მოლა ომარი ანუ ვინ არის "თალიბანი" - კვირის პალიტრა

მოლა ომარი ანუ ვინ არის "თალიბანი"

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავღანეთში თალიბების ლიდერი, მულა მუჰამედ ომარი გარდაიცვალა. "ბიბისის" ცნობით, ამის თაობაზე ავღანეთის მთავრობის წარმომადგენლები იტყობინებიან. რიგი წყაროების მტკიცებით, ეს ინფორმაცია თალიბებმაც დაადასტურეს. მულა ომარის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ადრეც არაერთხელ გავრცელებულა.

გთავაზობთ სტატიას მულა ომარზე "კვირის პალიტრის" არქივიდან:

მოლა ომარი ანუ ვინ არის "თალიბანი"

"თალიბები იმდენად მრავალრიცხოვანნი არიან და იმდენად პოპულარული ხალხში, რომ გაანადგურო ბრძოლის ველზე წარმოუდგენლად მეჩვენება".

ბილ ფრისტი, ამერიკელი სენატორი

"მე ვერ ვხედავ აუცილებლობას, მქონდეს კონტაქტები ალ-ქაიდასთან (უსამა ბენ ლადენთან). მათ მთავარ მიზნად "ჯიჰადი" აირჩიეს, მაშინ როდესაც ჩვენი მიზანი დღეს ავღანეთიდან ამერიკული ჯარების განდევნაა".

მოლა მუჰამედ ომარი, "თალიბანის" ლიდერი, 2001 წ.

"1994 წელს ავღანეთში, ქალაქ ყანდაარში, ახალგაზრდა მოლა ომარი ცხოვრობდა, ის ახალი დაბრუნებული იყო პაკისტანიდან სადაც მედრესში სწავლობდა. მავანმა მას უთხრა, რომ ერთ-ერთი დაჯგუფების მოჯაჰედებმა სამი მოზარდი გოგონა დააკავეს, გააუპატიურეს და შემდეგ ყაზარმაში წაიყვანესო (ყანდაარში ხალხს ეშინოდა შეიარაღებული მოჯაჰედების წინააღმდეგ გამოსვლა, რომლებიც იმ ხანად ავღანეთში დათარეშობდნენ). ამ ამბის გამგონე მოლა ომარი განრისხდა, - კმარა, გვეყო, რაც ვითმინეთო, შეკრიბა თავისი სტუდენტები, სულ ოცნი იყვნენ - და გოგონების გამოსახსნელად წავიდა. მაღალი, ლამაზი, შავჩალმიანი მოლა ომარი ყველაზე წინ მიდიოდა, ტყვიისაც არ ეშინოდა, რადგან დასახმარებლად მან ალაჰს მიმართა... მოჯაჰედები ქალაქიდან გაიქცნენ. "თალიბები"(მოწაფეები), - გაჰყვიროდა ხალხი მხსნელების დანახვაზე. იმ დღიდან მოლა ომარმა და მისმა მოწაფეებმა იარაღი აიღეს და სამართლიანობისთვის ბრძოლა დაიწყეს."

მსგავს ლეგენდებს ავღანელები მოლა ომარზე პეშევარის დევნილთა ბანაკებში ყოველ საღამოს ყვებიან... "თალიბანის" ლიდერი დღემდე ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ პიროვნებად რჩება სამყაროში, საკუთარ სამშობლოში, ავღანეთში, მას სახეზე არავინ იცნობს, არ არსებობს მისი ფოტოები, მოლას ცხოვრება იმდენად გასაიდუმლოებულია, რომ ხშირად ისმის კითხვა, არსებობს თუ არა საერთოდ მოლა ომარი? მაგრამ არსებობენ მილიონობით ადამიანები, რომლებმაც საკუთარ თავზე გამოსცადეს მოძრაობა "თალიბანის" (თალიბი არაბულად სწავლის მაძიებელს, მოწაფეს, სტუდენტს, ნიშნავს) სისასტიკე. რომლის შესახებაც მთელი მსოფლიო შიშით საუბრობს... მის წინააღმდეგ აგერ უკვე 12 წელია, ამაოდ იბრძვიან ათეულობით ქვეყნის სამხედრო ნაწილები ავღანეთში...

თალიბანის თემა აქტუალური საქართველოშიც გახდა. 2013 წლის 12 ივნისს მათი სახელით ინტერნეტში მუქარის ვიდეორგოლები გავრცელდა, 13 ივნისს კი ჰილმენდის პროვინციაში ერთ-ერთ ქართულ სამხედრო ფორტზე თავდასხმისას 7 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა და 9 დაიჭრა.

ვინ არიან თალიბები? საკუთარი ხალხისა და რელიგიისთვის მებრძოლები, თუ პირსისხლიანი, ბავშვების მკვლელი ტერორისტები? ამ კითხვაზე პასუხი დღემდე არ არსებობს.

ავღანეთიდან საბჭოთა ჯარების გამოსვლის შემდეგ (1988 წლის 15 ივნისი-1989 წლის 19 თებერვალი) ქვეყანა სამოქალაქო ომმა მოიცვა. ათასობით მოჯაჰედმა, რომლებიც მანამდე რუსების წინააღმდეგ ბრძოლით იყვნენ დაკავებულნი, ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად ერთმანეთში ბრძოლა დაიწყეს, გარდა ამისა, დაქირავებული მებრძოლები ძარცვავდნენ და აწიოკებდნენ მოსახლეობას.

1994 წლის ზაფხულში ყანდაარში მოლა ომარი თავის სტუდენტებთან ერთად თავს დაესხა მოჯაჰედების რამდენიმე საველე მეთაურს, რომლებმაც ქალაქიდან გოგონები გაიტაცეს, სწორედ აქედან იწყება სტუდენტური მოძრაობა "თალიბანის" დაარსებაც. რომელსაც სათავეში ავღანეთ- საბჭოეთის ომის ვეტერანი, ყოფილი მოჯაჰედი მოლა მუჰამედ ომარი ჩაუდგა (მარჯვენა თვალი მან სწორედ რუსებთან ბრძოლაში დაკარგა) "მოწაფეებმა" მათი საქმიანობის მთავარ მიზნად ავღანეთში ისლამური ნორმების დაცვა და ქვეყანაში მშვიდობის დამყარება გამოაცხადეს. ახალშექმნილი მოძრაობა ხალხში პოპულარული ძალიან სწრაფად გახდა, ათასობით ადამიანი ეწერებოდა მათ რიგებში, რადგან იქ,  სადაც თალიბები იყვნენ, აღარ იყო კორუფცია და დაუსჯელობა, ხალხი ნანატრ მშვიდობას პოლულობდა... დღეს საუბრობენ, რომ თალიბანის დაარსების უკან პაკისტანის სპეცსამსახურები იდგნენ, პაკისტანი თალიბებს იარაღით და ფულით ეხმარებოდა, ("მოწაფეების" თითქმის ნახევარი პუშტუ იყო, ეს ტომი კი პაკისტანის მოსახლეობის დიდ ნაწილს შეადგენს და საკმაო გავლენითაც სარგებლობს).

1997 წლის ოქტომბერში მოლა ომარის ხელისუფლებამ ავღანეთის ოფიციალურ სახელწოდებად ავღანეთის ისლამური ემირატი გამოაცხადა და ქვეყანაში მკაცრი შარიათის ერა დაიწყო. აიკრძალა მუსიკა, კინო, ტელევიზია, ინტერნეტი, პრესსა, ქალებს ეკრძალებოდათ სამსახურში სიარული, სავალდებულო გახდა ფარანჯის ჩაცმა, მამაკაცებისთვის კი წვერის მოშვება... თალიბები გარყვნილების ჩამდენთ ცოცხლად მარხავდნენ, ქურდებს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხელებს აჭრიდნენ და შავ საღებავს უსმევდნენ (რაც ყველაზე სამარცხვინოა ავღანეთში), უცნაურია, მაგრამ ხელისუფლებაში ყოფნის დროს თალიბებმა მოგვიანებით (2000 წელს) ქვეყანაში ნარკოინდუსტრიასაც გამოუცხადეს ომი, რის შედეგადაც ოპიუმის წარმოება ქვეყანაში განახევრდა.

"მხოლოდ თალიბებმა გვაგრძნობინეს ბოლო 20 წლის განმავლობაში, რას ნიშნავს იყო უსაფრთხოდ", ამბობდნენ რიგითი ავღანელები. 1998 წელს თალიბები ავღანეთის ტერიტორიის 90%-ს აკონტროლებდნენ, ამ პერიოდში ავღანეთში საუდელი მილიონერი, ალ ქაიდას მეთაური ოსამა ბენ ლადენი გამოჩნდა, რომელმაც თალიბანთან თანამშრომლობა და მისი დაფინანსება დაიწყო (მოლა ომარის ქალიშვილი ბენ ლადენის უფროს ვაჟს ჰყავდა ცოლად), თალიბანის დაფინასებას არც არაბული სამყარო და პაკისტანი თაკილობდნენ. "მოწაფეებმა" მსოფლიოს აშკარა გულისწყრომა მაშინ დაიმსახურეს, როდესაც მიუხედავად იუნესკოს და სხვა სართაშორისო ორგანიზაციების ხვეწნა-მუდარისა, ბემიანის ველზე უზარმაზარი ბუდას ქანდაკება დაანგრიეს, რომელიც 1500 წელს ითვლიდა (ამბობენ, რომ ეს ვანდალური აქტი ბენ ლადენის სურვილით მოხდა).

2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ ამერიკის პრეზიდენტმა "თალიბანს" ბენ ლადენის გადაცემა მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო, (ავღანეთში ხელისუფლება ბენ ლადენის ტერაქტებთან დამაკავშირებელ მყარ არგუმენტებს ითხოვდა, რის შემდეგაც აცხადებდა რომ ბენ ლადენს სასამართლოს თავად მოუწყობდა ავღანეთში). ამის გამო 2001 წლის 22 სექტემბერს ავღანეთთან დიპლომატიური კავშირი საუდის არაბეთმა და გაერთიანებულმა საემიროებმა გაწყვიტეს, ხოლო 7 ოქტომბერს ნატოს კოალიციის ჯარებმა ავღანეთზე საჰაერო იერიშები მიიტანეს, ორ თვეში თალიბებმა ყანდაარი დაკარგეს, როგორც ექსპერტები ფიქრობენ, "მოწაფეებმა" გროზნოს დამცველთა შეცდომა გაითვალისწინეს და ქალაქი უბრძოლველად დატოვეს, ყანდაარის შემდეგ თალიბანმა ქაბულიც დაკარგა და პარტიზანულ ომზე გადავიდა. თალიბანი ყველაზე მობილური მაისი-აგვისტოს პერიოდშია, როდესაც კლიმატი თბილია. აშშ ავღანეთში შესვლის პირველ 7 თვეში 30 მილიარდი დოლარი დახარჯა. ზუსტად ამდენი დაიხარჯა საბჭოთა ჯარების ყოფნისას ავღანეთში 1979-1989 წწ.

მიუხედავად იმისა, რომ 2004 წელს ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ ყარზაიმ საჯაროდ განაცხადა, რომ თალიბანი განადგურებული იყო (ის ერთ ხანს თალიბებს ყველაზე პატიოსან და სამართლიან ადამიანებად თვლიდა, მათ გვერდზე იბრძოდა კიდეც) და მას აშშ პრეზიდენტი ბუშიც დაეთანხმა, თალიბანმა შეძლო ძალების მოკრება მთებში და ხალხში ისევ პოპულარული გახდა.

2011-2012 წლებში თალიბანმა 400 მილიონი დოლარი გამოიმუშავა ავღანეთში. აქედან 100 მილიონი ყაყაჩოთი ამოიგო, 2011 წელს 155 მილიონი დოლარი კოალიციის ჯარების ბაზების იერიშებზე დახარჯა.

1995 წელს თალიბანს ჰყავდა 25 000 მებრძოლი. 1998 წელს - 110 000, 2006 წელს - 2010 წელს 27 000,. 2011-12 წწ - 120 000.

თალიბებმა თვიმკვლელების - ადამიანი-ბომბების გამოყენება ბრძოლაში 2005 წლიდან დაიწყეს, მანამდე ავღანეთისთვის მსგავსი რამე უცნობი იყო, რადგან ყურანი თვითმკვლელობას კრძალავს, ოსამა ბენ ლადენმა ერთ-ერთ თავის ვიდეო მიმართვაში განაცხადა, რომ ურჯულოების წინააღმდეგ ბრძოლაში დასაშვები იყო თვითმკვლელობის დაგეგმვა... დღეს ნამდვილ ჯიჰადისტად მხოლოდ ის ითვლება რომელიც ტერაქტის დროს თავს აიფეთქებს, ავღანეთში ეს უკვე ერთგვარ კულტად იქცა.

თალიბები ადამიან-ბომბებს ძირითადად უპატრონო მოზარდებისგან ქმნიან.

გაგრძელება იხილეთ