შვილების შემზარავი შურისძიება - კვირის პალიტრა

შვილების შემზარავი შურისძიება

სამ კაცთან ურთიერთობა ის ბოლო წვეთი აღმოჩნდა, რამაც საბოლოოდ დაუბნელა გონება ბიჭს. ეზოში დაგდებულ ქვას წამოავლო ხელი და დედას თავი გაუჩეჩქვა...

გთავაზობთ კრიმინალურ ისტორიას გაზეთ "კვირის პალიტრის" არქივიდან

უარყოფილი შვილების შურისძიება

სოფელში ყველას გაუკვირდა სერგო კირთაძის (გვარ-სახელები აქ და ქვემოთ შეცვლილია) დაბრუნება. აღარც ეგონათ ცოცხალი. 25 წლის გადაიკარგა. მას შემდეგ კი 40 წელიწადზე მეტი იყო გასული.

...სერგოს მარტოხელა დედა ზრდიდა. არავინ იცოდა მამამისის ვინაობა. არც ვერას გაუმხელია, ისე ჩავიდა სამარეში. ვერა რაიონის საავადმყოფოში მუშაობდა და ჭორი გავარდა, იქაურმა ექიმმა შეაცდინა, მერე კი მისი ფეხმძიმობის ამბავი რომ შეიტყო, სასწრაფოდ სხვაზე დაქორწინდა და იმდენი ქნა, საბრალო ქალი სამსახურიდანაც დაათხოვნინა უფროსობასო.

ვერა ამ ვერსიასაც უარყოფდა და იმ ექიმთან რაიმე კავშირსაც:

- 35 წლის ქალი ვარ და ვერ გავთხოვდი. აღარც დედობის ღირსი უნდა გავმხდარიყავი?! რა თქვენი საქმეა, ვისგან ვაჩენ შვილს, ჩემია და მორჩა. ბავშვს მამა არ სჭირდებაო!.. - ასე იგერიებდა მოკეთეთა თუ მოსეირეთა შემოტევას.

სოფელმა კი დაანება თავი, მაგრამ გათხოვილმა დებმა და სიძეებმა უარი თქვეს მასზე. "ოჯახის შემარცხვენელს" თავიანთი სახელის ხსენებაც აუკრძალეს. ეს ამბავი როგორღაც გადაიტანა ვერამ, ბავშვმა თითქოს ყველა სხვა სადარდებელი დაავიწყა. სერგო მართლაც ნანატრი შვილი იყო, ვერა სიხარულით მეცხრე ცაზე დაფრინავდა მანამ, სანამ ერთმა ავყია მეზობელმა ბიჭს ნაბიჭვარი არ დაუძახა და დედა აუგად არ მოუხსენია...

ამას ისიც დაერთო, რომ 16 წლის ბიჭს სიყვარულზე უარი განუცხადა რჩეულმა:

- მამაჩემი მომკლავს, შენ გვერდით რომ დამინახოს. დედაშენის შვილს სიძედ არავინ მიგიღებსო...

ერთბაშად შეიძულა დედა 16 წლის ბიჭმა, საცემრადაც კი გაიწია მასზე.

- დედა ვარ, სიცოცხლე გაჩუქე და ამისთვის მკლავ?! - მუხლებზე მოეხვია ვერა.

- რად მინდა ასეთი სიცოცხლე, თუ ყველა ნაბიჭვარს დამიძახებს! - წიხლით მოიშორა ბიჭმა დედა და მოსთხოვა, მამის ვინაობა გაემხილა მისთვის.

- არ ვიცი... მართლა არ ვიცი, შენს სიცოცხლეს ვფიცავარ... სამ კაცთან მქონდა მაშინ ურთიერთობა და არ ვიცი, რომლის შვილი ხარ... არც მაინტერესებს - ქმარი არაფერში მჭირდებოდა, შვილი მინდოდა და მყავხარ, მადლობა ღმერთს!..

სამ კაცთან ურთიერთობა ის ბოლო წვეთი აღმოჩნდა, რამაც საბოლოოდ დაუბნელა გონება ბიჭს. ეზოში დაგდებულ ქვას წამოავლო ხელი და დედას თავი გაუჩეჩქვა...

წესით, უნდა დაეჭირათ და პასუხი ეგო მკვლელობისთვის, მაგრამ მომჩივანი არავინ აღმოჩნდა, თანაც დანაშაულის კვალი ისე კარგად დაფარა, გაამართლეს... თანასოფლელებმა კი არა, დეიდებმა და მათმა ქმრებმაც კი ის თქვს:

- თუ მაგან მოკლა, კარგი უქნია, ვაჟკაცი ასე მოიქცეოდა. უნამუსობა დედასაც არავინ უნდა აპატიოსო!..

სერგო კირთაძემ ბიძებისგან ძველი ჭორიც გაიგო, რომ შესაძლოა მისი მამა რაიონში ცნობილი ქირურგი, ვაჟა გიორგაძე ყოფილიყო.

სკოლაშიც აღარ დადიოდა, თუმცა ატესტატი მაინც მისცეს. იმ ატესტატით კი დედაქალაქის ერთ-ერთ პროფტექნიკურ სასწავლებელში გააგრძელა სწავლა. უფრო სწორად, საერთო საცხოვრებელში დაიდო ბინა, თორემ სწავლა ყველაზე ნაკლებად აინტერესებდა.

სამედიცინო ინსტიტუტის პირველკურსელი შორენა გიორგაძე ვითომ შემთხვევით გაიცნო. არადა, თბილისში სწორედ მის კვალს გამოჰყვა. შორენა ექიმ ვაჟა გიორგაძის ქალიშვილი გახლდათ და სავარაუდოდ, ბიჭს დად უნდა მიეჩნია, მაგრამ შურისძიებით დაბრმავებულს ამაზე არც უფიქრია!

შორენა შემთხვევით კი გაიცნო ვითომ, მაგრამ არ დაუმალავს, რომ მისი რაიონიდან იყო, ამის გამო კიდევ უფრო ძვირფასი ხარ ჩემთვისო, უთხრა და

ისიც დასძინა, მეც ექიმობაზე ვოცნებობ, ობოლს კი მომზადების საშუალება არა მაქვსო. სერგოს გარეგნობით მოხიბლულმა შორენამ ბიჭს დახმარება შესთავაზა, შინ დაპატიჟა, თუ გინდა, მე დაგეხმარები მეცადინეობაშიო... ცხელი სადილიც დაახვედრა...

გოგოს თავდავიწყებით შეუყვარდა ბიჭი და... მოსახდენიც მოხდა. სერგო შორენასთან გადასახლდა და ახლა იმაზე ფიქრობდა, კიდევ რა მოეფიქრებინა ისეთი, რომ კიდევ უფრო გაემწარებინა და დაესაჯა ვაჟა გიორგაძე...

არავინ იცის, რა მოხდებოდა, შორენას რომ მისთვის არ გაემხილა, მგონი ფეხმძიმედ ვარო. გოგო უკვე მესამე თვეში იყო. ჯერ ბავშვის მოცილება უნდოდა მოეთხოვა, მაგრამ მერე მიხვდა, რომ ვაჟა გიორგაძისთვის უკეთეს სასჯელს ვერ მოიფიქრებდა: მისი ნაფერები ქალიშვილი მისგან უარყოფილმა ვაჟმა დააფეხმძიმა, ცოდვის შვილის ბაბუობის ტვირთს უნდა მოეღო მისთვის ბოლო...

...როგორღაც გაწელა დრო, რომ აბორტის გაკეთება შეუძლებელი გამხდარიყო და ამის შემდეგ გაუმხილა შორენას, რომ მასზე შური იძია და არც მეტი, არც ნაკლები, მამამისისგან უარყოფილი ძმისგან დაფეხმძიმდა...

შორენას ისტერიკა დაემართა...

იხილეთ სრულად