გზა ჯიხასკარამდე... - კვირის პალიტრა

გზა ჯიხასკარამდე...

(გაგრძელება. დასაწყისი "კვირის პალიტრა" #5)

12 თებერვალს, სოფელ ოდიშში, ერთ-ერთ სახლში გოჩა ესებუა მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა.  თავი ბუხართან მოეყარათ.

- გოჩა, რატომღაც მგონია, რომ ბევრი რამ გაქვს გასაიდუმლოებული. ერთ საქმეს ვაკეთებთ, მაგრამ შენი გეგმების შესახებ არაფერი ვიცით. არ გვენდობი თუ?.. - წყენას ვერ მალავდა ზურა შონია (პუშკინა) და ოთახში ბოლთას სცემდა.

- შენ ჩემთვის 30 კაცი უნდა დაგეხვედრებინა ზუგდიდში, ასე არ არის? - კითხვას კითხვითვე უპასუხა გოჩამ.

- მართალი ხარ, მაგრამ დრო არ გვეყო, ვერ მოვასწარით. ჩვენ იმ დროისთვის უნდა ვყოფილიყავით მზად, როცა თბილისში სერიოზული ცვლილებები მოხდებოდა. შენ არ გითქვამს, ტერაქტს ვაწყობთო. თუ ერთად ვართ, ერთმანეთს უნდა ვენდობოდეთ!..

- პუშკინა მართალია, - საუბარში გია მესხია (კონგი) ჩაერია, თუმცა 12 კაცი, რომელიც შევგროვდით, პატარა ძალა არა ვართ. სულ  ნაომარი და გამოცდილი ხალხი  ვართ. მთავარია, ვიცოდეთ, რას ვაკეთებთ.

- მე რომ სამეგრელოში ვარ, ეს პოლიციასაც ეცოდინება. ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ... - აღნიშნა გოჩამ.

ამ სიტყვებით გოჩამ გია მესხიას ანიშნა, წავიდეთო.

- ჩვენს მეგობრობაში ღალატი გამორიცხულია! - უთხრა გზაში კონგმა ესებუას. გოჩამ იცოდა, რომ  მესხია არ ტყუოდა.

სამეგრელოში ჩასულმა ძალოვნებმა რეგიონში ე.წ. დიდი წმენდის კამპანია წამოიწყეს, განსაკუთრებით ზვიადისტთა ოჯახებს არ სწყალობდნენ. თუმცა, შევარდნაძეზე თავდასხმაში მონაწილეთა კვალს ვერ მიაგნეს.

15 თებერვალს ზუგდიდში სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო უშიშროების სამმართველოს უფროსი თემურ გაბუნია სამსახურში ადრე მივიდა. ეზოში პოლიციის მანქანებს რომ მოჰკრა თვალი, მორიგეს უხმო, ვინ არიანო.

- შინაგან საქმეთაA  მინისტრის მოადგილე და კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები ჩამოვიდნენ...

- კრუტოი ბიჭები მეექვსე სართულიდან! - გაეღიმა გაბუნიას.

- თათბირი აქვთ ზუგდიდის პოლიციის უფროსთან, - მიაძახა მორიგემ დერეფანში მიმავალ უშიშროების ადგილობრივი სამმართველოს უფროსს.

კაბინეტში შესვლისას  გაბუნიამ მდივანს სთხოვა, განყოფილებების უფროსები შემოვიდნენო.

- ახალი არის რაიმე? - იკითხა თათბირზე გაბუნიამ.

- რამდენიმე დღეა სოფელ ოდიშშიM, ვინმე აფაქიძის სახლში საეჭვო პირები შენიშნეს.

- ეს რომელი აფაქიძეა? ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერი რომ იყო?

- დიახ.

-  კარგი, სანამ რამეს მოვიფიქრებთ, ოდიშს  თვალი არ მოაცილოთ, ოღონდ ყოველგვარი ზედმეტი ინიციატივის გარეშე. გენერალ თორიას რაზმზე რა ისმის?

- ჩვენი ინფორმაციით, რაზმის წევრები ტყეში გადაადგილდებიან, მაგრამ ესებუასთან კავშირი აქვთ თუ არა, ვერ დავადგინეთ.

- კიდევ რას იტყვით?

- ჯერჯერობით ახალს არაფერს.

- მაშინ დავამთავროთ! ჰო, მართლა, 24-საათიან სამუშაო გრაფიკზე გადავდივართ, ხელმძღვანელობის ბრძანებაა!

თანამშრომლები უხალისოდ გავიდნენ შეფის კაბინეტიდან.

თათბირის შემდეგ გაბუნია ერთხანს ჩაფიქრებული იჯდა.

- რაღაც საეჭვო სიმშვიდეა და ეს არ მომწონს, - გაიფიქრა თავისთვის.

თათბირი ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში შუადღისთვის დამთავრდა, თბილისელი სტუმრებით უკმაყოფილო ჩანდა ადგილობრივი პოლიციის უფროსი ზვიად მანია.

- ჭკუის დარიგება და საყვედურები კარგად იციან სამინისტროს მუშაკებმა. არადა ტერაქტი მათ ცხვირწინ მოხდა, ის კაციც (ესებუა) თვალსა და ხელშუა გაეპარათ... სამაგიეროდ, აქ ჩამოდიან ახლა და ჩვენ გვთხოვენ პასუხს, რატომ ვერ პოულობთო!.. - აღშფოთებული ესაუბრებოდა მძღოლს. საუბარი ტელეფონის ზარმა შეაწყვეტინა, უშიშროების უფროსი რეკავდა.

- ზვიად, იქნებ საღამოს, ზუგდიდში ამ დღეებში მომხდარი ყველა კრიმინალური დანაშაულის ნუსხა მომაწოდოთ?

- კარგი, - უპასუხა მანიამ, - მაგრამ წინასწარ გეტყვით, ბატონო თემურ, რომ საინტერესოს ვერაფერს ნახავთ.

რამდენიმე  წუთში პოლიციის უფროსის მანქანა რესტორანთან გაჩერდა, სადაც  მანიას თბილისელი მაღალჩინოსნებისთვის უნდა ემასპინძლა.

საღამოს, დაახლოებით 8 საათზე, უშიშროების უფროსის მაგიდაზე მის მიერ მოთხოვნილი ნუსხა იდო.

- მართალია, საინტერესო არაფერია. თუმცა აი, ეს ნახე... - და თემურ გაბუნიამ თავის მოადგილეს ფურცელი მიაწოდა.

- 15 თებერვალს, ზუგდიდში  საკონსერვო ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიარაღებულმა პირებმა ავტომანქანა "ჟიგული" 09  და "გაზელის" მარკის მიკროავტობუსი გაიტაცეს. ეს მართლაც საინტერესო შეიძლება იყოს, თუ ავტომანქანების მეპატრონეებს დამატებით გავესაუბრებით, - თქვა მოადგილემ და კაბინეტიდან გავიდა ოპერატიული ჯგუფისთვის შესაბამისი დავალების მისაცემად.

დაახლოებით ერთ საათში მიკროავტობუსის მეპატრონე  უკვე თემურ გაბუნიას კაბინეტში იყო.

- სიმართლე გითხრათ, ძალიან შემეშინდა, როცა ჩემს მანქანასთან ორი უცხო პირი მოვიდა, თუმცა რატომღაც მგონია, რომ მეტნი იყვნენ... - აღელვებული ჰყვებოდა მომხდარის შესახებ  დაზარალებული.

-  შეიარაღებულები იყვნენ? - იკითხა უშიშროების უფროსმა.

- დიახ და თანაც ნიღბებით. ერთი სიკვდილი გავათავე. ჯიბეში 10.000 დოლარი მედო.

- წაიღეს?

- არა, არც გავუჩხრეკივარ, უბრალოდ, მანქანები წაიყვანეს.

ამ სიტყვებზე გაბუნიამ და მისმა მოადგილემ ერთმანეთს გადახედეს.

- თავისუფალი ხართ, ბიჭები მიგიყვანენ სახლამდე, - დაემშვიდობა მოადგილე დაზარალებულს.

- რას ფიქრობ, ვინ შეიძლება ყოფილიყვნენ? - იკითხა თემურ გაბუნიამ.

- რა თქმა უნდა, კრიმინალები არ იქნებოდნენ. ეს მანქანები, სავარაუდოდ, ტრანსპორტირებისთვის დასჭირდათ.

- მეც ასე ვფიქრობ, - დაეთანხმა უშიშროების უფროსი, -  მაგრამ რა აქვთ ჩაფიქრებული?

- ეგ მხოლოდ ღმერთმა იცის, - გაეღიმა მოადგილეს.

16 თებერვალს სამართალდამცველებისთვის ცნობილი გახდა, რომ წინა დღით გატაცებული მანქანები სოფელ ოდიშის სასაფლაოზე იპოვეს. რადგან აფაქიძე სასაფლაოსთან ახლოს ცხოვრობდა, გადაწყდა, მისი სახლი გაეჩხრიკათ. ოპერაცია უშიშროებისა და პოლიციის ჯგუფებს ერთობლივად უნდა ჩაეტარებინათ. G გვიან ღამით სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის სამმართველოს უფროსის ალეკო კუხალაშვილის კაბინეტში ადგილობრივი ძალოვანი სამსახურების უფროსებს მოეყარათ თავი.

- რამდენად  მართებულად მიგაჩნიათ აფაქიძის სახლის გაჩხრეკა? - იკითხა პროკურორმა, - ხომ არ ვჩქარობთ?

- პირიქით, ვფიქრობ დავაგვიანეთ კიდეც. ჩვენი ინფორმაციით, იქ უკვე რამდენიმე დღეა საეჭვო პირები მოძრაობენ, ამას დავამატოთ მანქანების ფაქტიც. ჩვენი აზრით, აფაქიძის სახლი უნდა გადამოწმდეს. - თემურ გაბუნიას ზუგდიდის პოლიციის უფროსიც დაეთანხმა.

- გასათვალიწინებელია ის ფაქტიც, - განაგრძო უშიშროების უფროსმა, - რომ აფაქიძის სახლი ჩიხშია მოქცეული. მეზობლად მცხოვრები 10 ოჯახი პრეზიდენტ გამსახურდიას მხარდამჭერია, ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ, ოპერაციამ ზედმეტი აყალმაყალის გარეშე უნდა ჩაიაროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგი შეიძლება სულ სხვა მივიღოთ.

- ოპერაციის გეგმისა და ოპერატიული ჯგუფების შექმნაზე ზვიად მანია იზრუნებს, ოპერაციაზე პასუხისმგებელი კი მე ვიქნები! - განაცხადა სამხარეო პოლიციის უფროსმა, თან დაამატა, - კარგი იქნება, ბატონო თემურ, თუ ერთ ოპერატიულ ჯგუფსაც დაგვახმართ.

როდესაც კუხალაშვილმა გაბუნიასგან თანხმობა მიიღო, ოპერაციის ჩატარების დღედ 17 თებერვალი დანიშნა.

- არ მომწონს რაღაც ეს ამბავი, - ფიქრობდა შინ მიმავალი უშიშროების უფროსი.

17 თებერვალს ოპერაცია გეგმის მიხედვით დაიწყო,  მასში სამი ოპერატიული ჯგუფი მონაწილეობდა,  პირველი ოპერატიული ჯგუფის მანქანას, რომელშიც უშიშროების თანამშრომლები ისხდნენ, უნდა მიჰყოლოდა პოლიციის ოპერატიული ჯგუფის ორი მანქანა. ზუგდიდში მოძრაობისას პირველმა ჯგუფმა თვალთახედვის არედან დაკარგა მეორე და მესამე ჯგუფის მანქანები.

- სად წავიდნენ, ნეტავ? - იკითხა ჯგუფის უფროსმა.

- ალბათ ჩვენზე ადრე მისვლა გადაწყვიტეს. დალოდება არ ღირს, წავიდეთ! - თემურ გაბუნიას ხმაში ბრაზი გარეოდა. როდესაც მანქანა ოდიშში შევიდა, აფაქიძის სახლთან  პოლიციის სირენებჩართული ორი მანქანა დახვდათ.

- ტყუილად მოვედით, ბატონო თემურ, აფაქიძე აქ არ ცხოვრობს! - მანქანიდან გადმოსულ უშიშროების უფროსს შეეგება პოლიციის ოპერატიული ჯგუფის უფროსი.

- ვინ გითხრათ?

- მეზობლებმა, როგორც კი მოვედით, ვიკითხეთ.

- სირენების კივილით რომ შემოვარდით, აბა, რას გეტყოდნენ. ყველა გიცნობთ, რომ პოლიციელები ხართ. მეზობელს ჩაუშვებდნენ? ეს იყო თქვენი გეგმა? - სიმშვიდეს ვეღარ ინარჩუნებდა თემურ გაბუნია.

- ახლა რა ვქნათ? - ნირწამხდარი კითხულობდა ჯგუფის უფროსი.

- რადგან მოვედით, სახლში მაინც შევიდეთ, თუმცა არ მგონია, ამან რაიმე შედეგი მოგვცეს. - გაბუნია აფაქიძის ჭიშკრისკენ წავიდა.

გოჩა  ესებუა ლოცვას კითხულობდა, როდესაც  გარედან ხმაური შემოესმა. ამ დროს მეზობლის ბავშვიც შემოვიდა და უთხრა, პოლიციის მანქანებით არიან მოსულები და აფაქიძის სახლს კითხულობენო.

- რა ვქნათ, გოჩა? - წამოხტა ტახტიდან ნახევრად მძინარე გია მესხია.

- ბიჭებს დაუძახე და სახლიდან როგორმე შეუმჩნევლად გავიდეთ, ეზოს უკან ღელეა და იქ ჩავსაფრდებით...

მართლაც, რამდენიმე წუთში  ესებუას ჯგუფი ღელესთან იყო ჩასაფრებული.

- გულუა სად არის? - იკითხა ესებუამ.

-  მეორე სახლში ეძინა, მგონი, - უპასუხა ჯახუამ, - მე კი დავუძახე, მაგრამ..

- ძმებო, აქედან არ წავალთ. თუ პოლიცია ჩვენი მასპინძლისა და სამეზობლოს დაწიოკებას გადაწყვეტს, შეიარაღებულ წინააღმდეგობას გავუწევთ. ჩვენი გულისთვის ისედაც მრავალ უდანაშაულო კაცს შეუქმნეს პრობლემები... - გოჩა ესებუამ მეგობრებს გადახედა.

- მართალი ხარ! - დაეთანხმა   პუშკინა, - ესენი არ გაჩერდებიან.  რაიმე უნდა მოვიმოქმედოთ. ხალხი ცოდოა.

ესებუას სხვებიც უსიტყვოდ დაეთანხმნენ.

სამართალდამცველები ამაოდ ათვალიერებდნენ სახლს. ეზოში იმყოფებოდა უშიშროების უფროსიც, რომელიც ბრაზს ვერ მალავდა ჩაშლილი ოპერაციის გამო. რა თქმა უნდა, წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ  აფაქიძის სახლში მიმდინარე მოვლენებს ორმოცდაათიოდე მეტრიდან ის ხალხი ადევნებდა თვალს, რომელთაც ამაოდ ეძებდა მთელი საქართველო.  წამოსვლის წინ  გაბუნიას მოახსენეს, გვერდით მდებარე სახლში საწოლის ქვეშ შემალული საეჭვო პირი იპოვეს. მოგვიანებით გაარკვიეს, რომ იგი პრეზიდენტზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი გულუა აღმოჩნდა.

17 თებერვალს გოჩა ესებუა კვლავ დაუსხლტდა სამართალდამცველებს ხელიდან. თუმცა ძალოვნებმა იმ დღეს მოახერხეს სხვადასხვა ადგილიდან პაპუნა ზარქუას, გენადი ქობალიას, ზაურ და ფენიზ გულუების აყვანა.

1998 წლის 19 თებერვალს სოფელ ჯიხასკარში მეგონა მარღიამ ჯერ ავადმყოფი დედა მოიკითხა, მერე სიცხიანი შვილიშვილი. ის-ის იყო, მეზობელთან გადასვლას  აპირებდა, რომ მის ჭიშკარში "ჯიპით" და "უაზით" უცნობი პირები შემოვიდნენ და ხელები ასწიეო, დაუყვირეს ოჯახის უფროსს.  გაკვირვებული მეგონა მარღია დაბნეულობისგან ხმას ვერ იღებდა. თავიდან მოსულები ყაჩაღები ეგონა. თუმცა მერე მიხვდა, რომ საქმე სულ სხვა ხალხთან ჰქონდა.

- სახლში ავადმყოფი ოჯახის წევრები მყავს და სროლას ნუ დაიწყებთ, თუ რამეში დამნაშავე ვარ, მე წამიყვანეთ, - მასპინძლის ხმაში მუდარა ისმოდა.

- დაწყნარდი, არაფერს გერჩით.  ჩვენ ბანდიტები არა ვართ, თქვენს ოჯახში უნდა დავბანაკდეთ, - იყო პასუხი. სახლში შესულმა დაუპატიჟებელმა სტუმრებმა მასპინძელს თავი გააცნეს.

- ვინ არიან ეს უცხოელები? - იკითხა მეგონა მარღიამ.

- ესენი გაეროს დამკვირვებლები არიან, ამჟამად ჩვენი მძევლები... - უპასუხა გოჩა ესებუამ, - ვატყობ, Aძალიან შეშინებულები არიან და იქნებ ვაჭამოთ რამე...

ორიოდე საათში ჯიხასკარი მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოექცა. საქართველოს პრეზიდენტთან უშიშროების მინისტრი იმყოფებოდა.

- იქნებ მითხრა, ჯემალ, რატომ მაინცდამაინც ჯიხასკარი?

- ჯიხასკარში, ვალიკო ზარანდიას ეზოში, თავის დროზე პრეზიდენტი გამსახურდია დაასაფლავეს... - P შევარდნაძე ჩაფიქრდა, შემდეგ კი ჯემალ გახოკიძეს დავალება მისცა:

- წადი ზუგდიდში და ეცადე, ყველაფერი მშვიდობიანად მოაგვარო. მთელი მსოფლიო ახლა ჩვენ გვიყურებს და შეცდომები აღარ გვეპატიება...

ამ დროს შევარდნაძეს მოახსენეს, რომ სატელეფონო ხაზზე ჩეხეთის პრეზიდენტი ვაცლავ ჰაველი იყო.

(გაგრძელება მომდევნო ნომერში)