სექსი, ფული და ნარკოტიკი - აქსარაის ქართული რეალობა (სტამბოლური დღიური) - კვირის პალიტრა

სექსი, ფული და ნარკოტიკი - აქსარაის ქართული რეალობა (სტამბოლური დღიური)

სექსი, ფული და ნარკოტიკი, - აი, რა არის დღეს აქსარაის ქართული  რეალობა.  სტამბოლის ეს უბანი უკვე წლებია, ათასობით მშიერი და იმედგაცრუებული ქართველის ბედისწერად იქცა. განსაკუთრებული ხალხმრავლობა აქ კვირაობით არის, როდესაც ჩვენს თანამემამულეებს უმძიმესი შრომის შემდეგ ნაზიმი, ანუ დასვენების დღე ეძლევათ. ვიღას არ ნახავთ კვირას აქსარაის ავტოსადგურში. ჩაიხანაში მოკალათებულ ჩვენებურ "დამსაქმებლებს", რომლებიც მუშტრის მოლოდინში კონკურენტი ფირმების“ლანძღვით იქცევენ თავს,“ მორფინისტებს, მეძავებს, რომლებიც ერთი ბოთლი ლუდის შემდეგ სულერთია, ვისთან დაწვებიან, ფაბრიკიდან  უხელფასოდ გამოგდებულ ათობით მამაკაცს, რომლებიც ავტოსადგურში წრიალებენ სამსახურის ან ნარკოტიკის ძიებაში, მოსამსახურე ქალებს, რომლებსაც პატრონის უჩუმრად ცოტაოდენი საჭმელი აქვთ წამოღებული, რომ ჩაიხანაში ერთმანეთს გაუმასპინძლდნენ. ხანდახან ავტოსადგურს ქალის კივილი შეძრავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიღაცას სიმწრით ნაშოვნი ფული ამოაცალეს ან ჩანთა მოჰპარეს. განსაკუთრებით ცუდ დღეში თურქეთში პირველად ჩამოსულები არიან - უამრავი დაპირების მიუხედავად, ავტოსადგურზე მათ არავინ ხვდებათ და ამიტომ იქვე უწევთ ღამის გათევა. ასე გრძელდება მანამ, ვიდრე რომელიმე დამსაქმებლის ხელში არ აღმოჩნდებიან...

დიდი ხანია, აქსარაიში "დამსაქმებლობა" სარფიან საქმედ იქცა. ასობით საქართველოს მოქალაქე ხდება მათი მსხვერპლი. ე.წ. დასაქმების ოფისები - ნაქირავები ბინებია, სადაც "დამსაქმებელს" უმუშევარი ხალხი მოჰყავს და ღამით დარჩენის საშუალებას აძლევს, ჭამასთან ერთად ეს დღეში 10-15 ლირა ჯდება. სამსახურის გამოჩენამდე ზოგს კვირაობით უწევს იქ ცხოვრება და როცა სამსახური გამოჩნდება, მათ დამსაქმებლის უკვე გვარიანი ვალი აქვთ, ამას ემატება საკომისიო, რომელიც პირველი ხელფასის ნახევარი ან 80%-ია. როგორც აქსარაიში ამბობენ, ყოფილა შემთხვევები - ქალები სამუდამოდ დაკარგულან.

მამუკა, მტვირთავი აქსარაიში, - კაკო დადიოდა ერთი, მგონი, ბათუმელი იყო. ქალებზე მუშაობდა. მის ხელში ჩავარდნას სიკვდილი ჯობიაო, - ბევრჯერ გამიგონია. ასე ამბობდნენ, მაგრამ მასთან მაინც მიდიოდნენ... ერთხელ მისი„გოგო“ მოუკლავთ სადღაც და ეს ამბავი იმიტომ გასკდა, ჟანდარმერია რომ ჩხრეკაზე შევიდა მის ბინაში (აქვე, ავტოსადგურთან ჰქონდა ნაქირავები), 35 ქალი აღმოაჩინეს ჩაკეტილი. ერთი ამბავი იყო, მასთან ერთად ქალი დაიჭირეს  (თუ არ ვცდები, ჟანა ერქვა). გვეგონა, ციხეში კაი ხნით გამოკეტავდნენ, მაგრამ ფული ჩაყარა და გამოუშვეს. მას მერე აღარ ჩნდება, მაგრამ მისი ბიჭები დაძრწიან და თუ ვინმე არიფი გამოიჭირეს, მიჰყავთ. აქსარაის პოლიციამ ყველაფერი იცის, მაგრამ ისე აქვთ ქართველებით თავი მობეზრებული, რომ ოღონდ თურქებს არ შევეხოთ და თუნდ დაგვიხოცავს ერთმანეთი. თუ რამეა,  ფულს იღებენ და აქეთ არც იხედებიან.

საქართველოდან ჩასულ მამაკაცებს, ძირითადად ფაბრიკებში ასაქმებენ. ეს ფაბრიკები კი საცხოვრებელი კორპუსების სარდაფებშია. განსაკუთრებით  მძიმეა ჯინსების ფაბრიკაში საღებავ და საუთოო საამქროებში მუშაობა. საამქროშივე სძინავთ.  ერთხელ ერთ ფაბრიკას ცეცხლი გაუჩნდა და შიგ რამდენიმე ქართველი მუშა ცოცხლად ჩაიწვა. პატრონმა დიდი ჯარიმის შიშით ეს არ გაამხილა. ფაბრიკაში 2-3 თვის მუშაობის შემდეგ ჩვენებურებს უშვებენ, თან მეტწილად ხელფასსაც არ აძლევენ.

დაახლოებით ორი წლის წინ თურქეთის ხელისუფლებამ გამოსცა ახალი კანონი, რის თანახმადაც, უცხოეთის მოქალაქეს თურქეთში ყოფნა მხოლოდ სამი თვე შეუძლია, მომდევნო სამი თვე თურქეთში შემოსვლის უფლება არ აქვს (ამბობენ, ეს კანონი ქართველი არალეგალებისგან თავის დასაღწევად მიიღესო)...

ნატო, სატრანსპორტო ოფისის მენეჯერი: "ამ შეზღუდვამ უარეს დღეში ჩაყარა აქაური ქართველები. ძალიან ბევრი სამსახურის დაკარგვის შიშით (სამი თვე რომელი დამქირავებელი დაელოდება!) იძულებული ხდება, პასპორტი გააფუჭოს (რეჟიმი დაარღვიოს, - ავტ.). ერთი ქალი დადის ჩვენთან - საქართველოში ფულს გზავნის ხოლმე. სამი წელია, შინ არ ყოფილა. მოხუცი დედამისი აქეთ იყო ჩამოსული, - არ მინდა ისე მოვკვდე, შვილი ვერ ვნახოო...

ბევრი ქალი ვერ უძლებს ჯაფას და კვდება. 10 წელია, აქ ვმუშაობ და ადრე თუ შუახნის ქალები მოდიოდნენ, ახლა 18-19 წლის გოგონებსაც ვხვდები.  ჩვენ რომ ქვეყანა ვიყოთ, ეს ბავშვები უნდა სწავლობდნენ... გუშინ 18 წლის გოგო გამოუგდია პატრონს.  ატირებულმა მითხრა, - ცოლმა იეჭვიანაო (ქმარი კი იქნებოდა 50 წლის), 10 დღე ვირივით ამუშავეს  და ფულიც არ მისცეს, ისე გამოაპანღურეს. დიასახლისს უჩხუბია, - მეტლახს ჯოხით რატომ წმენდ, მუხლებზე დადექი და ხელით გახეხე, ფულს რაში გიხდითო. სამსართულიანი სახლის ბოლო სართულიდან უყვიროდა ხოლმე ის დედაკაცი, - ამოდი, გარდერობიდან პლედი გამომიღეო; არადა, გარდერობი ხელის გაწვდენაზე ჰქონდა. ეს კიდევ ახალგაზრდაა, მაგრამ ბევრი ვერ უძლებს, აქ ქალებს ისე უჭირთ, რომ წყალს არ ყიდულობენ, ფული რომ დაზოგონ და ონკანის წყალს სვამენ, რომლის დალევაც არ შეიძლება. აქ წამალი ძალიან ძვირია, საგულე საშუალებებიც კი არ აქვთ. ამას წინათ ქალი დაიღუპა გულით. აბა, როგორია, ამდენი აიტანო... რამდენი ოჯახის დედა ლუკმაპურის საშოვნელად აქეთ არის გადმოხვეწილი, მამა კიდევ სხვაგან და იზრდებიან ბავშვები უპატრონოდ, დამრიგებელ-მომფერებელი არავინ ჰყავთ და მერე კიდევ კითხულობენ, რატომ გახდნენ კრიმინალებიო.

რა, ჩვენმა საკონსულომ არ იცის, აქ რაც ხდება? არავინ ყურადღებას არ გვაქცევს. ამდენი მიცვალებული რომ ჩადის აქედან (ნახევარს ნისიად მიასვენებენ. თანაც საბარგულში ჩუმად ვდებთ, ზემოდან ჩანთებს ვაწყობთ. მგზავრებმა თუ გაიგეს, შეიძლება ჩვენს ავტობუსს ახლოსაც არ გაეკარონ. რა ვქნათ, აბა, მიცვალებულს ხომ არ დავუტოვებთ?!), არ უნდა დაინტერესდნენ? განა ასე ბევრი ვართ ქართველები?"

სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულო ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უბანში მდებარეობს. აქსარაიდან იქ მოხვედრა ჩვენს გაჭირვებულ თანამემამულეს საქართველოში დასაბრუნებელი ბილეთის ფასი დაუჯდება.

ირმა: "არც ვიცით, ვინ მუშაობს საკონსულოში. დარწმუნებული ვარ, ქართველები არ იქნებიან, თორემ რა გული უძლებთ, ასეთ დღეში მყოფთ რომ ზედ არ გვიყურებენ. თუ რამე პრობლემა შეგვექმნება, იქიდან გვესმის, - ჩვენ ჩამოგიყვანეთ და დაგაძალეთ აქ მუშაობაო? რაღა ვქნათ ამდენმა გაჭირვებულმა? თურმე საქართველოდან ჩამოდიან დიასპორის მინისტრი და ვიღაცები. მერე ვიგებთ, ემიგრაციას შეხვდნენო. ვინ არის ეს ემიგრაცია? ვინც 100 წლის წინ ჩამოვიდა აქ, მათ მიხედვა რად უნდათ, თურქეთის მოქალაქეები არიან, კარგადაც ცხოვრობენ, დაზღვევაც აქვთ და ამხელა სახელმწიფო კბილებით იცავს მათ უფლებებს. ჩვენ ვინ გვიცავს?"

P.S. 20 იანვარს სტამბოლში ჩვენს საკონსულოს მივაკითხე სიტუაციაში გასარკვევად, თუმცა, ვიცე-კონსულმა ვალერიან ბოდაველმა მითხრა, - გენერალური კონსული ამ დღეებში ვერ მოიცლისო(?!).

გაგრძელება შემდეგ ნომერში.

სამუშაოს ძიებაში

ფატი: "30 წელი ბებიაქალად ვიმუშავე დუშეთში. ბოლო დროს ოჯახს ძალიან გაგვიჭირდა.  იტალიაში ვაპირებდი წასვლას. მეუბნებოდნენ, - 2.000 დოლარად გაგიკეთებთ ვიზასო. ფული პროცენტით ავიღე, მაგრამ საელჩომ უარი მითხრა, არც ფული დამიბრუნეს. დღესხვალობით გავიდა ორი თვე, ამიტომ იძულებული გავხდი, თურქეთში წამოვსულიყავი. ჩემი ქმარი მეუბნებოდა, - სად მიდიხარ, აქამდე სოფელს არ  გაცილებიხარო. სიმართლე გითხრათ, მრცხვენოდა, აქეთ რომ მოვდიოდი, ისეთი ცუდი ამბები მოდის დუშეთში აქაურ ქალებზე. ამხანაგი მპირდებოდა, დაგხვდებიო. გუშინ ჩამოვედი და არავინ დამხვდა. როცა ჩანთიდან საფულე ამომაცალეს (შავი დღისთვის შენახული 100 დოლარი მედო), თავზარი დამეცა.  ტირილი დავიწყე, მაგრამ აქ ისე არიან მიჩვეული ცრემლებს, რომ არც უკითხავთ, რა გიჭირსო. ღამე  ავტოსადგურში, გავატარე, დილით ერთი ქალი დამადგა თავს, შემათვალიერა. სამსახურს თუ ეძებ, მე გაშოვნინებ, კარგ პატრონს ჩაგაბარებ, ოღონდ პირველი თვის ხელფასი უნდა მომცეო. დამპირდა, მანამდე ჩემთან, ოფისში მეყოლებიო, ქუჩაში დარჩენას კიდევ ეს სჯობს".