რა უნდა კადიროვს პანკისში?! - კვირის პალიტრა

რა უნდა კადიროვს პანკისში?!

"ახლა კადიროვი გროზნოში სპეციალურად შექმნილი ფონდის დახმარებით ცდილობს პანკისელების გულის მოგებას"

ჯერ კიდევ 2010 წელს პანკისის ხეობის მცხოვრები ყვებოდა: "პანკისის ხეობაში უცხოეთიდან შემოსულ ფულს ვაჰაბიტები ქართველ ჩინოვნიკებს უყოფენ. ვიცი, სამი წილი მაგათია, ერთი - ვაჰაბიტებისა. ვაჰაბიზმი მოდური გახდა ხეობაში, ფულიც მაგათ აქვთ და ძალაუფლებაც, კარგი მანქანებითაც ეგენი დადიან და მეტი რა უნდა გამოუცდელ ახალგაზრდას?

მე შენ გეტყვი, რამე ალტერნატივა აქვს, ვაჰაბიტებს არ მიეკედლოს! ხან 100 დოლარს მისცემენ, ხან 200-ს და დამთავრებულია საქმე. პანკისში 90% გაჭირვებულია, წელში გამართვის ერთადერთი გზა აქ ვაჰაბიზმია."

დღეს კი უკვე ყველასთვის აშკარად ჩანს როგორ მოიკიდა ხეობაში ვაჰაბიზმა ფეხი, ბოლო ხანს, ხშირად გვესმის ინფორმაცია სირიაში გაპარული პანკისელი ხალგაზრდების შესახებ. "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნებულ ნინო ბურჭულაძის სტატიაში ვკითხულობთ:

"მარგო, სოფელი დუისი: "ყველამ იცის პანკისში, ვინ ურევს ამ ბიჭებს ტვინს, მათ შორის პოლიციამაც, მაგრამ ხმას არავინ იღებს. კიდევ ბევრი ახალგაზრდა წავა სირიაში და კიდევ ბევრის სიკვდილის ამბავს გავიგებთ. მაგრამ ესენი თითს არ გაანძრევენ. მე ჩემი შვილი გროზნოში გავგზავნე. აბა, რა მექნა! მირჩევნია, იქ იყოს, ვიდრე სირიაში გამეპაროს... რატომ უნდა გვჭირდებოდეს ბიჭების გახიზვნა? რომელ ერთს ვებრძოლოთ - შიმშილს, თუ ამათ?"

პანკისის ხეობაში მიმდინარე მოვლენებს მეზობელი ჩეჩნეთიც ადევნებს თვალს. რამზან კადიროვი, რომელიც პანკისის ხეობაში სალაფიტების (ვაჰაბიტების) არსებობას საფრთხის წყაროდ მიიჩნევს, ადრეც ცდილობდა (და არაერთხელ!), პანკისში თავისი ინტერესები გაეტარებინა. 2011 წლის ნოემბერში ხეობაში გროზნოდან ხმა ჩამოვიდა, რომ კადიროვი ყველა მსურველს ხეობიდან ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებას სთავაზობდა, სადაც სახლს, მიწას და ფინანსურ დახმარებას ჰპირდებოდა. მაშინ 300-მდე ოჯახმა გამოთქვა სურვილი, ხეობა დაეტოვებინა, წამსვლელთა სიაც კი შეიქმნა პანკისში. ახლა კადიროვი გროზნოში სპეციალურად შექმნილი ფონდის დახმარებით ცდილობს პანკისელების გულის მოგებას და როგორც გროზნოში ამბობენ, მზად არის, სურვილის შემთხვევაში ხეობის მცხოვრებლებს პასპორტებიც კი დაურიგოს და პრობლემების მოგვარებაში დაეხმაროს(?!),

რაც მშიერი ხალხისთვის მართლაც რომ მაცდუნებელი წინადადებაა.

საქმეში ჩახედულნი ამბობენ, რომ კადიროვს შორს მავალი მიზნები აქვს - ის ერთ დღეს საკუთარი მოქალაქეების დასაცავად შეიძლება პანკისის ხეობაშიც შემოვიდეს..."

წაიკითხეთ სრულად