"ჩვენ ისევ დავბრუნდებით!" - "კავკასიის ემირატი" გროზნოში "საქმეს შეუდგა"? - კვირის პალიტრა

"ჩვენ ისევ დავბრუნდებით!" - "კავკასიის ემირატი" გროზნოში "საქმეს შეუდგა"?

"გამარჯვება ან სამოთხე!" - გროზნოს თავდასხმის უკან მდგარი თვითმკვლელთა ბატალიონის, "რიად უს სალიჰინის" ლოზუნგი

"ჩვენ შემოვედით ემირ ჰამზათის ბრძანებით, ამჟამად მიმდინარეობს ბრძოლები. ჩვენ ერთგულება შევფიცეთ "კავკასიის ემირატის" ემირს - აბუ მუჰამედს, ქალაქში ბევრი მოჯაჰედი შემოვიდა. ეს ჩვენი შაჰიდური ოპერაციაა (შურისძიება იმისთვის, რომ შეავიწროეს მუსლიმი ქალები - ჩვენი დები) და უკვე ჩანს შედეგები: ალაჰმა ისინი გაანადგურა ჩვენი ხელით".

"კავკასიის ემირატის"

მებრძოლების მიმართვიდან,

გროზნო, 2014 წ. 4 დეკემბერი

"ჩვენ გვაქვს დოკუ უმაროვის ძმის ჩანაწერი. ვინც და რაც კი გააჩნდათ, გროზნოზე მოუშვეს, რათა ხმაური აეტეხათ. ვფიქრობდით, რომ ისინი 12-ში (კონსტიტუციის დღე. - ავტ.) შემოვიდოდნენ, მაგრამ ეს მათ დღეს გააკეთეს".“

რამზან კადიროვი,

2014 წ. 4 დეკემბერი,

ტელეარხი "როსია-24"

"თუ "კავკასიის ემირატს" ვინმემ გადაუხადა, ალბათ, უკრაინის სპეცსამსახურები უნდა ყოფილიყო. ასე მოახდენდნენ რეაგირებას სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში ჩეჩენი მებრძოლების სიმრავლეზე. თანაც, ეს იქნებოდა ერთგვარი გზავნილი კადიროვისთვის - განსაკუთრებით ფედერალური მიმართვის კონტექსტში".

ჰაიდარ ჯემალი,

"ისლამური კომიტეტის" თავმჯდომარე, 2014 წ. 5 დეკემბერი

"ჩვენ მივდივართ, მაგრამ ყოველთვის ვბრუნდებით, ახლაც დავბრუნდით".“

შამილ ბასაევი, გროზნო,

1995 წ. 8 დეკემბერი

2014 წლის 4 დეკემბრის დილის 6 საათი იქნებოდა. გროზნოს მე-20 სკოლის დარაჯი, შუახნის ქალბატონი, სამსახურში მივიდა და წესისამებრ სკოლის შემოვლა დაიწყო. მესამე სართულის დერეფანში კედელზე აკრული ბიჭუნა დაინახა. ბიჭმა ვიღაცას დარაჯზე თითით ანიშნა.

"მოულოდნელად კუთხიდან შავფორმიანი შეიარაღებული მამაკაცი გამოვიდა და იატაკზე გაწვა, ეტყობა, არ უნდოდა, ფანჯრიდან ვინმეს დაენახა. შემდეგ ნელ-ნელა წამოიმართა და ყუმბარმტყორცნი დამიმიზნა. ამ დროს ბალთა ჩამოუვარდა. დრო ვიხელთე და გამოვიქეცი. უკნიდან აფეთქების ხმა მომესმა და ტალღამ ჰაერში ამაგდო. ტელეფონი იატაკზე დამივარდა. ფეხებზე ნამსხვრევები შემეყარა, თუმცა, გამოქცევა მაინც შევძელი", - იხსენებს ქალბატონი. როდესაც ქალბატონი გარეთ გამოვარდა, შორიახლოს მდგომმა სამართალდამცავებმა სკოლას სროლა აუტეხეს. ასე გაიგეს გროზნოში, რომ "კავკასიის ემირატის" მებრძოლებს სკოლის შენობა ჰქონდათ დაკავებული. თუმცა, სამართალდამცავების საფიქრალი მხოლოდ სკოლა არ იყო.

4 დეკემბერს, ღამის 01 საათზე, გროზნოს ცენტრში საგზაო მილიციის თანამშრომლებმა საბუთების შესამოწმებლად სამი ავტომანქანა გააჩერეს, მაგრამ ფორმიანი მგზავრების შემოწმება გადაიფიქრეს. თუმცა, მოულოდნელად ავტომანქანებიდან ცეცხლი გაუხსნეს. დაიღუპა სამი და დაიჭრა რამდენიმე კაცი. თავდამსხმელები სროლა-სროლით შეიჭრნენ მახლობლად მდგარ საგამომცემლო სახლში (აქ განთავსებულია რედაქციები; იქვეა სახელმწიფო ტელევიზიის შენობა და სამთავრობო კვარტალი). მალე გროზნოს ცენტრში ლოკალური ბრძოლა დაიწყო. გავრცელდა "კავკასიის ემირატის" მებრძოლთა განცხადება. მსოფლიომ გაიგო, რომ ჩეჩნეთის დედაქალაქი შურისძიების სამიზნე იყო. დილითვე ცნობილი გახდა, რომ მეამბოხეებს სკოლის შენობაც დაეკავებინათ. თავდამსხმელებმა დარაჯის ტელეფონით ნათესავებთან რეკვა დაიწყეს - სკოლაში მოდითო(?!). სწორედ ამ ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდნენ მათ სამართალდამცავები მოსალაპარაკებლად. მეამბოხეებმა სკოლიდან ბავშვი და ერთი ქალბატონი გამოუშვეს. დაიწყო სკოლის იერიში. მთელი დღე სროლა ისმოდა გროზნოს ბაზარშიც, იწვოდა რამდენიმე შენობა.

ასმათი (პანკისის ხეობის მკვიდრი), - "გროზნოს ბაზარში ვერცხლით ვვაჭრობ. 3 დეკემბერს ქალაქში სიმშვიდე იყო, რამზან კადიროვის გამოსვლას აჩვენებდნენ. ამბობდა, ჩეჩნეთში მოჯაჰედები არ არიან, რომც იყვნენ, თითსაც ვერ გაანძრევენო. ღამით სროლა შემომესმა, შემდეგ შეწყდა, თუმცა, მალევე განახლდა... დილით დადიოდნენ და გვაფრთხილებდნენ, ქუჩაში ცხვირი არ გაყოთო. ვიღაცამ ამბავი მოიტანა, - ბაზარი იწვისო. გულს შემომეყარა... თქვეს, კადიროვი მოსკოვში გაიქცაო, მერე თითქოს გამოჩნდა ქალაქში... შიშით ხმას ვერ ვიღებთ. ამბობენ, 300 თუ 400 მეამბოხეა გროზნოშიო..."

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ  4 დეკემბრის მოვლენების უკან ჩეჩნეთის ემირი ასლან ბატუკაევი, იგივე ემირ ჰამზათი (წლების განმავლობაში დოკუ უმაროვის მარჯვენა ხელი) უნდა იდგეს. 2010 წლის 29 მარტს მოსკოვის ცენტრში მეტროს ორ სადგურში ქალმა თვითმკვლელებმა თავები აიფეთქეს, ტერაქტებს მრავალი სიცოცხლე შეეწირა. ეს ტერაქტები გახდა მიზეზი "კავკასიის ემირატში" განხეთქილებისა. რამდენიმე საველე მეთაური დოკუ უმაროვს დაუპირისპირდა - იჩქერიის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაზე ხელი აიღეო, გარდა ამისა, წინააღმდეგნი იყვნენ თვითმკვლელები ჩრდილოეთ კავკასიის გარეთ, მით უფრო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ გამოეყენებინათ (თვითმკვლელებს მხოლოდ სამართალდამცველთა და სპეცსამსახურების წარმომადგენელთა ლიკვიდაციისთვის იყენებდნენ და ისიც მხოლოდ ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორიაზე). კონფლიქტი იქამდე მივიდა, რომ 2010 წლის აგვისტოს დასაწყისში დოკუ უმაროვმა ცნობილი  განცხადებით ემირის უფლებამოსილება მოიხსნა და თავის ადგილზე ალამბეკ ვადალოვი დანიშნა. მაშინ ექსპერტები ფიქრობდნენ, რომ ეს "კავკასიის ემირატის" დასასრულის დასაწისი იყო. სწორედ ამ დროს ერთმა თითქმის უცნობმა მეთაურმა, ასლან ბატუკაევმა მოახერხა დაერწმუნებინა მეამბოხე მეთაურები, უმაროვს შერიგებოდნენ. ბატუკაევის გარჯის შედეგად უმაროვი კვლავ ემირი გახდა. ცხადია, მან უკვე ემირ ჰამზათს ამაგი დაუფასა, სამხრეთ-დასავლეთის მიმართულების ხელმძღვანელად დანიშნა და ლეგენდარული თვითმკვლელთა ბატალიონი "რიად უს სალიჰინი" (მართლმორწმუნეთა ბაღი) ჩააბარა.

ამ ბატალიონის სახელი პირველად მოსკოვში, "ნორდოსტის" ცნობილი მოვლენების დროს გახმაურდა. ცნობილი გახდა მათი ლოზუნგიც - "გამარჯვება ან სამოთხე!". "რიად უს სალიჰინის" დამაარსებელი შამილ ბასაევი იყო. იმ დროისთვის ბატალიონში 90-მდე თვითმკვლელი ირიცხებოდა. ბასაევის სიკვდილის შემდეგ ეს ბატალიონი 2006 წლის შემოდგომამდე არავის გახსენებია - მაშინ თვითმკვლელმა თავი აიფეთქა სამარშრუტო ტაქსიში, რასაც 12 კაცის სიცოცხლე შეეწირა. 2009 წლის აპრილში დოკუ უმაროვმა ბატალიონის აღდგენის შესახებ განაცხადა, იმ დროისთვის "რიად უს სალიჰინში" 20 კარგად მომზადებული თვითმკვლელი იყო, ემირ ჰამზათის (ასლან ბატუკაევის) მეცადინეობით ბატალიონმა რამდენიმე გახმაურებული ტერაქტი მოახდინა.

მოსკოვში, დომოდედოვოს აეროპორტში მომხდარი ტერაქტის გამო რუსეთმა ბატუკაევის ძებნა გამოაცხადა. მასზე ნადირობა ცნობილმა "ბერლინის ჯგუფმაც" დაიწყო (ეს სამხედრო დანაყოფი რუსი სპეცსამსახურების მიერ შექმნილი ებრაული რაზმის, "ღვთის რისხვის" ანალოგია და ევროპაში ჩეჩენი მეამბოხეების ლიკვიდაციაზე მუშაობს. შტაბბინა ბერლინშია).

2011 წლის მარტში ინგუშეთის  სოფელ ზემო ალქუნში ანტიტერორისტული  ოპერაციის დროს მოკლეს 19 მებრძოლი, მაშინ რუსული მედია ჯიუტად ამტკიცებდა, დაღუპულთა შორის არიან დოკუ უმაროვი და მკვლელთა იდეოლოგი ასლან ბატუკაევი - ემირ ჰამზათიო. ეს ინფორმაცია არ დადასტურდა. 2011 წლის 16 სექტემბერს სტამბოლში, დღისით, მზისით, ქუჩაში კილერმა 3 ჩეჩენი მოკლა მაყუჩიანი პისტოლეტით. მკვლელი“"ბერლინის ჯგუფის" წევრი აღმოჩნდა, ხოლო ერთ-ერთი მოკლული ემირ ჰამზათი არა ასლან ბატუკაევი, არამედ ჰაჯი მუსაევი იყო (მასაც ემირ ჰამზათად იცნობენ). როცა ამ ერთი წლის წინ დოკუ უმაროვის გარდაცვალება "კავკასიის ემირატშიც" დაადასტურეს, მავანნი ფიქრობდნენ, რომ უმაროვს ემირ ჰამზათი შეცვლიდა, მაგრამ ემირი დაღესტნელი ალისხაბ კაბეკოვი - ემირ მუჰამედი გახდა, ხოლო ემირ ჰამზათს ისევ მეორეკაცობა და თვითმკვლელთა ბატალიონი ერგო...

ამბობენ, გროზნოს 4 დეკემბრის მოვლენებს წინ უსწრებდა თურქეთში მორიგი საქმის გარჩევა "კავკასიის ემირატს" და იჩქერიის დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ წრეებს შორისო, თუმცა შედეგი ჯერ უცნობია.

P.შ. საგულისხმოა, რომ ჩეჩნეთის დედაქალაქს დეკემბერი საბედისწეროდ ექცა: 1994 წლის 11 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტ ბორის ელცინის ბრძანებით, მართლწესრიგის დასამყარებლად რუსეთის ჯარი გროზნოს მიუახლოვდა, რაც პირველი ჩეჩნეთის ომის დასაწყისად იქცა, 1995 წლის 8 დეკემბერს შამილ ბასაევმა ჯოჰარ დუდაევს დანაპირები შეუსრულა და გროზნო აიღო. 1999 წლის 26 დეკემბრიდან (მეორე ჩეჩნეთის ომის ფაზა) დაიწყო გროზნოს ცნობილი ალყა. იმ დროს ქალაქს შამილ ბასაევის 1 200 მეომარი იცავდა, ხოლო გროზნოს მისადგომებთან 14 000 ჯარისკაცი და საბრძოლო ტექნიკა იყო თავმოყრილი. ქალაქის დამცველები ქალაქს  6 თებერვლამდე იცავდნენ, შემდეგ გროზნო დატოვეს, თუმცა, მანამდე ადგილობრივი მოსახლეობა და პრეზიდენტი (ასლან მასხადოვი) უსაფრთხოდ გაიყვანეს. ქალაქი  ბოლოს შამილ ბასაევმა დატოვა მცირერიცხოვან ჯგუფთან ერთად ფიცით: "ჩვენ ისევ დავბრუნდებით!"“