ევროპული მაფიის ქართული სახე - კვირის პალიტრა

ევროპული მაფიის ქართული სახე

"დღეს ევროპაში მაფიას ქართული სახე აქვს".

იურგენ როტი,

გერმანელი ექსპერტი, 2011 წ.

"ყოველდღიურად დანაშაულებრივი ქსელის ლიდერების მეთაურობით კოლოსალური რაოდენობის ძარცვა ხდებოდა, ზარალის ზუსტი დადგენა ძნელია, მაგრამ საუბარია ძალიან შთამბეჭდავ რიცხვზე", - 1-ელ ივნისს ამ განცხადებით ამცნო ვიცე-პროკურორმა გრეგის ვეილიმ საფრანგეთს მორიგი ხმაურიანი სპეცოპერაციის შესახებ. ფრანგმა სამართალდამცავებმა ლა-როშელის რაიონში დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი დააკავეს, პარალელურად სტრასბურგში პოლიციელებმა 22 კაცის დაკავება შეძლეს. ყველა მათგანი საქართველოს მოქალაქეა.

ევროპაში ქართველების ხმაურიანი დაკავება დიდი ხანია არავის უკვირს. ესპანეთისა და საფრანგეთის ქალაქები უკვე წლებია, ქურდული სამყაროს შტაბბინებად იქცა. საქმე იქამდე მივიდა, რომ ამ ქვეყნების სამართალდამცავები იძულებული გახდნენ, ქართული მაფიის ასალაგმად ტრანსნაციონალური სპეცოპერაციებიც კი ჩაეტარებინათ (მაგალითად, "იავა" და "ოსა" - ესპანეთში), საფრანგეთის პოლიციის მონაცემებით, საფრანგეთის ციხეებში 220 საქართველოს მოქალაქე იხდის სასჯელს, ხოლო 2500 ეჭვმიტანილია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობაში. იტალიაში, ქართული ქურდული სამყარო იმდენად პოპულარული გახდა, რომ  ქალაქ ბარიში "ქურდების სკოლაც" კი გახსნეს(?!). ყველაზე გახმაურებულ საქმედ ესპანეთში შარშან, ცნობილი ბანდიტური დაჯგუფების  ექვსი წევრის დაკავება იქცა - საქართველოს მოქალაქეებმა 4 თვის განმავლობაში 102 ბინა გაძარცვეს. ესპანეთის პოლიციამ სხვადასხვა ქალაქში მიაგნო სამ სამალავს, სადაც ბანდიტური დაჯგუფება ნაქურდალს ინახავდა. ამოიღეს 12 კილოგრამამდე ოქროს სამკაული და 1 მილიონი ევრო.

2013 წლის 14 თებერვალს ესპანეთში, კოსტა დელ სოუზაში (ეს კურორტი "კანონიერი ქურდის", შაქრო კალაშოვის საყვარელ დასასვენებელ ადგილად ითვლება და ქურდობა იკრძალება) პოლიციამ საქართველოს ორი მოქალაქე დააპატიმრა. როდესაც ეს ამბავი ესპანეთის ციხეში გამოკეტილმა კალაშოვმა გაიგო, განრისხება ვერ დამალა და თავისუფალ "თანამოძმეებს" მოუწოდა, საქმეში გარკვეულიყვნენ. აღმოჩნდა, რომ "ქურდული აღთქმა" არ დარღვეულა და კურორტის ტერიტორიაზე დანაშაული არ ჩადენილა, თუმცა, ახალგამომცხვარ ჰაკერებს კოსტა დელ სოუზას ოფისიდან მწყობრიდან გამოჰყავდათ კომპიუტერები მსოფლიოს 30 ქვეყანაში და შემდეგ "ევროპოლის" სახელით ჯარიმის გადახდას ითხოვდნენ კომპიუტერთან წვდომის აღსადგენად. ჯარიმის ოდენობა 100 ევროდან იწყებოდა.

ორიოდე თვის წინ, სპეცოპერაციისას, რომელშიც ესპანეთის სამართალდამცავებიც მონაწილეობდნენ, 400 კგ-მდე კოკაინის ამოღება მოხერხდა. პოლიციამ შეძლო გადამტანების დაკავებაც, რომლებიც ასევე საქართველოს მოქალაქეები აღმოჩნდნენ. ქართველების კოკაინური გატაცება დიდი ხანია ცნობილია - 1995 წელს, სან-ხოსეში გამართულ შეხვედრას (სადაც ნარკოსაქმოსნები ჯერ კიდევ მათთვის უცხო საქართველოზე, როგორც ერთობ მოსახერხებელ ნარკოდერეფანზე მსჯელობდნენ) კანონიერი ქურდი დავით ციხელაშვილი (დათო ტაშკენტელი) ესწრებოდა, 2012 წლის 2 სექტემბერს დომინიკის რესპუბლიკაში დააკავეს ნარკოდილერების ჯგუფი (სულ 29 კაცი), თავიდან გავრცელდა ვერსია, რომ ისინი რუსული მაფიის წევრები იყვნენ, მოგვიანებით რუსულმა მხარემ განაცხადა, ქართული მაფიის წევრები არიანო. დაკავებულებს შორის 17 ქართველი და უკრაინელები აღმოჩნდნენ. ოპერაცია ამერიკული სპეცსამსახურების მხარდაჭერით ჩატარდა - ისინი 3 თვის განმავლობაში თვალს არ აშორებდნენ ქართველი "ესკობარების" "მოღვაწეობას". კოლუმბიაში, კასა დე კამპოში, სამართალდამცავებმა დააყადაღეს მათი იახტები, ვილები და თვითმფრინავები; როგორც აღმოჩნდა, ქართული მაფია კოლუმბიური ნარკოტიკების რეალიზებას ამერიკის მთელ ტერიტორიაზე ეწეოდა(?!)

საბერძნეთში ამ დროისთვის ქართველ კანონიერ ქურდთა სარეკორდო რაოდენობაა. როგორც საქმეში ჩახედულნი ამბობენ, ამის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ საბერძნეთის ციხეში სასჯელს იხდის "დედ ჰასანის" კლანის ყველაზე გავლენიანი წევრი ლაშა შუშანაშვილი. თუმცა, არც იმას მალავენ, რომ კორუფციული გარიგებების წყალობით საბერძნეთი ქურდული სამყაროსთვის ერთ-ერთ უსაფრთხო ადგილად მიიჩნევა და ევროპის "საგზურების" მოლოდინში ქურდები საბერძნეთის დატოვებას არ ჩქარობენ...

როგორც ჩანს, საფრანგეთში დაკავება მანამ გაგრძელდება, ვიდრე ქართული მაფიის წელში გადატეხა არ მოხერხდება. ფრანგი სამართალდამცავებისგან განსხვავებით, პესიმისტური განწყობა აქვთ ესპანეთსა და იტალიაში - რომში, პოლიციის ერთ-ერთი განყოფილების კედელზე, დღისით მზისით, ქართული წარწერაც კი გამოჩნდა - "მაფია უკვდავია".