ღალატის ფერი - კვირის პალიტრა

ღალატის ფერი

(გაგრძელება. დასაწყისი იხ. "კვირის პალიტრა" #5-7)

ჯიხასკარის მოვლენების შემდეგ ხელისუფლებამ სამეგრელოში ე.წ. შემორიგების პროცესი წამოიწყო. ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერ შეიარაღებულ ჯგუფებს უფლება მიეცათ იარაღის ჩაბარების შემდეგ სახლებში დაბრუნებულიყვნენ.

27 თებერვალს, საღამოს, სამეგრელო-ზემო სვანეთის უშიშროების სამხარეო სამმართველოს უფროსი თემურ გაბუნია კაბინეტში  ბოლთას სცემდა.

- ეჭვი მეპარება, ესებუას ჯიხასკარიდან გაპარვის გადაწყვეტილება თავად მიეღო. ჩვენ ხომ ყველაფერზე შეთანხმებული ვიყავით, იარაღიც კი ჩამაბარა, - ეუბნებოდა გაბუნია მოადგილეს.

- მისი მოკვლა ხომ არ უნდათ, თემო? - იკითხა მოულოდნელად მოადგილემ, თამაზ ჩიხრაძემ.

- მოკვლა? რა თქმა უნდა! მისი მოკვლა უნდათ! - წამოიძახა გაბუნიამ, თითქოს რაღაც გაახსენდაო. მოადგილემ გაკვირვებით შეხედა უფროსს.

...

- ესებუა მზად იყო გარანტიის შემთხვევაში ხელისუფლების ის მაღალი თანამდებობის პირი დაესახელებინა, რომელიც 9 თებერვლის ტერაქტსა და მის შემდგომ მოვლენებში იყო გარეული. სწორედ ამიტომ გააპარეს... - ღელავდა სამმართველოს უფროსი.

- ვინ  იცოდა კიდევ გოჩას ამ გადაწყვეტილების შესახებ?

- ნებისმიერი ინფორმაცია თათბირებზე განიხილებოდა და რა თქმა უნდა, ეს ინფორმაციაც ცნობილი იყო რამდენიმე პირისთვის.

- ესებუა როგორმე შეხვედრაზე უნდა დავითანხმოთ. იქნებ მერე დავარწმუნოთ, რომ მაშინ ჯიხასკარში მახე დაუგეს და ჩაბარებაზე დავიყოლიოთ?

- მართალი ხარ, - დაეთანხმა გაბუნია, - ესებუას როგორმე უნდა შევხვდე. მაგრამ როგორ? გოჩა თავის ძველ თანამოაზრეებს აღარ ენდობა.

- მიზეზი რა უნდა იყოს? - დაინტერესდა ჩიხრაძე.

- შემორიგების პროცესი! - გაეღიმა  უშიშროების სამსახურის უფროსს, - რაც ჯიხასკარელი ტერორისტები შემოვირიგეთ, მას შემდეგ ჩვენს ბიჭებს აღარ შორდებიან. გროზნოს ბირჟაზეც (ადგილი, სადაც ე.წ. ზვიადისტები იკრიბებოდნენ) ხელგადახვეულები დგანან, ხან რომელ რესტორანში ქეიფობენ და ხან რომელში. ასე ესმით აქ შემორიგების პროცესი! ხუმრობა იქით იყოს და  ხალხი ამას კარგი თვალით არ უყურებს. შესაბამისად, ესებუამდეც მიდის ხმები.... თუმცა ვიცი ერთი კაცი, რომელიც შეიძლება დაგვეხმაროს...

-  უარი რომ გითხრას?

- ვცდი, იქნებ გაგვიმართლოს....

7 მარტს ზუგდიდის უშიშროების სამმართველოს სამორიგეოში  ტელეფონის ზარი გაისმა. უცნობი იტყობინებოდა, რომ მისი ჯგუფი მზად იყო იარაღი ჩაებარებინა, რამდენიმე საათში უშიშროების სამმართველოში იარაღის მთელი არსენალი შეიტანეს.

თემურ გაბუნია გვიან ღამით დაბრუნდა სამსახურში, კაბინეტში  მოადგილე ელოდებოდა.

- დღეს დიდი რაოდენობით იარაღი ჩაგვაბარეს. ვფიქრობ, დღემ  კარგად ჩაიარა, - კმაყოფილებას ვერ მალავდა მოადგილე.

- ძალიან კარგი! ისე, მეც მაქვს ერთი ახალი ამბავი, შეიძლება ესებუას უახლოეს დღეებში შევხვდე, - თქვა გაბუნიამ, - სოფელ კანთში  დაკრძალვაზე ვახო ზარანდია ვნახე და მას ვთხოვე, ესებუასთან შეხვედრა მოეწყო. დღეს გავიგე, რომ ესებუაც თანახმა ყოფილა. შეხვედრის ადგილს დავაზუსტებთ მხოლოდ...

ამ დროს კაბინეტში თანამშრომელი შემოვიდა.

- ბატონო თემურ, უშიშროების მინისტრის მოადგილე დღეს ამოღებული იარაღიდან 4 ავტომატს ითხოვს. საქმისთვის მჭირდებაო.

- წაუღეთ! ნეტა, რისთვის უნდოდა? - გაიფიქრა გაბუნიამ.

მეორე დღეს, თათბირზე  უშიშროების სამსახურის უფროსმა ესებუასთან მოსალოდნელ შეხვედრაზე ისაუბრა.

- ეს შეხვედრა არ შედგება! - მოულოდნელად განაცხადა მინისტრის მოადგილემ და დასძინა, - გამორიცხული არ არის, ესებუა შენს მძევლად აყვანას აპირებდეს, ჩვენ კი ახალი მძევლები ნამდვილად არ გვჭირდება. შეიძლება შენი მოკვლაც უნდოდეს, გარდა ამისა, როგორც ვნახეთ, მაგ კაცთან ლაპარაკი არ ღირს.

გაბუნია, რომელიც მოვლენების ამგვარ განვითარებას არ მოელოდა, გაოგნებული იჯდა.

გოჩა ესებუა მეგობრებთან ერთად ურთის მთაზე იმყოფებოდა, როდესაც  იგი ზურა შონიამ (პუშკინამ) ინახულა.

- რატომ მოხვედი, ზურა, აქ? - მღელვარებას ვერ მალავდა გია მესხია (კონგი).

- დაანებე თავი, იქნებ რამე დარჩა სათქმელი, - უხალისოდ თქვა გოჩამ და პუშკინას ანიშნა, დაჯექიო.

- გოჩა, ვიცი ჩვენ შესახებ ცუდი ხმები მოგდის, მაგრამ აქ იმიტომ მოვედი, რომ გითხრა, მე შენთვის არასდროს მიღალატია!

- აბა, რასაც ზუგდიდში აკეთებთ, ის რა არის?! - თავი ვეღარ შეიკავა ესებუამ, - დადიხართ კაგებეშნიკებთან ხელგადახვეული. გავიგეთ, მანქანა გიყიდეს, დანარჩენებს სამსახურები უშოვეს და თქვენ გგონიათ, ამას ხალხი ვერ ხედავს? ჩემთან ბევრი ჭორი მოაქვთ. შენ გგონია, მინდა ამ ყველაფრის დაჯერება? შენ გგონია, გული არ მტკივა? ერთად რამდენი რამ გამოვიარეთ... - ემოციებისგან ესებუა სიტყვებს ვერ პოულობდა.

პუშკინა ჩუმად იჯდა.

- გოჩა, შენ გვიღალატე! როდესაც იქ, ჯიხასკარში მიგვატოვე და აქეთ წამოხვედი, არავინ იცოდა, რა გველოდა. შენ ის ბიჭებიც მიატოვე, შენი გულისთვის რომ ციხეში სხედან. რა თქმა უნდა, აქედან ყველაფერი სხვანაირად ჩანს, ხალხის თვალში შენ გმირი ხარ,  ჩვენ - მოღალატეები...

- მე არ მიმიღია ის გადაწყვეტილება. უბრალოდ, სხვა გზა არ მქონდა... - დაბნეული იყო ესებუა, - ისიც არ ვიცოდი, რა ბედი მელოდა. ჩვენ ხომ უიარაღოდ წამოვედით.

- იარაღი არც მე და არც გვაზავას წამოგვიღია! - საუბარში გია მესხია ჩაერთო.

- აბა, ეს რა არის?! - პუშკინამ იქვე დაწყობილი ავტომატებისკენ გაიშვირა ხელი.

- ეს 10 დღის წინ მოგვიტანეს ძმებმა, -  ჩაილაპარაკა თავისთვის ესებუამ, -  სულ რაღაც 4 ავტომატია.

- ამ შეიარაღებით აპირებდი რუსების პოსტებზე თავდასხმას?! - დაეჭვებით იკითხა პუშკინამ.

- ასეთს არაფერს ვგეგმავდით! - ბრაზი მოერია მესხიას, - ეგ ყველაფერი ჭორია!

-  წადი, ზურა და ჩემთან არასდროს მოხვიდე! - მოულოდნელად თქვა გოჩამ.

პუშკინა წამოდგა, თითქოს უნდოდა რაღაცა ეთქვა, მაგრამ ბოლო წუთს გადაიფიქრა. ხმა არ ამოუღია, ისე დაშორდა მეგობარს.

30 მარტს, გოჩა ესებუა, გვაზავასთან ერთად სოფელ ონარიაში ესტუმრა თავის მეგობარს. აქ ერთი ღამით დავრჩებით და მერე წავალთო, უთხრა მასპინძელს.

გვაზავა აღელვებული ჩანდა.

- გოჩა,  აქვე, სულ რაღაც ერთ კილომეტრში, სამხარეო პოლიციის შენობა და სპეცრაზმის ბაზაა. რატომ ფიქრობ, რომ აქ უსაფრთხოდ ვიქნებით?

- იმიტომ, რომ ჩვენ აქ არავინ გველოდება. თან ერთი ღამით ვართ მოსულები, -  დაამშვიდა ესებუამ.

საღამოს, როდესაც ესებუა ეზოში მასპინძელს ესაუბრებოდა, მოულოდნელად შეამჩნია, რომ ქუჩაში "იკარუსის" მარკის რამდენიმე ავტობუსმა გაიარა.

-  რა ხდება? - ჰკითხა მასპინძელს.

- არაფერი ისეთი. სოფელში მიცვალებულია და სამძიმარზე მოდის ხალხი, - მასპინძელმა გოჩას დაუმალა, რომ ავტობუსებით სპეცრაზმელები გადაჰყავდათ.

31 მარტს ესებუას  ცუდ ხასიათზე გაეღვიძა. სადილზეც უხმოდ იჯდა და ღვინით სავსე ჭიქას მიშტერებოდა.

- იცი, ღალატი რა ფერისაა? - მოულოდნელად ჰკითხა მასპინძელს.

ეს უკანასკნელი დაიბნა და მხრები აიჩეჩა.

- ადრე ნისლისფერი მეგონა, ახლა მივხვდი, რომ წითელია, სისხლისფერი!..

სუფრაზე სიჩუმე ჩამოვარდა.

- დღეს ჩემი პრეზიდენტის დაბადების დღეა და მოდი, თითო ჭიქით აღვნიშნოთ! - გაისმა მოულოდნელად გოჩას ხმა და მასპინძელს ღვინის მოტანა სთხოვა. სადილი დიდხანს გაგრძელდა.

- რაღაც სასმელი მომეკიდა, ცოტა ხნით წამოვწვები, დავისვენებ,  თუ ძილი გამიგრძელდა, გამაღვიძეთ, წასასვლელები ვართ. - თქვა გოჩამ და სუფრიდან წამოდგა.

ის-ის იყო, წამოწვა, რომ ავტომატის კაკანი შემოესმა. ერთ ჯერს მეორე მოჰყვა, მეორეს - მესამე... ყოველი მხრიდან ისროდნენ. გოჩა ესებუა მიხვდა, სახლი ალყაში იყო, საწოლიდან წამოხტა. ავტომატს დასტაცა ხელი და ეზოში გავარდა, თუმცა მხოლოდ ერთხელ გასროლა მოასწრო, იქვე მოკლეს. გვაზავამ გაქცევა მოახერხა.…

გია მესხია საღამოს ტყეში, ცეცხლთან იჯდა, როდესაც მასთან გაფითრებული გვაზავა მივარდა და უთხრა, - გოჩა მოკლესო.

-  რაა?! - წამოვარდა ფეხზე მესხია. გვაზავა დიდხანს უყვებოდა მესხიას ონარიის თავდასხმის ამბავს.

- შენ როგორღა გადარჩი?! - ჰკითხა ბოლოს  კონგმა.

- გაქცევა მოვახერხე...

- იქნებ შენი მოკვლა არც უნდოდათ და  საშუალება მოგცეს, გაქცეულიყავი? იქნებ შენც მოღალატე ხარ! დაგხოცავთ ყველას! - ღრიალებდა  ცრემლმორეული მესხია და კიდევ დიდხანს არ უნდოდა დაეჯერებინა, რომ ესებუა მკვდარი იყო.

ონარიაში დატრიალებული ამბების შესახებ თემურ გაბუნიამ  კაბინეტში გაიგო.

- მაინც მოკლეს! - გაიფიქრა და ზუგდიდის პოლიციის უფროსს, ზვიად მანიას დაურეკა, - იქნებ სპეცოპერაციის დეტალები მომიყვეთო.

- არაფერი  განსაკუთრებული არ მომხდარა, ბატონო თემურ! - რიხიანად უპასუხა ზვიად მანიამ,  - სპეცოპერაცია ჩატარდა სამხარეო პოლიციის სამმართველოს ძალებით.

- მე თქვენს ადგილზე ასეთი კმაყოფილი არ ვიქნებოდი! - აღშფოთებას ვერ მალავდა გაბუნია, - ესებუა მკვდარია.

- მან შეიარაღებული წინააღმდეგობა გაგვიწია, თან ლიმონკის გახსნასაც აპირებდა, ამიტომ სამწუხაროდ, ასე მოხდა. ჰო, მართლა, გვაზავა გაგვექცა.

- შეიარაღებულ წინააღმდეგობას  როგორ გაგიწევდათ, ესებუა უიარაღოდ იყო, - თავისას არ იშლიდა უშიშროების სამსახურის უფროსი, მაგრამ როდესაც კაბინეტში შემოსული აფხაზეთის უშიშროების მინისტრი თემურ ხევსურიანი დაინახა, სატელეფონო საუბარი შეწყვიტა.

- თემო, ორიოდე კვირის წინ შენგან ავტომატები რომ წავიღეთ, გატარებული გქონდა?

- ის 4 ავტომატი? რა თქმა უნდა, უშიშროების სამინისტროს ბალანსზე ირიცხება.

გაბუნიას ეს განმარტება ხევსურიანს აშკარად არ მოეწონა და სასწრაფოდ დატოვა კაბინეტი. საღამოს გაირკვა, რომ ონარიაში, შემთხვევის ადგილიდან ესებუას და გვაზავას ავტომატები უკვალოდ გაქრა(?!).

- ეჭვი მაქვს, ის ავტომატები ვიღაცამ ესებუას შეუგზავნა ტყეში. ახლა კი გამოძიებას რომ არ დაედგინა ავტომატების წარმომავლობა, შემთხვევის ადგილიდან გააქრეს. ნეტა რა იცოდა ასეთი ესებუამ, - ფიქრობდა შინ მიმავალი თემურ გაბუნია.

5 აპრილს მთელი ზუგდიდი მიაცილებდა უკანასკნელ გზაზე ესებუას. სამგლოვიარო პროცესია მშვიდად მიიწევდა წინ, მოულოდნელად ჭირისუფლებს ორი შეიარაღებული უცნობი პირი შეერია და როგორც კი ზურა შონიას მიუახლოვდნენ, ერთმა  დაუძახა, - მოღალატე, ესეც შენი საზღაურიო და ადგილზევე მოკლა. თავდამსხმელში ხალხმა გია მესხია ამოიცნო. როდესაც შეიარაღებული პირების დაკავება სცადეს, ერთ-ერთმა მათგანმა ხელყუმბარა გახსნა და ხალხში გადააგდო. აფეთქებამ ხუთი კაცის სიცოცხლე შეიწირა, შეიარაღებულმა პირებმა კი გაქცევით უშველეს თავს...

P.S ასე დაიწყო 1998 წელი საქართველოში, თუმცა წინ მაისის გალის მოვლენები და  აკაკი ელიავას სამხედრო ამბოხი იყო. ჯიხასკარის ამბები კი მალე დავიწყებას მიეცა.