როგორ დაიკარგა კოდორის ხეობა (ნაწილი მეორე)
12-08-2015
როგორ დაიკარგა კოდორის ხეობა (ნაწილი მეორე)
"ყოველთვის მაკვირვებდნენ ქართველები - 1993 წელს გულზე ხელს იბაგუნებდნენ, აფხაზეთში საკუთარი მიწისთვის ვიხოცებითო, ახლა კი კოდორში ეს მიწა არავის გახსენებია. არადა, ყოველთვის ვამბობდი, ქართველები აფხაზეთს არასოდეს გვაპატიებენ-მეთქი."
მერაბ ტუჟბა, აფხაზური გვარდიის ვეტერანი, 2008 წლის 16 აგვისტო

"ამ მომენტისთვის საქართველოს შეიარაღებული ძალების რაოდენობა სამხრეთ ოსეთის მიმართულებით შეადგენდა 15.000 ჯარისკაცს, 5.000 შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეს და 30.000 რეზერვისტს, კოდორის ხეობაში იდგა სრულად აღჭურვილი მე-5 ბრიგადის ძირითAადი შემადგენლობა და შსს-ს 500-კაციანი ქვედანაყოფი".
გია
ყარყარაშვილი


გაგრძელება, დასაწყისი იხილეთ: კოდორის საბედისწერო აგვისტო (ნაწილი პირველი)

2008 წლის 9 აგვისტოს, დილით, სოხუმის აკვატორიაში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი გემი გამოჩნდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ რუსეთმა აფხაზეთში მეორე ფრონტი გახსნა...

9 აგვისტოს, 07 საათზე, ზემო ლათასა და ლათაში აფხაზურმა ნაწილებმა დაიწყეს თავმოყრა. მათი
მიზანი იყო საჭიროების შემთხვევაში შეეჩერებინათ ქართული შენაერთების სვლა გალისა და ტყვარჩელის მიმართულებით. ლათაში იმყოფებოდა აფხაზეთის ვიცე-პრემიერი რაულ ხაჯიმბაც. 14.30 საათზე კოდორის ხეობაში აფხაზურმა მძიმე არტილერიამ დაიწყო ქვაბჩარაში, ჩხალთაში, ბუძგურსა და ქვემო აჟარაში მდგარი ქართული სამხედრო შენაერთების საცეცხლე წერტილების მასირებული დაბომბვა.

10 აგვისტოს, დილით, თვითაღიარებული აფხაზეთის თავდაცვის მინისტრის, მერაბ ქიშმარიას სამეთაურო პუნქტი განთავსდა წებელდაში. სიტუაციაში გასარკვევად, ქვაბჩარაში დაზვერვაზე 15-კაციანი ჯგუფი გაიგზავნა მოწინააღმდეგის ადგილსამყოფლის დასადგენად. მდინარე ქვაბჩარასთან ისინი ქართველებს გადააწყდნენ. შეტაკება 1 საათს გაგრძელდა. დაიღუპა 4 და დაიჭრა რამდენიმე ქართველი ჯარისკაცი, დაჭრილები ჰყავდა აფხაზებსაც...

"როდესაც კოდორის დაბომბვა დაიწყო, ერთხანს გაუკვეველი სიტუაცია შეიქმნა, მაგრამ ადგილობრივები მოდიოდნენ, გვამხნევებდნენ, თავი ყოჩაღად ეჭირათ და საბრძოლოდ შემართულები იყვნენ. ეს განწყობა ჩვენც გადმოგვედო. 2006 წლის ამბების (ხელისუფლებამ ხეობაში ანტიკრიმინალური ოპერაცია ჩაატარა. - ავტ.) შემდეგ მოსახლეობა მუდმივად ეჭვის თვალით გვიყურებდა და ერთგვარად მტრად მივაჩნდით. დიდხანს ვარწმუნებდით, რომ ჩვენ არ გვაინტერესებდა, ვის მოჰყავდა "პლანი" ეზოში, ჩვენი მთავარი მიზანი ხეობის გამაგრება და თუ ღმერთი ინებებდა, სოხუმის დაბრუნება იყო.
როგორც იქნა, შეგვეჩვივნენ. როდესაც დაბომბვა დაიწყო, გავერთიანდით, ხეობის დატოვებაზე არც ვფიქრობდით. ავად მენიშნა, როდესაც შევიტყვეთ, რომ აფხაზეთის მთავრობამ ხეობა დატოვა და თბილისში გაიქცა. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე მალხაზ აქიშბაია იმ დროს ზუგდიდში იყო და ხეობაში ასვლას ვერ ახერხებდა.  არავინ აიძულებდა მჟავიას, ჟიული შარტავა გამხდარიყო, მაგრამ ფაქტია, რომ ამის შემდეგ აირია მონასტერი. ჯარისკაცები მობილურიდან ათასგვარ ჭორს იგებდნენ, - მეორე და მეოთხე ბრიგადები გაწყდაო, რუსებმა გორი დატოვეს და თბილისისკენ მიდიანო...შენაერთებში პანიკა დაიწყო. ყველა მეთაურს რატომღაც დედა მოენატრა და ხეობის დაცვის თავი ვიღას ექნებოდა?! სიმაღლეებზე ჩვენი ბიჭები რაციით გვატყობინებდნენ, - გვბომბავენ, მაგრამ მაინც მაგრად ვდგავართ, თქვენთან რა ხდებაო. რა უნდა მეთქვა, ვატყუებდი, - სიმშვიდეა და ყველა ადგილზე ვართ-მეთქი. მერე, 11 აგვისტოს, თქვეს, - ხეობა უნდა დავტოვოთო. რის საფუძველზე ან ვინ გასცა ბრძანება, არ ვიცით"...
ვახტანგი, კოდორში შსს-ს დანაყოფის ერთ-ერთი ჯგუფის უფროსი

"თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ ნაწილში ვმსახურობდი. გვითხრეს, რომ სამი ათასამდე ჯარისკაცი და ამდენივე შსს-ს თანამშრომელს კოდორის ხეობის დაცვაზე უნდა გვეზრუნა. ასმეთაურმა გვითხრა, რომ უპირატესობა ჩვენ მხარეს იყო, რადგან მოწინააღმდეგემ კოდორის ხეობის რელიეფი ცუდად იცოდა. მაგრამ არაფერი უთქვამთ რუსეთის ავიამოიერიშეებზე. რადგან ჯარისკაცს კითხვის დასმის უფლება არა აქვს, ჩვენც არაფერი გვიკითხავს. თუმცა, როდესაც მანქანიდან ჩამოგვსხეს, ყველა "მამაო ჩვენოს" კითხულობდა გულში... იქ გამთენიისას ჩავედით. არ მახსოვს, რომელ სოფელში ვიყავით, რადგან ტყე-ტყე ვიარეთ და წარწერები არ შემიმჩნევია. სულ რაღაც საათნახევარში ჯერ ავის მომასწავლებელი ზუზუნი, შემდეგ კი გამაყრუებელი ხმა გაისმა. "აჟარას დააყარეს!" დაბომბვის ხმა გამეორდა. შემდეგ კიდევ... რამდენიმე მეტრის იქით სამანქანო გზა იყო. "ცენტრთან ახლოს ვართ", - თქვა ვიღაცამ. მანქანების ხმა და სამხედროების გადაძახილი ისმოდა. დაბომბვის ხმა ახლა უფრო ახლოდან მოგვესმა. უკვე ხალხით დატვირთული სამხედრო და ჩვეულებრივი მანქანებიც შევნიშნეთ. ზუგდიდისკენ მიდიოდნენ. ყველა თანაგრძნობით გვიყურებდა. ვაიმე, შვილებო, ამ კაციჭამიებს თქვენ რაღა უნდა უქნათო, _ მოგვაძახა ერთმა ქალმა და დაგვლოცა... თან მეშინოდა და თან არა. უფრო გაბრუებული ვიყავი, ვიდრე შეშინებული. ოღონდ არ დაგვბომბონ და ხელ-ფეხის დაკარგვას გადავურჩე, სიკვდილი არ მენანება-მეთქი, ვფიქრობდი. მერე გავარკვიე, რომ დასახიჩრების სხვებსაც სიკვდილზე მეტად ეშინოდათ. ამ დროს ჩვენს ასმეთაურს დაურეკეს. ძალიან გაბრაზებული ლაპარაკობდა ხელმძღვანელობაზე, ოღონდ "ზედა ხელმძღვანელობაზე", რას ვაკონტროლებთ, ხომ არ გადაირივნენ, ლამის სასიკვდილოდ მიმყავს ბიჭებიო. ამ დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსული არმია ზუგდიდზე აპირებდა იერიშის მიტანას. ამ შემთხვევაში ჩვენ ალყაში ვხვდებოდით. ხმა დადიოდა ქვაფჩარის ტყეებიდან რუსებისა და აფხაზების სამხედრო ნაწილების გადმოსვლის შესახებაც".
ქართველი ჯარისკაცი, გიორგი. სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი "არსენალი" (ივნისი, 2013 წელი)

11 აგვისტოს, მთელი დღე აფხაზური მხარე ბლიცკრიგისთვის ემზადებოდა, შეიარაღებული ნაწილები იკავებდნენ საწყის პოზიციებს ზემო ლათის, ქვაბჩარის, ომარიშარას, აგრეთვე უღელტეხილების კალმრი-სუკის, ხიდა-სამხრეთ პრიუტის მიდამოებში. უკვე ცნობილი იყო, რომ კოდორის მიმართულებით სამხედრო ოპერაცია 12 აგვისტოს 5 საათზე უნდა დაწყებულიყო.

11 აგვისტოს ხეობაში შსს-ს დანაყოფის მეთაურმა, პოლკოვნიკმა იოსებ ქარჩაიძემ, ხელმძღვანელობასთან ზეპირი შეთანხმების თანახმად, გამოაცხადა, მოსახლეობის ევაკუაცია იგეგმებაო.

"მაშინ ვიფიქრეთ, ქალებსა და ბავშვებზე იყო საუბარი. გაგვიხარდა - თუ ჩვენები სამშვიდობოს იქნებოდნენ, ხეობის დაცვის გარდა, სხვა საფიქრალი აღარ გვექნებოდა. ოჯახი მოვამზადე და მერე რამდენიმე მეგობართან ერთად, ჯარის უფროსთან მივედი და იარაღი ვთხოვე. ერთი შემომხედა და ირონიულად მითხრა, - იარაღი რომ მოგცეთ, შენ და შენი მეგობრები ჩემ თვალწინ დახოცავთ ერთმანეთსო და დაამატა, - ოჯახებს თან გაჰყვებითო. გავცეცხლდი... იმ საღამოსვე გავიგე, რომ ჩვენმა თანასოფლელებმა, რომლებიც იქ მსახურობდნენ, ხეობაში დარჩენა მოითხოვეს. მათ დაემუქრნენ, ბრძანების შეუსრულებლობის გამო სამხედრო ტრიბუნალი არ აგცდებათო. როდესაც სიტუაცია მოსახლეობასა და სამხედროებს შორის ძალიან დაიძაბა, გვითხრეს, წაიყვანეთ ცოლ-შვილი ჭუბერში, - რა იცით, გზაში რა ხდება და შემდეგ მობრუნდით. მანამდე ჩვენ ვიზრუნებთ ხეობაზეო. როდესაც დავიძარით, გზაში დავინახე - ჩვენზე წინ ჯარი მიდიოდა. მიდიოდა ტყვიის გაუსროლლად. მაშინ მივხვდი, რა ჭირიც გვჭირდა"...
მურმანი, აჟარიდან

როდესაც ცნობილი გახდა, რომ ქართული შენაერთები მოსახლეობასთან ერთად ხეობას ტოვებდნენ, აფხაზურმა მხარემ ბრძანება გასცა, გადაესხათ სამხედრო დესანტი და მოიერიშე ჯგუფები კონკრეტული მიმართულებით."

"როცა მითხრეს, ქართველები უკან იხევენო, არ დავიჯერე, ვიფიქრე, გადაადგილების რაიმე ტაქტიკურ ხერხს იყენებენ-მეთქი, ამიტომ სრული მზადყოფნა და სამხედრო ოპერაციის დაწყება გამოვაცხადე - არ ვიცოდი, ქართველებს გულში რა ედოთ. პარალელურად ტყვარჩელის სარეზერვო პოლკის მობილიზაციაც დავიწყეთ".
ანატოლი ზაიცევი

12 აგვისტოს, 10 საათზე, საარტილერიო მომზადების შემდეგ კოდორის ხეობაზე გადამწყვეტი შეტევა დაიწყო.

"დაახლოებით 10.30 საათზე ჩავსხედით Ми-8-ში. ჩვენს ჯგუფში 15 კაცი იყო (სულ 87 კაცი მონაწილეობდა დესანტში) - 2 გამნაღმველი, 2 მეტყვიამფრქვევე, 1 ნაღმმტყორცნელი; გარდა ამისა, ყველას გვქონდა ერთჯერადი ყუმბარმტყორცნი "მუხა". ჩხალთასთან 3 წუთში მივფრინდით. იქ შემოგვიერთდა მოიერიშე ჯგუფი. სულ 25 კაცი. სამი საათის განმავლობაში გულმოდგინედ დავათვალიერეთ სოფელი და მიმდებარე ტერიტორია. გავნაღმეთ ხიდი. ამის შემდეგ დავიძარით აჟარისკენ, რომელიც ჩხალთიდან 7 კმ-შია. ყოველი ფეხის ნაბიჯზე გვხვდებოდა დაყრილი იარაღი, მათ შორის ავტომატები ბუშმასტერები"(სავარაუდოდ, M-4), ახალი ავტომობილები - კამაზები, ტრაქტორ-გრაიდერები, ფრანგული სამედიცინო მანქანები"("რენო"),"თოვლში მავალი კვადროციკლები, აგრეთვე ნატოს სტანდარტების ფორმები, რომლებსაც ინგლისურად ქართველი ჯარისკაცების გვარები ეწერა, ეყარა დოკუმენტები, საბრძოლო რუკები, რომელთა წაღება გაქცევის დროს დაავიწყდათ.
6 საათზე უკვე აჟარაში ვიყავით. სიჩუმე იყო. უცებ მოძღვარი გამოვიდა, გზაზე გადაგვიდგა, ხელები გაშალა და დაიგუგუნა, - სოფელს ნუ გადაწვავთო. კიდევ კარგი, ბერი მაინც ჰყავთ ვაჟკაცი ქართველებს-მეთქი, - გავიფიქრე უნებურად. ეკლესიის მახლობლად, ერთ სახლში ქართველების იარაღის საწყობი აღმოვაჩინეთ. ასაფეთქებელი პატრუქიც დავინახეთ. ეტყობა, თავიდან აფეთქებას აპირებდნენ... ვნახეთ ახალთახალი სამხედრო-საველე ჰოსპიტალი, მედიკამენტები, ქართული დროშებიც ვნახეთ - ძირს ეყარა. ვიღაცამ თქვა, - ესენი მაინც წაეღოთო. აჟარის თავზე საღამოს აფხაზური დროშა აფრიალდა... მერე გენწვიშისკენ ავიღეთ გეზი. ნაალაფარი მანქანებით ავედით და ნაალაფარივე იარაღით თავს ვიწონებდით. თან გვიკვირდა, - ამხელა შეიარაღების პატრონები როგორ გაიქცნენო.
ერთ საღამოს, კოდორის ხეობა - 864 კვადრატული კილომეტრი - თავისუფალი იყო ქართველებისგან".
ნოდარ ავიძბა, აფხაზი მოხალისე

როდესაც კოდორის ხეობიდან მე- 5 ბრიგადის ნაწილები, მოსახლეობასთან ერთად, სოფელ ჭუბერში ჩამოვიდა, ადგილობრივებმა ჯერ კიდევ არ იცოდნენ, რომ კოდორის ხეობა დაკარგული იყო, ამიტომ სოფელში ხეობაში ასასვლელად მოხალისეებმა შეგროვება დაიწყეს... სოფლის ფეხბურთის მოედანზე იდგა თავდაცვის სამინისტროს შვეულმფრენიც, რომელიც კოდორზე პატრულირების დროს რუსული ავიაციის სამიზნე გახდა და მხოლოდ პილოტის სიმამაცის გამო გადაურჩა ჩამოგდებას. ჯერ კიდევ კოდორიდან გზაში იმყოფებოდნენ შსს და თვდაცვის სამინიტროს ნაწილები, როდესაც ცნობილი გახდა, რომ რუსულმა შენაერთებმა გაიარეს ჯვარ -ზენის მონაკვეთ და სოფელ ხაიშისკენ დაიძრნენ, ეჭვს აღარ იწვევდა რომ მოწინააღმდეგეს კოდორიდან მომავალი ქართული ნაწილების ბლოკირება სურდა... ამასობაში სიტუაცია დაიძაბა ჭუბერშიც. ადგილობრივები სამხედროებს მაშინ დაუპირისპირდნენ, როდესაც ხეობაში მყოფმა უკანსკნელმა ჯარისკაცებმა სოფელში ჩამოაღწიეს და აფხაზების მიერ ხეობის დაკავების ამბავი ჩამოიტანეს.. მოხალისეები შსს-ს წარმომადგენლებს ხეობაში აშვებას და იმ იარაღისა და ტექნიკის გამოყენებას სთხოვდნენ, რომელიც ქართულმა სამხედრო შენაერთებმა გზაში დატოვეს, თუმცა კოდორის გზა მათთვის აღარ გახსნილა...

სამხედრო ხელმძღვანელობა, რომელიც ჯერ კიდევ გონზე ვერ მოსულიყო მომხდარისგან ახალი თავსატეხის წინაშე აღმოჩნდა, - არავინ იცოდა რა მიმართულებით უნდა გადააგილებულიყვნენ სამხედრო ნაწილები, ერთი კი ცხადი იყო, რომ ზუგდიდის მიმართულებით გადადგილება შეუძლებელი იყო, რადგან ამ შემთხვევაში მოწინააღმდეგესთან დაპირისპირება გარდაუვალი იქნებოდა, ამიტომ მიღებული იქნა გადაწყვეტილება სამხედრო კოლონა მესტიის მიმართულებით დაძრულიყო... ქართულმა ჯარმა, რომ იტყვიან, სულზე გაასწრო რუსულ ტანკებს, როდესაც მესტიისკენ მიმავალმა ბოლო სამხედრო მანქანამ ხაიშის ხიდს აუარა, სოფელში რუსული მძიმე ტექნიკა გამოჩნდა და ხაიშის ხიდთან რუსული დროშა აფრიალდა...
ამის შემდეგ იმედი იმისა, რომ ქართული ჯარი კვლავ შეძლებდა კოდორში დაბრუნებას საპნის ბუშტივით გაქრა.
..

კოდორის ხეობა დაკარგული იყო...


ნინო ბურჭულაძე(სპეციალურად საიტისთვის)


დასაწყისი იხილეთ
დათო
12 აგვისტო 2017 13:34
თევზი თავიდან ყარს! არმიის და არა მარტო არმიის, უმაღლესი ხელმძღვანელობა მორალურად დამპალი იყო,მათ მიერ გავსებული იქნა არმია ვითომ პროფესიონალებით, უვიცები ხელმძღვანელობდნენ , ძმა-ბიჭობით იკავებდნენ სამხედრო თანამდებობებს, ჩაშლილი იყო ყოველგვარი იდეოლოგიური მუშაობა ჯარისკაცებთან, არაპროფესინალიზმის გამო ვერ იყენებდნენ თანამედროვე ტექნიკურ საშუალებებს, ბევრი ოფიცრის მომზადების დონე იყო ძალიან დაბალი ჩამოთვლა კიდევ ბევრი რამის შეიძლება, ამიტომ ომიც წავაგეთ! უბედურება ისაა, რომ არ მოხდა გამოძიება და დამნაშავეების დასჯა, ეს კი მომავალი წარუმატებლობების საწინდარია სამწუხაროდ!
ლაშა
09 აგვისტო 2017 09:51
მრცხვენია.

ჩვენი წინაპრების სისხლით შეკოწიწებულ მიწას უკანმოუხედავად,ესე ლაჩრულად ვტოვებთ და ვაბარებთ მტერს.
თან ვუტოვებთ ყველაფერს რაც გაგვაჩნია.
აქამდეც ვფიქრობდი,რომ ეს დიდი გათამაშება იყო და ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ კიდევ დავრწმუნდი.
ნუთუ ამდენი თავიდან ერთიც არ აღმოჩნდა ისეთი,ვისაც გული აუფორიაქდებოდა,რაღაც განსხვავებული აზრი გაუჩნდებოდა და 1 ტყვიას მაინც გაისვრიდა თავისი ტერიტორიის დასაცავად,შვილებისთვის მაინც რომ ეთქვა,რომ რაღაცა გააკეთა..

გული მტკივა,ძველი საქართველოდან მოხლოდ მჯიღების ცემა და ყანწების გამოცლა რომ გადმოგვყვა..

ტფუიი..



ლიახვისპირელი
08 აგვისტო 2017 22:43
გორის ბაზაშიც ასე მიატოვეს იარაღი, ტანკები და აღჭურვილობა გზაზე დაყარეს და კურდღლებივით მოკურცხლეს.
ნამდვილად ღალატი იყო ჯარისკაცმა რა გააკეთოს, როცა მეთაურობა სამარცხვინოდ გარბის? ლიახვის ხეობაც ადგილობრივმა მოსახლეობამ შეინარჩუნა,მაგრამ ეს ხალხიც კოდორელების მსგავსად განაიარღეს. ან რა ომი უნდა მოეგოთ, როდესაც უგულავა, თარგამაძე და ვინ იცის რამდენი ვიგინდარა ბრძანებლობდა ჯარს? ოქრუაშვილი შემტევია და მაგიტომ ხომ არ მოხსნა შიზოფრენიკმა, რომ ადვილად ჩაებარებინა მტრისთვის ტერიტორიები?

რედაქტორის რჩევით