სანახევროდ დამწვარი მამაკაცი - სასტიკი სასჯელი ღალატისთვის - კვირის პალიტრა

სანახევროდ დამწვარი მამაკაცი - სასტიკი სასჯელი ღალატისთვის

ყოფილი გამომძიებელი - ბატონი კობა კიდევ ერთ კრიმინალურ შემთხვევას იხსენებს თავისი პრაქტიკიდან:

ქმრის გაუჩინარების შესახებ განცხადება თინათინ კვაჭანტირაძემ (აქაც და შემდგომშიც გვარ-სახელები შეცვლილია) გააკეთა. მისი თქმით, ანდრო კვაჭანტირაძე სახლიდან 5 დღის წინ გავიდა და მას შემდეგ არც სამსახურში უნახავთ და არც შინ გამოჩენილა. როცა დავინტერესდით, 5 დღე რას ელოდებოდა, ქალმა დაირცხვინა, თითქოს არ უნდოდა თავისი ოჯახური მდგომარეობის გამხელა, მაგრამ ალბათ მიხვდა, რომ გამოძიებისთვის ყველა წვრილმანს მნიშვნელობა ჰქონდა და გული გადაგვიხსნა:

- ქმრის გაუჩინარების შესახებ განცხადება თინათინ კვაჭანტირაძემ (აქაც და შემდგომშიც გვარ-სახელები შეცვლილია) გააკეთა. მისი თქმით, ანდრო კვაჭანტირაძე სახლიდან 5 დღის წინ გავიდა და მას შემდეგ არც სამსახურში უნახავთ და არც შინ გამოჩენილა. როცა დავინტერესდით, 5 დღე რას ელოდებოდა, ქალმა დაირცხვინა, თითქოს არ უნდოდა თავისი ოჯახური მდგომარეობის გამხელა, მაგრამ ალბათ მიხვდა, რომ გამოძიებისთვის ყველა წვრილმანს მნიშვნელობა ჰქონდა და გული გადაგვიხსნა:

- ჩემს ქმარს არასოდეს ვუყვარდი და ცოლად მხოლოდ იმიტომ შემირთო, რომ მამაჩემის გარეშე სოფლიდან ჩამოსული უპატრონო ბიჭი ვერც კარიერას გაიკეთებდა და ნაქირავებ ბინაშიც კარგა ხანს მოუწევდა ცხოვრება...

ორი კვირის დაქორწინებულები ვიქნებოდით, როცა ვიღაც ქალი დამხვდა ქუჩაში და ლამის თმით მითრია:

- ანდრო ჩემი შეყვარებული იყო და მხოლოდ იმიტომ თქვა უარი ჩემზე, რომ შენსავით მდიდარი და გავლენიანი ოჯახის შვილი არ ვიყავი, მაგრამ ჩემთვის წართმეული ბედნიერებით არც შენ გაგახარებ, დღეიდან ჩემზე დიდი მტერი არ გეყოლებაო!..

ვერც სიტყვა შევუბრუნე და ვერც ხელი. ტაქსიში გამვლელებმა ჩამსვეს, შინ მისულს კი ისტერიკა დამემართა - ქმარს განქორწინებას და ჯანდაბაში გადაკარგვას ვთავაზობდი... ქალივით დაიწყო ტირილი:

- მედიკოს არასოდეს დავპირებივარ, ცოლად შეგირთავ-მეთქი, თვითონ გამოიგონა ეგ სიყვარული და მეგონა, გადაუვლიდა. ყველანაირად ვარიდებდი თავს და გავურბოდი, მაგრამ, როგორც ჩანს, მომიწევს უხეშად ავუხსნა და გავაგებინო, რომ მისი არაფერი მმართებსო!.. - პირობა მომცა, რომ ის ქალი აღარასოდეს შემაწუხებდა და მართლაც აღარსად შემხვედრია. დაახლოებით ათი წლის შემდეგ კი, ანონიმმა "კეთილისმსურველმა" შემატყობინა, შენს ქმარს იმ ქალთან კავშირი სულაც არ გაუწყვეტია. პირიქით, მამაშენის წყალობით ნაშოვნი ფულით ბინაც უყიდა და უკვე შვილიც ჰყავთო. ახლა მე მივუვარდი იმ უნამუსოს. თან, ისე მოვახერხე, რომ ჩემი ქმრის კვალს გავყევი და მაშინ დავადექი თავზე, როცა 4 წლის გოგონა კალთაში ეჯდა ანდროს.

გეფიცებით, სიტყვა არ მითქვამს ზედმეტი, მით უმეტეს, სცენები არ გამიმართავს. მხოლოდ მკაცრად გავაფრთხილე:

- შინ მოსული არ დაგინახო, თორემ დანით ღორივით დაგკლავ-მეთქი და წამოვედი.

ალბათ არც შევურიგდებოდი, რომ არა მოულოდნელი უბედურება, რამაც ხელ-ფეხი შემიკრა: მამაჩემი მოულოდნელად გარდაიცვალა ინფარქტით. აღმოჩნდა, რომ მას ფაქტობრივად თავისი თანამდებობაც, ფულიც, საქმეებიც ანდროსთვის გადაებარებინა და მთლიანად მოღალატე ქმარზე დამტოვა დამოკიდებული.

მოკლედ, ხალხის თვალში ისევ შევინარჩუნეთ ოჯახი. ჩემს ბიჭებსაც ძალიან უყვარდათ მამა და როგორ მეთქვა 13 და 14 წლის ბიჭებისთვის, მამათქვენი მოღალატეა-მეთქი?! შვილებს ჰგონიათ, როცა შინ არ მოდის, მივლინებაშია. მე კი ვიცი, რომ მეორე ოჯახშია. ახლაც იქ მეგონა, მაგრამ ხუთი დღე რომ აღარ გამოჩნდა, შევშფოთდი. მედიკოს სახლში ჩემი ახლობელი ცხოვრობს, მისი საშუალებით ვიგებდი, როდის მიდიოდა იქ ჩემი უნამუსო ქმარი. ახლაც მას დავურეკე და მითხრა, ხუთი დღეა არც გამოჩენილა და არც მისმა საყვარელმა იცის რამე მის შესახებო...

- იქნებ მართლა მივლინებაშია? - ვკითხე კვაჭანტირაძის ცოლს.

- არა. ველაპარაკე მის მოადგილეებს და ხელქვეითებს. არავინ არაფერი იცის. მივლინებაში რომ ყოფილიყო, ეცოდინებოდათ, თანაც, მივლინებაში მარტო არასოდეს დადის...

...რაღა დაგვრჩენოდა და ანდრო კვაჭანტირაძეზე ძებნა გამოვაცხადეთ. მასთან ერთად გაუჩინარებულიყო მისი სამსახურებრივი მანქანა - "ვოლგა" გაზ-24. როგორც გავიგეთ, ანდრო იშვიათად ჯდებოდა საჭესთან, მძღოლი ემსახურებოდა. იმ საღამოსაც, უფრო სწორად, ნაშუაღამევს დაურეკავს დავით ბართაიასთვის (მძღოლისთვის) და უთხოვია, რომ მასთან მისულიყო:

- მისამართი რომ მითხრა, გამიკვირდა, რადგან ეს მისი არც ერთი ოჯახის მისამართი არ ყოფილა...

- თქვენც იცოდით, რომ ორი ცოლი ჰყავდა?! - ვკითხეთ მძღოლს.

- ეგ არავისთვის ყოფილა დაფარული, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სიმამრი გარდაეცვალა. მე, მით უმეტეს, ვიცოდი, რადგან ხშირად ვაკითხავდი როგორც ერთ, ისე - მეორე მისამართზე. იმ ღამეს კი, როგორც გითხარით, სულ სხვა მისამართი დამისახელა. თანაც, ბინის ნომერი არ დაუკონკრეტებია - იქ დიდი დასახლებაა, სულ მრავალსართულიანი კორპუსები. ქუჩის კუთხეში მელოდებოდა, შუქნიშანთან.

როცა მივედი, კიდევ ერთხელ მომიბოდიშა. საჭეს თვითონ მიუჯდა. მე სახლში მიმიყვანა და დამტოვა: დაისვენე, დღეს და ხვალ აღარ შეგაწუხებ. მანქანასაც მე მოვიყვან ორშაბათ დილით სამსახურშიო...

- უჩვეულო არაფერი შეგიმჩნევიათ? - ვკითხეთ მძღოლს.

- განსაკუთრებული არაფერი! ვკითხე, ხომ მშვიდობა გაქვთ-მეთქი? - ხელი ჩაიქნია: ჩემს ცხოვრებას თუ საერთოდ შეიძლება მშვიდობიანი ეწოდოს, კიო!.. - დამემშვიდობა და წავიდა.

- ანდრო კვაჭანტირაძე ორი დღის შემდეგ იპოვეს ქალაქთან ახლოს მდებარე ტყეში. მაყვლის საკრეფად წასულ ქალებს ეპოვათ შემთხვევით დამწვარი მანქანა და ასევე სანახევროდ დამწვარი მამაკაცი.

მოგვიანებით, ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ ანდრო კვაჭანტირაძე თავში ბლაგვი საგნის ჩარტყმით მოკლული თუ არა, გაბრუებული მაინც იყო და ამის შემდეგ გამოწვეს მანქანაში...

გამოძიების პროცესში მკვლელობის რამდენიმე ვერსია გამოიკვეთა. მათ შორის, ფინანსურ პრობლემებთან დაკავშირებული, რაც შეიძლებოდა კვაჭანტირაძეს შეჰქმნოდა, როგორც მევალეებთან (მევახშეობდა კიდეც საწარმოს მოგების ხარჯზე), ასევე არალეგალური სათამაშო ბიზნესის (მაშინ კაზინოების ფუნქციონირება აკრძალული იყო) მეპატრონეებთან, რომელთა მეწილეც ყოფილა.

აღარ ვიცოდით, რომელ ვერსიაზე გვემუშავა. მართლაც რეტი გვქონდა დასხმული და რომ არ ველოდით, სწორედ იმ მხრიდან ჩავიგდეთ ხელში ჩახლართული ძაფის გორგალის წვერი: პოლიციის განყოფილებაში 22 წლის სვეტა მაქაცარია მოვიდა და ატირებულმა გვითხრა, რომ ჩვენების მიცემა სურდა კვაჭანტირაძის საქმესთან დაკავშირებით:

გაგრძელება იხილეთ