"წითური გენერალი" მოკლეს?
17-11-2014
"წითური გენერალი" მოკლეს?
"დაე, ხალხი ნუ იფიქრებს ისე, როგორც კადიროვი ფიქრობს... შენ კი გეტყვი: დიდება ალაჰს, რომ შენი სამყოფი მოჯაჰედები კავკასიის ემირატს“მანდვე მოეძებნება. როცა აქ (სირიაში. - ავტ.) ყველაფერი დამთავრდება, ჩვენ უფრო ძლიერები და მომზადებულები ჩამოვალთ შენთან."
აბუ ომარ ალ შიშანის (ბათირაშვილის) რამზან კადიროვისადმი
მიმართვიდან, სექტემბერი, 2014 წ.


რამდენიმე დღის წინ რამზან კადიროვის ინსტაგრამზე გამოჩენილმა ჩანაწერმა უმალ მიიქცია მსოფლიო მედიის ყურადღება: "ისლამის მტერი თარხან ბათირაშვილი, რომელიც თავს ომარ ალ შიშანს უწოდებდა, მკვდარია. ეს
ელოდება ყველას, ვინც რუსეთსა და ჩეჩენ ხალხს დაემუქრება, ვინც მუსლიმანების სისხლს დაღვრის... ალაჰი მოწყალეა" - წერდა ჩეჩნეთის ოდიოზური ლიდერი.

რა ვითარებაში მოკლეს თარხან ბათირაშვილი, სავარაუდოდ, ჩეჩნეთის ლიდერმა არ იცის ან არ ამხელს. მის სიკვდილს არ ადასტურებენ პანკისის ხეობაში. საერთაშორისო მედია კი ავრცელებს ცნობას, თითქოს "წითური
გენერალი" ქალაქ რაქაში აშშ-ის ბოლო ავიაიერიშის დროს დაიღუპა - ამერიკულმა თვითმფრინავებმა იერიში სწორედ იმ ადგილზე მიიტანეს, სადაც, დაუზუსტებელი ინფორმაციით, "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერები თათბირობდნენ. მეორე დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, დაბომბვას ისლამური სახელმწიფოს "ხალიფი", აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი შეეწირაო (ომარ ალ შიშანი არ უხსენებიათ). ოფიციალური წყაროები დუმან, მაგრამ როგორც ჩანს, ალ-ბაღდადი დაბომბვის შედეგად დაიჭრა მაინც, რადგან მისი მოადგილის განცხადებით, "ისინი მეთაურს მალე გამოჯანმრთელებას უსურვებენ".

პანკისელი თარხან ბათირაშვილის, იმავე ომარ ალ შიშანის გარდაცვალების შესახებ კი ცრუ ინფორმაცია ადრეც არაერთხელ გავრცელებულა. 2013 წელს ქურთმა მეამბოხეებმა მსოფლიოს ამცნეს, "წითური შაითანი" (ქურთები ასე უწოდებენ) ერთ-ერთ ბრძოლაში მოკლესო, თუმცა მტკიცებულებად არაფერი ჰქონდათ. 2014 წლის მაისში კვლავ ითქვა, ომარ ალ შიშანი დაიღუპაო (მაშინ ავიაიერიშებს ალ-ბაღდადის ჩეჩენი სიძე და მისი მცველები ემსხვერპლნენ), მაგრამ ივნისში, როდესაც აბუ ბაქრ ალ-ბაღდადიმ ისლამური ხალიფატის შექმნის თაობაზე განცხადება გააკეთა, თარხან ბათირაშვილი ახალშექმნილი სახელმწიფოს თავდაცვის მინისტრად დაინიშნა სირიის ტერიტორიაზე და რამდენიმე წარმატებული ბრძოლის შემდეგ დევიზით, "მოვკლათ ალაჰის სახელით", ჯერ ირანს და შემდეგ რუსეთს დაემუქრა, ხოლო რამზან კადიროვის მოსაკლავად ჯილდოდ 5 მილიონი დოლარიც დააწესა. არც კადიროვის პასუხმა დააგვიანა - ომარ ალ შიშანს შეუთვალა, - რა ადგილზეც ეგ განცხადება გააკეთე, იქ მოგკლავო. კადიროვ-ბათირაშვილის უთანხმოება მხოლოდ იდეოლოგიური ხასიათისა არ ყოფილა. ჩეჩნეთის ემიგრაციის სამსახურის უფროსის, ასუ დურდუკაევის ქალიშვილი სედა ცოლად გაჰყვა სირიაში მებრძოლ წარმოშობით ქისტს, ჰამზათ ბორჩაშვილს (ამის შესახებ "კვირის პალიტრა" წერდა). კადიროვმა მამას ურჩი ქალიშვილის შინ დაბრუნება მოსთხოვა. სედამ (სირიაში - აიშა) შინ დაბრუნებაზე უარი თქვა. კადიროვმა სიძის დედას პანკისის ხეობაში ხალხი მიუგზავნა - თუ შვილის სიცოცხლე გინდა, გოგო უნდა დააბრუნოო. გამწარებულმა ქალმა სირიაში ჩააკითხა შვილს. რძალი გაჯიუტდა - ჩემი ადგილი აქ არის, აქ ვაპირებ ცხოვრებასო. კადიროვმა დურდუკაევი თანამდებობიდან გადააყენა, ორი  თვის შემდეგ სედას სირიაში ქმარიც მოუკლეს (ის ბათირაშვილის თარჯიმანი იყო). დედამთილმა კვლავ შესთავაზა რძალს  დაბრუნება. უარი მიიღო. სედა ომარ ალ შიშანის მიერ აშენებულ თავშესაფარში გადავიდა, სადაც შაჰიდების“ოჯახები ცხოვრობდნენ, სამი თვის შემდეგ კი ცოლად ომარ ალ შიშანმა მოიყვანა (წესის მიხედვით, შაჰიდის ქვრივის ცოლად მოყვანა დიდ კეთილშობილებად ითვლება).

2014 წლის 9 სექტემბერს აშშ-ის ავიაიერიშს ქალაქ მოსულზე "ისლამური სახელმწიფოს" რამდენიმე ლიდერი შეეწირა, მAაშინ არაფერი თქმულა ომარ ალ შიშანზე, რომელიც იმ დროს მოსულში უნდა ყოფილიყო. პანკისში ამბობდნენ, თარხანი კარგად არისო. არადა, "კვირის პალიტრას" სირიულმა წყარომ აცნობა, დაჭრილიაო,  თუმცა რა ვითარებაში დაიჭრა, არ დაუზუსტებია.

სანდო წყარომ გაგვიმხილა, რომ ომარ ალ შიშანი ჯერ კიდევ სექტემბერში გადაჰყვა მძიმე ჭრილობებს.  სედა დურდუკაევამ ნათესავებს ტირილით დაურეკა, კვლავ შაჰიდის ცოლი გავხდიო. თანაც სირიაში ნამყოფი ჩეჩენი მებრძოლები ამბობენ, ომარ ალ შიშანი კარგა ხანია, არავის უნახავსო. მაშ, რატომ ვრცელდება განცხადებები მისი სახელით, ან როგორ მოხვდა სექტემბერში გარდაცვლილი ოქტომბრის ბოლოს ქალაქ კობანიში მოჯაჰედების პოზიციებზე? იმავე წყარომ გვიპასუხა, - ამბობენ, ომარის სახელით მისი შუათანა ძმა იბრძვისო.
შუათანა ძმა, თამაზი, პირველად მამამ, თემურ ბათირაშვილმა ახსენა ამერიკულ გამოცემა "დეილი ბისტთან" ინტერვიუში -  თარხანი მხოლოდ ფასადი იყო, მის უკან მისი ძმა, თამაზი იდგა. სწორედ მას უნდა უმადლოდეს თარხანი სამხედრო წარმატებებს სირიაშიო. "კვირის პალიტრა" შეეცადა, გაეგო, რა სახელით იცნობდნენ თამაზს სირიაში მოჯაჰედები, თუმცა, ეს ვერავინ  გვითხრა.

ძალიან მწირი ცნობების გამო არ ხერხდება გადამოწმება, ნამდვილად გარდაიცვალა თუ არა "წითური გენერალი" და დგას თუ არა უკვე ლეგენდად ქცეული ომარ ალ შიშანის სახელის მიღმა თამაზ ბათირაშვილი.
.
14 მაისი 2015 18:16
ძლიარ მეომრებს როდი აფასებენ საქარტველოსჰი .
ქეთი
04 მაისი 2015 17:34
ეს ორი მონსტრი ამერიკა და რუსეთი არ ასვენებენ ადამიანებს საკუთარ სახლში მაგათი სახლები ვნახე გადამწვარი!!!
Pshaveli
07 თებერვალი 2015 20:27
არ მომკვდარა ცოცხალია, და საერთოდ სადან იგებენ ასეთ ინფორმაციებს სედამ ვის დაურეკა, ამ სტატიაში ბევრი ტყუილია :(

რედაქტორის რჩევით