"რუს ჯარისკაცებს ქართულ გვარებ­ა­მოქარგული ნაძარცვი ფორმები­ ეცვათ" - აგვისტოს ომის უცნობი დეტალები - კვირის პალიტრა

"რუს ჯარისკაცებს ქართულ გვარებ­ა­მოქარგული ნაძარცვი ფორმები­ ეცვათ" - აგვისტოს ომის უცნობი დეტალები

აგვისტოს ომის დაწყებიდან 7 წელი შესრულდა. ამ შვიდ წელიწადში ბევრი დაიწერა ბრძოლის ველზე მიმდინარე მოვლენებზე, მაგრამ საზოგადოებისთვის ნაკლებად არის ცნობილი, რა ხდებოდა იმ პერიოდში რეგიონებში. ამჯერად მკითხველს ვუამბობთ, როგორი იყო 2008 წლის ცხელი აგვისტო იმერეთისთვის. როცა საერთოდ გაწყვეტილი იყო კავშირი ცენტრთან და ადგილობრივ ხელისუფლებას ისღა დარჩენოდა, თავის შეხედულებისამებრ ემოქმედა.

დავითი, 2008 წელს ქუთაისის თვითმმართველობის ორგანოს თანამშრომელი: - 7 აგვისტოს ბრძანება მოვიდა, - სასწრაფოდ შეაგროვეთ სამხიდიანი მანქანებიო. ღამით ყველა მანქანა მზად იყო და  ღამის პირველ საათზე დავიშალეთ. ნახევარ საათში გამოგვიძახეს. დაიწყო გვარდიის ბატალიონების და მოხალისეების მობილიზაცია. რეზერვისტების სამი ბატალიონი გავაცილეთ გორში, თუმცა ქალაქიდან არ იყვნენ გასული, რომ 35 კაცი ჩამორჩათ(?!). 8 აგვისტოს არავინ იცოდა, რა ხდებოდა - მობილური კავშირი ხან იყო, ხან - არა. 9 აგვისტოს ქუთაისს უკანმობრუნებული რეზერვისტები მოადგნენ. სამხედრო პოლიცია ქალაქის შემოსასვლელში დადგა და რეზერვისტები განაიარაღა. რეზერვისტებმა თქვეს, გორში არეულობაა ყოველი ბომბის აფეთქებაზე უფროსები გვეუბნებოდნენ, ვისაც გინდათ, წადითო. 9 აგვისტოს ქუთაისში ჭორი გავრცელდა, - რუსები ქალაქს მოადგნენო. ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობდნენ, არ შეემჩნიათ პანიკა, თითქოს ცუდი არაფერი ხდებოდა - ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მშენებლობა არ შეწყვეტილა. მოედანზე თავშეყრილი ქუთაისელები კი - რა დროს ეგ არის, ომია, თქვე უპატრონოებოო, - გაჰყვიროდნენ. ამასობაში სამეგრელოდან შეგვატყობინეს, რუსული თვითმფრინავები თქვენკენ მოფრინავენო. არ ვიცოდით, როგორ მოვქცეულიყავით. კოპიტნარის აეროპორტი დაბომბეს, რადარი მწყობრიდან გამოიყვანეს. ერთი კაცი დაიღუპა. ქალაქი პანიკამ მოიცვა. ხალხი ამბობდა, ხონში რუსებმა დესანტი ჩამოსხესო. არადა, ისინი ჩვენები იყვნენ, დაჭრილები ჩამოიყვანეს, ხონიც არავის დაუბომბავს, მაგრამ იქ, ჩვენს სამხედრო ბაზაში, რომელიც უკვე მიტოვებული იყო, ადგილობრივებმა სამხედრო მანქანები გაძარცვეს, ხონის  ციხიდან რამდენიმე ათეული პატიმარი გაიქცა. პოლიციის ნაწილი მანქანებით მძარცველებს ეძებდა, ნაწილი - გაქცეულ პატიმრებს.

ერთ დღეს გამოაცხადეს, სასწრაფოდ შეკრიბეთ საომარი გამოცდილების მქონე ხალხიო... სატელეფონო კავშირი არ იყო და დავრბოდით წინ და უკან მათ შესაკრებად. რომ შევკრებდით, მერე გვეუბნებოდნენ, - შინ გაუშვითო. ერთ გამგებელს შევატყობინეთ - ასეთი და ასეთი ხალხი გვჭირდებაო. რამდენიმე საათში დამირეკა, - დიდი მანქანა გამომიგზავნე, სანამ მთვრალები არიან, წამოვიყვან, თორემ რომ გამოფხიზლდებიან, მერე რაის ომში წამსვლელები იქნებიანო(?!). იმერეთის ტყეებში ძირითადად დასავლეთში დისლოცირებული ქართული ჯარის ნაწილები და ფრონტის ხაზიდან წამოსულები იდგნენ - ვმალავდით, რომ რუსებს არ ენახათ. მოსახლეობა საოცრად ორგანიზებული იყო - როდესაც ქუთაისის ინტერვენციის ცენტრს სისხლი დასჭირდა, სისხლის ჩასაბარებლად რიგები დადგა.  ვინაიდან მოსახლეობას ინფორმაცია არ ჰქონდა, ყველა ქუთაისის ცენტრში, მოედანზე იკრიბებოდა. სწორედ ამ მოედანზე შემოვარდა რომელიღაც ბრიგადის მეთაური მხლებლებითურთ - რუსები სენაკის ბაზაზე შემოვიდნენ და ძლივს გამოვასწარითო. თავიდან მოედანზე მყოფები ვერ მიხვდნენ, რა ხდებოდა, მერე ეტყობა, იფიქრეს,   ჯარი მორბის დასამალადო და ატყდა ალიაქოთი.

ერთი ჩემი კოლეგა, როგორც იქნა, თბილისში ხელისუფლებას დაუკავშირდა - პარტიზანული რაზმები ხომ არ შევქმნათო. რამდენიმეწამიანი დუმილის შემდეგ უპასუხეს, - საზღვარგარეთის პასპორტი ხომ გაქვს, როგორმე ბათუმამდე ჩააღწიე და თავს უშველეო(?!)...

როცა მაგისტრალი ჩაიკეტა, გორს პროდუქტებით მომარაგებაში პრობლემები გაუჩნდა. თურქულმა წითელმა ნახევარმთვარემ ჰუმანიტარული ტვირთი გამოგზავნა და ჩვენ პარტიებად ჩაგვქონდა გორში. ალექსანდრე ლომაია ხვდებოდა ტვირთს და რუსულ პოსტებზე საგულდაგულო ჩხრეკის შემდეგ შედიოდა ტვირთი გორში, ერთ-ერთ ასეთ კოლონას მეც გავყევი... სურამსა და ხაშურში ყოველ ფეხის ნაბიჯზე რუსული ტექნიკა იდგა. ხაშურში პოლიციის შენობის თავზე სნაიპერები ისხდნენ...

საშინელი ის იყო, რომ რუს ჯარისკაცებს მკერდზე ქართულ გვარებამოქარგული ნაძარცვი ფორმები (ერთს "ხინჩაგაშვილი" ეწერა) ეცვათ და გიწყებდნენ შემოწმებას და ენის ტლიკინს. ადგილობრივი ხელისუფლება და პოლიცია გორში აღარ იყო. ამბობდნენ, როცა რუსების გენერალი გორში სამხარეო ადმინისტრაციის შენობას მიადგა, ყველას გვეკითხებოდა, ხელმძღვანელი არ გყავთ, ვის დაველაპარაკოო? გორელები ამბობდნენ, ჩეჩნებმა და ოსებმა ძარცვა-გლეჯას მიჰყვეს ხელი, მაგრამ რუსულმა ჯარმა ეს აღკვეთაო.

გორიდან გასულები ისევ გაგვაჩერეს და გაგვჩხრიკეს. ამ დროს შინიდან დამირეკეს. ქართულად ვერ დაველაპარაკებოდი - რუსებისთვის თურქული ორგანიზაციის წარმომადგენელი ვიყავი. დავიწყე საუბარი ვითომ თურქულად. ოჯახი გადაირია - ამ ჩემი თურქულისაც ვერაფერი გაიგეს და თან რუსული ყიჟინაც ესმოდათ... უფიქრიათ, რუსებთან ერთად თურქებიც შემოსულანო და ამტყდარა ვაი-უშველებელი..

საფრანგეთის ელჩის ვაჟკაცობით აღფრთოვანებული ვიყავით - რუსებს საჩხერის სამთო ბატალიონის ბაზის დაკავება უნდოდათ, მაგრამ შესვლა ვერ გაბედეს, რადგან საფრანგეთის ელჩი იქ ღამეებს ათენებდა...