პანკისი-სირიის სასიკვდილო მარშრუტი - "ამბობენ, ის ხალხი უშიშროებასთან არის შეკრულიო"
13-04-2015
პანკისი-სირიის სასიკვდილო მარშრუტი - "ამბობენ, ის ხალხი უშიშროებასთან არის შეკრულიო"
2 აპრილს პანკისის ხეობაში ორი გაუჩინარებული სკოლის მოსწავლის ადგილსამყოფელი გახდა ცნობილი.
პანკისის ხეობის სოფელ ომალოს სკოლის XI კლასელი რამზან ბაღაკაშვილი (18 წლის) და X კლასელი მუსლიმ კუშტანაშვილი (17 წლის) გაკვეთილების შემდეგ შინ აღარ დაბრუნებულან


პანკისი-სირიის სასიკვდილო მარშრუტი

"თუ გავითვალისწინებთ, რაოდენ მნიშვნელოვანია "ისლამური სახელმწიფოსთვის", ჰქონდეს წვდომა პანკისის ხეობაზე, კავკასიის ამ მნიშვნელოვან წერტილზე, თანაც რუსეთის საზღვრის ახლოს, ძნელი არ არის, მიხვდე, რა გეგმები აქვს მას საქართველოსთან დაკავშირებით".
ტოფიქ აბასოვი, პოლიტოლოგი

"ვერავინ დათვლის,
ამ პატარა ადგილას რამდენი სახელმწიფოს ინტერესი­ იკვეთება. ჩვენ ვიცით, რომ პანკისის ხეობაში "ისლამურ სახელმწიფოს" სამხედრო ბანაკი აქვს, იქიდან გზავნის მეომრებს სირიაში".
ვალიდ აბაზი, გენერალი,
2015 წლის მარტი, ალეპო

"ადრე ხეობაში ბიჭის ყოლა საამაყო იყო, ახლა გვეშინია. არც ერთმა დედამ არ იცის, შინიდან გასულები დაბრუნდებიან, თუ
არა. საქართველოში იყო დრო ბავშვებს სპარსელებზე ყიდდნენ, ახლაც ყიდიან. დოლარების გულისთვის სასაკლაოზე უშვებენ".
ასმათი, სოფ. დუისი

"აქედან ბიჭები, როგორც თეა­ტრში, ისე მიდიან საომრად სირიაში".
ზელიმხანი, სოფ. ბირკიანი


2 აპრილს პანკისის ხეობაში ორი გაუჩინარებული სკოლის მოსწავლის ადგილსამყოფელი გახდა ცნობილი.
პანკისის ხეობის სოფელ ომალოს სკოლის XI კლასელი რამზან ბაღაკაშვილი (18 წლის) და X კლასელი მუსლიმ კუშტანაშვილი (17 წლის) გაკვეთილების შემდეგ შინ აღარ დაბრუნებულან. მშობლებმა ბიჭები ჯერ სკოლაში, შემდეგ მეგობრებში მოიკითხეს - მათი ასავალ-დასავალი არავინ იცოდა. ბოლოს, მოზარდების გაუჩინარების შესახებ პოლიციასაც აცნობეს. ორი დღის შემდეგ თავად ბიჭებმა შეატყობინეს მშობლებს, თურქეთში ვართო. მიხვდნენ - სირიაში მიდიოდნენ საომრად... უკვე რამდენიმე წელია, პანკისელი ახალგაზრდები საომრად სირიაში მიდიან, მაგრამ მომხდარმა აღაშფოთა ხეობა... ფიქრობენ, რომ ყმაწვილები თავად ვერ გადაწყვეტდნენ წასვლას, მეტიც, თურქეთში გადაფრენაში (ძალიან ხელმოკლედ ცხოვრობდნენ), ცხადია, მათ "ვიღაც დაეხმარა". ამასთან, მუსლიმ კუშტანაშვილი არასრულწლოვანია და მშობლის თანხმობის გარეშე ქვეყანას ვერ დატოვებდა. ამ ფაქტის შემდეგ ხეობაში კვლავ ალაპარაკდნენ, რომ პანკისი-სირიის სასიკვდილო მარშრუტზე სპეცსამსახურებს­ თავისი ინტერესები აქვთ და  ამით კარგადაც ხეირობენ.

ასმათი (სოფელი დუისი): - ძალიან გაგვამწარა შინაგან საქმეთა მინისტრის ნათქვამმა. რას ჰქვია, მესაზღვრეს ბავშვი გაეპარა!.. ქისტებს საზღვრის გადალახვისას­ საათობით გვამოწმებს ათასი ჯურის სამსახური, უკირკიტებენ ჩვენს საბუთებს, ასობით კითხვას გვისვამენ... არავინ არავის ეპარება, ეგ ალბათ მაგათაც აწყობთ. ძალიან კარგად იციან, აქ ვინ რას აკეთებს, მაგრამ ჩანს, ხელს უწყობენ. მინისტრმა მთელ ხეობას დაგვცინა, თითქოს ჩვენ ხალხი არ ვიყოთ, აბა, თბილისში ვინმეს ბავშვი გაეშვა მოტყუებით ომში, რა ამბები ატყდებოდა?!

სირიაში "ქართველი" მეომრების ყოფ­ნის შესახებ პირველად 2012 წლის აგვისტოში გახდა ცნობილი, როდესაც იქიდან პანკისში ჩეჩენი საველე მეთაურის, რუსლან გელაევის ვაჟი ჩამოასვენეს (ეს იყო ერთადერთი შემთხვევა დაღუპულის ჩამოსვენებისა - მოკლულებს ადგილზე მარხავენ). ლაფანყურის მოვლენების შემდეგ ცნობილი­ გახდა, რომ სირიაში მეომრების გადაყვ­ანის ორგანიზებული სქემა არსებობდა და ამაში ქართველი სპეცსამსახურებიც იყვნენ ჩართული, სულ მალე სირიაში ასადის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი "ქართველი" საველე მეთაურებიც გამოჩნდნენ, "წითური გენერალი" თარხან ბათირაშვილი (აბუ ომარ ალ შიშანი), რუსლან მაჩალიკაშვილი (სეიფულაჰ ალ შიშანი), "შამას ლომების"  მეთაური მურად მარგოშვილი (მუსლიმ ალ შიშანი) და ლეგენდარული ბატალიონის "ჯეიშ ალ მუჰაჯირინ ვალ ანსარის" თავკაცი ფეისულა ალ შიშანი (ფეისულა ხანგოშვილი). მათზე­ შექმნილმა ლეგენდებმა ბევრ პანკისელ ახალგაზრდას მათი მიბაძვისა და ომში წასვლის სურვილი გაუჩინა. იმასაც ხედავდნენ, რომ "პანკისელი გმირების" მოკრძალებული სახლები მდიდრულმა სასახლეებმა შეცვალა, ხეობაში ძვირად ღირებული მანქანებიც გაჩნდა, ამიტომ შეჭირვებული ახალგაზრდებისთვის სირიაში საომრად წასვლა სიღარიბისგან თავის დაღწევის ერთადერთი საშუალება გახდა. სამწუხაროდ, ალაჰის სახელისთვის "წმინდა ომში" წასული ახალგაზრდები სირიაში საზარბაზნე ხორცად იქცნენ, მათი დიდი ნაწილი ერთ თვეში თვითმკვლელის - შაჰიდის სახელით ამთავრებდა სიცოცხლეს ისე, რომ შეპირებულ 100 ან 200 დოლარსაც ვერ გზავნიდა შინ, ზამთრისთვის შეშის საყიდლად.

2014 წლის ზაფხულში, როდესაც ტერორისტულმა ორგანიზაცია "ისლამურმა­ სახელმწიფომ" თავი სახელმწიფოდ გამოაცხადა, "ქართველ" საველე მეთაურებში­ დაპირისპირებამ პიკს მიაღწია. თარხან ბათ­ირაშვილი ამაოდ ცდილობდა, თავისი ბრიგადა "ისლამური დროშის" ქვეშ დაეყენებინა, მეომრებმა "კავკასიის ემირატისთვის" ფიცის გატეხაზე უარი უთხრეს და კვლავ ასადის რეჟიმის (ანუ რუსეთის!) წინააღმდეგ განაგრძეს ბრძოლა. ომარ ალ შიშანი იძულებული გახდა, თანამებრძოლების გარეშე ჩამდგარიყო "ისლამური სახელმწიფოს" სამსახურში - ის სირიის ტერიტორიაზე ახალშექმნილი სახელმწიფოს ე.წ. თავდაცვის მინისტრი გახდა. შესაბამისად, პანკისელმა ახალგაზრდებმა ახლა "ისლამური სახელმწიფოს" რიგების შევსება დაიწყეს. მათი სირიაში გადაყვანის სქემა უფრო მოქნილი გახდა.

თავდაპირველად ახალგაზრდებს რელიგ­იურ საკითხებსა და "ჯიჰადში" მონაწილეობის სიკეთეებზე ესაუბრებიან. იყო შემთხვევები, როდესაც ისინი ფინანსურადაც  წაუხალისებიათ. გადაბირებულებს უმზადებენ­ პასპორტებს და გადაჰყავთ თურქეთში; ადრე საზღვარს სარფის საბაჟოს გავლით ტოვებდნენ, ახლა საჰაერო სივრცით სარგე­ბლობენ.
ალეკო, ავტობუსის მძღოლი: - იყო პერიოდი, როდესაც თბილისი-სტამბოლის ავტობუსს 6-7 ქისტი ახალგაზრდა მაინც მოჰყვებოდა. ამბობდნენ, თურქეთში სამუშაოდ მივდივართო, თუმცა, როცა აქსარაის ავტოსადგურში მათ ვინმე გიორგი ხვდებოდათ, ყველამ ვიცოდით, რომ სირიაში მიდ­იოდნენ. არ ვიცი, ის გიორგი რა როლს თამაშობს, მაგრამ მუდმივად ის ხვდებოდა­ ახალგაზრდებს და მერე სადღაც მიჰყავდა, მგონი, ღაზიათში გადაჰყავდა საზღვარზე. რამდენი ბიჭი წამიყვანია და უკან აღარ დამიბრუნებია. ბოლო დროს აღარ დადიან, ეტყობა, მთავრობამ აკრძალა,(?!) ან შეიძლება სხვა გზა ნახეს.

ეს "სხვა გზა" კი საუდის არაბეთის უმა­ღლესი სასწავლებლებია, რომლებიც, თითქოს სასწავლებლად ეპატიჟებიან ახალგაზრდებს. თუ ვინ უხდის ფულს რეკრუტორებს, ეს სტამბოლში ჩეჩენმა დევნილებმა კარგად იციან. როგორც სანდო წყარომ განაცხადა, "რეკრუტორებს არაბული ფონდები უხდიან ფულს. კობანის ბრძოლებში ერთ  ახალგაზრდაში 2.000 დოლარსაც იხდიდნენ. მაშინ ბევრი ჩეჩენი და ქისტი დაიღუპა. ამბობენ, 5 ქისტი ბიჭი დაბომბვისას ნანგრევებშია მოყოლილი და ვინაიდან მათი ცხედრების გამოტანა არ ხერხდება, ვინაობასაც ჯერ არ ამხელენო".

როგორც სტამბოლში ამბობენ, პანკისიდან ახალგაზრდების რეკრუტირებას ახმად ჩატაევი კურირებს. ცალხელა ახმადი (საზოგადოება მას ლაფანყურის მოვლენებიდან იცნობს) ახლა "ისლამური სახელმწიფოს" სამსახურშია და, როგორც ამბობენ, საქართველოში "ისლამური სახელმწიფოს" წარმომადგენელთან აქვს კონტაქტი(?!).
პანკისის ხეობიდან 10 ახალგაზრდაა მოკლული სირიაში (მათი ასაკი 18-26 წელია). არავინ იცის, კიდევ რამდენი პანკისელი ბიჭი ომობს იქ. ოჯახის წევრებს­ ეუბნებიან, თურქეთში მივდივართ სამუშაოდო... როგორც ამბობენ, ხეობა 200-მდე ახალგაზრდამ დატოვა.

არასრულწლოვნების ომში გატყუებამ ხეობაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. შეიკრიბა უხუცესთა საბჭოც, თუმცა, ხეობაში ჯამაათების მომძლავრების კვალად უხუცესთა საბჭო ავტორიტეტს კარგავს. ადგილობრივები აცხადებენ, რომ უხუცესთა საბჭოს ახალგაზრდები აღარ უჯერებენ, რადგან ისინი ჯამაათის წევრები არიან, ჯამაათი კი არ ცნობს არც ერთ ინსტიტუციას. თავად ჯამაათში ამბობენ, რომ ხეობაში ყველაფრის ამრევი უხუცესთა საბჭოა, რომელიც, არავინ იცის, რატომ შეიქმნა. ქისტები საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ, თუმცა, დიდი იმედი არა აქვთ.

ხიზრი, (სოფ. დუისი) - ამბობენ, ის ხალხი (რეკრუტორები. - ავტ.) უშიშროებასთან არის შეკრულიო. რას აკეთებს უშიშროება, თუ ამას არ იკვლევს? უკვე მესამე წელია, ჩვენი ბავშვები უცხო მიწაზე იხოცებიან. ყველამ ყველაფერი კარგად იცის, ხეობაშიც და ხელისუფლებაშიც, მაგრამ ჩუმად არიან. ჩვენ რაღა ვქნათ? ბევრისგან მომისმენია, - შვილს სკოლაში აღარ გავუშვებთო. ეშინიათ, ბავშვი მოტყუებით არ წაიყვანონ. რა ვიცით, რამდენ ბავშვს გადაუბრუნებენ ჭკუას. არა მგონია, ღმერთს ბავშვის მოკვლა უნდოდეს, თან მშობლის თანხმობის გარეშე. აქ რაც ხდება, ისლამისთვის მიუღებელია, რაც სირიაში ხდება,­ არც ის არის ჯიჰადი. როგორ შეიძლება კლავდე კაცს, რომელიც ალაჰის სახელს ახსენებს.­ მერე რა, რომ დღეში ხუთჯერ კი არა, ოთხჯერ ლოცულობს. მუსლიმანმა მუსლიმანზე ხელი არ უნდა ასწიოს. მოზარდებს­ უბურღავენ ტვინს. იმათაც რა უნდათ - იმ ასაკში არიან, იარაღის დაჭერა­ ვაჟკაცობა რომ ჰგონიათ. ასე თუ გაგრძელდა, სულ გავწყდებით. ეს მიწა-წყალი მერე ვინღამ დაიცვას?
P.S. როგორც ხეობაში აცხადებენ, შინაგან საქმეთა სამინისტრო მშობლებს შვილების დაბრუნებას ჰპირდება(?!)...


თბილისი - პანკისი - თბილისი
tamar
23 აპრილი 2015 04:59
ვაი ბედკრულო საქარტველოოვ როგორ გაგლეჯენ შვილებსს უბიდან. როგორ სარგებლობს დატვი, მელა, ტურა მგელი ტუნდაც ძაღლი რომ წაგაგლიჯოს ყველაზე ძვირპასი ადამიანი რომლის სიმრავლიტაც სახემწიპოა ძლიერი .
კააა
22 აპრილი 2015 16:49
აქ პრობლემა სხვაა: "მუსლიმანმა მუსლიმანზე ხელი არ უნდა ასწიოს" და ჩემზე უნდა ასწიოს???? მე ქრისტიანი ვარ!!!!!
არ გეჩვენებათ რომ ამ ხალხს მართლაც უმღვრევენ ტვინს და ეს გუშინ არ დაწყებულა??? აქ ტლიკი ტლიკის ჯობია ვისაც ხელეწიფების წამოკრიფოს ის ნაგავი რაც ასე მრავლად დაგროვდა პანკისში, სამცხე ჯავახეთში, აჭარში და თუნდაც ცოცხოთერაპია ჩაუტარონ. რას მიქვია რელიგიური ომი 21 საუკუნეში?
ეს ვითომ ჩვენებული "გმირები" თუ იმ ჯოჯოხეთიდან დაბრუნდებიან, ქრისტიანების სისხლში გაბანილი ხელით უნდა მომესალმონ??? ვითომ დიდი საშვილიშვილო საქმე გაააკეთეს.აქ ვინმეს მათთვის მრუდედ თუ შეუხედავს მრწამსისი გამო??? არა და არასოდეს ყოფილა. აბა საიდან ასეთი სისასტიკე??? იქნებ დროა მათ ოჯახებში შეიხედონ? შიმშილი და სიღარიბე არ ამართლებს კაცის კვლას. კომენტარი თქვენთვის მომინდია.
ana
15 აპრილი 2015 22:25
არ ვარ სხვა ეროვნების ადამიანტა მოძულე,მაგრამ არ მინდა საქარტველოში მცხოვრებმა მუსულმანებმა და სხვა რჯულის ხალხმა ქარტული გვარები ატარონ,დაე ქონდეტ ტავიანტი გვარი და რაგაც სხვა ფორმა უნდა მოიძებნოს მათთვის საქარტველოს მოქალაქეობასტან დაკავშირებიტ,თუნდაც ევროპელებისაგან ავიგოტ-იღებ ევროპულ საბუტს,მაგრამ გრჩება საკუტარი პასპორტიც,და მოქალაქეობაც საკუტარი ქვეყნის.მაგრამ როცა მატ მოქალაქეობას იღებ ,კანონი ვალდებულად გტვლის პატივისცე მისი ქვეყნის წესებს და ადატს,ასევე დანაშაულის შემტხვევაში მატ შესახებ საზოგადოება და საინფორმაციო წყაროები ავრცელებენ ამ პიროვნების ყველა იმ მონაცემს რაც გააჩნდა დღიდან ევროპის მიწაზე ფეხის დადგმისა და მას ისევ მოიხსენიებენ არა მის წარმომავლობის წყაროს მიხედვიტ ანუ თუნდაც როგორც ქარტველს,ან რუმინელს და სხვა. სამწუხაროა რომ კანონი არ კანონობს ,ატარებენ ქარტულ გვარს და საზღვარგარეტის პრესა ამასწინატ ავრცელებდა ,,ქარტველ ,,ჯიჰადისტზე,,მასალას.რაც არა სწორია ,იგი იყო და არის საქარტველოში დაბადებული მუსლიმი,რომელმაც გვარი სანახევროდ შეცვალა დაბოლოებას დაურტო ,,შვილი,.ასე ვილანძღებიტ,ნუტუ არ არის დრო გამოფხიზლების '?სადაა მტავრობა,ტუ ყველამ ყველაფერი იცის რაღას Kივიხარტ,დადუმდიტ მაინც და ტვას ნუ ჭრიტ ქვეყანას ,ისედაც წკიპზეა ყველაფერი ნებისმიერ საკიტხში.რა გადაარჩენს თვალებ დახუჭულ ბრმად, ტვიტნებურად უფსკრულისაკენ მიმავალ ერს ?

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები