1998 წლის 9 თებერვალს... - კვირის პალიტრა

1998 წლის 9 თებერვალს...

1997 წლის ოქტომბრის ერთ საღამოს. ჩეჩნეთში, სალმან რადუევის საველე-სამხედრო ბაზას ზვიად გამსახურდიას დროინდელი საქართველოს უზენაესი საბჭოს რამდენიმე წევრი ეწვია.

- გროზნოში გავიგეთ, რომ ბაზაზე ქართველთა ერთი ჯგუფი სამხედრო წვრთნას გადის. მათთან შეხვედრა გვინდა. იქნებ დაგვეხმაროთ, - სთხოვეს მასპინძლებს, რომელთაც ეტყობოდათ, აშკარად არ ესიამოვნათ დაუპატიჟებელი სტუმრების მოსვლა.

რამდენიმე საათში ქართველ სტუმრებთან 30-ოდე წლის, მაღალი, ვაჟკაცური აღნაგობის ბიჭი მივიდა.

- გავიგე, გვეძებთ. ალბათ სათქმელი გექნებათ რაღაც... - ბიჭის ხმას ირონია შეჰპარვოდა.

- სათქმელი მართლაც გვაქვს, მაგრამ მხოლოდ ჯგუფის უფროსთან! - იყო პასუხი.

- მე ვარ უფროსი! - მოკლედ მოუჭრა მოსულმა და დასძინა, - გოჩა ესებუა!..

- გოჩა ესებუა?! - ერთ-ერთი სტუმარი თითქოს მის გახსენებას ცდილობდა, მაგრამ ამაოდ.

- დრო ბევრი არა მაქვს! მითხარით თუ რამე გაქვთ სათქმელი და მოვრჩეთ! - ულტიმატუმი წამოაყენა ესებუამ.

- გროზნოში გავიგეთ, რომ თქვენი ჯგუფი რაღაცას გეგმავს. არ ვიცით, აქ რატომ ხართ ან რას აკეთებთ, მაგრამ იცოდეთ, რომ საქართველოს კანონიერი ხელისუფლება ყოველგვარი ტერაქტისა თუ დივერსიის წინააღმდეგია და ამგვარ რამეს ჩვენი სახელით ვერ გააკეთებთ.

ერთხანს სიჩუმე ჩამოვარდა.

- მე ტერორისტი არ ვარ! - ზარივით გაისმა სიჩუმეში ესებუას ხმა, რომელიც ამ სიტყვების დასრულებისთანავე შეტრიალდა და დაუმშვიდობებლად დაშორდა თანამემამულეებს. ქართველთა დელეგაციის წევრები მიხვდნენ, რომ მათი წასვლის დროც დამდგარიყო და ბაზა დატოვეს.

გზაში მოულოდნელად მათ წინ მანქანა გადაუდგა, სანამ გონზე მოსვლას მოასწრებდნენ, მეორე მანქანაც მოუახლოვდათ. იქიდან გოჩა ესებუა და კიდევ რამდენიმე შეიარაღებული პირი გადმოვიდნენ.

- მე ჩემი საქმე მაქვს, თქვენ - თქვენი! მეორედ თქვენს სტუმრობას ნამდვილად არ ველი, წინააღმდეგ შემთხვევაში, სხვანაირად მოვიქცევით. ახლა მშვიდობიან გზას გისურვებთ!.. - ესებუა არ ხუმრობდა...

უზენაესი საბჭოს წევრები თითქმის მთელი გზა დუმდნენ. მოულოდნელად სიჩუმე ერთ-ერთმა მათგანმა დაარღვია.

- ახლა გამახსენდა ეს ბიჭი. ძმა მოუკლეს პარლამენტის წინ, როდესაც პრეზიდენტს იცავდნენ. ტყვიამ გოჩას შუბლი გაუკაწრა, მერე კი მის ძმას, გიას ეძგერა და მოკლა... ამბობენ, იმ ტყვიას გულზე დაკიდებულს ატარებსო...

- მაგარი გამწარებული ყოფილა... - ჩაილაპარაკა მეორემ თავისთვის.

1998 წლის 9 თებერვალს, თბილისში ღამით, სამასი არაგველის ძეგლის პირდაპირ მდებარე ბაღში რამდენიმე მამაკაცი სიცივეს არყით ებრძოდა.

- ღამით სიცივე სცოდნია თბილისს!.. - იხუმრა ერთ-ერთმა.

- არა უშავს, ცოტა შევხურდით კიდეც. თუმცა, ხომ არ ჯობდა, მანქანაში დავრჩენილიყავით.

- საბირჟაოდ ხომ არ ჩამოვსულვართ, საქმე გვაქვს გასაკეთებელი. სჯობს, ადგილზე ვიყოთ, - თქვა გულუამ და რამდენიმეწამიანი პაუზის შემდეგ განაგრძო, - საქმეზე გამახსენდა, გოჩა! თავიდან სიმართლე გითხრა, ჩეჩნეთში რომ მივდიოდით, მეგონა, აფხაზეთის ომისთვის ვემზადებოდით.

- ჩვენც ასე ვფიქრობდით, - დაეთანხმა გიორგი მელაძე.

- ჩვენი აფხაზეთი ამ ბაღთან იწყება! - ჩაილაპარაკა გოჩა ესებუამ, - საქართველო ჯერ აქ უნდა გავათავისუფლოთ და ეს დღეს უნდა გავაკეთოთ.

- პოჩემუ ტი ზადუმალსია, ოსმან? - მიუბრუნდა ესებუა ჯანგალიევს, რომელიც ჩაფიქრებული იჯდა და მათ საუბარს ყურადღებას არ აქცევდა.

- პროსტა ტაკ... კაკ უ ნას, ვ ჩეჩნე გოვარიათ, პუსკაი ნამ ალაჰ პომოჟეტ...

საუბარი მობილურის ზარმა შეაწყვეტინა.

- გიზო მესხია რეკავს, - თქვა გოჩამ და ტელეფონი გახსნა. საუბარი რამდენიმე წუთს გაგრძელდა.

- მოვემზადოთ! ესკორტი კანცელარიიდან გამოვიდა. მარშრუტი არ შეუცვლიათ, აქ გამოივლიან... - ამ სიტყვებით ესებუა წამოდგა. Oორ წუთში ყველა თავის ადგილზე იყო.

- ა  მოჟეტ ვსიო ტაკი ია ბუდუ სტრელიატ? - ჰკითხა ჯანგალიევმა ეჯიბიას.

- ნე ნადა, ია ტოჟე უსპეიუ! - და ეჯიბიამ ნაღმმტყორცნს ხელი დაავლო. შევარდნაძის ავტომანქანისთვის მას უნდა ესროლა.

ჩასაფრებულებს წუთები უკვე საათებად ეჩვენებოდათ, დაძაბულობაც მატულობდა. ამასობაში ესკორტიც გამოჩნდა.

- ამ დღემაც ჩაიარა, კრწანისიდან ხომ არ გაგვევლო სადმე?

- დავაი. მოვიფიქროთ! - პრეზიდენტის დაცვის მანქანაში ბიჭები კარგ ხასიათზე იყვნენ.

- რას ჩაუბნელებიათ ეს მონაკვეთი? - გაიფიქრა თავისთვის ერთ- ერთმა დაცვის წევრმა და მანქანის ფანჯრიდან იქაურობის შეთვალიერებას შეეცადა, როდესაც ბაღში ავტომატიანი პირები დალანდა. უკვე გვიანი იყო, ესკორტს ცეცხლი გაუხსნეს.

- არ გაჩერდე, იარე! - უყვიროდა პრეზიდენტის მანქანაში მყოფი დაცვის უფროსი მძღოლს, - თუ გაჩერდები, იოლად მოგვარტყამენ! იარე, იარე!.. - უცებ მანქანა შეტორტმანდა, მძღოლმა საჭის დამორჩილება ძლივს მოასწრო.

- ეტყობა, მუხა გვესროლეს! იარე, იარე, არ გაჩერდე! - კვლავ ყვიროდა დაცვის უფროსი და გამწარებული მიშტერებოდა მათ უკან ცეცხლის ალში გახვეულ ესკორტის მანქანებს. პრეზიდენტის მანქანამ ინერციით რამდენიმე ათეული მეტრის გავლა კიდევ მოასწრო და პეტრე ბაგრატიონის ძეგლთან გაჩერდა. ბედად, იქვე მდგარი საგზაო პოლიციის მანქანა შენიშნეს და პრეზიდენტი უსაფრთხოდ აიყვანეს რეზიდენციაში..

- ბიჭები როგორ არიან? - იკითხა ედუარდ შევარდნაძემ.

- დამიხოცეს!.. - სიმწრის ცრემლს ვეღარ იკავებდა დაცვის უფროსი, - ოღონდ ჯერ არ ვიცი, რამდენი.

სულ მალე პრეზიდენტს მოახსენეს, რომ ძალოვანი უწყების ხელმძღვანელები უკვე კრწანისის რეზიდენციაში იმყოფებოდნენ.

- მართალი იყავი, შენ უნდა გესროლა! - დანანებით გადაულაპარაკა ეჯიბიამ ჯანგალიევს, მაგრამ ამ უკანასკნელს ხმა არ გაუცია, რადგან უკვე მკვდარი იყო.

- წავედით, წავედით! - გაისმა გოჩა ესებუას ხმა. - ყველანი მანქანებში! ერთად არ უნდა ჩავსხდეთ, თორემ დაკავების შანსი დიდი იქნება! ეცადეთ, იარაღი არ დატოვოთ!..

გოჩა ესებუა გამწარებული იყო ოპერაციის უშედეგოდ დამთავრების გამო. მოკლული ჩეჩნის წაღება ვერ მოახერხეს, შემთხვევის ადგილზე დატოვეს.

- გზები გადაკეტილია, შორს ვერ წავლენ! - თავის მართლებას ცდილობდა შინაგან საქმეთა მინისტრი.

- კახა, შემთხვევის ადგილზე ალბათ იყავით უკვე! როდესაც ამ მასშტაბის ტერაქტი შინაგან საქმეთა სამინისტროდან ორასიოდე მეტრში ხდება, მინისტრს სალაპარაკო უფრო მეტი უნდა ჰქონდეს, ასე არ არის? - პრეზიდენტი მინისტრისგან პასუხს ელოდებოდა, მაგრამ ეს უკანასკნელი დუმდა. დუმდნენ გენერალური პროკურორი და უშიშროების მინისტრიც. თავის მართლებას აზრი არ ჰქონდა.

- შემთხვევის ადგილზე უკვე უამრავ ძალოვანს მოეყარა თავი. გადაკეტილი იყო ყველა გზა. თავისუფლების მოედანზე პოლიციის სამი საპატრულო ჯგუფი იდგა.

- ყველა გზა მოჭრილი გვაქვს! ერთადერთი გამოსავალი ნარიყალიდან ფეხით გადასვლაა. მაგრამ იარაღით გაძეძგილ მანქანებს რა ვუყოთ... - ხმამაღლა ფიქრობდა გოჩაA ესებუა. მათი სამარშრუტო ტაქსი თავისუფლების მოედანს უახლოვდებოდა.

- გზის გაგრძელებას აზრი არა აქვს. მოედანზე დაგვაკავებენ, ერთადერთი შანსია, ისევ ორთაჭალით უნდა წავიდეთ!

- ეს სიგიჟეა! - წამოიყვირა დაჭრილმა გიორგი მელაძემ, - როგორ გაგვატარებენ იმ ტრასაზე, სადაც 15 წუთის წინ ქვა ქვაზე არ დავტოვეთ, თან იარაღით სავსე მანქანით, ეს ხომ წარმოუდგენელია. იქ ალბათ უკვე ასობით პოლიციელია!..

- სწორედ წარმოუდგენელი რომ არის, ეს გვაძლევს შანსს. ჩვენ იქ არავინ გველოდება, ამიტომაც იქნებ ღირდეს გარისკვა.

- მართალი ხარ! - დაეთანხმა ესებუას მძღოლი და სამარშრუტო ტაქსის სამგზავრო ტრაფარეტი გაუკეთა, - ვითომ სამარშრუტო ხაზზე ვმოძრაობ...

მანქანამ გეზი ისევ ორთაჭალისკენ აიღო. როდესაც შემთხვევის ადგილს ჩაუარეს, მძღოლმა სვლა უნებურად შეანელა. ნანახით გაოგნებულები იყვნენ, ესკორტის რამდენიმე მანქანას ცეცხლი ისევ ეკიდა, ტყვიებით დაცხრილული და დამწვარი მანქანები საშინელი სანახავი იყო. შეძრწუნებული ჩანდა თავად ესებუაც..

- დროზე გაიარეთ, ნახეთ, რა თქვენც სანახავი! - პოლიციელის ხმამ გამოარკვია მანქანაში მსხდომნი. - არ გესმის, გაიარე დროზე! - მიუბრუნდა მძღოლს პოლიციელი.

დაბნეულმა მძღოლმა პასუხის ნიშნად თავი დაუქნია და სიჩქარეს მოუმატა...

ღამით ესებუამ მესხიას დაურეკა:

- მშვიდობაა თქვენკენ?

- ჯერჯერობით,

- გადაღება მოახერხეთ?

- კი, შეძლებისდაგვარად, თითქმის ყველაფერი ჩანს.

- კარგი, მაგრამ კასეტა გადამალეთ სადმე, თან არ ატაროთ.

- კარგი. გავიგე მელაძე დაუჭრიათ...

- ჰო, ცუდად არის, მაგრამ საავადმყოფოში ვერ მიგვყავს, ხომ იცი... ახლა ნახალოვკაში გვყავს, ბევრი სისხლი დაკარგა... აბა, თქვენ იცით, კასეტა სადმე შეინახეთ.

13 თებერვალს ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელები ინფორმაციის გასაცვლელად შეიკრიბნენ.

- როგორ არის საქმე? - იკითხა გენერალურმა პროკურორმა.

პასუხი უშიშროების მინისტრმა დაასწრო: - 11 თებერვალს ჩემი სამსახურისთვის გახდა ცნობილი, რომ ლოტკინის მთაზე საეჭვო მანქანა შეამჩნიეს. გაიხსნა სამეთვალყურეო პოსტი. იმ ღამით მანქანასთან არავინ გამოჩენილა, მეორე დღეს შევამოწმეთ და მასში დიდი ოდენობით იარაღი აღმოვაჩინეთ. რაც მთავარია, ბლოკნოტი ვიპოვეთ, სადაც ჩვენთვის საინტერესო ტელეფონის ნომრებია. ასეთი თორმეტია. დავადგინეთ ავტომანქანის მფლობელი. ის ეჯიბია გახლავთ.

- რომელიც წინა დღით სატრანსპორტო პოლიციას დაუკავებია შემთხვევით, - საუბარში შინაგან საქმეთა მინისტრი ჩაერთო. - ეჯიბია დაიკითხა და მეტად საინტერესო ჩვენება მოგვცა, ასე არ არის არის, ბატონო ჯემალ?

- მართალი ხართ! - დაეთანხმა უშიშროების მინისტრი ჯემალ გახოკიძე.

- ჩვენ, ეჯიბიას მეშვეობით დავადგინეთ ის მისამართები, სადაც ორი თვის განმავლობაში ცხოვრობდნენ თავდასხმაში ეჭვმიტანილები. გავჩხრიკეთ ბინები, ნაძალადევში, ერთ-ერთ ბინაში სისხლიანი ლეიბები ვიპოვეთ... რატომღაც მგონია, რომ დაჭრილი მეგობარი სწორედ ამ ბინაში მოუკვდათ.

- როგორც მითხრეს, ერთ-ერთი მაგათი ბინის ქვედა სართულზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ცხოვრობს, - განმარტა პროკურორმა, - ეს თუ მართალია, გამოდის, რომ ორი თვის განმავლობაში ტერორისტები თქვენი მოადგილის ცხვირწინ ტრიალებდნენ. მეტიც, ტერაქტისთვის ემზადებოდნენ.

პროკურორის გამჭოლი მზერა შინაგან საქმეთა მინისტრს მისწვდა. ამ უკანასკნელს პასუხი არ გაუცია, მხოლოდ უხერხულად შეიშმუშნა.

- კარგი, გავაგრძელოთ... - ჩაილაპარაკა გენერალურმა პროკურორმა.

- ბატონო ჯამლეთ, ჩვენ მივაგენით კასეტას, რომელზეც ტერაქტია აღბეჭდილი... - შინაგან საქმეთა მინისტრის ხმაში კმაყოფილება იგრძნობოდა. - იგი გიზო მესხიას ლოტკინის მთაზე, ე.წ. სანერგეს დასახლებაში მიუცია თავისი ნათესავისთვის დროებით შესანახავად. კასეტით რომ არ დაინტერესებულიყვნენ, უთქვამს, პორნოფილმია და მისი ყურება მაინცდამაინც მიზანშეწონილი არ არისო. არადა მათი ერთ-ერთი სამარშრუტო ტაქსი ვარკეთილშიც აღმოვაჩინეთ, იარაღით დატვირთული. ავტოსადგომზე იდგა...

- იქ როგორ მოხვდა? - დაინტერესდა უშიშროების მინისტრი.

- რამდენად პარადოქსულადაც უნდა მოგეჩვენოთ, ეს მანქანა, ტერორისტებითა და იარაღით დატვირთული, ჩვენვე გაგვიტარებია. - და შინაგან საქმეთAა მინისტრმა ამ ფაქტის დეტალები გააცნო კოლეგებს.

- დოყლაპიები ვართ, - ჩაილაპარაკა თავისთვის ჯემალ გახოკიძემ და იქ მყოფთ თავისი მოსაზრება გააცნო:

- რადგან პრეზიდენტზე თავდასხმაში ეჭვმიტანილთა უმრავლესობა სამეგრელოდანაა, გამორიცხული არ არის, სწორედ ამ რეგიონს შეაფარონ თავი. ამიტომ მართებულად მიმაჩნია იქ საგამოძიებო და ოპერატიული ჯგუფების გაგზავნა!..

უშიშროების მინისტრს გენერალური პროკურორიც დაეთანხმა. თათბირი კიდევ დიდხანს გაგრძელდა.

იმავე საღამოს უშიშროების მინისტრს მოახსენეს, რომ პრეზიდენტი ელოდებოდა. რამდენიმესაათიანი საუბრის შემდეგ შევარდნაძემ მოულოდნელად თქვა:

- გავიგე, გოჩა ესებუას დაკავების შანსი არსებობდა, მაგრამ ხელიდან გაუშვით.

- მართალი ხართ, - უხალისოდ დაეთანხმა მინისტრი პრეზიდენტს, - ჩემი და პოლიციის სამსახურები კოორდინირებულად არ მოქმედებდნენ, რის გამოც მისი დაკავება ვერ მოხერხდა.

მინისტრი პრეზიდენტს დაემშვიდობა. Kკაბინეტის კართან იგი შევარდნაძის ხმამ შეაჩერა.

- ჯემალ, შოთა კვირაია ამბობს, Mმე რომ მინისტრი ვყოფილიყავი, 9 თებერვლის ტერაქტი არ მოხდებოდაო.

მინისტრი მიხვდა, რომ პრეზიდენტი ამ კითხვაზე პასუხს არ ელოდა, ამიტომ თავი დაუკრა და კაბინეტი დატოვა.

ზუგდიდში მიმავალ ესებუას კი წინ ჯიხაშკარი ელოდა...