ვინ არის ჰაკიმ ფაშა? (სტამბოლური დღიური)
23-02-2015
ვინ არის ჰაკიმ ფაშა? (სტამბოლური დღიური)
(დასასრული, დასაწყისი "კვირის პალიტრა" #5,7)

ქართველი ექიმების პროფესიონალიზმის“შესახებ არა მარტო თურქეთის კლინიკებმა, არამედ სტუდენტებმაც იციან, ხოლო ქართული წესი - როგორ გამდიდრდე ავადმყოფობის ხარჯზე, თურქეთში უკვე ყველამ იცის...

დოდო, ერთ-ერთი კლინიკის თარჯიმანი:
"რამდენიმე წელია, თურქეთის წამყვანი სამედიცინო ცენტრები ქართველი პაციენტების ოცნება გახდა - მრავალწლიანი უშედეგო მკურნალობის შემდეგ თურქული ცენტრები მათი გადარჩენის უკანასკნელი იმედია. ამის გამო საქართველოში ყოველ ფეხის ნაბიჯზე წააწყდებით ე.წ. საშუამავლო ფირმებს, რომლებიც თურქეთში მკურნალობის საუკეთესო პირობებს გთავაზობენ. ერთხანს ფირმებს
მიამიტი კლიენტების წყალობით საქმე კარგად მისდიოდათ (პაციენტებს არარეალურად ძვირს ახდევინებდნენ და ხშირად, სერვისი არ იყო გადახდილი თანხის ადეკვატური), თუმცა, ბოლო დროს მოტყუებულ კლიენტთა რაოდენობამ იმატა..."

სტამბოლში ერთ-ერთ ცნობილ სამედიცინო ცენტრს ვესტუმრე, სადაც ქართველი პაციენტები  მკურნალობენ.
ნანა, ცენტრის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების თარჯიმანი: "ჩვენთან სამედიცინო მომსახურება, ისევე
როგორც სხვა ცენტრებში, საკმაოდ ძვირია, მაგრამ ჩვენები ხშირად ჩამოდიან, რადგან სახელმწიფო უწყებებს და მერიას ახლა უფრო ემეტება ფული, ვიდრე წინა ხელისუფლების დროს. ძირითადად გადარიცხვების წყალობით ჩამოდიან, თორემ სხვა შემთხვევებში, აქ მკურნალობა ხელმისაწვდომი ვერ იქნებოდა. მაგალითად, ერთ ბავშვს ღვიძლის გადანერგვაზე თავდაცვის სამინისტრომ 100.000 დოლარი გადაუხადა... საშუამავლო ფირმები მომსახურების 20%-ს იტოვებენ, რაც დიდი თანხაა. პირდაპირ ცენტრში მოსული პაციენტები, რა თქმა უნდა, ოცი პროცენტით ნაკლებს იხდიან (ეს 20% ხშირად 3.000-7.000 დოლარამდეა. - ავტ.).

ხანდახან ისეთი ამბები ხდება, შეგრცხვებათ კიდეც  ჩვენების გამო... ბათუმიდან დარეკეს. ყრუ გოგონას იმპლანტანტის ჩადგმა ესაჭიროებოდა, მკურნალობა 35.000 დოლარი ჯდებოდა (თავად იმპლანტანტი ძალიან ძვირია). პაციენტი საშუამავლო ფირმით მოდიოდა. ვინაიდან ოჯახი შეჭირვებული იყო, ცენტრმა 5.000 დოლარი დაუკლო. ოჯახს ბინა გაუყიდია, რის ვაი-ვაგლახით 23.000 დოლარისთვის მოუყრია თავი. შეწუხებულებმა კვლავ დარეკეს - მეტი არ გვაქვსო. ცენტრი თანახმა იყო, კვლავ დაეკლო თანხა იმ შემთხვევაში, თუ ქართული საშუამავლო ფირმა პროცენტს დააკლებდა. ქართველებმა უარი თქვეს(?!). ოჯახი ისევ თურქებს შეევედრა, იქნებ თანხა დაგვიკლოთო. ბოლოს, ცენტრმა მხოლოდ 24.000 დოლარი გადაახდევინა. ბავშვმა პირველად ხმა რომ გაიგონა, უნდა გენახათ სიხარულისგან გადარეული მშობლები. სახლი რომ აღარ ჰქონდათ, აღარც ახსოვდათ. აქ ექიმები კარგა ხანს მეკითხებოდნენ, - ქართველები ასე რატომ მოიქცნენო. რა უნდა მეთქვა...

ერთხელ  ქართველი პაციენტი ჩამოიყვანეს, კახა. თბილისში რამდენიმე ოპერაცია ჰქონდა ჩატარებული. თურქი ქირურგი ცუდად გახდა, როცა ნახა, რომ პაციენტს შარდის ბუშტი, რომელიც ნაწლავისგან იყო გაკეთებული, თირკმლის თავზე(?!) ჰქონდა მიკერებული. არც ერთი თირკმელი არ მუშაობდა. ოპერაციიდან გამოსული ექიმები ხმას ვერ იღებდნენ, მსგავსი რამ არც გაგვიგონია და არც გვინახავსო, ქართველი ექიმების ნახელავზე საუბრობდნენ. კახა მხოლოდ სამი ოპერაციის შემდეგ გამოიყვანეს მდგომარეობიდან.

იანვრის დასაწყისში 16 წლის გოგონა აჭარიდან რეანომობილით ჩამოიყვანეს ექიმებმა. თურქმა ექიმებმა მისი გადარჩენა  ვერ შეძლეს. საქართველოში დიაგნოზი არასწორად დაუსვეს, ცისტური ფიბროზი უთხრეს, მაგრამ სინამდვილეში, ბრონქზე ძალიან დიდი სიმსივნე ჰქონდა. თავდაპირველი დიაგნოზის შესაბამისად მკურნალობა მომაკვდინებელი აღმოჩნდა.

თბილისიდან პაციენტი დაგვიკავშირდა. რადიოთერაპია სჭირდებოდა. 10 კურსი 7. 000 დოლარი ჯდებოდა, როდესაც ღირებულება შევატყობინეთ, გვითხრა, იქნებ თანხა როგორმე ამიწიოთო, თავიდან გაგვიკვირდა და დამატებითი ანალიზები ჩავრთეთ. ჯამში 8.000 დოლარი გამოვიდა. 25.000-ს მირიცხავს მერია და თქვენგან რა მიდისო, - გვისაყვედურა.  თანხა თბილისის მერიამ (8.000 დოლარი) მართლაც ჩარიცხა. ორი თვის შემდეგ ამ კაცმა ისევ დაგვირეკა, -  მკურნალობა გადავიფიქრე და ის 8.000 დოლარი გადმომირიცხეთო. როდესაც გაიგო, ცენტრი თანხას ისევ მერიის ანგარიშზე ჩარიცხავდა, აყალმაყალი მოაწყო - მერიამ ფული მე გამომიყო და რას ჰქვია, ისევ მის ანგარიშზე რიცხავთო.

ამ ამბებს ძალიან საინტერესო გაგრძელება მოჰყვა, ერთ დღეს ცენტრში "კანონიერი ქურდი" მოვიდა და  გამოგვიცხადა, - პაციენტს ფულს რატომ არ აძლევთო.
ამან ხომ სულ გადარია კანონმორჩილი თურქები... მიუხედავად ყველაფრისა, ქართველი პაციენტები უყვართ, ეცოდებათ, - შინ ანგარიშს არ უწევენო. განსაკუთრებით ნარკომანები ებრალებათ, თუმცა, ისინი უფრო სახელმწიფო საავადმყოფოს პაციენტები არიან.

ერთ ღამეს ქართველმა ბიჭმა დამირეკა (მამიდამისს ვიცნობდი - აქ სტამბოლში მუშაობდა ფაბრიკაში) - ჩემს ძმაკაცს "პერედოზი" აქვს. მარილიანი წყალი გავუკეთეთ და ახლა სად წავიყვანოთო.  სასწრაფოდ სახელმწიფო საავადმყოფოში წაიყვანეთ და მეც მოვალ-მეთქი (თურქული არ იცოდა). მივედი, ვინც დამირეკა, ის დამხვდა, სიცხით იწვოდა, ხმას ვერ იღებდა. ნანემსარი ადგილი საოცრად გაბერილი ჰქონდა...  ექიმებმა ოპერაცია გაუკეთეს, ფული არ გამოართვეს - ეს იშვიათი შემთხვევაა, როდესაც "პერედოზირებისას" ადამიანს მარილიანი წყალი გაუკეთეს და გადარჩა..."

ცისანა, თარჯიმანი:
- 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები ახალი დამთავრებული იყო, ჯიჰანგირში (სტამბოლის ელიტური უბანი) კაფეში ყავას ვსვამდით და "ქართული ოცნების" გამარჯვებაზე ერთმანეთს ლაპარაკს არ ვაცლიდით.  სიგარეტის მოსაწევად გარეთ გამოვედი. დავინახე - ქუჩის გადაღმა ვიღაც ტელეფონზე ლაპარაკობდა გინებ-გინებით. უცებ ჩავლილი მანქანის ფარებმა მოსაუბრე გაანათა და გავოგნდი - ბაჩო ახალაია შემრჩა.
კაფეში შევვარდი და ჩვენები ვიხმე. გვინდოდა გაგველანძღა, ვერ მოვასწარით - ტაქსიში ჩაჯდა. ორი დღის შემდეგ გავიგეთ, რომ თბილისში ჩამოსულა.

იქაური ქართველების თქმით, სტამბოლში სოსო თოფურიძესაც მოჰკრავთ თვალს. მისი ბიძაშვილი დიდი ხანია, აქ ცხოვრობს. როგორც გავიგეთ, ცოლ-შვილიც აქ ჩამოუყვანია. როცა ჰაკიმ ფაშას სახელით სკანდალური კადრები აიტვირთა, აქ ვიწრო წრეში ითქვა, - ეს თოფურიძის ნახელავიაო. აქ მცხოვრები ქართველები ამბობენ, - მაშინ ძალიან შეშინებული იყოო. ეუბნებოდნენ, - ახალაიამ გაგყიდაო და თავის დასაცავად (ვიღაცებისთვის რომ შეეხსენებინა, კიდევ ბევრი მაქვს სათქმელიო), ეს კადრები ატვირთა...“

თბილისი-სტამბოლი-თბილისი

rezo
23 თებერვალი 2015 18:24
ჭორების ახალ ტალღას აგორებენ მეოცნებეები. ჰგონიათ, ხალხს ტყუილებით გაჭყიპავენ და ჭამა აღარ მოუნდებათ.
giorgi/
23 თებერვალი 2015 15:58
ეს
ახალი ამბავი არ არის, ჯერ კიდევ პირამიდებზე ეწერა, მიღებული ფულის 3/4 ექიმს მიეცი და 1/4 დაიტოვეო.
m
23 თებერვალი 2015 13:41
ავადმყოფის ხარჯზე,რომ გამდიდრება უნდა ექიმს,ის რა ექიმია?ერთხელ ერთ გაზეთში წავიკითხე ერთი ექიმის ინტერვიუ სადაც ის ამბობდა:ჩვენ ექიმებს ჯანდაცვის მინისტრისგან გვქონდა ნაბრძანები: თუ ავადმყოფს ფული არააქვს,ნუ უმკურნალებთო,მას შემდეგ შეშინებული ვარ მაგრად.ვისაც ფული არაგვაქ,უნდა მოვკვდეთ!

რედაქტორის რჩევით