ესებუას ტვირთი - კვირის პალიტრა

ესებუას ტვირთი

(გაგრძელება. დასაწყისი იხ. "კვირის პალიტრა"  #5, 6)

მოსკოვში, "სადოვაია კოლცოზე", ერთ მყუდრო კაფეში ორი კაცი იჯდა და საუბრობდა. ერთ-ერთს აქცენტზე ეტყობოდა, რომ ქართველი იყო.

- საქართველოში რაც ხდება, უკვე მომახსენეს. რა შოუს აწყობს იმ სოფელში ესებუა? - იკითხა ირონიით  ანატოლიმ.

- გენერალო, სამწუხაროდ, რაღაცებს ჩვენ უკვე ვეღარ ვაკონტროლებთ, - თავის მართლებას ცდილობდა  დავითი.

- ეგ ჩვენი პრობლემა არ არის!   ესებუას კი ვატყობ, მოსწონს კეთილი ტერორისტის როლი და  კამერებთან ტრიალი, ნახეს რა, ეგეც შოუმენი.

- ეგ არც ჩვენ მოგვწონს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ესებუა ბუნებით ე. წ. ისპოლნიტელი არ არის. ამიტომაც...…

- ამიტომაც ადრე უნდა გეფიქრათ ამაზე, როცა მის კანდიდატურას გვტენიდით. ხელისუფლებაზე ისეა გამწარებული, არავის დაინდობსო. რა მივიღეთ? - შეაწყვეტინა ანატოლიმ და დასძინა, - რადგან სიტუაციას ვერ აკონტროლებთ, სავარაუდოდ მოვლენათა განვითარებაზე გავლენასაც ვერ მოახდენთ. ამიტომ ერთი იცოდეთ - ესებუა არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩაჰბარდეს, ძალიან ბევრი იცის და ეს გულუბრყვილო კაცი ჩვენთვის  შეიძლება საშიში გახდეს!

- მაგრამ თუ დაითანხმეს?

- ეგ უკვე თქვენი პრობლემაა, რამე მოიფიქრეთ, ციხეში ესებუამდე მიღწევა გაგვიჭირდება! სადმე გარეთ რომ იყოს, მაშინ სხვა საქმეა, ოღონდ ყველაფერი ბუნებრივად უნდა გამოიყურებოდეს. ის მეორეც არ დაგავიწყდეთ, რა ჰქვია?

- პუშკინა!.. გამოდის, მათი განეიტრალება უნდა მოხდეს? - აღელდა დავითი.

- მაოცებთ ეს ქართველები! ყველაფერი გულთან ახლოს მიგაქვთ. ეტყობა, რაღაცები კიდევ კარგად ვერ გასწავლეთ. მოკლედ, საქმეს მიხედეთ. დაიმახსოვრეთ, ესებუა არ უნდა ჩაჰბარდეს!

ამ სიტყვებით გენერალი წამოდგა და კაფე დატოვა, დავითი კიდევ დიდხანს იჯდა ჩაფიქრებული.  შემდეგ აეროპორტში დარეკა და თბილისის რეისზე  ბილეთი შეუკვეთა.

ჯიხასკარში განვითარებულ მოვლენებს ლამის მთელი მსოფლიო ყურადღებით და ერთგვარი გაოცებითაც ადევნებდა თვალს. ქართველი ტერორისტები არ ითხოვდენენ მილიონებს და თვითმფრინავს სადმე გასაფრენად, მათი მოთხოვნები იმდენად გულუბრყვილო იყო, რომ  ბევრის  მნახველი ექსპერტებიც კი საგონებელში ჩააგდო. ესებუა შევარდნაძესა და კანონიერ ხელისუფლებას შორის  დაუყოვნებლივ მოლაპარაკებათა დაწყებას ითხოვდა. სანამ ხელისუფლება ტერორისტების მოთხოვნებზე ფიქრობდა, უცხოელი მძევლები აღფრთოვანებას  ვერ მალავდნენ მასპინძლებით.

ყოველ საღამოს ჟურნალისტებთან ერთად საქართველოს სადღეგრძელოს სვამდნენ და  ესებუასთან სტუმრობას მომავალშიც აპირებდნენ(?!). ამასობაში დრო გაიწელა, დაძაბულობა მატულობდა და არავინ იცოდა, ასეთი იდილია კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდებოდა.

20 თებერვალს ზუგდიდში სამხარეო უშიშროების უფროსის, თემურ გაბუნიას კაბინეტში, ძალოვანი უწყებების მაღალჩინოსნები შეიკრიბნენ.

- რა პასუხი აქვთ ჩვენს შეთავაზებაზე ტერორისტებს? - იკითხა  უშიშროების მინისტრმა.

- იარაღის დაყრასა და დანებებაზე უარს აცხადებენ. - უპასუხა აფხაზეთის უშიშროების უფროსმა თემურ ხევსურიანმა, - გარდა ამისა, ჩვენ დათმობაზე წავედით. შევთავაზეთ აფხაზეთის მხარეს დერეფნის მოწყობა და მათი უსაფრთხოდ გაშვება.

- რაო მერე? - დაინტერესდა  შინაგან საქმეთაA მინისტრის მოადგილე.

- უარი თქვეს! ჩვენ ტერორისტები არა ვართო. თუმცა  მოლაპარაკებები ისევ მიმდინარეობს.

- პრეზიდენტის ბრძანებაა, ყველაფერი უსისხლოდ და მშვიდობიანად დამთავრდეს. ჩეხეთის პრეზიდენტი ვაცლავ ჰაველი კი მზად არის, შუამავლის როლი იკისროს ხელისუფლებასა და ტერორისტებს შორის,  მაგრამ მოვლენების სხვაგვარად განვითარებისთვისაც უნდა ვიყოთ მზად...  - აღნიშნა ჯემალ გახოკიძემ.

- თქვენ ფიქრობთ, რომ  მოთხოვნათა შეუსრულებლობის შემთხვევაში  ტერორისტები მძევლებს დახოცავენ და სოფელს დატოვებენ? - დაეჭვებით იკითხა პროკურორმა.

- ყველაფერია შესაძლებელი, - საუბარში შინაგანი ჯარების უფროსი გია შერვაშიძე ჩაერთო, - საქმე იმაშია, რომ ზუგდიდსა და ჯიხასკარის მიმდებარე ტერიტორიაზე  უამრავი  შეიარაღებული პირი იმყოფება და არა მხოლოდ შინაგანი ჯარის ნაწილები. ისიც გასათვალისწინებელია, რომ შეიარაღებული მხარდამჭერები მეორე მხარესაც ჰყავს, ამიტომ პროვოკაციის შანსი დიდია! გარდა ამისა, სამწუხაროდ, არის ადგილები, საიდანაც ტერორისტები საჭიროების შემთხვევაში გაპარვას შეძლებენ.

სოფელი ალყაში რომ მოვაქციოთ, დაახლოებით 2000 კაცი გვჭირდება. ხოლო ალყა რომ კვირაობით გაგრძელდეს, ამდენი ხალხის საკვებით უზრუნველყოფა  პრობლემა იქნება. გარდა ამისა, ამდენი შეიარაღებული ხალხის კონტროლი გაჭირდება.

- საერთოდაც, ვფიქრობთ, უმჯობესი იქნება, მძევალთა გასათავისუფლებლად სპეცოპერაცია ჩავატაროთ - მეგონა მარღიას სახლი შტურმით ავიღოთ! - წინადადებით გამოვიდა შინაგან საქმეთაA მინისტრის მოადგილე, თემურ მურღულია.

- ამგვარი ოპერაციის  ჩატარებას ჯერ არ განვიხილავთ, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში ვინ განახორციელებს? ვინ მოგვცემს გარანტიას, რომ მძევალთა სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქრება, ან ტერორისტებს არ დახოცავთ...”

თემურ გაბუნიას ამ კითხვაზე სიჩუმე ჩამოვარდა.

- იცით? - გააგრძელა მან, - ესებუამ მითხრა, ჩვენ რომ სატელიტური კავშირით არ გაგვევრცელებინა ინფორმაცია გაეროს დამკვირვებლების გატაცების შესახებ, პოლიცია გზაშივე დაგვხოცავდა ყველას, მათ შორის მძევლებსაც და მერე მათ დახვრეტას ჩვენ დაგვაბრალებდაო..

- თემური მართალია, ჩვენ მძევლებიც და ტერორისტებიც ცოცხლები გვინდა. Aარ დაგავიწყდეთ, რომ ესებუა დიდ ინფორმაციას ფლობს, ჩვენ კი გამოსაძიებელი კიდევ ბევრი გვაქვს, - განმარტა პროკურორმა.

- შეიძლება  სამხედრო ოპერაცია დაგვჭირდეს, მაგრამ მე ვიცი, ამას ვინც ჩაატარებს, - სპეცდანიშნულების რაზმი "ომეგა".

ჯემალ გახოკიძის ამ სიტყვებმა  მოთათბირეთა გაკვირვება და ამასთანავე ინტერესი გამოიწვია.

- "ომეგა"  ფაქტობრივად აღარ არსებობს, რაზმის მეთაური ნიკა კვეზერელი ციხეში ზის, - უკმაყოფილებას ვერ მალავდა თემურ მურღულია.

- "ომეგა" ამერიკაში მოამზადეს ასეთი ლოკალური ოპერაციებისთვის, მათ კვალიფიკაციაში ეჭვი არც ამერიკელებს ეპარებოდათ, საკითხი გადაწყვეტილია. მის შესახებ პრეზიდენტს უკვე ვესაუბრე, ბრძანებაც გავეცი, რომ ბიჭები დაუყოვნებლივ ჩამოიყვანონ ზუგდიდში. თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ ესებუას დავითანხმებთ  მძევალთა გათავისუფლებასა და ჩაბარებაზე.

ეს კი თქვა, მაგრამ თათბირზე უშიშროების მინისტრს არ დაუზუსტებია, რომ ესებუასთან შეხვედრას აპირებდა. თათბირის შემდეგ ჯემალ გახოკიძემ თემურ გაბუნიას სთხოვა, კაბინეტში დარჩენილიყო.

- თემო, როგორ ფიქრობ, ესებუასთან შეხვედრა შედეგიანი იქნება? რამე ხომ არა აქვს ჩაფიქრებული. მაგალითად, ჩემი მძევლად აყვანა?

- როგორ გითხრათ, ბატონო ჯემალ! მართალია, ესებუამ 5 წელი ტყეში გაატარა, მაგრამ რადგან თვითონვე ითხოვს მოლაპარაკებას, ვფიქრობ ცუდს არაფერს გააკეთებს.

- ვნახოთ, ამ შეხვედრისთვის მეც ვემზადები...

ჯემალ გახოკიძისა და გოჩა ესებუას შეხვედრა მართლაც შედგა. ხელისუფლება თანახმა იყო, ზვიად გამსახურდიას მთავრობის წარმომადგენლებთან მოლაპარაკების მაგიდასთან დამჯდარიყო. გარდა ამისა, ესებუას  ჰპირდებოდნენ, რომ ჩაბარების შემთხვევაში დამკვირვებელთა გატაცებაში მონაწილე პირებზე სისხლის სამართლის დევნა არ განხორციელდებოდა. თავად ესებუა ეყოლებოდა უშიშროების სამინისტროს იზოლატორში, შესაბამის პირობებში, გასამართლების შემდეგ, მისი დედა პრეზიდენტის სახელზე დაწერდა თხოვნას შეწყალებაზე, რაც რამდენიმე წლის შემდეგ დაკმაყოფილდებოდა... მაგრამ გოჩა ესებუას ჩაბარება არ სურდა.

22 თებერვალს ჯიხასკარში მეგონა მარღიას სახლიდან ხმამაღალი ლაპარაკი ისმოდა.

- გოჩა, ხომ ნახე, არაფერი გამოვიდა, ჩამოვიდნენ ბურჭულაძე და ვიღაცები მოსკოვიდან, ილაპარაკეს  შევარდნაძესთან, მაგრამ რა, როგორც  ჩამოვიდნენ, ისე წავიდნენ! - აღშფოთებული იყო გვაზავა, -– რა მოგველის, დღეს თუ ხვალ მაინც მოგვიწევს დანებება! ვერ ხედავ, გაავსეს ჯარით აქაურობა.

- რა იყო, იარაღმა შეგაშინა ნაომარი კაცი?! - ჩაეცინა ესებუას, - წავალთ, ტყის მეტი რა არის, განა 5 წელი ტყეში არ გავატარეთ?

- გოჩა, შენ ოჯახი არ გყავს და შენთვის შეიძლება სულერთი იყოს, სად იქნები, მაგრამ ჩვენ ოჯახები გვყავს! კი გავალთ ტყეში, მაგრამ ცოლ-შვილი ამათ დავუტოვოთ ასაწიოკებლად? - საუბარში კიდევ ერთი ტერორისტი ჩაერთო.

- აბა, შენი აზრით, რა ვქნათ? - გაბრაზდა ესებუა.

-  დავთანხმდეთ! ერთი მძევალი ხომ გავათავისუფლეთ, დანარჩენებიც გავუშვათ და მშვიდობიანად დავიშალოთ. გარდა ამისა, ის ბიჭები რას იფიქრებენ, ახლა ციხეში რომ სხედან... ისინი ხომ შენ გამოგყვნენ,  შენ გვერდით იდგნენ, ახლა კი ისინი ციხეში არიან, შენ  კი გარეთ! ხომ იცი, ამას  შენგან არ იმსახურებდნენ.

- ხვალამდე  დროა და გადაწყვიტე. - უთხრეს მეგობრებმა ბოლოს გოჩას და ეზოში სამორიგეოდ გავიდნენ.

გოჩა ესებუა ადგილს ვეღარ პოულობდა.

- ხომ არ დაგველია... - მოესმა ჩეხი ვიცე-პოლკოვნიკის დამტვრეული რუსულით ნათქვამი. ესებუამ მხოლოდ ახლა შენიშნა ოთახში შემოსული  მძევალი, რომელსაც ღვინიანი დოქი ეჭირა. გაეღიმა და თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.

- მარტო დარჩი, ტერორისტო? - ბოლო სიტყვას ჩეხმა ღიმილი მოაყოლა.

- შენ ხომ იცი, იაროსლავ, რომ მე ტერორისტი არა ვარ! მე მხოლოდ ჩემი ქვეყანა მიყვარს და რასაც ვაკეთებდი, მხოლოდ იმისთვის, რომ მინდოდა საქართველო თავისუფალი ყოფილიყო!... - ესებუა ცრემლს ვეღარ იკავებდა.

-  ხშირად ის, რაც გვიყვარს ისევე როგორც ჩვენ, დიდი თამაშის მსხვერპლი ხდება. ასე მხოლოდ საქართველოში როდია, ჩვენთან, ჩეხეთშიც ასევეა...

- დღეს მე მეგობრებმა მიღალატეს... - გულდაწყვეტილი ჩანდა ესებუა.

- ამას მე ღალატს ვერ დავარქმევდი! - გააპროტესტა ჩეხმა მძევალმა, - ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან, რომლებსაც პრინციპებზე მეტად საკუთარი ცხოვრება უღირთ. ხომ არ შეიძლება, ყველა გმირი იყოს. ამ მოვლენების გმირი კი შენ ხარ, თუმცა შენთვის ჯიხასკარის გმირის სახელი  მძიმე ტვირთი იქნება,  მეგობარო!..

- რომლის ზიდვაც ძალიან გამიჭირდება! - ქართულად უპასუხა ესებუამ...

მეორე დღეს გოჩა ესებუამ გადაწყვეტილება მიიღო, სამართალდამცველებს ჩაჰბარებოდა.

23 თებერვალს საღამოს, ჯიხასკარში, ვალიკო ზარანდიას  ჭიშკარს მანქანა მიადგა.

- ვახტანგი სახლშია? - ჰკითხეს ვალიკოს, რომელმაც სტუმრები შინ შეიპატიჟა. ორნი იყვნენ, ერთი ზარანდიების ნათესავი, მეორე - უშიშროების თანამშრომელი, ვინმე თოდუა.

- მომისმინე ვახტანგ, დღეს ესებუა უნდა გააპარო ჯიხასკარიდან, მანქანა და დერეფანი მზადაა! -  უთხრა თოდუამ ზარანდიას.

- როგორ?! - გაუკვირდა თოდუას, - ხვალ გოჩა ჩაბარებას აპირებს და..

- ხელმძღვანელობასთან შეთანხმებულია! - იყო პასუხი.

როდესაც გოჩა ესებუას ვახტანგ ზარანდიამ გაპარვის შესახებ აცნობა, ესებუა დაიბნა. ნუთუ მომატყუესო, გაიფიქრა, მაგრამ სამწუხაროდ, ფიქრის დრო აღარ რჩებოდა.

- სად მიდიხარ, გოჩა? ჩვენ თუ დაგვტოვებ, ხვალვე ციხეში ჩაგვყრიან! - არწმუნებდა გამწარებული პუშკინა, მაგრამ ამაოდ.

-  მარტო არ გაგიშვებ! - მიაძახა გია მესხიამ ესებუას და ისიც გაჰყვა. მათთან ერთად გვაზავაც წავიდა.

მეორე დილით, როდესაც გახოკიძეს მოახსენეს, ესებუა გაიპარაო, ძალიან გაუკვირდა, - დავიჯერო, მომატყუა? - ჰკითხა გაბუნიას, მაგრამ პასუხი კითხვაზე არავის ჰქონდა.

ხელისუფლებამ პირობა შეასრულა და  გამტაცებლებს ოჯახებში უპრობლემოდ დაბრუნების საშუალება მისცა.

ტყეში გასულ ჯიხასკარის გმირზე კი ნადირობა დაიწყეს.

(გაგრძელება მომდევნო ნომერში)