- ხომ გითხარით, რომ ნაცნობი მეგონეთ... - დააპირა საყვედურის თქმა, მაგრამ კაცმა შეაწყვეტინა:

- დღეს ჩემი დაბადების დღეა და რატომღაც ჩავთვალე, რომ ღმერთმა გამომიგზავნა თქვენი თავი. არ მინდა ეს დღე ტრადიციულად გავატარო და იქნებ... ერთად გვესადილა...

- დაბადების დღეს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად აღნიშნავენ...

- საღამოს ასეც იქნება, მაგრამ ხომ შეიძლება მანამდე ისე მოვიქცე, როგორც გამიხარდება?! - თქვა და ჯიბიდან პასპორტი ამოიღო, - აი, ნახეთ და დარწმუნდებით, რომ არ ვიტყუები... მე ვაჟა ვარ...

- მანანა!- მოტყდა ქალი და მანქანაში ჩაუჯდა.

ქალაქგარეთ ისადილეს.

ვაჟა ტყემალაძეს არ დაუმალავს, რომ ცოლშვილიანი იყო...

მანანამ კი სინანულით გაიხსენა წარსული: - 16 წლის მომიტაცა შეყვარებულმა, მაგრამ მშობლებმა და ძმებმა დაგვაშორეს. 19 წლის ბიჭი ციხეში გამოკეტეს და პრაქტიკულად მეც "ციხეში" მამყოფებენ დღემდე...

- "ის" ახლა სადაა?

- არ ვიცი... რაც ციხიდან გამოვიდა, ქალაქში აღარ გამოჩენილა, არც მე გამკარებია. არადა, ციხეში წერილებს ვწერდი და ვპირდებოდი, რომ მის გარდა არავის ცოლი არ გავხდებოდი, დაველოდებოდი... მხოლოდ ერთხელ მიპასუხა: რომ გყვარებოდი, მშობლებს არ დაუჯერებდი და ციხისთვის არ გამიმეტებდიო!..

- ახლაც გიყვარს? - ჰკითხა გაოცებულმა ტყემალაძემ.

- ახლა აღარ... მართლა აღარ მიყვარს...

- არც სხვა ვინმე?

- არა, ყველა განათხოვრად მთვლის და სხვა თვალით მიყურებენ...

- თქვენ შორის რამე იყო? - იკითხა კაცმა.

- ორი კვირა ვიმალებოდით და... ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი...

წყვილი მომდევნო დღეებშიც ხვდებოდა ერთმანეთს. კაცი არ ჩქარობდა და მშვიდად ელოდა, როდის გამოიჩენდა ქალი ინიციატივას, რომ თვითონ ნაკლები პასუხისმგებლობა ეგრძნო. ტყემალაძე ოჯახს არავის გამო არ მიატოვებდა: შვილებიც უყვარდა და ცოლიც, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ღალატობდა. მანანაც არ იყო პირველი, ვისი გამოყენებაც გასართობად სურდა, არადა, ქალს იგი თავდავიწყებით შეუყვარდა...

როცა ძალიან დაახლოვდნენ, კაცმა შეფარვით კიდევ ერთხელ გააფრთხილა, რომ მასზე სერიოზულად არ ეფიქრა. ქალი არ შესწინააღმდეგებია, არც გულისტკივილი გამოუთქვამს, სამაგიეროდ, ყველა თავის განცდას  დღიურებს ანდობდა. იმ დღიურებს, რომელთა არსებობის შესახებაც არავინ იცოდა...
თვითმკვლელობამდე რამდენიმე თვით ადრე მანანა ბებიასთან გადავიდა საცხოვრებლად, დედის დედასთან, რომელსაც ცოტა მძიმე ხასიათი ჰქონდა და ამიტომ თვითონაც მარტო ერჩივნა ცხოვრება და შვილებიც მისგან მოშორებით უკეთ გრძნობდნენ თავს. ბოლო ხანს კი მოხუცი ავადმყოფობდა და ყველაზე უკეთ მანანას შეეგუა, არ შესწინააღმდეგებია, როცა შვილიშვილმა მასთან გადმოსვლა გადაწყვიტა... ერთ დილით კი სწორედ ბებიამ იპოვა ის სახლის უკან ხეზე ჩამომხრჩვალი:

- საერთოდ, უძილობა მტანჯავდა და მთელ ღამეებს თეთრად ვათენებდი. მანანამ ექიმი მომიყვანა, მან კი დამამშვიდებლები გამომიწერა ძილის წამალთან ერთად. მეც ღამის 9 საათზე რომ დავლევ წამლებს და დავწვები, დილამდე მძინავს...

ტრაგედიის ღამეს ბებია-შვილიშვილთან საეჭვო მისვლა-მოსვლა არც მეზობლებს შეუნიშნავთ და არც ახლობლებს, თუმცა სხვა დროს ხშირად დაუნახავთ, სწორედ ღამის 9 საათის შემდეგ შინიდან გამოსული მანანა.

ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, გარდაცვლილი სამი თვის ფეხმძიმე აღმოჩნდა და როცა ეს გაიგეს, მამამ და ძმებმა აგვიკრძალეს ფაქტის გახმაურება: - ნუ მოსჭრით ჩვენს ოჯახს თავს და შეწყვიტეთ გამოძიება. ეჭვი ნუ შეგეპარებათ, რომ ეს თვითმკვლელობა იყო. მანანამ იცოდა, თუ მსგავს ნაბიჯს გადადგამდა, არ ვაცოცხლებდით, ეჭვი არ არის, მან ეს ნაბიჯი შეგნებულად, სირცხვილის დასაფარავად გადადგა...

ჩვენც აღარ გამოგვიდვია თავი და ოჯახის თხოვნით საქმეც დაიხურა. ხმელიძე დაასაფლავეს და რომ არა მისი ერთ-ერთი მეგობარი, რომელმაც სამი თვის შემდეგ მოგვაკითხა, ალბათ სიმართლეს ვერავინ ვერასოდეს გაიგებდა და დამნაშავეც მშვიდად გააგრძელებდა ცხოვრებას...

იზა მანჯგალაძე ერთ-ერთი მათგანი იყო, ვისაც არ შეეძლო იმის დაჯერება, რომ მანანა ხმელიძე თავს მოიკლავდა.

- მანანა ძალიან ბედნიერი იყო ბოლო დღეებში. ასეთი ძლიერი და იმედიანი კარგა ხანია აღარ მინახავს. მიზეზს რომ ვეკითხებოდი, მეუბნებოდა, მალე გაიგებ და იმედია, ამისათვის ჩემს მეგობრობაზე უარს არ იტყვიო!..

- რას გულისხმობდა?!

- არ მინდოდა მეგობრის საიდუმლოს გამხელა, მაგრამ ახლა იძულებული ვარ, გითხრათ, - მას ცოლ-შვილიანი კაცი უყვარდა და თავიდან მეგონა, ეს სიხარული მას უკავშირდებოდა. არ ვიცოდი, მისი ფეხმძიმობის ამბავი, თორემ მივხვდებოდი, რომ მისი ბედნიერების მიზეზიც ეს იყო.

- საიდან გაიგეთ, რომ ფეხმძიმედ იყო? მისი ოჯახის წევრები არ აპირებდნენ ამის გამხელას...

მანჯგალაძემ ჩანთა გახსნა და ბლოკნოტი ამოიღო.

- მანანას სკოლის ბიბლიოთეკიდან წიგნები ჰქონდა წაღებული. მოსწავლეების საკონტროლო წერის რვეულებიც შინ ჰქონდა და მათ წამოსაღებად მივედი ბებიამისის სახლში. ეს ბლოკნოტიც მაშინ ვიპოვე - მანანას დღიურებია. აქ ისეთი რამეები უწერია, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ თავის მომკვლელი არ იყო... კიდევ კარგი, ჩემზე ადრე რომ მისი ოჯახის წევრებმა არ ნახეს, თორემ არ გამოაჩენდნენ...

მთელი ღამე გავათენე დღიურის კითხვაში. მანანა ძირითადად სიყვარულზე წერდა: პატიმარი შეყვარებულის გულგრილობაზე და იმაზე, თუ როგორ შეუმსუბუქა მისი ღალატის გადატანა ვაჟას გამოჩენამ. მათ შორის ურთიერთობა კი მას შემდეგ დაძაბულა, რაც ქალმა თავისი ფეხმძიმობის შესახებ გაუმხილა. კაცი ბავშვის გაჩენის წინააღმდეგი იყო და აბორტის გაკეთებას სთხოვდა. გაულახავს კიდევაც ფეხმძიმე ქალი, რომელსაც ამის შემდეგ მასთან შეხვედრები შეუწყვეტია: "რომ აღარ ვხვდები, მუქარას შორიდან მითვლის, არც შენ გაცოცხლებ და არც შენს ნაბიჭვარსო...

ვერ წარმოვიდგენდი, თუ ვაჟა ასეთი გულქვა აღმოჩნდებოდა... მუქარას ძირითადად ელენე კილაძის პირით მითვლის. ვერც ელენეს გავაგებინე, რომ ბავშვს გავაჩენ და უმამოდაც მშვენივრად გავზრდი. მე ამ ბავშვით ვაჟას შანტაჟს არ ვაპირებ. ვერავინ გაიგებს, რომ მამა ის არის და თუ უნდა, ბავშვსაც ნუ ნახავს. თავიდანვე გავაფრთხილე, რომ თავქარიანი ქალი არ ვიყავი. ეს ბავშვიც ამიტომ გამომიგზავნა ალბათ საჩუქრად ღმერთმა".

- ელენე კილაძე ვინაა? - ვკითხე იზა მანჯგალაძეს.

- თქვენც გაგიჩნდათ ხომ მასზე ეჭვი?! - კითხვა დამიბრუნა ქალმა, - ელენე ჩვენი საერთო მეგობარია და რატომღაც ეჭვი მაქვს, რომ რაც მანანამ ვაჟა გაგვაცნო, მას ზედმეტად დაუახლოვდა. მანანას ზურგს უკან ხვდებოდნენ ერთმანეთს...

- ელენე გასათხოვარია?

- ქვრივია... ნარკომანი ქმარი ჰყავდა და მოუკვდა. საყვარელიც ჰყავდა და ის კაცი რუსეთში წავიდა... ეჭვიც არ მეპარება, ახლა ტყემალაძესაც არ გაუშვებს ხელიდან: ბავშვი ჰყავს გასაზრდელი, რისთვისაც პედაგოგის ხელფასი საკმარისი არაა. ტყემალაძე კი ცნობილი ქირურგია, ფული არ უჭირს. ელენეს ვსაყვედურობდი კიდევაც, რომ მანანას ღალატობდა, მაგრამ თავს იმართლებდა, - ისინი მაინც დაშორდებოდნენ ერთმანეთს. მანანა გასათხოვარია და ზურას საყვარლობა არაფერში სჭირდება. მამა და ძმებიც ისეთი ჰყავს, რომ გაუგონ, არ აცოცხლებენ. ჩემთვის კი ყველაფერი სულერთია, მთავარია, კაცს ფული ჰქონდეს და ბავშვის გაზრდაში მომეხმაროსო...

- მანანა ვერაფერს ხვდებოდა?

- ვერ გეტყვით, ის იმდენად ბედნიერი იყო მოლოდინით, თითქოს თავის ირგვლივ ვერავის და ვერაფერს ამჩნევდა...

...მანჯგალაძის წასვლის შემდეგ კიდევ ერთხელ მოვძებნე არქივში გადაგზავნილი ხმელიძის საქმე და ექსპერტიზის დასკვნა გადავიკითხე. საეჭვო არაფერი იყო, თუ არ ჩავთვლით ერთ პატარა წინადადებას: "სანამ თავს ჩამოიხრჩობდა, შესაძლებელია გარდაცვლილს რომელიღაც პრეპარატის დიდი დოზა მიეღო, რომელიც სიკვდილს ალბათ ვერ გამოიწვევდა..."

ესპერტს დავურეკე და ვკითხე, რას ნიშნავდა ეს:

- არ მოკლავდა, მაგრამ გამოიწვევდა წნევის დავარდნას, გონების დაბინდვას... შეიძლება ორი დღე-ღამე ვერ მოსულიყო გონს...

...ჩემს თანაშემწესთან ერთად დავხვდი სკოლის ჭიშკართან ელენე კილაძეს, რომელმაც მიცნო და ისე დაფრთხა, ეჭვი კიდევ უფრო გამიძლიერდა. მანქანაში ჩავსვით და განყოფილებაში წავიყვანეთ. იქ კი ბრალი წავუყენეთ. რა თქმა უნდა, შეთხზული ვერსიის მიხედვით: - მეზობლებმა დაგინახეს, რომ იმ ღამეს შენ ესტუმრე მანანა ხმელიძეს...

ვერც კი წარმოვიდგენდით, ისე ადვილად გატყდა. ჩანს, სინდისი ქენჯნიდა: - ვაჟას არ უნდოდა, რომ მანანას მისგან შვილი გაეჩინა. ვერ დავიყოლიეთ აბორტზე. იმ დღეს რაღაც ხსნარი მომცა ვაჟამ და მთხოვა ხილის წვენში ან ჩაიში ჩამეყარა მანანასთვის: დამარწმუნა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქრება, მხოლოდ მუცელი მოეშლებაო. არ მინდოდა ვაჟას დაკარგვა და დავთანხმდი. მანანა ჩემს იქ ყოფნაში გახდა ცუდად, გონი დაკარგა.

ხელ-ფეხი გაუცივდა და მეგონა კვდებოდა. ამიტომ შეშინებულმა დავურეკე ვაჟას. მოვიდა და რომ ნახა, ასეთი რა მითხრა: - აქ თუ მოკვდა, მიხვდებიან, რომ მოვწამლეთ. ამიტომ აჯობებს, ჩამოხრჩობის იმიტაცია გავითამაშოთო!..

ისტერიკა დამემართა. პირზე ხელი ამაფარა და დამემუქრა: - მე ვერაფერს დამაბრალებ, რადგან მეგობარი შენ მოწამლე. სიცოცხლის ბოლომდე ციხის კედლების ხეხვა მოგიწევსო!..

შიშმა დამიბინდა გონება. მეზობლების ყურადღება რომ არ მიგვეპყრო, ფანჯრიდან გადავიტანეთ უკანა ეზოში გულწასული ქალი და ხეზე ტყემალაძემ ჩამოკიდა. საოპერაციო ხელთათმანები წამოეღო, მეც ჩამაცვა. დამარწმუნა, - ანაბეჭდს ვერსად იპოვიან, კვალს არ ვტოვებთ. კიდევაც რომ იეჭვონ, რომ მკვლელობა მოხდაო...

კილაძემ ისიც გვითხრა, რომ ამის შემდეგ ტყელამაძე მას აღარც გაჰკარებია:

- აღარც მე მიძებნია. აღარ მინდოდა ისეთ კაცთან ურთიერთობა, ვისაც შეეძლო მეც დაუფიქრებლად გავემეტებინე, როცა ზედმეტად მიმიჩნევდა...

ვაჟა ტყემალაძე სამუშაო ადგილზე ავიყვანეთ. გაგვიჭირდა მისგან აღიარების მიღება...

საბოლოოდ მას 14, კილაძეს კი 11 წელიწადი მიუსაჯეს...

ზიზი
14 ნოემბერი 2016 21:46
ავტორი არც ჯაყელია გვარად და ყველაფერ ამას ერთოთახიან ბინაში ჩაკეტილი იგონებს
,,,,,,
20 იანვარი 2016 00:57
ეგ ამბავი მეზგაპრება
miriani
09 დეკემბერი 2015 02:41
იცით რა მიკვირს? ასე ჩვეულებრივად ადამიანეს როგორ კლავენ ჩემამდე ვერ დადის მითუმეტეს იმ ქალმა მეგობარი როგორ მოწამლა რაც არ უნდა ყოფილიყო არ უნდა დაემალა რასაც აპირებდა მაგრამ ეგ ქალი მოღალატე იყო და თავისი კლანჭები ბოლომდე გამოაჩინა რაც არ უნდა დაგმართოს ადამიანმა სასიკვდილოდ არ უნდა გაიმეტო არასდროს

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?