პანკისი-სირიის სასიკვდილო მარშრუტი - "ამბობენ, ის ხალხი უშიშროებასთან არის შეკრულიო" - კვირის პალიტრა

პანკისი-სირიის სასიკვდილო მარშრუტი - "ამბობენ, ის ხალხი უშიშროებასთან არის შეკრულიო"

2 აპრილს პანკისის ხეობაში ორი გაუჩინარებული სკოლის მოსწავლის ადგილსამყოფელი გახდა ცნობილი.

პანკისის ხეობის სოფელ ომალოს სკოლის XI კლასელი რამზან ბაღაკაშვილი (18 წლის) და X კლასელი მუსლიმ კუშტანაშვილი (17 წლის) გაკვეთილების შემდეგ შინ აღარ დაბრუნებულან

პანკისი-სირიის სასიკვდილო მარშრუტი

"თუ გავითვალისწინებთ, რაოდენ მნიშვნელოვანია "ისლამური სახელმწიფოსთვის", ჰქონდეს წვდომა პანკისის ხეობაზე, კავკასიის ამ მნიშვნელოვან წერტილზე, თანაც რუსეთის საზღვრის ახლოს, ძნელი არ არის, მიხვდე, რა გეგმები აქვს მას საქართველოსთან დაკავშირებით".

ტოფიქ აბასოვი, პოლიტოლოგი

"ვერავინ დათვლის, ამ პატარა ადგილას რამდენი სახელმწიფოს ინტერესი იკვეთება. ჩვენ ვიცით, რომ პანკისის ხეობაში "ისლამურ სახელმწიფოს" სამხედრო ბანაკი აქვს, იქიდან გზავნის მეომრებს სირიაში".

ვალიდ აბაზი, გენერალი,

2015 წლის მარტი, ალეპო

"ადრე ხეობაში ბიჭის ყოლა საამაყო იყო, ახლა გვეშინია. არც ერთმა დედამ არ იცის, შინიდან გასულები დაბრუნდებიან, თუ არა. საქართველოში იყო დრო ბავშვებს სპარსელებზე ყიდდნენ, ახლაც ყიდიან. დოლარების გულისთვის სასაკლაოზე უშვებენ".

ასმათი, სოფ. დუისი

"აქედან ბიჭები, როგორც თეატრში, ისე მიდიან საომრად სირიაში".

ზელიმხანი, სოფ. ბირკიანი

2 აპრილს პანკისის ხეობაში ორი გაუჩინარებული სკოლის მოსწავლის ადგილსამყოფელი გახდა ცნობილი.

პანკისის ხეობის სოფელ ომალოს სკოლის XI კლასელი რამზან ბაღაკაშვილი (18 წლის) და X კლასელი მუსლიმ კუშტანაშვილი (17 წლის) გაკვეთილების შემდეგ შინ აღარ დაბრუნებულან. მშობლებმა ბიჭები ჯერ სკოლაში, შემდეგ მეგობრებში მოიკითხეს - მათი ასავალ-დასავალი არავინ იცოდა. ბოლოს, მოზარდების გაუჩინარების შესახებ პოლიციასაც აცნობეს. ორი დღის შემდეგ თავად ბიჭებმა შეატყობინეს მშობლებს, თურქეთში ვართო. მიხვდნენ - სირიაში მიდიოდნენ საომრად... უკვე რამდენიმე წელია, პანკისელი ახალგაზრდები საომრად სირიაში მიდიან, მაგრამ მომხდარმა აღაშფოთა ხეობა... ფიქრობენ, რომ ყმაწვილები თავად ვერ გადაწყვეტდნენ წასვლას, მეტიც, თურქეთში გადაფრენაში (ძალიან ხელმოკლედ ცხოვრობდნენ), ცხადია, მათ "ვიღაც დაეხმარა". ამასთან, მუსლიმ კუშტანაშვილი არასრულწლოვანია და მშობლის თანხმობის გარეშე ქვეყანას ვერ დატოვებდა. ამ ფაქტის შემდეგ ხეობაში კვლავ ალაპარაკდნენ, რომ პანკისი-სირიის სასიკვდილო მარშრუტზე სპეცსამსახურებს თავისი ინტერესები აქვთ და  ამით კარგადაც ხეირობენ.

ასმათი (სოფელი დუისი): - ძალიან გაგვამწარა შინაგან საქმეთა მინისტრის ნათქვამმა. რას ჰქვია, მესაზღვრეს ბავშვი გაეპარა!.. ქისტებს საზღვრის გადალახვისას საათობით გვამოწმებს ათასი ჯურის სამსახური, უკირკიტებენ ჩვენს საბუთებს, ასობით კითხვას გვისვამენ... არავინ არავის ეპარება, ეგ ალბათ მაგათაც აწყობთ. ძალიან კარგად იციან, აქ ვინ რას აკეთებს, მაგრამ ჩანს, ხელს უწყობენ. მინისტრმა მთელ ხეობას დაგვცინა, თითქოს ჩვენ ხალხი არ ვიყოთ, აბა, თბილისში ვინმეს ბავშვი გაეშვა მოტყუებით ომში, რა ამბები ატყდებოდა?!

სირიაში "ქართველი" მეომრების ყოფნის შესახებ პირველად 2012 წლის აგვისტოში გახდა ცნობილი, როდესაც იქიდან პანკისში ჩეჩენი საველე მეთაურის, რუსლან გელაევის ვაჟი ჩამოასვენეს (ეს იყო ერთადერთი შემთხვევა დაღუპულის ჩამოსვენებისა - მოკლულებს ადგილზე მარხავენ). ლაფანყურის მოვლენების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ სირიაში მეომრების გადაყვანის ორგანიზებული სქემა არსებობდა და ამაში ქართველი სპეცსამსახურებიც იყვნენ ჩართული, სულ მალე სირიაში ასადის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი "ქართველი" საველე მეთაურებიც გამოჩნდნენ, "წითური გენერალი" თარხან ბათირაშვილი (აბუ ომარ ალ შიშანი), რუსლან მაჩალიკაშვილი (სეიფულაჰ ალ შიშანი), "შამას ლომების"  მეთაური მურად მარგოშვილი (მუსლიმ ალ შიშანი) და ლეგენდარული ბატალიონის "ჯეიშ ალ მუჰაჯირინ ვალ ანსარის" თავკაცი ფეისულა ალ შიშანი (ფეისულა ხანგოშვილი). მათზე შექმნილმა ლეგენდებმა ბევრ პანკისელ ახალგაზრდას მათი მიბაძვისა და ომში წასვლის სურვილი გაუჩინა. იმასაც ხედავდნენ, რომ "პანკისელი გმირების" მოკრძალებული სახლები მდიდრულმა სასახლეებმა შეცვალა, ხეობაში ძვირად ღირებული მანქანებიც გაჩნდა, ამიტომ შეჭირვებული ახალგაზრდებისთვის სირიაში საომრად წასვლა სიღარიბისგან თავის დაღწევის ერთადერთი საშუალება გახდა. სამწუხაროდ, ალაჰის სახელისთვის "წმინდა ომში" წასული ახალგაზრდები სირიაში საზარბაზნე ხორცად იქცნენ, მათი დიდი ნაწილი ერთ თვეში თვითმკვლელის - შაჰიდის სახელით ამთავრებდა სიცოცხლეს ისე, რომ შეპირებულ 100 ან 200 დოლარსაც ვერ გზავნიდა შინ, ზამთრისთვის შეშის საყიდლად.

2014 წლის ზაფხულში, როდესაც ტერორისტულმა ორგანიზაცია "ისლამურმა სახელმწიფომ" თავი სახელმწიფოდ გამოაცხადა, "ქართველ" საველე მეთაურებში დაპირისპირებამ პიკს მიაღწია. თარხან ბათირაშვილი ამაოდ ცდილობდა, თავისი ბრიგადა "ისლამური დროშის" ქვეშ დაეყენებინა, მეომრებმა "კავკასიის ემირატისთვის" ფიცის გატეხაზე უარი უთხრეს და კვლავ ასადის რეჟიმის (ანუ რუსეთის!) წინააღმდეგ განაგრძეს ბრძოლა. ომარ ალ შიშანი იძულებული გახდა, თანამებრძოლების გარეშე ჩამდგარიყო "ისლამური სახელმწიფოს" სამსახურში - ის სირიის ტერიტორიაზე ახალშექმნილი სახელმწიფოს ე.წ. თავდაცვის მინისტრი გახდა. შესაბამისად, პანკისელმა ახალგაზრდებმა ახლა "ისლამური სახელმწიფოს" რიგების შევსება დაიწყეს. მათი სირიაში გადაყვანის სქემა უფრო მოქნილი გახდა.

თავდაპირველად ახალგაზრდებს რელიგიურ საკითხებსა და "ჯიჰადში" მონაწილეობის სიკეთეებზე ესაუბრებიან. იყო შემთხვევები, როდესაც ისინი ფინანსურადაც  წაუხალისებიათ. გადაბირებულებს უმზადებენ პასპორტებს და გადაჰყავთ თურქეთში; ადრე საზღვარს სარფის საბაჟოს გავლით ტოვებდნენ, ახლა საჰაერო სივრცით სარგებლობენ.

ალეკო, ავტობუსის მძღოლი: - იყო პერიოდი, როდესაც თბილისი-სტამბოლის ავტობუსს 6-7 ქისტი ახალგაზრდა მაინც მოჰყვებოდა. ამბობდნენ, თურქეთში სამუშაოდ მივდივართო, თუმცა, როცა აქსარაის ავტოსადგურში მათ ვინმე გიორგი ხვდებოდათ, ყველამ ვიცოდით, რომ სირიაში მიდიოდნენ. არ ვიცი, ის გიორგი რა როლს თამაშობს, მაგრამ მუდმივად ის ხვდებოდა ახალგაზრდებს და მერე სადღაც მიჰყავდა, მგონი, ღაზიათში გადაჰყავდა საზღვარზე. რამდენი ბიჭი წამიყვანია და უკან აღარ დამიბრუნებია. ბოლო დროს აღარ დადიან, ეტყობა, მთავრობამ აკრძალა,(?!) ან შეიძლება სხვა გზა ნახეს.

ეს "სხვა გზა" კი საუდის არაბეთის უმაღლესი სასწავლებლებია, რომლებიც, თითქოს სასწავლებლად ეპატიჟებიან ახალგაზრდებს. თუ ვინ უხდის ფულს რეკრუტორებს, ეს სტამბოლში ჩეჩენმა დევნილებმა კარგად იციან. როგორც სანდო წყარომ განაცხადა, "რეკრუტორებს არაბული ფონდები უხდიან ფულს. კობანის ბრძოლებში ერთ  ახალგაზრდაში 2.000 დოლარსაც იხდიდნენ. მაშინ ბევრი ჩეჩენი და ქისტი დაიღუპა. ამბობენ, 5 ქისტი ბიჭი დაბომბვისას ნანგრევებშია მოყოლილი და ვინაიდან მათი ცხედრების გამოტანა არ ხერხდება, ვინაობასაც ჯერ არ ამხელენო".

როგორც სტამბოლში ამბობენ, პანკისიდან ახალგაზრდების რეკრუტირებას ახმად ჩატაევი კურირებს. ცალხელა ახმადი (საზოგადოება მას ლაფანყურის მოვლენებიდან იცნობს) ახლა "ისლამური სახელმწიფოს" სამსახურშია და, როგორც ამბობენ, საქართველოში "ისლამური სახელმწიფოს" წარმომადგენელთან აქვს კონტაქტი(?!).

პანკისის ხეობიდან 10 ახალგაზრდაა მოკლული სირიაში (მათი ასაკი 18-26 წელია). არავინ იცის, კიდევ რამდენი პანკისელი ბიჭი ომობს იქ. ოჯახის წევრებს ეუბნებიან, თურქეთში მივდივართ სამუშაოდო... როგორც ამბობენ, ხეობა 200-მდე ახალგაზრდამ დატოვა.

არასრულწლოვნების ომში გატყუებამ ხეობაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. შეიკრიბა უხუცესთა საბჭოც, თუმცა, ხეობაში ჯამაათების მომძლავრების კვალად უხუცესთა საბჭო ავტორიტეტს კარგავს. ადგილობრივები აცხადებენ, რომ უხუცესთა საბჭოს ახალგაზრდები აღარ უჯერებენ, რადგან ისინი ჯამაათის წევრები არიან, ჯამაათი კი არ ცნობს არც ერთ ინსტიტუციას. თავად ჯამაათში ამბობენ, რომ ხეობაში ყველაფრის ამრევი უხუცესთა საბჭოა, რომელიც, არავინ იცის, რატომ შეიქმნა. ქისტები საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ, თუმცა, დიდი იმედი არა აქვთ.

ხიზრი, (სოფ. დუისი) - ამბობენ, ის ხალხი (რეკრუტორები. - ავტ.) უშიშროებასთან არის შეკრულიო. რას აკეთებს უშიშროება, თუ ამას არ იკვლევს? უკვე მესამე წელია, ჩვენი ბავშვები უცხო მიწაზე იხოცებიან. ყველამ ყველაფერი კარგად იცის, ხეობაშიც და ხელისუფლებაშიც, მაგრამ ჩუმად არიან. ჩვენ რაღა ვქნათ? ბევრისგან მომისმენია, - შვილს სკოლაში აღარ გავუშვებთო. ეშინიათ, ბავშვი მოტყუებით არ წაიყვანონ. რა ვიცით, რამდენ ბავშვს გადაუბრუნებენ ჭკუას. არა მგონია, ღმერთს ბავშვის მოკვლა უნდოდეს, თან მშობლის თანხმობის გარეშე. აქ რაც ხდება, ისლამისთვის მიუღებელია, რაც სირიაში ხდება, არც ის არის ჯიჰადი. როგორ შეიძლება კლავდე კაცს, რომელიც ალაჰის სახელს ახსენებს. მერე რა, რომ დღეში ხუთჯერ კი არა, ოთხჯერ ლოცულობს. მუსლიმანმა მუსლიმანზე ხელი არ უნდა ასწიოს. მოზარდებს უბურღავენ ტვინს. იმათაც რა უნდათ - იმ ასაკში არიან, იარაღის დაჭერა ვაჟკაცობა რომ ჰგონიათ. ასე თუ გაგრძელდა, სულ გავწყდებით. ეს მიწა-წყალი მერე ვინღამ დაიცვას?

P.S. როგორც ხეობაში აცხადებენ, შინაგან საქმეთა სამინისტრო მშობლებს შვილების დაბრუნებას ჰპირდება(?!)...

თბილისი - პანკისი - თბილისი