გულჩვილი ყაჩაღი - გამომძიებლის ჩანაწერები
14-02-2015
გულჩვილი ყაჩაღი  - გამომძიებლის ჩანაწერები
ნუ დამიობლებ და გამიმწარებ შვილებს, დედა ხომ შენც გეყოლება? - დაიკვნესა ნინამ და სწორედ ამ დროს გაისმა გასროლა, ტყვია მხარში ეტაკა და გონი დაკარგა... კაცმა ისევ გადატენა იარაღი, მაგრამ ბოლო მომენტში ჰაერში გაისროლა და სანამ კიბეს ჩაირბენდა, ბოძს მიარტყა თავი.

გაზეთ "კვირის პალიტრის" არქივიდან:


გამომძიებლის ჩანაწერები
- ახლა იმდროინდელ შემთხვევას გიამბობთ, როცა დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი რაიონის გამომძიებლად ვმუშაობდი! - კიდევ ერთ ამბავს იხსენებს ბატონი ბიძინა მეტრეველი.
...ის რაიონი ტრადიციულად მდიდარია.
შემოდგომობით იმდენი ციტრუსი თუ თხილი გაჰქონდა ადგილობრივ მოსახლეობას რუსეთში, მარტო ერთი სეზონის შემოსავლით იშენებდნენ ახალ სახლებს. იმხანად ძალზე პოპულარული ავტომანქანა "ვოლგა" გაზ-24-იც ბევრს ჰყავდა. თუმცა, გარდა კეთილდღეობისა, რაიონი ძარცვა-ყაჩაღობითაც გამოირჩეოდა. ერთი წლის განმავლობაში იმდენი გაუხსნელი ძარცვის საქმე დაგვიგროვდა, რამდენიმეჯერ დაგვიბარეს დედაქალაქში და კარგს რომ არაფერს
გვეტყოდნენ, მიხვდებით ალბათ.
ოჯახის დასაყაჩაღებლად მისულები, მართალია, აღარაფერზე იხევდნენ უკან ფულისა და ძვირფასეულობის მისაღებად, მაგრამ მკვლელობას ერიდებოდნენ, თუმცა კი რამდენიმე შემთხვევა სიკვდილით დამთავრდა.
პირველი 69 წლის საშა დიხამინჯია (გვარ-სახელი აქაც და შემდგომშიც შეცვლილია) დაიღუპა, როცა ყაჩაღებმა იარაღის მუქარით შვილის მიბარებული ათი ათასი მანეთი და ოქროულობა გამოაჩენინეს. ის და მისი ცოლი საწოლზე მიბმულები დატოვეს მძარცველებმა, პირში ტილოჩაჩრილები. კაცს გულის შეტევა მოუვიდა და გარდაიცვალა.
მეორე 72 წლის ვიტალი ბაბუხადია იყო, რომელმაც ბოლომდე ვერ გაიმეტა თავისი ქონება და მიუხედავად ცემისა, არ გაამხილა დამალული ფულის ადგილსამყოფელი. გაღიზიანებულმა ყაჩაღებმა უთო ჩართეს და სხეული "დაუუთოეს", რის გამოც ისიც გულის შეტევით გარდაიცვალა. უთოთი დადაღეს მისი 70 წლის მეუღლეც, რომელმაც არ იცოდა, სად დამალა ქმარმა ფული და შესაბამისად ყაჩაღებმა ვერაფერი წაიღეს, ქალიც სიკვდილს გადაურჩა.
მესამე მსხვერპლი ქალი იყო - 54 წლის გულნარა შარაშია. ყაჩაღებს შინ არ ეგულებოდათ, როცა მისი მძინარე ქმარი საწოლიდან წამოაგდეს და გაკოჭეს. მერე კი ცემა დაუწყეს, რადგან მან სახლში ფულის არსებობა უარყო იმ მოტივით, შარშან სახლი ვალით ავაშენე, წელს ნაშოვნი ფული კი მთლიანად მევალეებს დავურიგეო... მეორე ოთახში მყოფმა მისმა მეუღლემ ფანჯარა გამოაღო და კივილი ატეხა, რომ მეზობლებისთვის ეხმო საშველად. ერთ-ერთმა ყაჩაღმა იარაღი დაუმიზნა, თუმცა გასროლა ვეღარ მოასწრო - შეშინებული ქალი მეორე სართულის ფანჯრიდან გადახტა და ისე დაიმტვრა, რომ მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.
სხვა შემთხვევები, საბედნიეროდ, უმსხვერპლოდ კი დასრულდა, მაგრამ ეს იმ უდიდესი ზარალის ხარჯზე ხდებოდა, ოჯახებიდან რომ გაჰქონდათ ბანდის წევრებს - გარდა ფულისა და ოქროულობისა, იშვიათი და ღირებული ნივთებიც არ რჩებოდა მათი ყურადღების მიღმა.
რა ხერხს არ მივმართეთ, რომ როგორმე ბანდის კვალს დავდგომოდით. როცა რუსეთიდან ჩამოვიდოდა ვინმე ნავაჭრი ფულით, მის სახლთან ყარაულსაც კი ვაყენებდით, მაგრამ რად გინდა - იქაურობას არ ეკარებოდნენ. საკმარისი იყო მოგვეხსნა ზედამხედველობა, რომ მაშინვე დააწიოკებდნენ.
ბუნებრივია, გამიჩნდა სერიოზული ეჭვი, რომ მოღალატე თანამშრომლებს შორის გვყავდა. ჩემი ეჭვი მხოლოდ ჩემს თანაშემწეს - ივერი კალანდიას გავანდვე, რომლის ერთგულებაშიც ეჭვი არ მეპარებოდა და სწორედ მისი ინიციატივა იყო, რომ ჩვენს თანამშრომლებს შორის ცრუ ინფორმაცია გაგვევრცელებინა. მეც მორიგ თათბირზე ასეთი განცხადება გავაკეთე:
- ოჯახებზე მორიგეობას აღარ დავაწესებთ, აზრი არა აქვს. ის ყაჩაღები ჭკვიანები არიან და ვერ გავაცურებთ. მეტიც, გადავწყვიტე ყველა შემთხვევა არც ავიყვანო აღრიცხვაზე, თორემ სულ დახურავენ ჩვენს განყოფილებას!..
- აბა, რა ვქნათ, ბატონო ბიძინა, მივუშვათ ნებაზე ყაჩაღები?! - ვითომ შემეკამათა ჩემი თანაშემწე.
- არა, რატომ ნებაზე, მაგრამ თავსაც ხომ არ შევაკლავთ და ხალხმაც მეტი ტვინი იხმაროს, ნუ დააწყობს სახლში "დაპაჭკულ" ათასებს. მხოლოდ განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებზე ვიმუშავებთ და თუ გამოძახება არ იქნა, ჩვენი ინიციატივით არც შემთხვევის ადგილზე გავალთ. ბევრს არც უნდა მილიციის ჩარევა და საკუთარი არხებით აგვარებს ყაჩაღებთან საქმეს...
- ახლა ზაქარაიებმა ჩამოიტანეს ბლომად ფული! - წამოდგა ფეხზე ერთ-ერთი რიგითი, - გაწეწავენ საწყლებს, არ მივაქციოთ ყურადღება?!
- არა და მორჩა! - ვთქვი კატეგორიულად, - მერე კი, მარტო რომ დავრჩით, ივერის გამოვუცხადე - ახლა ათი კაცის საქმე ჩვენ ორმა უნდა ვიტვირთოთ - ზაქარაიებსაც უნდა ვუდარაჯოთ და მიქაიებსაც, ისინიც ახლა დაბრუნდნენ. იმპორტული ავეჯიც ჩამოუტანიათ და ალბათ, ბლომად ფულიც...
ძალიანაც ვეცადეთ, მაგრამ მიქაიები მაინც გაძარცვეს. იქაც მოხუცი ცოლ-ქმარი, ნინა და ვიქტორი იყვნენ შინ. პედაგოგები იყვნენ. ვიქტორი ომის მონაწილე გახლდათ და ისეთი სნაიპერი იყო, ტყვიას ტყვიაში სვამდა. იარაღის ტარების უფლებაც ჰქონდა... ყაჩაღებმა ისინიც გაკოჭეს და იატაკზე დაყარეს. ვიქტორმა ფულის მიცემაზე სასტიკი უარი განაცხადა, მაგრამ როცა ერთ-ერთმა უთო გამოიტანა და ჩართო, ნინამ შიშით ყველა სამალავი ასწავლა მძარცველებს. ისინიც კმაყოფილები დარჩნენ და სიფხიზლეც მოადუნეს. არ შეუმჩნევიათ, როგორ შეიხსნა ვიქტორმა უკან შეკრული ხელები და სანამ ყაჩაღები ეზოში ჩავიდნენ, ერთ-ერთს ფეხებში მისი ნასროლი ტყვიაც მოხვდა და იქვე მოიცელა. მოხუცმა მეორედ გასროლა ვერ მოასწრო, რადგან ერთ-ერთი მართლაც კატის სიმარდით ახტა აივანზე და იარაღზე ხელი აუკრა. მოხუცი უკან გადავარდა და სანამ ზემოდან დაცემული ყაჩაღი მუშტით ცხვირ-პირს დაუსივებდა, მოასწრო და ნიღაბი ჩამოჰგლიჯა. - უხ, შენი! - შეაგინა და ერთი დარტყმით გათიშა. მერე კი მისი სახე ამ დროს კართან მოსულ ნინასაც რომ არ დაენახა, ისევ ეზოში გადახტა. დაჭრილ მძარცველს შეუდგა მხარში კიდევ ერთ ყაჩაღთან ერთად და მეოთხეს უბრძანა:
- ადი და ორივე დახოცე, იარაღი იქვე გდია ბებრის გვერდით. მან ჩემი სახე დაინახა და თუ ცოცხალი გადარჩა, დაგვასმენს. ეჭვიც არ მეპარება, თუ დამიჭირეს, დახვრეტას მომისჯიან და თუ გგონიათ, მარტო წავალ ჯოჯოხეთში, ძალიან ცდებით, ყველას თან გაგიყოლებთ!..
ის ორი დაჭრილთან ერთად სიბნელეს შეერია. მეოთხე კი აივანზე აიჭრა და იარაღი გადატენა. ამ დროს შესტირა ნინამ:
- ნუ დაიდებ, შვილო, ცოდვას და შვილების სიცოცხლეს ვფიცავარ, არაფერს ვიტყვი. არც ჩემს ბებერს მივცემ ლაპარაკის უფლებას...
- ამაზე ადრე უნდა გეფიქრათ! - უყვირა ყაჩაღმა და ნინას თითქოს ეცნო მისი ხმა. დააპირა კიდევაც ეთქვა, - ნაცნობი უნდა იყო და სასიკვდილოდ როგორ გვიმეტებო! მაგრამ დროზე დააჭირა ენას კბილი, მიხვდა, ამით უფრო გაამხეცებდა მომხდურს...
- 5 შვილის დედა ვარ, ასობით მოსწავლე გაგვიზრდია მე და ჩემს ქმარს და ვერავინ იტყვის, რომ სითბო და სიყვარული დავაკელით... ნუ დამიობლებ და გამიმწარებ შვილებს, დედა ხომ შენც გეყოლება? - დაიკვნესა ნინამ და სწორედ ამ დროს გაისმა გასროლა, ტყვია მხარში ეტაკა და გონი დაკარგა... კაცმა ისევ გადატენა იარაღი, მაგრამ ბოლო მომენტში ჰაერში გაისროლა და სანამ კიბეს ჩაირბენდა, ბოძს მიარტყა თავი.
- მეც ბევრი სიკეთე მახსოვს თქვენგან, ნინა მასწავლებელო! - თქვა და გაიქცა. ყაჩაღისთვის უჩვეულო გულჩვილობა გამოიჩინა. მისი ბოლო სიტყვები კი კარგად გაიგონა გონს მოსულმა ვიქტორმა.
გასროლის ხმაზე მეზობლები შეიყარნენ და მალე ჩვენც მივიღეთ შეტყობინება. მოხუცი ცოლ-ქმარი საავადმყოფოში გადავიყვანეთ, ჩვენ კი დაჭრილი ყაჩაღის სისხლის კვალს მივყევით და მან სოფლის ბოლოს მიგვიყვანა, სადაც, სავარაუდოდ, მანქანა ჰყავდათ დატოვებული. საბურავების კვალი კი აღვნუსხეთ, მაგრამ ეს დიდი ვერაფერი შეღავათი იყო ჩვენთვის, რადგან დღის განმავლობაში იქ უამრავი მანქანა იდგა ყოველთვის: მდინარისკენ მიმავალი გზა იწყებოდა და ბანაობის თუ თევზაობის უამრავ მსურველს თავისებური ავტოსადგომი ჰქონდა მოწყობილი.
...ნინას ბეჭიდან ტყვია ამოუღეს. საბედნიეროდ, ჭრილობა არ აღმოჩნდა სასიკვდილო და გადარჩა. მისი მეუღლე კიდევ უფრო მალე მომჯობინდა, მაგრამ მის გაწერას არ ვჩქარობდით. ჯერ ერთი, თვითონ ისურვა დაჭრილი მეუღლის გვერდით დარჩენა და ეგეც რომ არ ყოფილიყო, მათ პალატასთან ორი მილიციელი გვყავდა სულ გამწესებული, რომ ყაჩაღებს არ მოეკლათ.
მე და ივერი ყოველ საღამოს მივდიოდით მოხუცების სანახავად და ერთხელაც დამფრთხალი ვიქტორი დაგვხვდა, რომელმაც ლაპარაკიც ვერ გაბედა და ქაღალდის ნაგლეჯზე დაწერილი ბარათი მოგვაწოდა: "კართან რომ მილიციელები დგანან, ერთ-ერთი, შავგვრემანი და მაღალი, ყაჩაღია, სწორედ მას ჩამოვგლიჯე ნიღაბი".

იხილეთ სრულად
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით